ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
26.10.2010
ნუ გგონია, რომ ხატი ხარ, თუკი კედელზე კიდიხარ
[ნანა დევდარიანი]presa.ge. ეს სიტყვები ირაკლი ჩარკვიანს ეკუთვნის. ბიოგრაფიულ ცნობარში 2002 წელს იგი ამ მოკლე შეგონებით მიმართავს პოპულარობას გამოკიდებულ ცნობილ სახეებს. როდესაც საქართველოში ბიოგრაფიული ცნობარის - “ვინ ვინაა” გამოცემა დაიწყეს, ერთი პირობა გამეცინა; ჩვენ ხომ ჩინებულად ვიცით, ვინ ვინაა ამ პატარა ქვეყანაში. მით უფრო, რომ ცნობარში სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ისეთი ადამიანებიც ხვდებიან, რომელთაც ხშირად კოლეგებიც კი ვერ ცნობენ (ასეთ პარლამენტარებს “დუმილის ბიჭები” შეარქვეს).ბიოგრაფიული ცნობარის მესამე გამოცემა 2002 წელს გამოვიდა.ახლა, რვა წლის შემდეგ, პირადად ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამ ცნობარმა ისტორიული მისია შეასრულა; შემოგვინახა არა მარტო ცალკეულ პიროვნებათა მოკლე ბიოგრაფიები, არამედ მათი ცხოვრებისეული კრედოც.ჩვენს ბავშვობაში ისტორიის სახელმძღვანელო (და არა მარტო) აჭრელებული იყო დასურათებული შედარებებით “რევოლუციამდე” და “რევოლუციის შემდეგ”. ყველაზე შთამბეჭდავად რევოლუციამდელი კავის რუსეთის საპირისპიროდ მოტანილი ტრაქტორი და კომბაინი გამოიყურებოდა. იგულისხმებოდა, რომ პროლეტარული რევოლუციის გარეშე დღესაც კავის ამარა უნდა ყოფილიყო რუსეთი (თავის საქართველოიანად). თემას აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს, რადგან ჩვენი ცხოვრება მკვეთრად გაიმიჯნა: რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ. ერთი სიტყვით, იყო ბნელი და უკუნი, ახლა კი. . .ახლა ავიღოთ ეს ცნობარი და ჩავხედოთ, როგორები იყვნენ რევოლუციონერები და მათი ვიზავი იმ ბნელსა და უკუნში და რა ოცნებები ჰქონდათ მათ სამომავლოდ, რომელიც ამასობაში მოვიდა კიდეც.მაშ, ასე: ბეჟან ხურციძე – უახლოეს მომავალში დაიძლიოს დღევანდელი სიდუხჭირე ქვეყანაში. როგორც ჩანს, ბეჟანს სიდუხჭირე უკვე დაძლეული ჰგონია. ან იქნებ მხოლოდ “იმდღევანდელ” სიდუხჭირეს გულისხმობდა; ხომ არ უთქვამს, ხვალინდელი სიდუხჭირეც უნდა დავძლიოთ და ზეგინდელიცო! ხათუნა ხოფერია - უნდა გიყვარდეს და გჯეროდეს, გწამდეს და ენდობოდე. არ უღალატო სხვას და პირველ რიგში საკუთარ თავს. უერთგულო საქმესა და სამშობლოს - ამით გადაარჩენ ყველას, ვინც გიყვარს. ამან ვერც ზურაბ ჟვანია გადაარჩინა და ვერც სხვა მრავალი, სამწუხაროდ. სიყვარული, რწმენა, ნდობა, ღალატი - მარადიული თემებია და მარეგულირებელ კომისიას მათი რეგულირება არ შეუძლია. თუმცა ვინ იცის?კრედო აერთიანებს ორ სრულიად განსხვავებულ პერსონას - თინა ხიდაშელს და, არ გაგიკვირდეთ, - ვიტალი ხაზარაძეს;თინათინ ხიდაშელი - უმთავრესი წარმატების მიღწევისათვის საჭიროა საკუთარი თავის რწმენა. ვიტალი ხაზარაძე - საკუთარი თავის რწმენა.ორივეს კრედოს გაგრძელებას აქვე მოვიტან და რომელი რომლისაა, თავად გამოიცანით:საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენება. მთავარია უშურველად გასცემდე, იხარჯებოდე და სამაგიეროდ არაფერს ელოდე. უანგაროდ ნაკეთები სიკეთე არასოდეს დაიკარგება და არასოდეს ასცდება მიზანს. ძლიერი ნებისყოფა, მაღალი პასუხისმგებლობა, მომთხოვნელობა საკუთარი თავისა და სხვებისადმი, ერთგულების დაფასება, მადლიერების გრძნობა, კაცისა და საქმის ერთგულება, სიტყვისა და საქმის ერთიანობა, ოჯახისა და მეგობრების სიყვარული. კიდევ სამი პიროვნების კრედოა ერთობ მონათესავე:დავით უსუფაშვილი - ირწმუნე მხოლოდ ის, რასაც თავად დაასკვნი. იფიქრე მუდამ, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნაფიქრზე. თვალი გაუსწორე საკუთარ სინდისს. მაშინაც, როცა მასთან პირნათელი არ ხარ. ცხოვრების გზას ნუ აირჩევ, მინდორზე ინავარდე. ძალთა შორის აღიარე მხოლოდ გონების ძალა, სილამაზეთა შორის - სულის სიმშვენიერე. აკეთე მხოლოდ სიკეთე, ოღონდ სიკეთედ აღიარე ის, რასაც თავად მიიჩნევ ასეთად. არც ერთი იდეა და პრინციპი არ ღირს იმად, რომ მას ანაცვალო აზროვნების თავისუფლება. დავით დოიაშვილი - არავითარი პრინციპი და არანაირი იდეალი არა მაქვს! გია ნოდია - არ უნდა იყო ზედმეტად თანმიმდევრული (მათ შორის არც ამ პრინციპის განხორციელებაში). ამ სამივე კრედოს ზოგადი უპრინციპობა აერთიანებს, მაგრამ გვირგვინი მაინც “მინდორზე მონავარდეს” ეკუთვნის: “აკეთე მხოლოდ სიკეთე, ოღონდ სიკეთედ აღიარე ის, რასაც თავად მიიჩნევ ასეთად”!!! ეს გამონათქვამი შეიძლება სხვაგვარადაც გაიგო: აკეთე, რაც გინდა და მერე ამტკიცე, რომ, რაც გააკეთე, ის სიკეთეა! თუ დათო დოიაშვილის უპრინციპობა და უიდეალობა მისი შემოქმედებითი კრედოა, ამაში ნოვატორობა და ახალი ხედვა უფრო ჩანს, მაგრამ პოლიტიკოსობისა და იდეოლოგობის პრეტენზიის მქონე პირთა ამ “მარგალიტებს” აშკარად ცინიზმის სუნი ასდის. ლადო ჭიპაშვილი - ყოველთვის შემეძლოს თვალებში შევხედო მეგობრებსა და ჩემს ხალხს. საით იყურები, ლადო?!თენგიზ შარმანაშვილი - ჩემი წარმატება, ალბათ, განაპირობა ინდივიდუალურმა თვისებებმა და პოლიტიკაში გუნდური თამაშის წესების ცოდნამ. 1988 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თენგიზ შარმანაშვილს “გუნდური თამაშის” ამდენად უკიდეგანო უნარი აღმოაჩნდებოდა და გია ჭანტურიას გუნდიდან ავთანდილ დემეტრაშვილის გუნდში ამოყოფდა თავს. ლევან თედიაშვილი - დაუდევრობა, მიზანი, მეგობრობა, ერთგულება, ეშმაკობა, ნებისყოფა, პასუხისმგებლობა, სიძულვილი, წარმოსახვა, ფანტაზია, რწმენა და სხვადასხვა საოცრებები. რაც მთავარია, მჯერა ბედისწერის. ლევანი მართლაც გულწრფელობის ეტალონია; არც თავს ილამაზებს და არც პირფერობს. მუდამ ხუმრობაზე მომართულს იმხელა სიღრმე აქვს, ვინც არ იცნობს, არც იფიქრებს.ასევე გულწრფელი და ადამიანური სიღრმის მქონეა გიორგი კოხრეიძე - მისი კრედო მარტივი და მრწამსისმიერია: მოთმინება. გულწრფელია მისი ყოფილი პარტნიორიც, ოღონდ მისი გულწრფელობა მიწიერი და ჰედონისტურია: შალვა რამიშვილი - მე მინდა ვიყო მდიდარი, მყავდეს ბევრი ლამაზი ქალი და ამასთან ერთად, შეძლებისდაგვარად არ დავარღვიო ის პრინციპები, რომელთაც პატიოსნება და სიმართლე ჰქვია (ოღონდ შეძლებისდაგვარად). აქ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: 2003 წელს, რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე ერთ-ერთ კონფერენციაზე შალვა მოვიდა და მკითხა : - არ დავიცვათ გივი თარგამაძის უფლებები?ეს ის პერიოდი იყო, გივიმ რომ პოლიციელს ბოთლი გადააფშვნა თავზე. - რა იყო, დაიჭირეს-მეთქი? - არაო, - მიპასუხა. რას წარმოვიდგენდი, რომ კაცი, რომელიც არც დაუჭერიათ და არც უპირებდნენ, და რომლის უფლებებსაც წინასწარ იცავდა შალვა რამიშვილი, ამ უკანასკნელის ანეკდოტურ დაპატიმრებაზე სიტყვასაც კი არ დაასველებდა? ერთი სიტყვით, შალვას კარგა ხნით წაართვეს სიმდიდრის და ბევრი ლამაზი ქალის ყოლის პერსპექტივა. მაგრამ ყველაზე მომხიბლავად ამ კრედოში სწორედ ეს “შეძლებისდაგვარად” გამოიყურება. შალვას ყოფილმა მეგობრებმაც შეძლებისდაგვარად არ დაარღვიეს ის პრინციპები, რომელთაც პატიოსნება და სიმართლე ჰქვია (ოღონდ შეძლებისდაგვარად).მეორე ყოფილი პატიმრის, იმჟამად ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას კრედო ამგვარადა აქვს ფორმულირებული: - თავისუფლება, სამართლიანობა, სიყვარული, კეთილსინდისიერება. თავისუფლება წაართვეს, სამართლიანობაზე უარი უთხრეს, სიყვარული და კეთილსინდისიერება კი იმთავითვე არ აინტერესებდათ.ელენე თევდორაძე - სიმართლისთვის ბრძოლა. ეს ბრძოლა მან რევოლუციის შემდეგ მალევე შეწყვიტა. ან სიმართლე აღარ არის, ან მისთვის ბრძოლა აღარაა საჭირო.მაია ნადირაძე - როგორც ადამიანი, დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე არასოდეს მარცხდება; როგორც პოლიტიკოსი, ვებრძვი მათ, ვინც თვლის, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. ბრძოლა მანაც შეწყვიტა, რაც ორიდან ერთს ნიშნავს: ან სიმართლემ უკვე გაიმარჯვა, ან ბრძოლა იმათ მოიგეს, ვისაც სწამს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.გია მეფარიშვილი - შორს ბოროტი და შურიანი ადამიანებისგან. ალბათ ამიტომაც მიეფარა თვალს ეს პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი. განა უფრო სამართლიანი არ იქნებოდა, ჩვენ კი არ ვიყოთ შორს ბოროტი და შურიანი ადამიანებისგან, არამედ პირიქით - ისინი იყვნენ ჩვენგან შორს? გივი ბერიკაშვილი - მიყვარს მოსმენა! რაც არ ვიცი, სხვას ვეკითხები. შეკითხვის არ მრცხვენია! ვერ ვიტან ტყუილს, თუნდაც ჩემს სასარგებლოდ იყოს ნათქვამი! ბატონო გივი, იმ დროს მომასწრო, რომელიმე პოლიტიკოსს, როცა რაიმე არ იცის (ეს რაიმე კი ძალიან ბევრია!) - სხვისთვის კითხვა არ შერცხვეს და სხვისი მოსმენაც შეძლოს!ვან ბაიბურთი - არასოდეს გაუკეთო ისეთი სხვას, რომ იმის ადგილზე შენც არ მოგეწონებოდა. მის შვილს მამამისის კრედო რომ სცოდნოდა, “სამშობლოდან” წყება-წყება ჟურნალისტების გამოსახლებაზე, ალბათ, უარს იტყოდა.ერთსიტყვიანია ზურაბ ნოღაიდელის კრედო - წესრიგი. ვიცოდი, რომ ნოღაიდელი ფულის გაცემაზე იყო ძუნწი (ფინანსთა მინისტრობისასაც და ეროვნული საბჭოს დაფინანსებისასაც), მაგრამ თურმე სიტყვაძუნწიც ყოფილა. ჯაბა იოსელიანს ჰყავდა თანაშემწე - თამაზ ფანჩულიძე, რომელსაც წესრიგა შეარქვეს. მას ჯერ კიდევ ტელევიზიიდან ვიცნობ და ეს სახელი ზედგამოჭრილი იყო მისთვის. წესრიგი უყვარდა ყველაფერში და სხვისგანაც ამას მოითხოვდა. თამაზს რომ ეს კრედო მიეთითებინა, არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ნოღაიდელმა სხვა სიტყვა ვერ შეარჩია? ნინო ბურჯანაძე - ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ერთგულება, გულწრფელობა, გულისხმიერება და პრინციპულობა. ჩემი მიზანია ვიცხოვრო ისე, რომ ჩემი ხალხის, ჩემი შვილების წინაშე ამაყი და ვალმოხდილი ვიყო. ერთხელ დაიჭრა გოგო, მეორედ - დაიჭრა, აღარა კმარა?! კოტე გაბაშვილი - სამშობლოს უანგარო სიყვარული, საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიული განვითარების სამსახური, ქართული თვითმყოფადობის განვითარების, საქართველოს დასავლურ სამყაროში ინტეგრაციის, ევროპული საქართველოს აღმშენებლობის, უმაღლესი ეთიკური კატეგორიების სამსახური; ადამიანური ურთიერთობების მუდმივი გაუმჯობესება. ადამიანურ ურთიერთობებს კოტე პარლამენტის კიბეებზე აუმჯობესებდა, როცა ირინა ენუქიძეს დაცვამ ხელი ჰკრა და კინაღამ კიბეზე დააგორა. რაც შეეხება დასავლურ სამყაროში ინტეგრაციასა და ევროპული საქართველოს აღმშენებლობას, ეს ამოცანები მან, როგორც ჩანს, უკვე დაძლია და ევროინტეგრაციის კომიტეტი დარჩიაშვილს გადაულოცა.დავით დარჩიაშვილი - საქმისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება, ადამიანთა (თითქმის ყველასი) სიყვარული, განათლება – თვითგანათლება, ბედის გაღიმება - ესაა, რაც დამეხმარა ცხოვრების მანძილზე გარკვეული წარმატების მიღწევაში. კოტე გაბაშვილი თუ სამშობლოს უანგარო სიყვარულით იწყებს და არც ქართულ თვითმყოფადობას ივიწყებს, დარჩიაშვილი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. “თითქმის ყველა” ადამიანის სიყვარული, ზოგადად, წარმატებას განაპირობებს, მისი აზრით. განათლება და თვითგანათლება იმას უნდა გულისხმობდეს, რომ არის ცოდნა, რომელიც მას სხვებმა გაუნაწილეს, მაგრამ არის მეორე ცოდნა, რომელიც მან თავად მოიპოვა. ოღონდ უცნობია, რომელ ცოდნას გულისხმობს დავითი. ალბათ, “თითქმის ყველა” ადამიანის სიყვარულისას.თამაზ გამყრელიძე - პროფესიონალიზმი და პრინციპულობა. პროფესიონალიზმში ვერ მოვედავები, მაგრამ პრინციპულობა რომ მიძინებულია, ეს მეცნიერებათა აკადემიის პასიურობიდანაც კარგად ჩანს, რომლითაც იგი ქართული მეცნიერების სავალალო ყოფას აკვირდება. ჯემალ გახოკიძე - ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა სიკეთის კეთება და ბოროტის გაკეთილშობილება. ეჰ, ჯემალ, ბოროტის გაკეთილშობილება რომ შეიძლებოდეს, ხომ მიწიერი სამოთხე გვექნებოდა და არა მარადიული ბრძოლა ბოროტთან! აკაკი გოგიჩაიშვილი - მუდმივი პროფესიული ზრდა, სიმართლისა და სამართლისათვის ბრძოლა, უსამართლობის მხილება, პირადი ინტერესების დათმობა საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, შეუპოვრობა და პრინციპულობა. ამ “პრინციპებით” ხელმძღვანელობდა იგი, როდესაც ვალერი ასათიანს რიტუალურ მკვლელობებს აბრალებდა, თუმცა ეს გასაკვირი არ იქნება, თუ უფრო ადრინდელ წარსულში დავბრუნდებით: ავიღოთ გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის” 1988  წლის ნოემბრის ნომერი, რომელშიც საუნივერსიტეტო კომკავშირის კომიტეტში წევრად ასარჩევი კანდიდატების ინტერვიუები დაიბეჭდა (ცნობისათვის, ამ დროს მთავრობის სასახლის წინ უკვე საპროტესტო მიტინგები და ახალგაზრდების შიმშილობა მიმდინარეობდა).“ჩემი აზრით ყოველი სტუდენტი, მიუხედავად პროფესიული ორიენტაციისა და სპეციფიკისა, მტკიცედ უნდა უჭერდეს მხარს, უწევდეს კონკრეტულ დახმარებას კომკავშირის კომიტეტს. . . წლების მანძილზე კომკავშირელთა დიდ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა კონკრეტულ საქმიანობას ეწეოდა არა თუ საუნივერსიტეტო, არამედ ბევრ შემთხვევაში, საფაკულტეტო კომკავშირის კომიტეტიც კი. საქმის ასეთი ვითარება, ცხადია, განაპირობებდა კომკავშირელთა მოწყვეტას კომიტეტებისაგან, იწვევდა გარკვეულ ანტიპატიასაც კი მათდამი, რაც განაპირობებდა სტუდენტთა ინდიფერენტულობას უნივერსიტეტის კომკავშირული ცხოვრებისადმი, საერთოდ, კომკავშირული საქმისადმი.”ეს გულანთებული ტირადა ლიბერალური დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დღევანდელ ქომაგს, მაშინ კი გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტს, უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის წევრობის კანდიდატს, აკაკი გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.კოტე კემულარია - რწმენა ადამიანებისადმი. ჯერ გამსახურდიასი სწამდა, შემდეგ - შევარდნაძის, მერე - აბაშიძის, იმის მერე - სააკაშვილის. აბა, რა მისი ბრალია, რომ მათ რწმენა არ გაუმართლეს? ზაალ სამადაშვილი - ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაქანცვა მირჩევნია. როგორც ჩანს, ზაალ სამადაშვილს ლადო კახაძის ლექსები არ მოეწონა და საკრებულოში შრომით იმდენად დაიქანცა, რომ კამათის თავი აღარა აქვს.მიხეილ სააკაშვილი - სამართლიანობისთვის, დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლა, თავისუფალი ადამიანის აღზრდისათვის პირობების შექმნა, საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. მის გამოსვლებს თუ დავუჯერებთ, ყველა ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, მაგრამ როგორი ბრძოლის ფასად! როდესაც საკუთარ წიგნს გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის” უწოდა, ამ სათაურმა დეჟავიუს შეგრძნება მომგვარა; რაღაც ძალიან ნაცნობს მაგონებდა და კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რასაც; “ინტერნაციონალის” მისამღერს:ეს არს უკანასკნელი,გადამწყვეტი ბრძოლა.“ინტერნაციონალში”ჰპოვებს შვებას ყველა!არის მეორე ვერსიაც - ჰიტლერის “მაინ კამპფი” - “ჩემი ბრძოლა”. ასეა თუ ისე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ადრიანად გვაფრთხილებდა თავისი იდეოლოგიური მისწრაფებების შესახებ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ნათქვამია.განსაკუთრებით გამჭრიახმა “სახეებმა” შორსმჭვრეტელურად შეიკავეს თავი საკუთარი კრედოს გამომზერებისაგან, თორემ რა აჯობებდა შევარდნაძის, ჟვანიას, ჯორბენაძის თუ სხვათა გამონათქვამების ანალიზს!ორი პიროვნების კრედოა ბიოგრაფიულ ცნობარში, რომელიც სახტად დატოვებს მკითხველს; ერთ-ერთი მათგანი (ცოცხალი აღარ არის და არ დავასახელებ) პატიოსნად ამბობს: - ჩემი ოჯახის კარგად ყოფნა. და უკვე ამის შემდეგ - საქართველოს ეკონომიკური გაჭირვებიდან გამოსვლა. მეორე კი საკუთარ კრედოდ უსახელო უფლისციხელის ზნეობრივ სიმაღლეს სახავს. აქაც უსახელოდ დარჩეს, მით უფრო, რომ ციხეც ახეხინეს და ფულიც მიატანინეს, როცა მისი უშუალო უფროსი უსაყვედუროდ გაუშვეს საზღვარგარეთ და თან პრეზიდენტის მრჩევლის ხალათიც უბოძეს.სახტად დატოვების ჩემპიონი მაინც ივანე მერაბიშვილის კრედოა - სახელმწიფო მინიმალურად ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში. კომენტარი ზედმეტია, როგორც იტყვიან!ამ კრებულში თქვენი მონა-მორჩილის კრედოც არის მოტანილი და, თუ ვინმეს გული ვატკინე, შეუძლია, რაგინდარა კომენტარები დაურთოს:ნანა დევდარიანი - სიმართლე, სამართლიანობა, “თუ ვერ შველი, ნუ ავნებ”, ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ. გახსოვდეს, როგორც არ უნდა გიჭირდეს, ყოველთვის არის შენზე გაჭირვებული; თუ კარგად ხარ, იცოდე, რომ ყოველთვის ასე არ იქნება.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"