ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.10.2010
არარეალური პოლიტიკა

სპეციალურად ჩვენი კოლეგებისთვის Georgiamonitor.org -ზე. სულ ახლახან სატელევიზიო გადაცემა „არარეალური პოლიტიკის“ წამყვანებმა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს ხუმრობით საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდეს. ყველა ხუმრობაში, როგორც ცნობილია, ხუმრობის მარცვალიც არის, დანარჩენი - სიმართლეა. მკაცრმა ზომებმა, რომლებიც რუსეთმა შემოიღო საქართველოს მიმართ (და არა მარტო საქართველოს), აკრძალა რა ქართული პროდუქციის შეტანა, უამრავი პრობლემა შეუქმნა უბრალო ადამიანებს, თუმცა არა იმათ, ვის მიმართაც ისინი იყო გამიზნული. ოქრუაშვილს სულ არ ადარდებს აკრძალვები და სანქციები (ახლა მით უმეტეს - საფრანგეთში იქაურ ღვინოს წრუპავს), სააკაშვილიც არ ცხოვრობს ღვინის ბიზნესით, ხოლო მერაბიშვილი ლამის ერთადერთი „ქართული პროდუქტია“, რომელიც რუსულ სატელევიზო სივრცეში დაშვებულია. მაშ ვინ დასაჯა რუსეთმა?

წაგებული აღმოჩნდნენ გლეხები, რომლებიც უკანასკნელი ძალებით უმკლავდებიან შემოტანილი პროდუქციის დემპინგურ ფასებს და რომლებმაც უკვე დაიწყეს ვენახების გაკაფვა. ეს არ მომხდარა გორბაჩოვის დროსაც კი, როცა ანტიალკოჰოლური კამპანია მძვინვარებდა. ეს არ ყოფილა შაჰ აბასის შემოსევების პირობებშიც, ახლა კი მისი სახელი ქართველებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გურგენიძეს უწოდეს. ამ უკანასკნელმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც გლეხი კომპენსაციას იღებდა, თუ ვენახს გაჩეხავდა. ეს ღონისძიება უკვე გამოცდილი იქნა, მაგალითად, ბალტიის რესპუბლიკებში, მათი ევროკავშირში შესვლის შემდეგ. იქაც გლეხი იღებდა ფულად კომპენსაციას, თუ შეამცირებდა მსხვილფეხა პირუტყვის სულადობას. ეს გასაგებიცაა: ევროკავშირი მთელი ძალებით იცავს თავის მწარმოებელს, მას არ სჭირდება ზედმეტი კონკურენტები. ამიერიდან კი, ერთჯერადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ბალტიელი გლეხი მთელი დარჩენილი სიცოცხლე ევროპული პროდუქტის მომხმარებელი იქნება.

ექსპერტები, რომლებიც წერენ იმაზე, რომ რუსეთმა უნდა გაააქტიუროს ე.წ. „მოქნილი ძალა“, გულისხმობენ ერთობლივ კონფერენციებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საქართველოს, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ნაკლებად აინტერესებს ამგვარი „ბრეინ-სტორმინგები“. მათთვის პოლიტიკა იწყება და მთავრდება იმ მომენტში, როცა ისინი კარგავენ ოჯახების გამოკვების სახსარს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამცირებთ საექსპერტო დიალოგის მნიშვნელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებდით ამ საიტთან, მაგრამ აქცენტის გადატანით მხოლოდ „საკლუბო“ დიალოგზე, ჩვენ ვდგებით საკუთარი ნააზრევის ჩაკეტილ წრეში აღმოჩენის რისკის წინაშე, რომელიც, მიუხედავად მისი ლოგიკურობისა და სიმწყობრისა, დაშორებულია რიგითი ადამიანების რეალურ ცხოვრებას.

რუსეთი იმეორებს საქართველოს შეცდომებს, რომლებიც მან დაუშვა აფხაზეთის მიმართ. 1996 წელს, დსთ-ს მეთაურთა სამიტზე შემოღებულმა სანქციებმა დაარტყა არა სეპარატისტულ ხელისუფლებას, არამედ უდანაშაულო ადამიანებს. თითოეული აფხაზისთვის ქართული მხარე გახდა სახელმწიფო, რომელმაც ისინი ბლოკადის მდგომარეობაში ჩააყენა. განსაკუთრებით ბრიყვული იყო ეს იმის გამო, რომ საქართველოს არ შეეძლო სანქციების რეალური განხორციელების უზრუნველყოფა. მოგებული აღმოჩნდნენ, მაგალითად, თურქები, რომლებსაც რეგულარულად შეჰქონდათ თავიანთი პროდუქტები აფხაზეთში, საქართველოს სასაზღვრო რეჟიმის დარღვევით. რუსეთიდანაც, რა თქმა უნდა, ტვირთები ასევე შემოდიოდა, ასე რომ საქართველო აღმოჩნდა ცუდ როლში, ისე რომ ერთი მილიმეტრითაც ვერ წაიწია კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. პირიქით, ჩვენ უკან დახეული აღმოვჩნდით. არძინბას ტონის შერბილება და დიალოგისადმი მზადყოფნა, რაზეც მიუთითებენ სანქციების მხარდამჭერნი, ვერ ცვლიდნენ აფხაზური საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ეს ყველაზე დიდი წინაღობაა, თუ ჩვენ მართლაც ვაპირებთ აფხაზებთან ერთად ცხოვრებას, და თუ არ გვინდა უბრალოდ ტერიტორიის დაბრუნება (სხვათა შორის, ძალზე ძნელია ტერმინის „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ ცინიზმის გადალახვა, რაც ასევე ხელს უშლის შერიგებას).

ამგვარი შეფასება აფხაზეთის მიმართ პირადად მე გავაკეთე ჯერ კიდევ 1997 წელს, მაგრამ არა მხოლოდ საზოგადოება, ჩემი თანამოაზრეებიც კი იმ მომენტისთვის მზად არ იყვნენ მოესმინათ ასეთი აზრი. უფრო მეტიც: 2002 წელს მე შევეჯახე სხვა პრობლემას, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ეწირება პოლიტიკურ შეკვეთას უბრალო ადამიანების ინტერესები. კერძოდ, მე, როგორც სახალხო დამცველს, მომმართა აფხაზეთის მცხოვრებთა დიდმა ჯგუფმა თხოვნით, რათა აღმომეჩინა დახმარება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობების მიღებაში. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ მათ მიეღოთ საპენსიო უზრუნველყოფა. თითქოსდა, პრობლემები არ უნდა შექმნილიყო, მაგრამ ის, რაც მე ვნახე ამ უბრალო საკითხის გადაჭრის მცდელობისას, სევდიან ფიქრებს აღძრავს. საქართველოს შსს-მ კატეგორიული უარი განაცხადა ცნობების გაცემაზე. განსაკუთრებით უარზე იდგა აფხაზეთის შსს-ს ხელმძღვანელობა, რომელიც 1993 წლის შემდეგ თბილისში მუშაობდა. ერთი შეხედვით, რა იყო ცუდი იმაში, რომ დახმარებოდნენ თავიანთ ყოფილ კოლეგებს პენსიის მიღებაში, მაგრამ მათ ვერ შესძლეს გადაებიჯებინათ წყენის და შურისძიების გრძნობისთვის იმათ მიმართ, ვისი ბრალიც (მათი აზრით) იყო მშობლიური კუთხიდან მათი გამოძევება. ამის გაგება არც მაშინ შემეძლო და არც დღეს შემიძლია. სამართლიანობა არ ზეიმობს იქ, სადაც ბატონობს შურისძიების წყურვილი. ეს უბრალოდ არაქრისტიანულია.

სწორედ ასე აღიქმება რუსეთის სამხედრო ჩარევა 2008 წელს. რუსეთმა დასაჯა არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მოკლებული აღმოჩნდნენ ყველაფერს, რაც დააგროვეს მთელი ცხოვრების მანძილზე. Soft power, ეს დასავლური ტერმინი, გამოუყენებელია ამ სიტუაციაში. ხისტი ძალის გამოყენების შემდეგ უმალვე „მოქნილი ძალის“ გამოყენების ეფექტურობის განხილვა შეუძლებელია. იმისთვის, რომ მოშუშდეს ომით მიყენებული ჭრილობები, დროა საჭირო. პირველი კონფლიქტის შემდეგ, გასული 20 წლის განმავლობაში, მოხერხდა ოსებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენა. „მოხერხდა ნდობის აღდგენა“ - ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. ამას თავად ხალხი აკეთებდა. ერთი ისაა, რომ შევარდნაძე ხელს არ უშლიდა ამ პროცესს. სხვათა შორის, ის, რომ საქართველოში დაბრუნებიდან მცირე ხანში შევარდნაძემ ბოდიში მოუხადა ოსებს, ჩვენში დღემდე ბევრმა არ აპატია მას. სამხედრო კონფლიქტიდან გარკვეული წლების გასვლის შემდეგ ისევ გაჩნდა შერეული ქორწინებები. მოსახლეობა მიმოდიოდა ერთმანეთთან, ვაჭრობდა, უბრალოდ ურთიერთობდა.

„ვარდების რევოლუციის“ და აჭარის „რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილმა თავად დაიჯერა, რომ მოვლენების უსისხლო განვითარება პირადად მისი დამსახურება იყო. ის, რომ ვერც შევარდნაძემ და ვერც აბაშიძემ ვერ გაბედეს საკუთარი ხალხისთვის სროლა, სააკაშვილმა საკუთარ თავს მიაწერა. 2004 წლიდან მოყოლებული, ყველა ელოდა, რომ აჭარის „დაბრუნების“ შემდეგ ასევე იოლად დაბრუნდებოდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (სხვათა შორის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აირჩია სლოგანი „დავიბრუნოთ საქართველო“ - გავრცელებული ფორმულირების „დავიბრუნოთ აფხაზეთი“ საპირისპიროდ). ამასთან, სრულიად გაუგებარი იყო, რითი იყო მიმზიდველი საერთო სახელმწიფოს პერსპექტივა აფხაზებისთვის და ოსებისთვის, როცა აჭარის ავტონომიის უფლებები აბაშიძის გაძევების შემდეგ მაქსიმალურად შეიკვეცა. 2004 წლის ხმაურიან სპეცოპერაციას და ერგნეთის ბაზრობის დახურვას, სადაც ვაჭრობდნენ ოსები და ქართველები, ამართლებდნენ იმით, რომ კონტრაბანდას ებრძვიან. კონტრაბანდა მართლაც იყო, მაგრამ ასევე იყო ადგილი ურთიერთობისთვის. რა უფრო მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის - ნათელია. ცხინვალზე „ჰუმანიტარული შტურმი“ ჩაიშალა, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილის სამხედრო ავანტურა, რომელიც აპირებდა „ბლიცკრიგით“ აეღო ყოფილი ავტონომიური ოლქი. დღეს, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, უკვე ცხადია, რომ სააკაშვილმა ის გააჩერა არა იმიტომ, რომ სამხედრო გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო, არამედ იმიტომ, რომ „ქართული მიწების ერთადერთი შემკრები“ თავად უნდა ყოფილიყო და არა ოქრუაშვილი, ისედაც რეიტინგული ფიგურა.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე სტატიაში „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში“ წერს: „ქართველების პოლიტიკურ ცნობიერებაში შეინიშნება ორი რადიკალური მიდგომა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტის მიმართ: პირველი პოლუსი - იარაღის მოჟღარუნე, რომელიც ამტკიცებს, რომ „ომით დაკარგული მშვიდობიანი გზით არ დაბრუნდება“ და მეორე პოლუსი - ლიბერალური იდეა იმის შესახებ, რომ „ჩვენ დამნაშავენი ვართ აფხაზების და ოსების წინაშე, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, გამოვრიცხოთ ნებისმიერი ზეწოლა მათზე და ჯერ დავიბრუნოთ მათი ნდობა და არა ტერიტორიები““.

ორი უკიდურესობა, აღწერილი მოცემულ ციტატაში, არ იძლევა პრობლემის გადაწყვეტის გასაღებს. სამხედრო გზა ცუდია უკვე იმით, რომ სიტუაციის სტაბილიზება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ომის მოგება. კონფლიქტი გაღვივებული იქნება, მშიდობა არ დადგება. ფორმულა „არც ომი, არც მშვიდობა“ - არაა გადაწყვეტა. რაც შეეხება ლიბერალურ იდეას, რომ უნდა დავიბრუნოთ აფხაზების და ოსების კეთილგანწყობა, რევოლუციურ ხელისუფლებას მოუწევს ჯერ ქართული საზოგადოების კეთილგანწყობის დაბრუნება. შიდა კონფლიქტი და მისი გადაჭრის მეთოდები ნამდვილად არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ აფხაზები და ოსები მოისურვებენ იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა მუდმივ ფაქტორად იქცა.

სასჯელის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი კონფლიქტების ანატომიაში. კოსოვის აღიარებამ შექმნა უაღრესად საშიში პრეცედენტი საზღვრების გადახედვისა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილმა წესრიგმა რღვევა დაიწყო. აშშ-ს მიერ თავსმოხვეული გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამორალურია, არამედ გაუთვალისწინებელი მოვლენების მომტანი. საქართველოს მიმართ იგივეს გამეორება, რათა დაისაჯოს თავგასული ზესახელმწიფო, რომელმაც ჩათვალა, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება სხვისი ბედი გადაწყვიტოს, ასეთივე შეცდომაა. თავად რუსეთში შეიძლება დაიწყოს დეზინტეგრაციული პროცესები, რომლებსაც ბევრი ელის და ხელებს იფშვნეტს. სხვათა შორის, ტერმინი „საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ სააკაშვილმა პირდაპირ გადმოიღო ჩეჩნეთში რუსეთის ქმედებების ოფიციალური ფორმულირებიდან. რაც შეეხება რუსეთის დაშლას, სწორედ ამ პროცესის დაჩქარებას უკავშირებს კონფლიქტების გადაწყვეტას ბევრი ლიბერალი.

კაცმა რომ თქვას, ლიბერალური მიდგომა ეფუძნება კონცეფციას „მსოფლიო საზღვრებს გარეშე“. მართლაც, თუ ეროვნული სახელმწიფოები უნდა გაქრნენ და გლობალიზებული მსოფლიო ერთი ცენტრიდან უნდა იმართებოდეს, რა მნიშვნელობა აქვს, იქნებიან თუ არა ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში ოსები და აფხაზები? ან რა აღიარება უშველის, თუკი უკვე აღიარებული, დიდი სახელმწიფოები ნაბიჯ-ნაბიჯ დაკარგავენ სუვერენიტეტს? ამგვარი მიდგომა პირდაპირ არ გამოითქმება, მაგრამ სტრიქონებს შორის იკითხება ქართველი ულტრალიბერალების საუბრებში და ტექსტებში. ხმამაღლა ამის გაცხადებას ვერ ბედავენ. მაგრამ მხოლოდ ისინი ფიქრობენ ასე? განა ცოტაა რუსეთის ისტებლიშმენტში ადამიანები, რომლებიც ამგვარადვე თვლიან? ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ დიმიტრი როგოზინი და მარკ ურნოვი. კამათი მიდიოდა იმაზე, შევიდეს თუ არა რუსეთი ნატო-ში. თუ კი, მაშინ რატომ ვსჯით საქართველოს და ვართმევთ მას ტერიტორიებს? ვთქვათ, დავიცავით მშვიდობიანი მოსახლეობა (სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის ამერიკული სქემით), მაგრამ ვაღიაროთ ეს ტერიტორიები სუვერენულ სახელმწიფოებად - რისთვის? მით უმეტეს, რომ ნატო-ში შესვლა დაკავშირებულია თავად რუსეთის სუვერენიტეტის მნიშვნელოვან შეკვეცასთან. მაშ რა სუვერენიტეტზე შეიძლება საუბარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში?

რუსეთიც და საქართველოც უნდა ჩამოყალიბდნენ: ან ისინი ვითარდებიან, როგორც ნაციონალური სახელმწიფოები (თუნდაც მრავალეროვნული), ან ბოლომდე ეშვებიან უკონტროლო გლობალიზაციის პროცესში და „ტყვედ ბარდებიან“ (ვლადიმერ სოლოვიევის გამოთქმით) მათ, ვინც უკვე დაიწყო სხვათა საზღვრების გადაწყობა. ამ გზაზე ორივე ქვეყნისთვის თანაბარი საფრთხეებია. მართალია, რუსეთი ბევრად დიდია საქართველოზე, მაგრამ პრობლემებიც ბევრად მეტი შეიძლება შეექმნას. აფხაზეთში კონფლიქტის შემდეგ არსებობდა ასეთი გამოთქმა: „თუ ბედად გვიწერია დახრჩობა, უმჯობესია ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე ტბორში“. იგულისხმებოდა, რომ ოკეანე რუსეთია, ხოლო ტბორი საქართველო. რაც არ უნდა საწყენი იყოს, დღეს სამივე სუბიექტი დახრჩობის საფრთხის წინაშე დგას და იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი გადაარჩინონ, ურთიერთს სძირავენ. მხოლოდ მსოფლიოს ახალი გადანაწილების გამოწვევების გაცნობიერებით შეიძლება ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. სხვა შემთხვევაში ისევ დავრჩებით ჩაძირვის პროცესში მყოფ, „არარეალური პოლიტიკის“ კუნძულად (ზუსტად ისევე, როგორც კუნძული ნაურუა, რომელმაც აფხაზეთი სცნო) სისასტიკის ოკეანეში, რომელსაც უმართებულოდ უწოდებენ რეალურ პოლიტიკას.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"