ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
23.10.2010
„მხოლოდ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ქვების ჭამა!”

ამ დღეებში, ნატახტარში ხორცის პირველადი გადამამუშავებელი ქარხნის გახსნისას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკვირვა საქართველოს მოსახლეობა იმის შესახებ განცხადებებით, რომ საქართველოში არ იციან ხორცის გადამუშავება. არ დაავიწყდა ოკუპანტების მოხსენიებაც, რომლებიც თურმე მთებიდან გვიყურებენ და ჩვენი შურთ.

შენიშვნა: სტატიის სათაურში მოცემულია ციტატა ფილმიდან "არ იდარდო!"

პრეზიდენტის განცხადებით საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თავისი დანაპირების შესასრულებლად – შეიქმნას სამუშაო ადგილები ლიახვის ხეობიდან გაძევებული მოსახლეობისათვის.

ნატახტრის ქარხანა 6 თვის მანძილზე შენდებოდა. ახლა იქ 100 ადამიანია დასაქმებული, მათგან ოცია იძულებით გადაადგილებული პირი. საშუალო ხელფასი – 400 ლარი. „მათი სახლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე რუსეთში ოფიცრებს აქვთ“ – განაცხადა სააკაშვილმა.

თითქოს რა არის იმაში ცუდი, რომ იხსნება ახალი ქარხანა, იქმნება სამუშაო ადგილები? ქარხანა „იბერმითი“ პირველი საწარმო არ არის ნატახტარში, იქ უკვე ფუნქციონირებს ლუდის და გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, საკონდიტრო ფირმა „ბარამბო“. ყოველი ეს საწარმო წარმატებით სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შექმნილი ინფრასტრუქტურით, რაც განაპირობებს მათ მფლობელთა განსაკუთრებით მაღალ მოგებას. სხვათა შორის, ყოველი მათგანი უკავშირდება მხარის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის სახელს, რომლის უეცარი გამდიდრება და დაუცხრომელი ბიზნეს–მადა არაერთხელ გააპროტესტეს ქართველმა ლეიბორისტებმა. ასეა თუ ისე, ამ მცირე საწარმოს გახსნას დიდი ხმაური და თვით პრეზიდენტის დასწრება მოჰყვა. თუმცა ის ისედაც არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, ნებისმიერი ობიექტის გახსნას დაესწროს. როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები ქირქილებენ, ამ ობიექტთაგან ზოგიერთი მან რამოდენიმეჯერ „გახსნა“, მათი ნაწილი პრეზიდენტის წასვლისთანავე იხურებოდა.

მაგრამ „იბერმიტის“ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა; ქარხნის გახსნის შემდეგ თბილისის ბაზრების დახლებიდან ხორცი რამდენიმე დღეში გაქრა. როგორც ირკვევა, ბაზრებს აუკრძალეს ხორცის მიღება ცნობის გარეშე, რომ საქონელი დაკლულია სწორედ „იბერმითში“. ქარხნის მომსახურება შეფასებულია შემდეგნაირად: გლეხი, რომელიც გადაწყვეტს თავის კუთვნილ საქონლის დაკვლას და ხორცის ბაზარზე გაყიდვას, ვალდებულია, საქონელი დასაკლავად ნატახტარში ჩაიყვანოს, ყოველ კილოგრამში გადაიხადოს 1,30 ლარი და შესაბამისი ცნობის მიღების შემდეგ წაიღოს ხორცი ბაზარზე. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ტრანსპორტირება, ქარხნის მომსახურების ხარჯების დაფარვა და შემდეგ, თბილისის ბაზარზე ჩამოტანა ხორცის გაძვირებას იწვევს. აღნიშნული ღონისძიებების გატარების შემდეგ ხორცის საბითუმო ფასი 7 ლარიდან 8,40 ლარამდე ავარდა – მთელი 12 პროცენტით! საცალო ვაჭრობაში ფასმა უკვე 10 ლარს მიაღწია. როგორც ჩანს, ფასები სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. გარშემო სოფლების მცხოვრებნი უკვე თავიდან იშორებენ მსხვილფეხა საქონელს, რომლის შენახვა ხარჯიანი გახდა. ზარალდებიან მცირე მაღაზიებიც, რომლებიც ხორცით საცალოდ ვაჭრობენ. მყიდველის რაოდენობა იკლებს. არ არის რთული იმის გამოთვლა, რომ თავად ქარხნის მუშაკები თავიანთი 400–ლარიანი ხელფასით ხორცის ყიდვას მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე შეძლებენ.

ბაზრის მონოპოლიზაციის ამგვარი სქემა არახალია; ფარმაცევტული ბაზარი უკვე დიდი ხანია, რაც მონოპოლიზებულია. ამის შედეგია წამლებზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები (ზოგიერთ პრეპარატზე 400 პროცენტით!).

საქმე იქამდე მივიდა, რომ საქართველოში დამზადებული პრეპარატები ერევანში ბევრად იაფია, ვიდრე თბილისში. და ეს მიუხედავად გადასახადებისა, სატრანსპოტო, საბაჟო ხარჯებისა და ა. შ.

თუკი ხორცზე უარის თქმა კიდევ შეიძლება (ან მისი მოხმარების შემცირება), წამლის ყიდვა ნებისმიერ შემთხვევაშია საჭირო. პაციენტებისგან ფულის გამოცინცვლას ფართო მასშტაბი აქვს მიცემული: ერთ–ერთ ფარმაცევტულ კომპანიას საკუთარი კლინიკები აქვს, იგი იმავდროულად ფლობს ფარმაცევტულ ქარხანასა და აფთიაქების ფართო ქსელს. ასე „პარსავენ“ პაციენტებს ყველა ეტაპზე; ჯერ კლინიკაში ახდევინებენ ისეთსავე ფასებს, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, შემდეგ მას უნიშნავენ პრეპარატებს, რომლებიც საკუთარ საწარმოებში მზადდება ან თვითონვე შემოაქვთ, ხოლო ყველაფერ ამას პაციენტი ამავე კომპანიის აფთიაქშივე ყიდულობს. ერთი სიტყვით, ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს „უნარჩენო“ წარმოებას ფულის ამოქაჩვის დარგში.

თბილისში ჯერ კიდევ არის იაფიანი აფთიაქების ქსელი „ფარმადეპო“, რომლის მომსახურებითაც სარგებლობს გაჭირვებული მოსახლეობა. იმისათვის, რათა თავიდან მოიშორონ აღნიშნული სააფთიაქო ქსელი, მონოპოლისტები ამ აფთიაქების სიახლოვეს ქმნიან თავიანთ აფთიაქებს სახელწოდებით „ფარმაცენტრი“, სადაც ფასები კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე „ფარმადეპოში“. ბუნებრივია, ადამიანი, რომელიც უკანასკნელ გროშებს ითვლის, უკვე მათთან ყიდულობს წამლებს. ამავე დროს, დანარჩენ აფთიაქებში მონოპოლისტები ინარჩუნებენ მაღალ ფასებს, ზოგ პრეპარატზე კი ფასები კიდევ უფრო იზრდება კიდეც. ამრიგად, გაჭირვებული ხალხის ერთადერთი ხსნა „ფარმადეპოს“ სახით შეიძლება გაკოტრდეს, რის შემდეგ წამლებზე ფასების ზრდის შეჩერება საერთოდ შეუძლებელი გახდება.

ჩვენ საქართველოში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მხოლოდ ორი მაგალითი მოვიყვანეთ. სინამდვილეში აქ თქმული ბაზრის დაპყრობის გავრცელებულ სქემად იქცა. სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ქუჩის ვაჭრობის აკრძალვა და ბაზრების დახურვა. მოსახლეობას აიძულებენ მხოლოდ დიდ, ძვირ სავაჭრო ცენტრებში შეიძინოს საქონელი, რითაც მას ართმევენ არჩევნის საშუალებას. 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილება ანტიმონოპოლური სამსახურის გაუქმების შესახებ იყო პირველი ნაბიჯი, რომელმაც მდიდარი შესაძლებლობები გაუჩინა ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულ მონოპოლისტებს.

ნანა დევდარიანი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"