ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
03.11.2010
ინტერვიუ სემეკ-ის თავმჯდომარის მთავარ მრჩეველთან, ბატონ ელიზბარ ერისთავთან

ინფორმაცია: ელიზბარ ერისთავი, 1997 წლამდე 18 წლის განმავლობაში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ ”ენერგოქსელპროექტის” დირექტორად. ამ ინსტიტუტის მიერ დაპროექტებულია მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზე. 1996 – 2003 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე. 2004 წლიდან დღემდე სემეკის თავმჯდომარის მთავარი მრჩეველია.

georgiamonitor.org

გამომდინარე აქედან, გასაგებია ბატონი ელიზბარის შედარებით ფრთხილი პასუხები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იგი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ენერგეტიკოსია და მისი მოსაზრებები ამ სფეროსთან დაკავშირებით – საყურადღებო.

– ბატონო ელიზბარ, როგორ შეაფასებთ ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას. რამდენადაა ის დაცული გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან?

– ენერგოსისტემის დღევანდელი მდგომარეობა მდგრადობის მხრივ სავსებით დამაკმაყოფილებელია. თუ გადავხედავთ წინა პერიოდს, შეიძლება ითქვას,რომ მაშინ სრულებით არამდგრადი იყო სისტემა,თუ სადმე რაიმე მოხდებოდა, მთელი ენერგოსისტემა ითიშებოდა და მთელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო რჩებოდა ელექტროენერგიის გარეშე.ამჟამად ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს,სისტემა ძირითადათ მდგრადია და ეს ყველაფერი გაკეთდა იმის გამო რომ სახელმწიფომ ბოლო პერიოდში გამოიჩინა პოლიტიკური ნება და საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა ენერგოსისტემის რეაბილიტაციისთვის.როგორც ჩემთვის ცნობილია ეს თანხა შეადგენს 200 მილიონ ლარზე მეტს. დაფინანსების წყარო იყო ნაწილობრივად ბიუჯეტი, კრედიტები, აგრეთვე დიდი დახმარება გაგვიწიეს ევროპის ბანკმა, მსოფლიო ბანკმა, USAID-მა, KFW-მ და ა.შ. ასე რომ, აქ დონორების მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო.

რა თქმა უნდა, დახმარებები ადრეც იყო, მაგრამ 90-იან წლებში ამასთან ერთად ქვეყანაში იყო საშინელი ძარცვა და განუკითხაობა. მე რომ მკითხოთ, ეს 200 მილიონი არ ეყოფა იმას, რაც ამ პერიოდში ზარალი მიადგა ენერგოსისტემას.

– კეთილი, მაგრამ ქალაქში არც თუ ისე იშვიათად ითიშება დენი, თუნდაც მცირე ხნით, მეტწილად ამ გათიშვებს ბუნებრივი მოვლენებით ასაბუთებენ – ძლიერი წვიმა, ქარი და ა. შ. არის დამნაშავე, რამდენად შეესაბამება ეს ენერგოსისტემის მდგრადი მდგომარეობის შეფასებას?

– რაც შეეხება ახლა ფორს-მაჟორს, ქარიშხალს და ა.შ. ეს არა მარტო ჩვენთან ხდება და მისი გათვალისწინება პრაქტიკულად შეუძლებელია. ქსელის პროექტირება და მშენებლობა არ არის ხოლმე, როგორც წესი, გათვლილი განსაკუთრებულ მოვლენებზე, არც შეიძლება გათვალო, იმდენად არაპროგნოზირებადია ისინი და თანაც ეს ძალიან ძვირი ჯდება.

მაგრამ რაც მთავარია, ახლა ძალიან დიდი ყურადღება ექცევა მომსახურების ხარისხს. მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ შარშან ორი ძალიან კარგი ინსტრუქცია გამოსცა მომსახურების ხარისხის შესახებ. ერთი მათგანი შეეხება გამანაწილებელი კომპანიების მიერ გაწეული კომერციული მომსახურების ხარისხს, მეორე კი საიმედო ენერგომომზადების ხარისხს. ამ ყველაფერზე მონიტორინგს ახორციელებს მარეგულირებელი კომისია, თავისთავად სამინისტროც, მაგრამ ძირითადათ ეს მაინც მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.

აგრეთვე ენერგოსისტემაში დაინერგა ეგრეთწოდებული SKADA-ს სისტემა, ანუ ავტომატურად და დისტანციურად ხდება ყველანაირი ინფორმაციის შეკრება – ეს არის დაზიანებები თუ დატვირთვები სხვადასხვა კვანძებში. ეს სისტემა განხორციელდა მსოფლიო ბანკის კრედიტით.

– საქართველოს ენერგეტიკაში, ენერგიის გამომუშავებაში ლომის წილი მიუძღვით კვლავ ჰიდროელექტროსადგურებს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი რჩება საწვავზე დამოკიდებული თბოელექტროსადგურები. რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველომ მთლიანად დაფაროს საკუთარი მოთხოვნილება თავისი ჰიდრორესურსების ათვისებით? საჭიროა დამატებით ახალი ენერგიის გამომმუშავებელი სადგურების მშენებლობა?

– ეს საკმაოდ პროფესიონალური შეკითხვაა, რადგანაც თავად ეს თემა საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. მსოფლიო ენერგეტიკაში დღეს მთელი ყურადღება გადატანილია ე. წ. განახლებად წყაროებზე ანუ რაც შეიძლება მეტი ენერგია უნდა იყოს გამომუშავებული განახლებადი ელექტოენერგიის წყაროებზე და ნაკლები – მაგალითად, თბოსადგურებზე.

ჩვენ ვიცით, რომ ათვისებული გვაქვს მაქსიმუმ 15% იმ ჰიდრორესურსებისა, რომლებიც გაგვაჩნია. ეს პროცენტებიც უფრო სუბიექტური შეფასებაა, ვიდრე გამოკვლევების შედეგი. საქმე ისაა, რომ საქართველოს მდინარეები ატარებს მკვეთრად გამოკვეთილ სეზონურ ხასიათს და ამიტომ მთელი წლის ჭრილში მხოლოდ ჰიდრორესურსებით ქვეყნის ენერგომოთხოვნილების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს სხვა წყაროებიც – ეს არის ძირითადად ქვესადგურები და მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი.

ზაფხულობით ჩვენ გვაქვს აქ გამომუშავებული ელექტროენერგიის სიჭარბე, ზამთარში კი –დეფიციტი. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა იმას, რომ მეზობელ ქვეყნებთან განხორციელდეს ხელსაყრელი გარიგებები ელექტროენერგიის ექსპორტის, გაცვლის ან კიდევ სხვა რაღაც მეთოდის მოსაძებნად. ყველაზე უკეთესია, როდესაც ჩვენი ენერგოსისტემა მეზობელ მძლავრ ენერგოსისტემასთან პარალელურად მუშაობს.

ამჟამად ასეთი კავშირები არსებობს ოთხივე მეზობელ ქვეყანასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა სრულად ჯერ არ არის გამოყენებული. ჩვენ გვაქვს ჰოდროელექტროსადგურები, რომლებსაც აქვთ სეზონური ხასიათი, ამიტომ ისინი უნდა მუშაობდნენ პიკურ რეჟიმში, როცა დატვირთვები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო წლიური,თუ გნებავთ საშუალო თვიური დატვირთვა. პიკური ენერგიის ხარჯზე უნდა ხდებოდეს მისი ექსპორტი და ბაზისური ენერგიის იმპორტი.ეს ჩვენთან ხდება, მაგრამ არ ხდება იმ დოზით, რაც მე მოგახსენეთ და არ არის განსხვავება – ხდება პიკური ენერგიის ექსპორტი თუ ბაზისურის, ესაა არსებითი.

ეს მიზანი ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ მიღწევადია, რადგანაც ახლა ჩვენთან ბევრია საუბარი იმაზე, რომ აშენდეს მძლავრი გადამცემი სისტემა, ხაზი ან ქვესადგური თურქეთში. ამასთან ერთად აზერბაიჯანთან აღდგეს 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი, რადგანაც ის აბსოლუტურად უმოქმედოა და აზერბაიჯანთან მხოლოდ 330 კილოვოლტიანი ხაზით გვაქვს კავშირი. ასევე შესაძლებელია სომხეთთანაც აშენდეს დამატებითი გადამცემი ხაზი. ეს პროექტიც არსებობს, მაგრამ ის განხორციელების პროცესშია. თავის დროზე სომხეთმა, ისევე, როგორც რუსეთმა, დიდი მეგობრული სამსახური გაგვიწია და საკმაოდ მისაღებ ფასში გვაწვდიდა ელექტროენერგიას მაშინ, როდესაც ჩვენს ენერგეტიკაში სრული განუკითხაობა და ადგილობრივი ენერგიის დეფიციტი იყო. ეს ხდებოდა გადამცემი ხაზი ”კავკასიონი”-ს მეშვეობით, რომელიც დღესაც მოქმედებს. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ მართლდება ის თეზისი, რომ ენერგეტიკა ზეპოლიტიკური დარგია და ეს სწორედ რუსეთისა და საქართველოს ენერგეტიკულ დამოკიდებულებაში გამოისახება. 500 კილოვოლტიანი ხაზი მოქმედებს, არსებობს მასზე ელექტროენერგიის გადადინებები, ფაქტიურად – რევერსი, ელექტროენერგიის გაცვლა,რაც საკმაოდ ხელსაყრელია ორივე ქვეყნისთვის.

მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ თურქეთში მშენებარე ხაზს, რადგანაც ჩვენს მეზობლად ერთადერთი მძლავრი ბაზარი არის თუქეთი.

ახლა მე ისევ დავუბრუნდები ჰიდროენერგეტიკას – თურქეთის გადამცემი ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში თითქმის 500 კილომეტრია.პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, აშენდება კიდევ ქვესადგური ახალციხეში და ის იქნება პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ყოფილი სსრკ-ს ევროპულ ნაწილში და შუა აზიაში მუდმივი დენის სამართი. ეს არის დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადადინების დროს სისტემის ანუ გადაცემის სიხშირის სტაბილიზირებას. ამ პროექტის ღირებულება 300 მილიონ ევრომდეა, რაც აჭარბებს საშუალო ელექტროსადგურის მშენებლობის ფასს.

დამფინანსებლები არიან EBRD, KFW, IIB და თანადაფინასება საქართველოს მხრიდან. ხელშეკრულება უკვე არსებობს, ორი ძირითადი ფირმაა გამოკვეთილი და არიან სხვა ფირმებიც ქვემოიჯარეები, მაგრამ ძირითადათ ეს არის Fichtner, რომელიც ახორციელებს პროექტის ეკონომიკურ და ტექნიკურ ნაწილებს, და SIEMENS.

თუქეთის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც საქართველოს ესაზღვრება, ძალიან განუვითარებელია და იქ ელექტროენერგიის დეფიციტია, ამიტომ პირველი ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში თურქეთიდან ელექტროენერგიის მნიშვნელოვან შემოდინებას არ უნდა ველოდოთ ,თუ ეს მათგან რაღაც მეგობრული ჟესტი ან მსგავსი რამ არ იქნება. ძირითადად ამ ხაზით საქართველოდან ექსპორტი განხორციელდება და აგრეთვე ტრანზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და შესაძლოა სომხეთიდანაც. ეს გადამცემი ხაზი სტიმულირებას უკეთებს სწორედ ჰიდროენერგეტიკის განვითარებას საქართველოში. როგორც ცნობილია, ევროპაში თითქმის ამოწურულია ჰიდრორესურსები და გადადიან სხვა განახლებად წყაროებზე როგორიცაა ქარი და მზე. ჩვენთან ჯერ-ჯერობით ქარისა და მზის ენერგია კონკურენტუნარიანი არ არის – ჯერ ერთი უფრო ძვირია და რაც მთავარია, არ ექვემდებარება რეგულირებას.

– გთხოვთ, გაგვაცანით სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოში არსებული თბო- და ჰიდროელექტროსადგურების მიერ ერთობლივად გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ, თუ არის ეს ცნობილი და როგორი არის პოტენციალი ციფრებში რომ გამოვხატოთ. საერთოდ რა რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება საქართველოს წელიწადში?

– ეს ეკონომიკური საკითხიც არის, ანუ ის, თუ რამდენი ელექტროენერგია სჭირდება ქვეყანას, დამოკიდებულია ეკონომიკის, წარმოებების მოცულობაზე. ჩვენ ამჟამად მოვიხმართ დაახლოებით იმის ნახევარ ელექტროენერგიას, რასაც მოვიხმარდით 1989 – 1990 წლებში. წელს იქნება მოხმარება 9 მილიარდი კილოვატსაათი, აქედან დაახლოებით 80% ანუ 7.5 – 8 მილიარდის ფარგლებში იქნება წარმოებული ჰიდროელექტროსადგურებზე, დანარჩენი კი თბოსადგურებზე და იმპორტი.

ეკონომიკის სპეციფიკურობაზეა დამოკიდებული რომელი სჯობს – იმპორტირებული ენერგია თუ თბოსადგურებით წარმოებული. ჩვენ თბოსადგურებზე გვაქვს დაუტვირთავი სიმძლავრეები, მაგრამ ბუნებრივი გაზის და საწვავის სიძვირის გამო ეს თბოსადგურები წლის განმავლობაში თავისი სიმძლავრის 11%-ს მუშაობენ. ამიტომ პროგნზირება ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

– დღეს რომ გვქონდეს ამოქმედებული ხუდონის ჰიდროელექტროსადგური, მოახდენდა იგი თუ არა არსებით გავლენას ენერგეტიკულ სფეროში მოხმარებისა და ექსპორტის გაზრდის კუთხით?

– რა თქმა უნდა. ხუდონი რომ ყოფილიყო, დღეს სულ სხვა ვითარება იქნებოდა,მაგრამ საკითხის ასე დასმა არასწორია, იმიტომ, რომ ვარაუდებზე გადავდივართ და რეალობა კი სულ სხვაა. მეორე საკითხია, რომ ხუდონჰესი არ უნდა დახურულიყო თავის დროზე, უნდა მოგვეზიდა ინვესტორები, მაგრამ ეს არ გაკეთდა, ამიტომ ჩვენ ახლა ძველს ნუ გავიხსენებთ.

გეტყვით, რომ ამჟამადაც ხუდონის ამოქმედება დგას დღის წესრიგში, მაგრამ არა ისე მძლავრად, როგორც ეს თავის დროზე იყო დაგეგმილი. თუმცა ხუდონი ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოქმედდება, რადგანაც ეს არის მარეგულირებელი ელექტროსადგური, რომელიც სწორედ არსებული ენგურჰესის გამომუშავებას შემატებს გარკვეულ ელექტროენერგიას, გაანგარიშებით დაახლოებით 300 მილიონ კილოვატსაათს და ის იქნება პიკური ელექტროსადგური, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგიის გაყიდვაც უნდა მოხდეს სარფიანად.

– ჩვენ მიმოვიხილეთ ალბათ უფრო ტექნიკური მხარე ჩვენი ელექტროენერგეტიკისა. ყურადღების მიღმა დაგვრჩა საქართველოს ენერგეტიკის ბუნებრივი საწვავით ანუ ენერგოშემცველებით მომარაგების საკითხი. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე და ელექტროენერგიაზე აღარ ვართ დამოუკიდებელნი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანაა?

– ჩემი აზრით – არა. ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა ნიშნავს იმას, რომ ის თავად უნდა აკმაყოფილებდეს საკუთარი რესურსებით საკუთარ მოთხოვნილებას, თუ ელექტროენერგეტიკაში ეს 80%-ით ხორციელდება, წლის ჭრილში ვგულისხმობ და არა სეზონურად. ბუნებრივ გაზს რაც შეეხება, რასაკვირველია, დივერსიფიკაცია რა თქმა უნდა, არის, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული არა ვართ.

– შეგეკამათებით: ვთქვათ და, რაღაც მიზეზის გამო შეგვიწყდეს ე. წ. შაჰდენიზის გაზის მოწოდება აზერბაიჯანიდან, არის კი ამის რაიმე ალტერნატივა დღესდღეობით, რუსეთის ან ირანის გაზის გარდა?

– ამჟამად სხვა ალტერნატივა არ არის. მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანის გარდა, მხოლოდ ირანს და რუსეთს აქვთ ბუნებრივი გაზის საკმაო მარაგი.ისე შუა აზიის ქვეყნებიდანაც შეიძლება გაზის შემოტანა,მაგრამ მაინც უნდა გამოიაროს ან რუსეთი ან ირანი, ან ისევ და ისევ აზერბაიჯანი, ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვან წილად აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული. მომავალში ალბათ შუა აზიის გაზსადენებიც ჩაერთვება, მაგრამ ეს უფრო შორეულ მომავალში მოხდება.

– ბატონო ელიზბარ, თქვენ თავად ბრძანდებოდით სემეკის კომისიის თავმჯდომარე. აგვიხსენით, რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ კომისიის შექმნა მაშინ, როცა არსებობდა შესაბამისი სამინისტრო. საიდან გაჩნდა ეს იდეა, როგორ მოხდა მისი განხორციელება და რანაირად ხდება სემეკის და სამინისტროს თანამშრომლობა? ასევე ორიოდ სიტყვით თუ შეიძლება ე. წ. ენერგობაზრის შესახებ გვითხარით.

– მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილებით, განსაკუთრებით აშშ-ს გამოცდილებით ბუნებრივ მონოპოლიებში უნდა ხდებოდეს სახელმწიფო რეგულირება, მაგრამ ის მთლიანად და პირდაპირ არ უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას. რა თქმა უნდა, მთავრობა და პარლამენტი გარკვეულ მონიტორინგს უნდა ახორციელებდნენ, მაგრამ ეს მონიტორინგი უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობა მიიღწევა პირველ რიგში კანონით, სადაც პირდაპირ წერია ამის შესახებ. ასეთი მარეგულირებელი კომისიები შექმნილია თითქმის ყველა ქვეყანაში, ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ რაც შეეხება პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, სომხეთში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი კომისიები. ეს წარმოქმნა ენერგეტიკის განსახელმწიფოებრიობამ ანუ პრივატიზაციამ. ასეა მიღებული, რომ ინვესტორი მთლიანად არ ენდობა სამთავრობო სტრუქტურებს და სწორედ მათი მოთხოვნაა, რომ ენერგეტიკას ქვეყანაში არეგულირებდეს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. ეს რეგულირება ხდება ლიცენზირებით, ტარიფების დადგენით, მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგით და ა.შ.

სამინისტროსთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, სამინისტრო არის ფუნქციონალური სტრუქტურა, ის განსაზღვრავს ენერგეტიკულ პოლიტიკას და ქვეყნის სტრატეგიას ამ მიმართულებით და ეს თითქმის ყველა ქვეყანაში ასეა.

რაც შეეხება ენერგობაზარს, ის ჩვენთან ჩამოყალიბდა 2000 – 2001 წლებში. ენერგობაზარი არის ადგილი, სადაც ფორმდებოდა ხელშეკრულებები მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის. მომხმარებლად ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩათვალოთ გამანაწილებელი კომპანიები და მსხვილი საწარმოები. ჩვენთან ბაზარმა პირველ ხანებში ვერ იმუშავა იმ პირობებში, რაც იმ დროს იყო შექმნილი ქვეყანაში, იმიტომ, რომ გადახდები იყო ძალიან დაბალი და ბაზრის წესები, რომლებიც მაშინ სემეკმა დაამტკიცა, არ მუშაობდა სრულად. ამის შემდეგ, როდესაც ძალიან მკაცრად დაინერგა გადახდის აუცილებლობა, დაინერგა აღრიცხვიანობის სისტემები, აგრეთვე კანონში შევიდა ცვლილებები, მაგალითად, რომ მომხმარებელი, რომელიც არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს, უნდა დააჯარიმო და ასე შემდეგ, ამის შედეგად ბაზარი ამუშავდა. მერე კი სახე იცვალა და ბაზრის მაგივრად შემოვიდა და უკვე სამი წელია არსებობს სისტემის კომერციული ოპერატორი.ის განსხვავებულია ბაზრისაგან იმით, რომ კომერციულ ოპერატორს აქვს უფლება 10-15 % ენერგორსეურსის შეისყიდოს თავად და შემდგომ გაყიდოს. ამ სფეროს აფინასებდა USAID-ი და მისი ძირითადი დაფინანსება მიდიოდა უმწეოთა დახმარებაზე ანუ პირდაპირ უხდიდა ენერგოსისტემას გარკვეულ თანხას 3-დან 5 მილიონ დოლარამდე უმწეოთა, მათ შორის ლტოლვილების უზრუნველსაყოფად.

გთხოვთ, კომენტარი გააკეთოთ გამანაწილებელი კომპანიების მიერ დადგენილი ტარიფების შესახებ. კერძოდ, მათ სამოქმედო პრინციპთან დაკავშირებით: ”რაც მეტს მოვიხმარ ელექტროენერგიას, მით უფრო ძვირი მიჯდება ერთეულის ფასი”.

როგორც ვიცით, თვეში 100 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 13,5 თეთრს კილოვატ საათზე, 100 – 300 კილოვატამდე 16 თეთრს, ხოლოდ 300 კილოვატს ზემოთ კი 17,7 თეთრს კილოვატ საათზე გაანგარიშებით. რამდენად შეესაბამება ასეთი მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და როგორ ხდება ჩვენთან ფასწარმოქმნა?

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ გადასახადები ელექტროენერგიის მოხმარებაზე ხელოვნურადაა გაზრდილი. ერთი დღე თუ დააგვიანდა ადამიანს ღირებულების გადახდა, მაშინვე უთიშავენ ელექტროენერგიის მიწოდებას. ჩვენგან ერთ–ერთი პირადად გერმანიაში ცხოვრობდა გარკვეული ხანი და იქ სურვილისამებრ შეეძლო სამი გამანაწილებელი კომპანიიდან ერთ-ერთის ამორჩევა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენთან კი ხელშეკრულებაც არ ფორმდება და მაგალითად, უხარისხოდ მოწოდებულმა ელექტროენერგიამ მაცივარი ან ტელევიზორი რომ გადაუწვას მომხმარებელს, ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. გვიამბეთ ამის შესახებ, შეიძლება ამ ყველაფრის დარეგულირება?

– საქართველოს ენერგეტიკის შედარება განვითარებული ენერგეტიკის მქონე ქვეყნებთან ჯერ-ჯერობით არ შეიძლება. იმავე გერმანიას როცა ვედრებით, ვნახოთ, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე გერმანია და რამდენს – საქართველო.

ჩვენი სასტარტო პირობები სსრკ-ს დაშლის შემდეგ არ იყო სახარბიელო, ბუნებრივ გაზზე და საწვავზე აღარ ვსაუბრობ, თავად ენერგეტიკაშიც ელექტროენერგიის დაახლოებით 1/4 იმპორტირებული გვქონდა. ახლაც დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ეს იქნება ბუნებრივი გაზი ქვესადგურისთვის თუ ელექტროენერგია ზამთრის პირობებში. ასე რომ, მოდით, ნუ შევადრებით სხვა, მით უმეტეს, ბევრად უფრო წინ წასულ ქვეყნებს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, გეთანხმებით, რომ ის მთლიანად ობიექტური არ არის, გამანაწილებელი კომპანიების წილი მასში 60%-ს შეადგენს. რაც შეეხება იმას, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ღირებულება იზრდება, რაც მეტს მოიხმართ, ეს მთლიანად მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდანაა გამომდინარე. ღარიბი ადამიანი მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას და იხდის ნაკლებს, ხოლო ცოტა უფრო შეძლებული მოიხმარს მეტს და იხდის მეტს. მომავალში ეს დიფერნციაცია შეიძლება დარჩეს, მაგრამ გახდეს გამჭოლი –100 კილოვატ/საათამდე შეიძლება ყველასთვის ერთი ფასი დარჩეს,100-დან 300-მდე სხვა ფასი იყოს და 300-ს ზემოთ – სხვა.

ევროპაში ისეა გაკეთებული, რომ ელექტროენერგიას დღის განმავლობაში რამდენიმე ფასი აქვს – დილის, შუადღის, პიკური, ცალკე კიდევ ღამის, ყველას სხვადასხვა ფასი აქვს. ამ მხრივ ლიდერი არის საფრანგეთი, იქ თუ არ ვცდები, 16 სახის ტარიფი არსებობს. მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება ძალიან დიდი დრო, ჯერ ერთი, აღრიცხვის სისტემები უნდა შეიცვალოს მთლიანად, მერე საზოგადოება უნდა მომზადდეს ამისთვის და ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო მაღალი დონე,საშუალო ევროპული დონე მაინც და ამავე დროს ელექტროენერგიის წარმოება მოთხოვნილებას აბსოლუტურად უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენ ჯერ-ჯერობით ეს პირობები არა გვაქვს.

რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ეს ხდება მაღალ პროფესიულ დონეზე, ფასწარმოქმნის ყველა კრიტერიუმი ენერგეტიკაში, ესენია – ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირით მომარაგება, გაწერილია კანონში. ამის შემდეგ კეთდება დარგის გაანგარიშების მეთოდოლოგია, რაც სემეკმა დაადგინა თავის დროზე სამივე მიმართულებით და ამ მეთოდოლოგიის მიხედვით კეთდება დაანგარიშება. ის დამყარებულია მომსახურების სრულ ღირებულებაზე. რას შეიცავს სრული ღირებულება: ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, დისპეჩერიზაცია და განაწილება. თითოეული ამ საფეხურის ტარიფი იანგარიშება ცალ-ცალკე. ეს უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტიციების (აქტივების) ამოღებას, ამორტიზაციას, ცვეთას, მომსახურებას, ექსპლუატაციას, გადასახადებს. ამიტომ ეს ყველაფერი გაწერილია დაწვრილებით და თითოეული ტარიფის გაანგარიშება ენერგეტიკაში 50 თუ მეტი პუნქტისაგან შედგება, რისი კონტროლი და რეგულირება შემდგომ ხდება. შემდეგ ყოველწლიურად ყველა ლიცენზიატი სემეკში წარადგენს თავის ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშს,რომელიც აუცილებლად დამოწმებული უნდა იყოს აუდიტის მიერ და რომელსაც ენდობა სემეკი და მასზე დაყრდნობით ატარებს ამ ანგარიშების გადამოწმებას და შეფასებას.

– ხომ არ არის ქართულ ენერგობაზარზე მონოპოლია და თუ არსებობს იმის ტექნიკური საშუალება, რომ ქართულ ენერგობაზარზე შემოვიდეს სხვა ენერგოკომპანია და შესთავაზოს მოქალაქეებს თავისი პირობები ?

– ტექნიკურად ეს საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ რამდენად ეკონომიური იქნება, ვერ გეტყვით. არის კიდეც ეს ჩადებული კანონში და ხდება მსხვილი მომხმარებლების მიერ. უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ორი ცნება: ელექტროენერგიის მიმწოდებელი და გამანაწილებელი. ამჟამად საქართველოში გამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის და საერთოდ დაბალი ძაბვის მომხმარებლისთვის ორ ფუნქციას ასრულებს: ის არის როგორც მიმწოდებელი, ასევე გამანაწილებელი. ქსელი ეკუთვნის გამანაწილებელ კომპანიას, მერე ის ყიდულობს ელექტროენერგიას და ატარებს თავის ქსელში. მაგრამ თუ გნებავთ, რომ ხელშეკრულება დაუდოთ პირდაპირ ელექტროსადგურს ან თუნდაც რომელიმე ქვეყანას, მაშინ თქვენ მხოლოდ ელექტროენერგიის ფასს იხდით და გამანაწილებელ კომპანიას არაფერს უხდით. თუმცა მაინც მოგიწევთ დანაკარგების და კიდევ სხვადასხვა ხარჯების გადახდა, რასაც სხვა შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანია იხდის. ამ მიზეზების გამო ღირებულების გაიაფება მაინც ძალიან უმნიშვნელო გამოვა. ამიტომ ასეთ ანგარიშსწორებას მხოლოდ მსხვილი საწარმოები, მაგალითად, ფეროშენადნობი ქარხანა და რამდენიმე სხვა ახდენენ.

– დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის.

ესაუბრებოდნენ: კონსტანტინე ჩიკვილაძე, გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"