ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
19.10.2010
გეოპოლიტიკური ზღვის ბრძოლა სანაპირო სახელმწიფოებთან ახალ პირობებში

ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავ მსოფლიო პრესის და ანალიტიკოსების ყურადღების ცენტრში რჩება. იხილება ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობა აშშ–ს და მისი მოკავშირეების, კერძოდ ისრაელის მიერ. ზოგიერთი პოლიტიკოსი (მაგალითად, აშშ–ს ყოფილი წარმომადგენელი გაერო–ში ჯონ ბოლტონი) მოუწოდებდა ბუშერის ატომური სადგურის დაბომბვისკენ, სანამ მასში ბირთვული საწვავი ჩაიტვირთებოდა.

ასევე ფართოდ განიხილებოდა რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების განვითარება, ისევე როგორც რუსეთსა და ირანს, რუსეთს და სირიას შორის. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ვიზიტმა მოსკოვში, რომელიც დასრულდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით, დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ამ მოვლენიდან ცოტა ხანში შედგა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერდიუკოვის ვიზიტი აშშ–ში, და მოხდა კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი: პრეზიდენტმა მედვედევმა გაყინა შეთანხმება ირანისთვის საზენიტო სისტემის ს–300–ის მიწოდების შესახებ.

რუსეთის და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ხელშეკრულება პირველად იდება. თუ მხედველობაში მივიღებთ საბჭოთა კავშირსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს, ეს მოვლენა მით უფრო საყურადღებოა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამან ხელი არ შეუშალა რუსეთს დაეწყო სირიაში ხომალდსაწინაღო ფრთოსანი რაკეტების „იახონტის“ (მეორე სახელია „ონიქსი“) მიწოდება. ამ გადაწყვეტილებამ, რომელიც, სხვათა შორის, სერდიუკოვის აშშ–ში ვიზიტის დროს გამოცხადდა, ერთობ ნერვული რეაქცია გამოიწვია ისრაელის პრესაში და პოლიტიკურ წრეებში. ითვლება, რომ ეს რაკეტები რთული ჩამოსაგდებია გემების რაკეტსაწინაღო თავდაცვის საშუალებების მიერ, ამიტომ ისინი დიდ საფრთხეს უქმნიან მსხვილ ხომალდებს.

ისრაელს უკვე აქვს მისთვის სამწუხარო გამოცდილება, როცა ჩინურმა ხომალდსაწინაღო რაკეტამ, რომელიც გაშვებული იქნა ლიბანის ნაპირიდან „ჰეზბოლას“ მებრძოლების მიერ, სერიოზულად დააზიანა ისრაელის ფრეგატი. სხვათა შორის, „იახონტის“ ტიპის რაკეტები მიწოდებული იქნა ირანისთვისაც.

რაში მდგომარეობს ხომალდსაწინაღო რაკეტების მიწოდების მნიშვნელობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად, ინდოეთი, ირანი, სირია ან ლიბანი?

ყველა მათგანი წარმოადგენს ოკეანის ან დიდი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყანას და განლაგებულია ე.წ. „რიმლანდის“ ზონაში, თუ გამოვიყენებთ ინგლისელი გეოპოლიტიკოსის მაკინდერის ტერმინს. ზოგიერთი გეოპოლიტიკური თეორიის თანახმად, სწორედ ევრაზიის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს ხმელეთის და ზღვის მთავარი ბრძოლა. ამჟამად ყველაზე გააფთრებული, მაგრამ ფარული დაპირისპირება შეინიშნება ამ ზონის ნაწილში, რომელიც გადაშლილია თურქეთიდან პაკისტანამდე და მათ გარდა მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: სირია, ლიბანი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ასევე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური (შუა) აზიის ქვეყნები.

უკანასკნელ დრომდე, განსაკუთრებით გასული საუკუნის 90–იან წლებში და ახლანდელის დასაწყისში, გეოპოლიტიკურ ზღვას ჰქონდა აშკარა უპირატესობა ამ ბრძოლაში. თურქეთი იყო ნატო–ს მძლავრი წევრი და ისრაელის მოკავშირე – სეკულარული, ლაიცისტური სახელმწიფო. ლიბანში გაუთავებელი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, ხოლო სამხრეთი ოკუპირებული იყო იმავე ისრაელის მიერ. სირია გამოცხადებული იყო „გარიყულად“ დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ–ს მიერ, მას წაართვეს სტრატეგიული გოლანის მაღლობები. ერაყი სადამ ჰუსეინის დროს ბლოკადაში იმყოფებოდა, ზონებად დაყოფილი, მოგვიანებით კი მთლიანად დაიპყრეს. ირანს ზომიერი ისლამისტები მართავდნენ – ე.წ. რეფორმატორები, რომლებიც, მიუხედავად რიტორიკისა ცივილიზაციებს შორის დიალოგის შესახებ, არ აწარმოებდნენ საკმარისი ტემპებით დამოუკიდებელი ეკონომიკის აშენებას, რომელსაც მძლავრი სამეცნიერო–ტექნიკური ფუნდამენტი ექნებოდა. ავღანეთში, ისევე როგორც ლიბანში, სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, შემდეგ კი ისიც ოკუპირებული იქნა. ამასთან, განსხვავებით ერაყისგან, ავღანეთში ოკუპანტების დანაკარგები უმნიშვნელო იყო პირველ წლებში. პაკისტანს მართავდა მთლიანობაში პროდასავლური სამხედრო რეჟიმი, რომელიც ხანდახან კოჭს უგორებდა სუნიტ რადიკალებს.

მაგრამ ბოლო ათწლეულის შუახანებიდან სიტუაცია, როგორც ჩანს, ნელ–ნელა იცვლება.

დაწყებული თურქეთიდან, პაკისტანით დამთავრებული, ყველგან ხდება ცვლილებები, რომლებიც ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთისთვის ხელსაყრელად. ირანის საერო ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი აჰმადინეჟადი, რომელმაც მკვეთრად გაააქტიურა ირანის საგარეო პოლიტიკა და გახადა ის მკაფიოდ ანტიგლობალისტური – იმ აზრით, რომ დააფიქსირა კონცეფტუალური წინააღმდეგობა ერთპოლუსიანი გლობალიზმის მიმართ. ამასთან, ირანი ახორციელებს ავტარკიის და საკუთარ ძალებზე დაყრდნობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რასაც თან ახლავს მკვეთრად გაზრდილი ძალისხმევა სამეცნიერო–ტექნიკურ სფეროში. ამას ხელს უწყობს სანქციები, რომელიც ირანს დააკისრა დასავლეთმა. თუმცა უკვე „რეფორმატორების“, ჰათამის და რაფსანჯანის დროს, ირანული მეცნიერება და საინჟინრო საქმე სერიოზულ პროგრესს განიცდიდა. ერაყში ამერიკულმა ოკუპაციამ თანმხლები შედეგი მოიტანა: შიიტური უმრავლესობა, რომელიც დათრგუნული იყო სადამის დროს, ხელისუფლებაში მოექცა, თანაც რელიგიური პარტიების სახით. თუ ამერიკული ჯარები მართლაც დატოვებენ ერაყს 2011 წლის ბოლოს, ეს კიდევ უფრო გაზრდის ირანის შესაძლებლობებს, გავლენა მოახდინოს ერაყში მიმავალ პროცესებზე, შიიტური კავშირების საშუალებით. ამგვარად, ისლამურმა ირანმა პირველად შეიძლება მიიღოს პირდაპირი სახმელეთო გასასვლელი თავის ტრადიციულ მოკავშირეზე – სირიაზე. უკვე შენდება რკინიგზა, რომელიც დააკავშირებს ირანს და ერაყს. თუმცა, რკინიგზა ერაყსა და სირიას შორის ჯერჯერობით დაკეტილია. სირიის გავლით კი ირანი იღებს გასასვლელს ლიბანზე და ამგვარად, ისრაელის საზღვარზე. სხვათა შორის, ახლახან შედგა ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ლიბანში, სადაც მან მოინახულა სამხრეთ ლიბანი – შიიტი არაბებით დასახლებული ტერიტორია, სადაც მთლიანად დომინირებს მოძრაობა „ჰეზბოლა“ – ირანთან მჭიდრო კავშირების მქონე.

ტრადიციული ფეოდალური ელიტა პაკისტანში, რომელიც მე–19–20 საუკუნეში განათლებას იღებდა ინგლისში და პროდასავლური იყო, თანდათან კარგავს პოზიციებს, სამაგიეროდ იზრდება საშუალო და დაბალი ფენებიდან გამოსულთა გავლენა – ადამიანების, რომლებიც ანტიამერიკულად არიან განწყობილი, ისლამისტების, ინგლისური რომ არ იციან, სამაგიეროდ, ფლობენ არაბულს. რაც შეეხება კონფესიურ დაყოფას, სუნიტებში ისლამიზაცია მიდის უკვე რამდენიმე ათეული წელია. შიიტური გავლენიანი კლანები ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე იყვნენ ხელისუფლების სათავეში, ისევე როგორც ახლა (მაგალითად, შიიტია ამჟამინდელი პრეზიდენტი ზარდარი). შიიტური პოლიტიკური ოჯახები ტრადიციულად ზომიერი იყვნენ ისლამში და არ გამოირჩეოდნენ ანტიამერიკულობით. შიიტური წარმოშობის პოლიტიკოსები თავმოყრილი არიან მემარცხენე–ცენტრისტულ პაკისტანის სახალხო პარტიაში, რომელიც ხელისუფლებაშია. საინტერესოა, რომ ამ პარტიის დროშა შედგება სამი ფერისგან – შავი, წითელი და მწვანე, როგორც შიიტებისთვის არის მიღებული. შესაძლოა, ირანის ფაქტორის ზეგავლენით, შიიტური მასები პაკისტანში თანდათანობით უფრო მკაფიო თვითიდენტიფიკაციას განიცდიან, მათი რელიგიურობაც იზრდება, როგორც სუნიტების (70–80–იანი წლებიდან მოყოლებული, სუნიტებს შორის საგრძნობი იყო ისლამიზაცია, მაშინ როცა შიიტები მხარს უჭერდნენ სეკულარიზმს, სუნიტების რიცხობრივი უპირატესობის გამო). ამავე დროს, ჩინეთი განაგრძობს პოზიციების განმტკიცებას პაკისტანში, აშენებს მსხვილ ობიექტებს და აიარაღებს პაკისტანის არმიას.

თურქეთში ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის ისლამიზაცია, თუმცა აქაც წინააღმდეგობრივი სიტუაციაა. ისლამისტებს შორის ჯერჯერობით აქტიური არიან გარკვეული პანთურქული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედების სტილით გვაგონებენ ე.წ. ვაჰაბიტებს და საკმაოდ ხშირად აკეთებენ რუსოფობულ განცხადებებს, რაც ინდიკატორია მათი ფარული კავშირებისა დასავლურ სპეცსამსახურებთან. ესე იგი, დასავლეთი, პირველ რიგში აშშ, ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს სეკულარიზმის ეროზიის და პოლიტიკური ისლამის აღორძინების პროცესი, რათა იგი მიმართოს რუსეთის, ირანის და ჩინეთის წინააღმდეგ – ანუ ევრაზიული ქვეყნების.

ამგვარად, მთლიანობაში საკმაოდ საინტერესო სურათი იკვეთება ევრაზიის სანაპირო ზონაში. ჯერ ნაადრევია საუბარი ამერიკული ბატონობის დასასრულზე ამ ზონაში. სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში ამერიკელთა და ინგლისელთა პოზიციები კვლავინდებურად ძლიერია. აშშ აძლიერებს ზეწოლას პაკისტანზე, ავღანეთში გადაჰყავთ დამატებითი ძალები. ცენტრალუ აზიაშიც კი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, გაჩნდა აშშ-ს ბაზა, კერძოდ, ყირგიზეთში. მაგრამ, ამავე დროს, ავღანეთის კამპანია კრახს განიცდის, საოკუპაციო ძალების დანაკარგები ყოველწლიურად იზრდება, ასევე ვერ ახერხებენ ამერიკელები პაკისტანში სიტუაციის ბოლომდე დესტაბილიზაციას, მიუხედავად ყოველდღიური დარტყმებისა ჰაერიდან, უპილოტო თვითმფრინავების საშუალებით.

მაგრამ დავუბრუნდეთ საზღვაო ფრთოსან რაკეტებს. ამ და ზოგიერთი სხვა ტიპის იარაღის არსებობამ (მაგალითად, ზესწრაფი რაკეტა-ტორპედოების) შექმნა სიტუაცია, როცა ისეთი ქვეყნის, როგორიაა აშშ, საზღვარო ძიერება შეიძლება შუსუსტდეს ასიმეტრიული ზომებით. მე-19-20 საუკუნეში საზღვაო სახელმწიფოები (ინგლისი, აშშ) ფლობდნენ დიდ უპირატესობას საოკეანო სივრცეში და სანაპირო ზოლშიც, ფლოტის უზარმაზრი შემადგენლობის გამო. მათ შეეძლოთ დიდი რაოდენობით ეწარმოებინათ გემები და განელაგებინათ კოლონიების და მოკავშირეების საზღვაო ბაზებზე. მაგრამ ამჟამად სიტუაცია იცვლება. ინგლისი სულ უფრო ნაკლებად არის იმის შემძლე, რომ იქონიოს მსხვილი ფლოტი, მისი შემადგენლობა მცირდება და მომავალშიც შემცირდება. აშშ-მ მოახერხა 90-იან-2000-იან წლებში ხომალდების რამდენიმე მსხვილი სერიის ჩაშვება წარმოებაში, მაგრამ მასაც სულ უფრო უჭირს ფლოტის შემადგენლობის შენარჩუნება, მათ შორის ეკონომიკური მიზეზებით. თანამედროვე ხომალდსაწინაღო რაკეტების და ტორპედოების (მაგალითად, ე.წ. რაკეტა-ტორპედო „შკვალი“) არსებობა განაპირობებს იმას, რომ აუცილებელი ხდება გემების აღჭურვა დაცვის მძლავრი საშუალებებით და ელექტრონიკით, ეს კი აძნელებს და აძვირებს მათ წარმოებას. ხოლო დაკარგვის შემთხვევაში ძნელად შესაცვლელს ხდის. ამავე დროს, საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, თუ მათი წარმოების ათვისება მოხდება, ბევრად უფრო იაფია წარმოებაში და წარმოადგენენ ძალიან ეფექტურ ასიმეტრიულ პასუხს. მათი განლაგებისთვის არ არის აუცილებელი მსხვილი გემების ან წყალქვეშა ნავების ყოლა, რომლებიც შეიძლება განადგურდნენ მოწინააღმდეგის უფრო მრავალრიცხოვანი ფლოტის და ავიაციის მიერ. ფრთოსანი რაკეტების მობილური ბატარეები შეიძლება განლაგდეს პირდაპირ ნაპირზე, ხოლო რაკეტები და ტორპედოები დაყენდეს მცირე ზომის წყალქვეშა ნავებზე, რომელთა აღმოჩენა რთულია, სარაკეტო კატერებზე, რომელთა წარმოება ბევრად ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაღმოსნების ან ფრეგატების.

თუ განვიხილავთ საბრძოლო მოქმედებათა პოტენციურ თეატრს, მაგალითად, სპარსეთის ყურის აუზს, დავინახავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სანაპირო ქვეყნებს (პირველ რიგში, ირანს) ექნებათ ხომალდსაწინაღო ფრთ ოსანი რაკეტების ნაპირზე განლაგებული კომპლექსები და მცირე წყალქვეშა ნავები, შეიარაღებულნი რაკეტებით და ზესწრაფი ტორპედოებით, შესაძლებელია ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა ლიტორალურ (სანაპირო) ზოლში ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ფლოტისთვის და ნაოსნობის პარალიზება, რომელიც კრიტიკულია მსოფლიოს სანავთობო ექსპორტში. ავიამზიდის განადგურება ამ საშუალებებით გაჭირდება, მაგრამ სხვა მსხვილი ხომალდების დაზიანება ან ჩაძირვა სავსებით შესაძლებელია. წინა ეპოქებისგან განსხვავებით, აშშ-ს უკვე აღარ შეუძლია თავის თავს მისცეს მსხვილი დანაკარგების უფლება. მათ უნდა მოიგონ ომები ლამაზად, ეფექტურად, ისე რომ CNN-ის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეიძლებოდეს. ხოლო სისხლი, დანაკარგები, გაჭიანურებული საბრძოლო მოქმედებების ატანა ამერიკას აღარ შეუძლია. რა თქმა უნდა, ამერიკელებს აწყობთ, რომ ხანდახან იომონ კიდეც, მაგრამ ისე, რომ შეტაკება მხოლოდ იმდენ ხანს გაგრძელდეს, „რამდენიც საჭიროა“. პრეზიდენტმა აჰმადინეჟამდმა ამასწინათ თქვა, რომ ამერიკელებს ნამდვილი ომი ჯერ არ უნახავთ. ასიმეტრიული საშუალებები იოლი გასეირნების სცენარს ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რადგან „სახმელეთო“ ქვეყნებსაც აძლევს მძლავრ საზღვაო სახელმწიფოებთან ბრძოლის შანსს.

ამასთან, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება ადგილზე არ დგას, არამედ ვითარდება. უკვე ნახსენები „იახონტის“ გარდა, არსებობს რუსულ-ინდური რაკეტა „ბრამოსი“. ის უკვე ინდოეთის არმიის შეიარაღებაშია მიღებული. და არა მხოლოდ გემების, არამედ თვითმფრინავების (რუსული წარმოების სუ-30). ახლა მუშავდება „ბრამოსის“ ჰიპერბგერითი ვარიანტი, რომლის ჩამოგდება საერთოდ შეუძლებელი იქნება. არის ასევე სარაკეტო კომპლექსები „კლაბი“ („კალიბრი“), სხვადასხვა მოდოფიკაციის. ირანს უკვე აქვს შეიარაღებაში ამ სისტემების ნაწილი, მაგრამ დანარჩენი არ გააჩნია. რუსეთი, როგორც ცნობილია, შეუერთდა ამ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და შეაჩერა იარაღის მიწოდება. მაგრამ არაფერი შეუშლის ხელს რუსეთს, რომ მომავალში განაახლოს ის, ან მიაწოდოს გარკვეული ტექნოლოგიები. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვს ხელთ აქვს სერიოზული კოზირები, რითაც პოტენციურად შეუძლია აურიოს ამერიკის დაწყობილი ბანქო. მაგრამ ის არ გადმოალაგებს ამ კოზირებს ერთბაშად. ისეთი ქვეყნების არსებობა, როგორებიცაა ინდოეთი, ირანი, სირია და სხვ. აძლევს საშუალებას რუსეთს, რომ აწარმოოს საკუთარი თამაში ევრაზიის სანაპირო ზოლში. რუსეთი დღეს მოქმედებს გაცილებით უფრო დახვეწილად, ვიდრე საბჭოთა კავშირი. ამაზე მეტყველებს მისი მცდელობები მიჰყიდოს იარაღი ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებს - საუდის არაბეთს, თურქეთს, ისრაელს, ემირატებს. რუსული მაღალტექნოლოგიური იარაღის (მაგალითად, ს-400) გამოჩენა აშშ-ს მოკავშირეების არმიებში ძირს უთხრის ამერიკის და მისი მოკავშირეების მონოპოლიას. აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას ეს. მათ მოამზადეს კონტრაქტი საუდის არაბეთისთვის, 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. ასევე დიდ კონტრაქტებს ამზადებენ საემიროებისთვის, პაკისტანსაც მიაწოდეს ახალი მოდიფიკაციის F-16 თვითმფრინავები. მაგრამ ადრე თუ გვიან რუსული იარაღი მაინც შეაღწევს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო გაართულებს აშშ-ს მდგომარეობას.

ჩვენ შევეხეთ ევრაზიის სანაპირო ზონაში შექმნილი სამხედრო-სტრატეგიული სიტუაციის მხოლოდ ერთ ასპექტს - მსხვილი საზღვაო ქვეყნების (პირველ რიგში აშშ-ს) დომინირების შესუსტების ასიმეტრიულ შესაძლებლობებს ხომალდსაწინაღო იარაღის სახით. არის სხვა ასპექტებიც, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკული ფრთოსანი რაკეტების „ტომაჰავკის“ და თვითმფრინავების ჩამოგდება. ამგვარი საშუალებები გააჩნია რუსეთს და მათი ნაწილი მიაწოდა ირანს, ნაწილის (ს-300) მიწოდება კი შეჩერებულია. ამ თემაზე მრავალი პუბლიკაცია დაიბეჭდა მსოფლიო პრესაში, მაგრამ საჭიროა დაზუსტება, რომ საჰაერო თავდაცვა მხოლოდ ერთ ასპექტია სამხედრო-სტრატეგიული სიტუაციისა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. ირანი ანვითარებს საკუთარ საჰაერო თავდაცვას, მათ შორის ჩინეთის დახმარებით. მას უკვე გააჩნია საკუთარი საშუალებები, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებთან ბრძოლა. მომავალში ეს საშუალებები მხოლოდ გაიზრდება. იარაღის გარდა, არის ისეთი ფაქტორიც, როგორც ბირთვული ტექნოლოგიებია. ატომური სადგურების მშენებლობა გახდა სტრატეგიული თამაშის ელემენტი. ინდოეთის, ირანის, მომავალში კი თურქეთის ან სირიის მიერ ატომური სადგურების ფლობა მათ გაცილებით უფრო მძიმეწონიან ქვეყნებად აქცევს. რუსეთი ახლოსაა საბოლოო კონტრაქტის ხელმოწერასთან აეს-ის მშენებლობის შესახებ თურქეთში. ბუშერის სადგური ირანში უკვე აშენებულია და მალე დენსაც გამოიმუშავებს. ირანს განზრახული აქვს 20-მდე ატომური ბლოკის აშენება, და ამ აკონტრაქტების ნაწილი სავარაუდოდ კვლავ რუსეთს შეხვდება. ატომური სადგური აახლოვებს ქვეყანას ბირთვული კლუბის წევრებთან, რაც სტრატეგიული წონის ახალ საფეხურს წარმოდგენს. ეს ყველაფერი აჩენს ევრაზიის გეოპოლიტიკური გადაფორმატების ახალ შესაძლებლობებს, რამაც უნდა მოიტანოს ამერიკული ბატონობის შესუსტება, ეს კი თავის მხრივ, მთლიანად შეცვლის სიტუაციას მსოფლიოში.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"