ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.10.2010
საქართველოს ახალი კონსტიტუცია: ერთი პრობლემის ორგვარი ხედვა

მკითხველს ვთავაზობთ ორ განსხვავებულ შეხედულებას საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით: მოხდა ეს დასავლეთის ნების საწინააღმდეგოდ თუ პირიქით, და რა შედეგს მოიტანს.

1.

გია ფაცურია: საკონსტიტუციო საქანელა, რომლიდანაც სააკაშვილი შეიძლება, ჩამოვარდეს

მაშ ასე, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესწორებები მიიღო. 112 ხმა მომხრე, 5 წინააღმდეგი. ამ ეპოპეას თან ახლდა სკანდალები, გაყალბებები - ალასანიას პარტიის ინფორმაციით, რომლის დეზავუირება არ მომხდარა, მაისში ვენეციის კომისიას წარედგინა სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული საბაზისო ვარიანტისგან განსხვავებული პროექტი. ევროსაბჭოსა და ჰილარი კლინტონის მოწოდებები უყურადღებოდ დარჩა, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელთა აზრით, სააკაშვილი პუტინის სცენარს ათამაშებს.

„მიშას“ პირადად მოუწია დეპუტატების გამხნევება და მორჯულებაც. უშუალოდ კენჭისყრის წინა მომენტში. სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მშენებლობის მონახულებისას მან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან მიიღო სატელეფონო მესიჯი, სადაც გენმდივანმა თითქოს დაწერა, რომ კომისია მზადაა გამოაცხადოს, რომ ქართული კონსტიტუცია მთლიანად შეესაბამება საერთო-ევროპულ სტანდარტებს. პარლამენტის თავმჯდომარე დ. ბაქრაძემ განაცხადა, რომ მანაც მიიღო ანალოგიური მესიჯი ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ტომას მარკერტისაგან.

ვნახოთ, რით შემობრუნდება ეს მესიჯი. დასავლეთში ყველა, ვისაც რაიმე დამოკიდებულება ჰქონდა საკონსტიტუციო შესწორებების ანალიზთან, ოფიციალურად მიმართავდა საქართველოს პარლამენტს თხოვნით, მოეთმინა ამ შესწორებების დამტკიცება კომისიის ოფიციალურ რეაქციამდე. „მიშას“ SMS დოკუმენტად მიიჩნიეს მხოლოდ მისი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. მაგრამ იქნებ ვინმე გაეხუმრა საქართველოს პრეზიდენტს? ამ საკითხს არც მისი თანხმლები ჟურნალისტები, არც პარლამენტის წევრები არ ჩაღრმავებიან.

მაშასადამე, რაც მე მახსოვს, მ.სააკაშვილმა პირველად გაუკეთა იგნორირება აშშ-ს პირდაპირ და არაორაზროვან მოწოდებას, რომელიც პირადად სახელმწიფო მდივანმა გაახმოვანა. ევროპის იგნორირება მისი გუნდის - შსს-ს შეფისა და უფრო წვრილფეხა პოლიტფუნქციონერების მიერ უკვე არ წარმოადგენს სიახლეს.

შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ ამერიკელები ამის საპასუხოდ პანამის სცენარს განახორციელებენ, როგორც ნორიეგა გამოაცხადეს კოკაინით ვაჭრობაში „ეჭვმიტანილად“, თუმცა ფაქტია - 2008 წლისგან განსხვავებით სააკაშვილის რეინკარნაცია ახალ/ძველ ლიდერად თუნდაც რომ მოხდეს, ეს არ იქნება ევროპისა და პირველ რიგში შეერთებული შტატების დამსახურება.

ეს კი უნიკალურ შანსს აძლევს ქართულ ოპოზიციას, რომელზეც იგი დიდ ხანს ოცნებობდა. ბოლო სამმა წელიწადმა სააკაშილის გადადგომის მოთხოვნებში ჩაიარა.

2013 წლამდე საკმაო დროა ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზმის „მომწიფებისათვის“, შეიძლება, ძლიერი ოპოზიციური ალტერნატივის ჩამოსაყალიბებლადაც საკმაო. „რუსული საკითხი“ აღარ არის ტაბუ ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისათვის და ახლად შექმნილი „ქართული პარტია“ მხოლოდ იწყებს თამაშს ამ მინდორზე. აღნიშნული პარტიის ორი ლიდერი - ლევან გაჩეჩილაძის და სოზარ სუბარის მიმართ თუკი ისმოდა კიდეც პრეტენზიები, ძირითადად მათი არასაკმარისი რადიკალიზმის გამო.

ხოლო სიტუაციის რადიკალიზაციას ხელს უწყობს ახალი „კონსტიტუციაც“, რომელიც მიღებულ იქნა აგრესიულად მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობისა და უცნობი პირების 2 სატელეფონო მესიჯის საფუძველზე. და ეს მაშინ, როდესაც რეალური მესიჯი იმავე დღეს გამოხატეს კასტრიო ისლამმა და მიხაელ იენსენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც ქართველ პარლამენტარებს მოუწოდეს, ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციებს დალოდებოდნენ.

შეიძლება მივიჩნიოთ, რომ კონსტიტუციის ახალ ვარიანტს თავიდანვე აქვს პრობლემა საერთაშორისო-სამართლებრივი ლეგიტიმაციის მხრივ. ხოლო მთელი ოპოზიციისთვის თავიდანვე იყო მიუღებელი ის ცვლილებები, რომლებიც სააკაშვილს აძლევდა ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას.

2.

გულბაათ რცხილაძე: ახალი კონსტიტუცია დასავლეთისთვის არ არის იმის მიზეზი, რომ სააკაშვილი „შეანჯღრიოს“

ნამდვილად ტრაგიკომიკურია, როდესაც თითქოს-და სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი ეყრდნობა ვიღაც ეგზოტიკური „ბიძების“ და „დეიდების“ „ესემესებს“ ამავე სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღებისას, მით უმეტეს, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ „ესემესები“ ყალბია. მაგრამ საქმე ეს არ არის. კოლეგა ფაცურიამ სიტუაციას, როგორც ყოველთვის, გონებამახვილური კომენტარი გაუკეთა, მაგრამ ამჯერად, ვფიქრობ, მთავარში მაინც შეცდა.

დავიწყოთ ევროპით, რომელსაც სააკაშვილმა და მისმა კომპანიონებმა მართლაც უკვე არაერთხელ გაუკეთეს იგნორირება. მეტიც, იყო შემთხვევები, როდესაც სააკაშვილმა გააკრიტიკა ევროპის პოლიტიკა და მისი ცალკეული წარმომადგენლები. ყველაზე უფრო მკაფიო შემთხვევა მოხდა ჯერ კიდევ 2004 წელს, „მიშას“ მეფობის დასაწყისში, აჭარაში ასლან აბაშიძის დამხობის მომენისთვის, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ხოლო ევროპის მხრიდან რეაქცია ჯერ კიდევ არ იყო ცხადი და ერთმნიშვნელოვანი.

სააკაშვილი მაშინ თავს დაესხა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ვალტერ შვიმერს, რომელიც ბიუროკრატიზმში დაადანაშაულა, საქართველოში მისი წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი კი - აბაშიძის მხრიდან მოსყიდვაში. „მიშამ“ მაშინ ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველოც ევროპაა, ისიც, როგორც სხვა ევროპული სახელმწიფოები, აფინანსებენ ევროსაბჭოს, ხოლო ქართველები (განსაკუთრებით აჭარლები) არიან „ყველაზე მაგარი ევროპელები“.

თავიანთი „სიმაგრე“ ქართველებმა მაშინ დაამტკიცეს - ნიკოლოვმა დატოვა საქართველო, შვიმერი კი აღარ აირჩიეს თავის პოსტზე, მის მაგივრად არჩეულ იქნა ინგლისელი დევისი, რომელიც მეტად მეგობრულად იყო განწყობილი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ და, როგორც ბოროტი ხმები ამბობდნენ, არანაკლებ იყო განწყობილი ძვირფასი საჩუქრების ასაღებად, ვიდრე „საბრალო“ ბულგარელი ნიკოლოვი. მე ეს ხელისუფლება თავიდანვე არ მომწონდა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი „ვარდების რევოლუციას“, ისევე როგორც ასლან აბაშიძის უკანონო გაძევებას, მაგრამ „მიშას“ პოლიტიკაში ეს მომენტი მომეწონა - შევარდნაძის დროს გათავხედებულ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც საქართველოში ყველას ყველაფერზე მოძღვრავდნენ, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა თავიანთი ადგილი მიუჩინა.

სააკაშვილი და მისი უახლოესი თანამოაზრეები კარგად იცნობენ ევროპასა და ამერიკას. ისინი გრძნობენ და მათ იციან, ვის როგორ უნდა ელაპარაკონ, ვისთან გაუვათ თავხედობა და ვის წინაშე უნდა იხოხიალონ, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება და გადაირჩინონ საკუთარი ტყავი. მათ, რა თქმა უნდა, მშვენივრად იციან, რომ ევროპაში, და ახლა კონკრეტულად ვენეციის კომისიას დავუბრუნდეთ - არიან მოუსყიდველი ჩინოვნიკები, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა იყიდება, და სულ ცოტა, გაურბის ხმამაღალ სკანდალებს. მე არ მგონია და არც არის ასეთი ფაქტები, რომ ეგრეთ წოდებული ვენეციის კომისია ძალიან განიცდიდა ქართული კონსტიტუციის ბედს და ეხვეწებოდა საქართველოს პარლამენტს, დაეცადა მისი განათლებული რეკომენდაციისათვის. ასევე არ მჯერა, რომ „ესემესკები“ გათამაშებაა და ევროპელ ჩინოვნიკ-ექსპერტებს არ შეუძლიათ ამისთანა მლიქვნელობამდე დაეცნენ თვით ისეთი გაურკვეველი წარმონაქმნის პრეზიდენტის წინაშე, როგორიც სააკაშვილის საქართველოა. ძალიანაც კარგად შეუძლიათ! არ ვიცი, რას ამბობენ პრინციპული ბატონები კასტრიო ისლამი და მიხაელ იენსენი, მაგრამ გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული 2008 წლის იანვრის სიტუაცია. როდესაც აშკარა გახდა, რომ არჩევნების შედეგები (53 პროცენტი სააკაშვილის სასარგებლოდ) ტოტალურად გაყალბებულია, ასევე პრინციპულმა ბატონმა დიტერ ბოდენმა - ეუთოს მისიის დამკვირვებელმა - ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოთქვა დაეჭვება არჩევნების შედეგების მიმართ. და რა მოხდა? ევრობიუროკრატებმა, რომლებიც თავად არ აკვირდებოდნენ არჩევნების მსვლელობას, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს ბოდენი, რომელიც საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა, ჩუმად გასცლოდა საქართველოს. არჩევნები კი შემდგარად გამოცხადდა, ევროპამ, აშშ-ს და რუსეთთან ერთად მიულოცა სააკაშვილს... ხოლო ეუთომ, რათა არაობიექტურად არ გამოჩენილიყო, რამდენიმე თვეში, როდესაც არჩევნებით გამოწვეული ვნებათაღელვა უკვე დაცხრა, წარმოადგინა წერილობითი მოხსენება, რომელშიც აღიარებულ იქნა არჩევნების მსვლელობისას სერიოზული დარღვევები. მაგრამ ეს დიპლომატიური ფორმულირებები და საქართველოს ხელისუფლების მისამართით ირიბი კრიტიკა უკვე არაფერს არ წყვეტდა, მხოლოდ ირაკლი ალასანია „შეიარაღდა“ ამ მოხსენებით 2010 წლის თბილისის მერის არჩევნების დროს, და ისიც მხოლოდ იმიტომ, რათა ქართველი ამომრჩევლებისთვის დაემტკიცებინა - რამდენად ობიექტურია ევროპა და დასავლეთი მთლიანობაში, რომელიც, ნახეთ-და, თურმე აღჳარებს 2008 წლის არჩევნების დროს ჩადენილ სერიოზულ დარღვევებს... ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვენეციის კომისია დასავლეთის პოლიტიკური შეკვეთების ისეთივე მალეგალიზებელი კანტორაა, როგორიც ეუთო და ყველა სხვა კანტორა.

რაც შეეხება აშშ-ის და ჰილარი კლინტონის პოზიციას. შეერთებული შტატების რეპუტაციას საქართველოში ბოლო დროს სერიოზულად შეუდგა წყალი, განსაკუთრებით 2008 წლის მოვლენების შემდეგ (ფალსიფიკატორ სააკაშვილის მხარდაჭერა და საქართველოსთვის მხარდაჭერის არაღმოჩენა რუსეთთან ომის დროს). ამერიკელებმა ეს მშვენივრად იციან. რუსებისგან განსხვავებით, ისინი რეგულარულად ატარებენ თავიანთ გამოკითხვებს, რომელთა შედეგებიც უფრო ხშირად დახურულია ფართო საზოგადოებრიობისათვის. რუსებისგანვე განსხვავებით ამერიკელები უფრთხილდებიან თავიანთ რეპუტაციას, რადგან ესმით, რომ რეპუტაცია - პოლიტიკური კაპიტალია, ძალაა. ჰოდა, ამერიკელებმა მოახდინეს საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებიდან თავიანთი დისტანცირება - მიბრძანდით და თავად გადაწყვიტეთ თქვენი საშინაო პრობლემები, თქვენ სუვერენული სახელმწიფო ხართო. ამერიკელებმა ქართული საზოგადოებრიობის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილსაც გაუგორეს კოჭი - ჩვენო, ასე ვთქვათ, არ ვუჭერთ მხარს „მუდმივ სააკაშვილს“ და არ მოგვწონს იდეა, რომ მას შეუძლია პოლიტიკაში დარჩენა, როგორც „ქართველ პუტინს“- აი ცნობილი მატყუარის ჰილარი კლინტონის ვითომ პრინციპული განცხადებების მთელი ფილოსოფია. სხვა შემთხვევაში სააკაშვილს არ დაელაპარაკებოდა არც რასმუსენი, არც, მით უფრო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. ამერიკა ისევე უჭერს მხარს სააკაშვილს, როგორც უწინ, და არანაირ ოპოზიციაზე, მით უმეტეს, ისეთ სასაცილოზე, როგორიცაა ოქრუაშვილ-გაჩეჩილაძე-სუბარის ოქრუაშვილისეული „ფეკალური ღვინო-შესმული“ ვინეგრეტი, რომელმაც ახლა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების „დარეგულირება“ გადაწყვიტა, არ გაცვლის. ალასანია და სხვა მედასავლეთუმეები - უბრალოდ რამდენიმე ვარიანტია რეზერვში, რათა „მიშა“ ნამეტანი არ გალაღდეს. მორჩა და დამთავრდა. კონსტიტუცია საზოგადოებაში არავითარ პოლარიზაციასაც არ გამოწვევს. ხალხი იდეალებით ქუჩაში გამოვიდა 2007 – 2009 წლებში, მაგრამ მას იმედი გაუცრუა ოპოზიციამ. ხოლო ქუჩის გარეშე არჩევნები ჩაივლის მშვიდად და საზეიმოდ, როგორც უგულავას არჩევნებმა ჩაიარა ამა წლის მაისში. ერთადერთი, რასაც შეუძლია სიტუაციის გადაყირავება, ეს არის არა ყველასათვის მობეზრებული, ფულის მკეთებელი ოპოზიციური ფიზიონომიების ვინეგრეტი, არამედ სოციალური ვითარება: თუკი მოხდება ინფლაციის ავარდნა, ლარის გაუფასურება, აღარ გაიცემა ხელფასები ძალოვნებზე და ამერიკა არ დაეხმარება, აი მაშინ ვაი „მიშას“ და მის მეგობრებს. მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ ეს არ ემუქრებათ. აშშ-ს შეუძლია, ელვის სისწრაფით მოახდინოს „მიშას“ დასასრული, რისთვისაც არავითარი ნორიეგას სცენარი არ არის საჭირო. ამისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ უცხოური ვალუტის არხების გადაკეტვა... მაგრამ არა, მხოლოდ ორაზროვან განცხადებებს აგზავნიან.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"