ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.10.2010
ელასტიური კავკასიური პოლიტიკა

ამ ბოლო ხანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს ჩვევად ექცა თვითდეზავუირება. ჯერ იყო და ირანში ბოდიში მოიხადა „იმ ბიჭის“ გამო, რომელიც თბილისის სასტუმროში დააკავეს და ამერიკის ცსს-ს გადასცეს, ახლახანს კი –ერევანში, 7 სექტემბრის საკუთარი განცხადებოს გამო, რომელიც Azeri-Press Agency (APA)–სთან ინტერვიუში გააკეთა.

მაშინ სააგენტომ ვაშაძის განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ კავკასიაში საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და მით უფრო სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. იმავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზის გიუმრიში დარჩენა 2044 წლამდე „უდიდეს, უდიდეს საფრთხეს შეიცავს რეგიონისთვის“.

„ნებისმიერ შემთხვევაში, არც ერთ უცხო სახელმწიფოს არც ერთ ოფიციალურ პირს არა აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში და კომენტარი აკეთოს ჩვენს უსაფრთხოებაზე“ განაცხადა მაშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გუშინ ვაშაძემ განაცხადა, რომ მის განცხადებებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ზოგჯერ „არასწორად აშუქებენ“.

ამავე დროს ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ა.სერდიუკოვმა და მისმა სომეხმა კოლეგამ სეირან ოგანიანმა, მნიშვნელოვნად ცვლის გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის განთავსებაზე წინა ხელშეკრულებების არსს. ჯერ ერთი, შეთანხმების მოქმედების ვადა 49 წლამდე გაიზარდა. ანუ რუსი სამხედროები მას 2044 წლამდე არ დატოვებენ. მეორეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ერევნისთვის, შეთანხმების 3–ე მუხლიდან ამოღებულია ფრაზა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ინტერესების დაცვის გარდა, ბაზა უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას „ყოფილი სსრკ–ს გარე საზღვრის მიმართ“.

ასევე, მეხუთე ოქმთან შესაბამისად, გიუმრიში განთავსებული რუსი სამხედროები აღარ იქნებიან ორიერტირებული მხოლოდ და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ სამხედრო მოქმედებებზე. ისინი ამ სივრცის შიგნითაც შეძლებენ მოქმედებას, რაც სიამაყით აღნიშნა კიდეც სომხეთის ლიდერმა სერჟ სარქისიანმა.

მრავალმა, მათ შორის ერევნელმა ექსპერტებმაც, საბოლოოდ დაასამარეს სომხეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ გავიდა ორმოცი დღე და 2 ოქტომბერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი შეხვდა აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს სომხეთის თავდაცვითი სტრატეგიის გადახედვის თაობაზე. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება კონსულტაციების გაფართოებასა და დამატებითი დროით უზრუნველყოფაზე. ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები პირდაპირ ადგილზევე გაეცნენ С-300 და „მიწა–მიწა“ კლასის რაკეტებს. ამ ფაქტმა, როგორც გაზეთი „აიკაკან ჟამანაკ“ იუწყება, ოფიციალური მოსკოვის გააფთრება გამოიწვია. რუსეთის მხარემ დიპლომატიური არხებით განმარტებები მოსთხოვა სომხეთის ხელისუფლებას. დიპლომატიური წყაროების მიხედვით, რუსებმა აუწყეს სომხეთის ხელისუფლებას, რომ თუ ეს უკანასკნელნი გონივრულ განმარტებებს არ წარმოადგენენ, მომხდარი განიხილება, როგორც რუსეთის აშკარა გამოწვევა.

მართლაც, გიუმრის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აშკარად საკვირველია აშშ–ბრიტანეთის ჯგუფის ვიზიტი სომხეთის თავდაცვითი სტრატეგიის გადახედვის (2044 წლის შემდეგ?) თაობაზე. თუმცა, როგორც ჩანს სომხეთის ხელმძღვანელობა არაფერ სასირცხვილოს ამაში ვერ ხედავს, ყოველ შემთხვევაში, სახალხოდ არავისთან ბოდიშობს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასევე ელასტიურად ცვლის ორიენტირებს. „დემოკრატიის შუქურა“ ვიყავით უკვე. ძლივს გადავრჩით. ევროპულ სინგაპურად ჯერაც ვერ ვიქეცით. ამჟამად ახალი/ძველი იდეა დაიბადა. „საერთოკავკასიური სახლის“. მიზანი – რუსეთის დიალოგში შემოტყუება, თუნდაც არაპირდაპირ – ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მეშვეობით. ამიტომაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლა იმისათვის გამოიყენა, რომ როგორც თვითონ აღნიშნა, "თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ხედვა“ წამოეწია წინ და მოეწოდებინა რუსეთისთვის კავკასიის რეგიონის "მიმდინარე ტრანსფორმაციაში“ მიეღო მონაწილეობა. ნაირა გელაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიურ სახლთან“ დაკავშირებული ეპოპეის ფონზე, როდესაც „კავკასიურ სახლს“ შენობას თავად სახელმწიფო ართმევდა, ამგვარი მოწოდება, ცოტა არ იყოს, ყალბად ჟღერს, მაგრამ იმწუთიერება მიშას დამახასიათებელი თვისებაა. სააკაშვილის გამოსვლის თეზისები Civil.ge–მ ასე ჩამოაყალიბა:

• აფხაზების და ოსების მისამართით: "ჩვენ დაგიცავთ თქვენ“;

• მოსკოვის მისამართით: "მიიღეთ მონაწილეობა რეგიონის ტრანსფორმაციაში“;

• მოსკოვის მისამართით: "ისწავლეთ ჩვენგან, როგორ გარდაქმნათ საზოგადოება“;

• მსოფლიო ლიდერების მისამართით: "დაგვეხმარეთ მშვიდობის უზრუნველყოფაში“;

• "მოდერნიზაცია შეუძლებელია მაშინ, როდესაც ხოდორკოვსკი გულაგშია";

• მოუწოდა სამ ქვეყანას, შეცვალონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება.

პირველ თეზისს მიმართვის ადრესატებმა უპასუხონ;

მოსკოვი, მიშას მოწოდებების გარეშეც, მონაწილეობს რეგიონის ტრანსფორმაციაში;

ისწავლონ, როგორ გარდაქმნან საზოგადოება „დემოკრატიზატორის“ საშუალებით, ბრანდსპოიტებით და ბითუმი დაჭერებით თოფურიძის სტილში?! რად უნდათ? თვითონაც არ ეშლებათ ეგ საქმე... და იმ დროშების გამოფენას, არც რუსეთსა და არც საქართველოს არაფერი საერთო რომ არა აქვს, ორთავიანი არწივი არ დაუშვებს.

მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას ქმნიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 18–19 ოქტომბერს დოვილში, ფრანგულ–რუსულ–გერმანულ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აპირებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაფართოებაზე ისაუბროს. ბრიტანული The Times წერს ვაშინგტონის შიშებზე, რომ თუ ეს იდეა რეალიზებული იქნება, იგი დაარღვევს აშშ–ს მსოფლიო ლიდერობას.

გამონათქვამი ხოდორკოვსკის შესახებ მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მიშამ კარგად იცის, რას გამოყავს პუტინი მწყობრიდან. ასე რომ, მისი წინა მიმართვები მოსკოვს, ავტომატურად გამოეკიდა ჰაერში. ისე რომ გაეროს სხდომათა დარბაზი არც კი დაუტოვებია.

არ ვიცი, ვენესუელას და ნიკარაგუას რას უპირებს, მაგრამ ნაურუ კი შეცვლის აღიარების გადაწყვეტილებას, რამე რომ იყოს. 100 მილიონად, მაგალითად. თუმცა კრიზისია ქვეყანაში. ფინანსური, საქართველოს ვგულისხმობ.

სამაგიეროდ აზერბაიჯანში ყველაფერი ნათელია. რაც კარგია ოჯახისთვის – კარგია აზერბაიჯანისთვის. კონსტიტუციაც არა აქვთ შესაცვლელი. შეცვალეს, კარგა ხანია.

გია ფაცურია

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"