ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
05.10.2010
შემოდგომის სეზონი ქართულ პოლიტიკაში

საზაფხულო დასვენების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს და ახალი ძალით შეუდგნენ წყლის ნაყვას - პოლიტიკის კეთებას. თუმცა, ხელისუფლება ცხელ აგვისტოშიც არ ასვენებდა საქართველოს მოსახლეობას. განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც ყოველთვის, სააკაშვილი, რომელიც უკვე მერამდენე წელია დაუცხრომლად ბომბავს ქვეშევრდომების ცნობიერებას და საინფორმაციო სივრცეს ახალი იდეებით და ინიციატივებით.

ტურიზმი, როგორც „ახალი საქართველოს“ საჩვენებელი ვიტრინა

როგორც ცნობილია, სააკაშვილის ძალისხმევით ბათუმი გადაქცეულია ე.წ. საზაფხულო დედაქალაქად, ამიტომ ძირითადი პიარ-მოვლენები და საინფორმაციო შემოტევები აქედან ხორციელდებოდა. ხელისუფლებამ დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა - ლამის 2 მილიონი (სააკაშვილის სიტყვებით). თუმცა, სხვა წყაროები უფრო მოკრძალებულ ციფრებს ასახელებდნენ (300-დან 800 ათასამდე), მაგრამ ჩვენში ციფრების სისწორე ცოტას თუ აღელვებს - როგორც სამხრეთელ ხალხს, ეტყობა ინსტინქტურად გვსიამოვნებს გაბერილი რიცხვები.

ტურისტები, მართლაც, საკმაოდ ბევრი იყო წელს, განსაკუთრებით წინა წლებთან შედარებით, როცა ორი სეზონი „ჩავარდა“ - ჯერ აგვისტოს ომის და შემდეგ ეკონომიკური კრიზისის და წვიმიანი ზაფხულის გამო. მაგრამ ქართული კურორტები ჯერაც ძალზე შორსაა მსოფლიო სტანდარტებისგან. მთავარ პრობლემად რჩება ზღვის და სასმელი წყლის სანიტარული მდგომარეობა, პლაჟების სისუფთავე, კვების ობიექტების უსაფრთხოება. უცხოელ დამსვენებელთა 80%-ზე მეტს კვლავაც სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის მოქალაქეები შეადგენენ. ტურიზმს და სააკაშვილს კიდევ ერთი კურიოზული მოვლენა უკავშირდება - სასტუმროს გახსნა ანაკლიაში, აფხაზეთის საზღვრიდან არც ისე შორს. ეს სასტუმრო, რომელიც „ველურ“ პლაჟზეა, რაღაცით წააგავს თურქმენეთის საკურორტო ზონა „ავაზას“ - იქაც ფეშენებელური სასტუმროებია, რომელშიც ჩვეულებრივი ტურისტის ჭაჭანება არაა, მხოლოდ „სპეცკონტინგენტი“. ამგვარი პროექტების ეკონომიკური აზრის გაგება საკმაოდ რთულია.

მთლიანობაში, საქართველოს ხელისუფლების პიარში საუბრები ბათუმზე, ანაკლიაზე, სვანეთზე და ა.შ უზარმაზარ ადგილს იკავებს. ეს არც არის გასაკვირი - ეკონომიკის ძირითადი სექტორების განუვითარებლობის პირობებში, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური წარმოებების - ტურიზმი რჩება სავალუტო სახსრების მოზიდვის და ხალხის დასაქმების ერთ-ერთ იშვიათ საშუალებად. მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ საქართველოში მოხერხდება მილიონობით უცხოელი ტურისტის „შემოტყუება“ (სააკაშვილმა 10 მილიონიც კი „დაახეთქა“). პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში, რაც საქართველოში და მთლიანად, კავკასიაში არსებობს, და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, შეუძლებელია ველოდოთ დასავლეთ ევროპიდან, აშშ-დან და იაპონიიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ტურისტების ჩამოსვლას. ხოლო სომზეთის და აზერბაიჯანის პოტენციალი ამ კუთხით თითქმის ამოწურულია. რუსულ-ქართული ურთიერთობის პირობებში გამორიცხულია რუსეთიდანაც დიდი ტურისტული ნაკადების მიღება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ტურიზმის მასირებული რეკლამა და პიარ-კამპანია მიმართულია პირველ რიგში შიდა აუდიტორიაზე, რომელმაც უნდა დაიჯეროს ხელისუფლების სულ ახალი და ახალი წარმატებები, ნამდვილი თუ მოჩვენებითი. სხვათა შორის, რეალური და ვირტუალური საქართველოში სულ უფრო ერწყმის ერთმანეთს ისე, რომ მათი გარჩევა შეუძლებელი ხდება. ეს ეხება სტატისტიკასაც და სხვა სფეროებსაც. საქართველოს ოფიციალური სტატისტიკა ბევრ კითხვას ბადებს, მათ შორის დასავლელ ე.წ. პარტნიორებშიც. მაშინ, როცა საქართველოში მიდის მძლავრი პროპაგანდისტული კამპანია ქართული რეფორმების „არნახული წარმატებების“ შესახებ. ხელისუფლებას უჩნდება დიდი ცდუნება ციფრები მოარგოს ამ პროპაგანდისტულ ფონს, ან მანიპულაცია მოახდინოს.

თუმცა, ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაც არც ისე უვნებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საიტი georgiamonitor.org უკვე წერდა სვანეთში მოსახლეობისთვის მიწების წართმევის თემაზე. ახლახან იგივე თემა გააშუქა BBC-მაც. მაგრამ სააკაშვილის „პოტიომკინის სოფელში“, ბათუმშიც ყველაფერი იდეალურად როდია. საპორტო და ოდესღაც სამრეწველო ქალაქის გადაქცევა ტურისტულ ცენტრად არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ადგილობრივ მოსახლეობაში, რადგან ამას თან ახლავს თურქული კაპიტალის მასიური შემოდინება. ეს კი აღიზიანებს ბევრ ბათუმელს და აჭარელს. სხვათა შორის, ბოლო წლების არჩევნების უმეტესობაში, სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ბათუმში ვერ მიიღო ყველაზე მაღალი შედეგები ქვეყნის მასშტაბით. მაგალითად, 2008 წლის არჩევნებში სააკაშვილმა ბათუმში ხმების მხოლოდ 38 პროცენტი აიღო. და ეს იმ დროს, როცა ბათუმში ჩადებულია ბევრად მეტი ფული, ვიდრე მთელ რეგიონებში.

ინგლისური ენა - საქართველოს კიდევ ერთი „ვიტრინა“

ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის პიარის კიდევ ერთ მთავარ ნაწილად რჩება ინგლისური ენის პროპაგანდა. პრაქტიკულად, სიტუაცია ისეთია, რომ ინგლისური დე-ფაქტო გამოცხადებულია მეორე სახელმწიფო ენად. ანუ, ეს უკვე მხოლოდ პიარი კი არ არის, არამედ ადმინისტრაციული და ეკონომიკური ზომების ნაკრები, რომლებიც ტარდება სახელმწიფო სტრუქტურებში, განათლების სისტემაში და სხვ. მაგალითად, სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ვერავინ აიღებს უმაღლესი განათლების დიპლომს, თუ არ ჩააბარებს გამოცდას ინგლისურში. არა უცხო ენაში ზოგადად, არამედ სწორედ ინგლისურში. გაუგებარი რჩება, რა უნდა ქნას იმ სტუდენტმა, რომელიც, ვთქვათ, ფრანგული ენა იცის. საშუალო სკოლის პედაგოგები და პოლიციელები (!) ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, ორასი ლარის დანამატს მიიღებენ ხელფასზე. ზოგიერთ დაწესებულებაში, მათ შორის საავადმყოფოებში, რეორგანიზაციის დროს სამსახურიდან ითხოვენ პერსონალს, რომელმაც არ იცის ინგლისური რაღაც დონეზე (ექთნები, ექიმები). მომავალი წლიდან, უკვე პირველი კლასიდან ყველა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ინგლისური. ძნელია იმის თქმა, თუ არ ხარ ლინგვისტი ან პროფესიონალი პედაგოგი, რა შედეგს მოიტანს ეს პოლიტიკა რამდენიმე წლის შემდეგ. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინგლისურის სწავლება სკოლებში არ „ჩაჯდება“ ღრმად ბავშვების მეხსიერებაში, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ინგლისურენოვანი სალაპარაკო გარემო, თითქმის არავინ კითხულობს წიგნებს ან გაზეთებს ინგლისურად, ცოტა ვინმე თუ უყურებს ინგლისურენოვან ტელეარხებს ან უსმენს რადიოს. ზოგიერთ ელიტარულ საბავშვო ბაღში ბავშვებს ასწავლიან ინგლისურს სათამაშო გარემოში, მაგრამ ეს მაინც გამონაკლისებია, ვიდრე წესი. მხოლოდ ინტერნეტი წარმოადგენს გამონაკლისს, მაგრამ ის უფრო კითხვის უნარებს ანვითარებს. ამასთან, ინტერნეტი მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. საბჭოთა კავშირის არსებობის დროს სიტუაცია სხვაგვარი იყო - რუსული ერთ-ერთ ენობრივ გარემოს წარმოადგენდა. იყო რუსული ტელეგადაცემები, რადიო, მასზე ლაპარაკობდნენ ქუჩაში, კითხულობდნენ წიგნებს და გაზეთებს. ახლაც კი რუსული ტელეარხები ბევრად უფრო პოპულარულია საქართველოში, ვიდრე ინგლისურენოვანი. იგივე ეხება წიგნებს. ჯერჯერობით ეს ინერცია გრძელდება, თუმცა ხელისუფლება ებრძვის ამას. ნაწილობრივ აკრძალულია რუსული ტელეარხების ტრანსლაცია. ამჟამად წიგნების ჯერიც დადგა. გარე ვაჭრობასთან ბრძოლის საბაბით, თითქმის ყველა წიგნით მოვაჭრე ერთ ადგილას შეყარეს. თავად ისინი ვარაუდობენ, რომ წიგნების გაყიდვა კიდევ უფრო შემცორდება. ეს ეხება როგორც ახალ წიგნებს, ისე ძველს. მათ შორის მნიშვნელოვან პროცენტს შეადგენენ წიგნები რუსულ ენაზე.

ვინ ვის ბაძავს

სააკაშვილი ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს იმაზე, რომ პუტინს და რუსეთის ხელმძღვანელობას მისი „შურს“, ცდილობს მას „მიბაძოს“, „გადაიწეროს საშინაო დავალება“ და ა.შ. იგულისხმება ის პიარი, რომ საქართველო „ყველაზე პროგრესული“ ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში (ბალტიის გარდა), „ყველაზე ცივილიზებული“, „რეფორმირებული“ და სხვ. უკვე ყველას ყურები აქვს გამოჭედილი ქართულ „სასწაულზე“ საუბრებით - კორუფციის აღმოფხვრაო, მოუსყიდავი პატრულიო, საოცარი ბიზნეს-კლიმატიო... ამ წარმატებათა ნაწილი, ალბათ, მაინც არსებობს (მაგალითად, კორუფციის შემცირება დაბალ ბიუროკრატიულ დონეზე - თუმცა, ეს მიიღწევა გამუდმებული დაჭერებით), მაგრამ აქაც ბევრი რამ უკვე მითოლოგიის სფეროშია გადასული და პროპაგანდისტულ პროდუქტს წარმოდგენს. მაგრამ სააკაშვილი დუმს იმაზე, რომ თავად საქართველოს ხელისუფლება ხშირად „ბაძავს“ რუსეთს. ეს ეხება პოლიტიკის სფეროს, ეკონომიკას, პიარს. ყველაზე აშკარა მაგალითი - სააკაშვილის მომზადება იმისთვის, რომ დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამისთვის უკვე მომზადებულია ახალი კონსტიტუცია, თუმცა თავად დე-ფაქტო პრეზიდენტი ჯერ არ ადასტურებს პრემიერად გახდომის სურვილს. თუმცა, პუტინს, სააკაშვილისგან განსხვავებით, კონსტიტუცია არ შეუცვლია. რაც შეეხება პიარს - აქ ანალოგიები კიდევ უფრო აშკარაა. მაგალითად, ახლახანს სააკაშვილმა მანქანით გაისეირნა კახეთში ახალ გახსნილ ტრასაზე, რაც ძალიან წააგავდა პუტინის მოგზაურობის კადრებს შორეულ აღმოსავლეთში. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.

სხვათა შორის, ამ „მოგზაურობის“ დროს სააკაშვილმა კბილი გაჰკრა ბაგრატიონებისწარმომადგენელს, დავითს, რომელსაც, როგორც ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოსთან, მონარქიის აღდგენის პროექტში მონაწილეობის სახით. ძნელი სათქმელია რით არის გამოწვეული ეს გამოხტომა, შესაძლოა იმით, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ, მიტროპოლიტმა იობმა, მისალმება გაუგზავნა ე.წ. წარმომადგენლობითი კრების მოსამზადებელ შეხვედრას. ამაზე ოდნავ ქვემოთ.

ასევე, ზოგიერთი კომენტატორი ალაპარაკდა სააკაშვილის და უგულავას ურთიერთობების გაცივებაზე. ამის დასადასტურებლად მოჰყავთ „არგუმენტები“, რომ სააკაშვილს აღარ მიჰყავს უგულავა საზღვარგარეთის ვოიაჟებში და სხვა. ასევე ყურადღება მიაქციეს ორაზროვან ფრაზას, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტმა გაეროს გენ. ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოთქვა, იმის შესახებ, რომ უწინ ზოგიერთი მაღალჩინოსანი საზღვარგარეთ აგზავნიდა თავის ცოლ-შვილს სამკურნალოდ. არადა, ცოტა ხნის წინ, სწორედ უგულავამ გაუშვა მეუღლე ავსტრიაში სამშობიაროდ, საკმაოდ დიდი ამალის თანხლებით. ასეა თუ ისე, უგულავა ჯერჯერობით ადგილზეა, მოსკოვის მერის, ლუჟკოვისგან განსხვავებით, რომელიც მედვედევმა გაანთავისუფლა. თუმცა საუბრები, რომ უგულავა დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს, როცა სააკაშვილი პრემიერი გახდება, ოდნავ მინელდა.

ოპოზიცია ბრუნდება

ჯერ მხოლოდ შვებულებებიდან, თუმცა ოპოზიციური ძალები ცდილობენ აქტიურობის დემონსტრირებას. ეს იმ სიტუაციაში ხდება, როცა ისინი თითქმის თამაშგარეთ აღმოჩნდნენ და „ენერგია“ დაკარგეს (კახა შარტავას თქმით, ოპოზიცია „დენიდან გამორთულივით“ არის). ეროვნული საბჭოს ლიდერები, რომლის შემადგენლობიდანაც გამოვიდა ნოღაიდელის პარტია, მოსკოვში იყვნენ, სადაც შეხვედრები გამართეს სახელმწიფო დუმაში. მათ შედეგებზე საუბარს კუკავამ და დავითაშვილმა თავი აარიდეს. მაგრამ მთავარ აქტივობას ორი ძალა ამჟღავნებს: ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ეროვნული ფორუმი. ბურჯანაძე მონაწილეობს ე.წ. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მოსამზადებელ პროცესში. 29 სექტემბერს გაიმართა ამ ფორუმის მოსამზადებელი შეხვედრა ფილარმონიაში, რომელზეც 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ბურჯანაძესთან ერთად, წამყვან როლს ასრულებენ არიან ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები. სამაგიეროდ, სხვა ოპოზიციური ძალები ან პასიურად ადევნებენ თვალს კრების მუშაობას, ან აკრიტიკებენ მას (ეროვნული ფორუმი, ეროვნული საბჭო).

29 სექტემბრის შეხვედრა რაიმე ხმამაღალი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. მხოლოდ გამოცხადდა, რომ თავად კრება გაიმართება 25 ნოემბერს. როგორც ჩანს, ამ კრებაზე არ იქნება დაფუძნებული რაიმე პარალელური ორგანოები და ამგვარად, ორხელისუფლებიანობის პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა, დაველოდოთ 25 ნოემბერს. როგორც აღვნიშნეთ, იყო საინტერესო მომენტი, როცა შეკრებილებს მიესალმა მიტროპოლიტი იობი, რომელიც ქართულ ეკლესიაში ე.წ. კონსერვატიული ფრთის ლიდერად ითვლება.

ფილარმონიის ღონისძიების დღეს, ცხინვალიდან მოვიდა მორიგი ამაღელვებელი ცნობა. საქართველოს შსს საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოსურმა ხელისუფლებამ და რუსმა მესაზღვრეებმა დაიწყეს საზღვრის გადმოწევა და მიიტაცეს ქართული სოფლების კუთვნილი „ათეულობით ჰექტარი“ მიწა. ჩამოთვილი იყო შიდა ქართლის გარკვეული სოფლები. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია გაქრა და შეიცვალა მეორეთი, სადაც სოფლების ნაწილის დასახელებები ამოღებული იყო. ამის შედეგად, ხელისუფლებამ მოახერხა ყურადღების გადატანა „პრორუსული“, როგორც ის ეძახის, ყრილობიდან რუსეთის „აგრესიაზე“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ტეროტორიის ამ ფართობის მიტაცება იმ დღეს არ მომხდარა, ცხინვალის მხრიდან გარკვეული ღონისძიებები მაინც ჩატარდა. ეს კი კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ცხინვალის და თბილისის ხელისუფლებების ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. ნათელია, რომ სამხრეთ ოსეთში სულაც არ აქვთ დიდი სურვილი, შეიცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება თბილისში, რომელმაც ყოველგვარი (სამხედრო თუ დიპლომატიური) შანსი დაკარგა, ოდესმე მოაგვაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემა.

რაც შეეხება ეროვნული ფორუმს, მან შეაგროვა ასი ათასზე მეტი ხელმოწერა იმისთვის, რომ პარლამენტში შეიტანოს საარჩევნო გარემოს შეცვლის შესახებ კანონპროექტი. თუმცა, ამ ხელმოწერების ირგვლივ ერთგვარი იურიდიული გაუგებრობა შეიქმნა, რადგან ხელისუფლება ამ ხელმოწერების კანონიერებას არ აღიარებს. ეროვნულმა ფორუმმა გამოაცხადა, რომ ემზადება საპროტესტო აქციების დასაწყებად, თუ პარლამენტი არ მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ აქციების მოსამზადებლად, ფორუმის ლიდერები შეხვედრებს ატარებენ თბილისის და სხვა ქალაქების მოსახლეობასთან. ეს შეხვედრები ორი თვე უნდა გაგრძელდეს. თუკი ვივარაუდებთ, რომ ეს პარტია შეძლებს მეტ-ნაკლებად მსხვილი საპროტესტო აქციის ჩატარებას (10 ათასზე მეტი რაოდენობის), მაინც გაუგებარი რჩება, რას მოიტანს ეს აქცია. საპროტესტო მოძრაობის დაწყება ნოემბრის ბოლოს, როცა უკვე ცივა და ახალი წელი ახლოვდება, არ არის გამართლებული ტაქტიკურად. თანაც, იმის გამო, რომ ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს მთავარ ტელეარხებს, მოსახლეობაში არ იგრძნობა ე.წ. მუხტი, განსხვავებით 2007 წლის შემოდგომისგან, როცა აქტიურად მუშაობდა ტელეკომპანია „იმედი“. ოპოზიცია მხოლოდ ორი პატარა არხის იმედადაა დარჩენილი, რომლებიც არ უპირისპირდებიან ბოლომდე ხელისუფლებას, თუმცა ხანდახან აკრიტიკებენ. განსაკუთრებით აწბილებს ოპოზიციურად განწყობილ აუდიტორიას ტელეარხი „მაესტრო“, რომელიც ცდილობს მიბაძოს CNN-ს თუ BBC-ს, რაც ქართველ მაყურებელს დიდად გულზე არ ეხატება. ამ პირობებში მსხვილი საპროტესტო მოძრაობის დაწყება ქუჩაში არარეალური ჩანს, მიუხედავად საკმაოდ მძიმე სოციალური პირობებისა. ამიტომ ოპოზიცია იძულებული გახდება მოემზადოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, და მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე იმ მიზნით, რომ შეიქმნას ოდნავ უფრო ხელსაყრელი სასტარტო პირობები და მოიპოვოს ათიოდე სადეპუტატო ადგილით მეტი.

გიორგი ვეკუა

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"