ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
საავტორო სვეტი
05.10.2010
შორს მიმავალი კავშირი

საქართველო არა მარტო მრავალეროვანი, არამედ განსხვავებული რწმენის ადამიანთა სავანეცაა, რაც თავისთავად მრავალფეროვნების, კულტურათა დიალოგის შანსს იძლევა. თვით ქართველებშიც არიან ისეთნიც, ვისაც სხვათა სარწმუნოება თავისად გაუხდიათ, თუმცა ამით იოტისოდენადაც არ მიუყენებიათ ჩრდილი სამშობლოს სიყვარულისათვის. კაცობრიობას ჯერაც არ გამოუგონებია ისეთი აპარატი, რომელიც დაადგენდა, თუ რომელი აღმსარებლობის მატარებელს უფრო უყვარს სამშობლო.

ბედნიერებაა, როდესაც ერთ პატარა მიწაზე გვერდიგვერდ არსებობს მართლმადიდებლობა, გრიგორიანობა, ისლამი, კათოლიკობა, იუდეველობა და სხვა, პრობლემების, დაპირისპირების, ერთმანეთის ლანძღვა–გინების გარეშე. ბედნიერებაა, როდესაც საღვთო წიგნებს კოცონზე არ წვავენ ისე, როგორც ეს ხდება აშშ–ი.

რწმენა თითოეული ადამიანის პირადი არჩევანია და მას მოკრძალებული მოპყრობა სჭირდება. ეს თემა ფაქიზადაა განხილული ლევან სუთიძის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ტაბულაში“, სათაურით – „პირით მექისკენ, გულით სამშობლოსკენ“. ავტორი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმანების შესახებ – საინტერესოდ, დიდი ტაქტით, რაც დასაფასებელია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აჭარის წარმომადგენლად მუშაობის პერიოდში არაერთხელ წავწყდომივარ აჭარის მუსლიმანთა პრობლემებსა და სატკივარს, თუნდაც ისეთს, ჟურნალისტს რომ ერთ–ერთმა მასპინძელმა უთხრა – „თათარს“ გვეძახიანო. არც თბილისელთა ნათქვამი – ასლან აბაშიძე მუსლიმანიაო, ყოფილა იშვიათი და არც ჩემი მისამართით ხუმრობა – „შე თათაროო“. გაივლის დრო და ისტორიას ჩაბარდება ზოგიერთი ქართველის მოუზომავი ლექსიკა, გულისტკივილს რომ იწვევდა ბევრ აჭარელ მამულიშვილში.

სუთიძის წერილში აჭარის მუფთი მოკლედ და კონკრეტულად შუქს ჰფენს ისტორიის იმ მონაკვეთს, აჭარამ რომ ოსმალეთის იმპერიაში გაატარა. „მუსლიმანობა ძალადობით არ მიგვიღია, ჩვენ ის გულით მივიღეთ და შევიყვარეთო“, – ამბობს ის და უმატებს: „ალაჰი მოწყალეა! ის საქართველოს დაიფარავსო“.

ისლამთან დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. ზოგან ადგილი აქვს მის წინააღმდეგ გამოსვლებს, ზოგან, პირიქით, მის მიმართ გამოხატავენ ტოლერანტობას. აშშ–ი ჯერაც არ ჩამცხრალა აფეთქებული ტყუპი ცათამჯენის სიახლოეს 13–სართულიანი მუსლიმანური ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები. შენობაში მეჩეთიც არის გათვალისწინებული. გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 52% წინააღმდეგია ცენტრის მშენებლობის, უფრო მეტიც – 43% ნეგატიურად არის განწყობილი ისლამის მიმართ, 25%–ი კი თვლის, რომ ამერიკელი მუსლიმანები ქვეყნის პატრიოტები არ არიან.

ამერიკელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი ისლამის და არა ტერორიზმის თავდასხმა იყო. საქმეს არც პრეზიდენტ ობამას განცხადებამ უშველა – ამერიკას ტერორისტები დაესხნენ თავს და არა მუსლიმანებიო.

ცნობისათვის მოგახსენებთ, რომ ამერიკელთა 18% ობამას მუსლიმანად მიიჩნევს. ამერიკელები მარტო სიტყვას აღარ ჯერდებიან, ისინი საქმეზეც გადავიდნენ. ამას წინათ წაბილწულ იქნა ნიუ–იორკის ერთ–ერთი მეჩეთი, კალიფორნიაში კი მეჩეთს საღებავით დააწერეს –„ტერორისტთა ტაძარს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, გაიღვიძე ამერიკავ, მტერი უკვე აქ არის!“

ცივილიზაციათა შეტაკებას არა მარტო აშშ–ი აქვს ადგილი, არამედ ევროპაშიც, სადაც ზოგიერთმა ქვეყანამ მკაცრი ზომები მიიღო მუსლიმანი ქალების ტრადიციული ტანსაცმლის წინააღმდეგ.

რაც მეტია კულტურათა დიალოგზე ლაპარაკი, მეტია დაპირისპირებაც. საზოგადოებაზე არანაკლებ გამაღიზიანებლად მოქმედებს პოლიტიკაში გადაზრდილი რელიგია, დაკარგული პოლიტიკურ–რელიგიური გავლენის აღორძინებაზე საუბარი და არა მარტო საუბარი, არამედ კონკრეტული, პრაქტიკული ნაბიჯებიც.

მკითხველის ყურადღება მსურს გავამახვილო ზოგიერთი თურქული წარმოშობის რელიგიურ–პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რომლის მიზანი დაკარგული სიდიადის აღდგენაა. ერთ–ერთი არის ჯამაათი, რომლის ხელმძღვანელია ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი. გიულენის თემი – ჯამაათი, ფინანსური თვალსაზრისით – 25 მილიარდი დოლარი, და ყოველწლიური შემოსავლით – მილიარდი დოლარი, მძლავრი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის დაფინანსებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში არაერთი მუსლიმანური სასწავლებელია გახსნილი. ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს თურქეთის მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა და მის ლიდერთან, პრემიერ–მინისტრ რეჯეპ ერდოგანთან. ურთიერთობა მაშინ დამყარდა, როდესაც აღნიშნული პარტია ოპოზიციაში იყო. მაშინ გიულენი კონსულტაციას უწევდა ერდოგანს, გარდა ამისა კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრემიერ–მინისტრ თანსუ ჩილერთან. ქემალისტები მწვავედ აკრიტიკებენ გიულენს და თვლიან, რომ მისი იდეები ეწინააღმდეგება საერო სახელმწიფოს არსს. მიუხედავად ამისა, გიულენმა შეძლო საკუთარი მიმდევრების ჩათესვა არა მარტო თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებში, არამედ სახელმწიფო მართვის სისტემაში.

დიდი ფული გიულენსა და მის მიმდევრებს გზას უხსნის პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებისათვის. გიულენი იყო პირველი, ვინც აქტიურად გამოეხმაურა ბერლინის კედლის დაშლას. ის უმალ მივიდა სტამბოლის მთავარ მეჩეთ სულეიმანიაში და მრევლს მოუწოდა სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას და ახალგაზრდა ქვეყნების დამოუკიდებლობის იდეას. გიულენი ხშირად ლაპარაკობს კავკასიასა და აზიაში პროპაგანდისტული მუშაობის გაშლაზე. „რა საჭიროა არმია, როდესაც საუბარია ახალ დაპყრობაზე. მთავარია ნოხის გაშლა სულის მხსნელი ლოცვისათვის. სამომავლო გარდაქმნაში ყველაზე ხმამაღალი და გამოკვეთილი, ისლამის ხმა იქნება“, – აცხადებს ის.

ამერიკელი მკლევარი შარონ კრესპინი თვლის, რომ გიულენის მოძღვრება დღევანდელ თურქეთსაც ემუქრება. მკლევარის აზრით, გიულენის ჯამაათი იღვწის არა იმისათვის, რომ გავლენა იქონიოს ხელისუფლებაზე, არამედ მართოს სახელმწიფო.

თურქეთში 350 კაცზე ერთი მეჩეთი მოდის, მაშინ, როდესაც 60 ათას პაციენტზე ერთი საავადმყოფო. ამ ქვეყანაში 90 ათასი იმამია, რაც აჭარბებს მასწავლებლებისა და ექიმების რაოდენობას.

გიულენს ნაკლებად ჩამოუვარდება ადნან ოქტარის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია პროპაგანდას უწევს თურქულ–ისლამური კავშირის კონცეფციას, რომლის მიხედვით, ბალკანეთის, დსთ–ს, რუსეთის, კავკასიის, შუა აზიის მუსლიმანები უნდა გაერთიანდნენ თურქულ–ისლამურ კავშირში. ამ გაერთიანების ლიდერი თურქეთი უნდა იყოს. ოქტარი შეგვახსენებს, რომ თურქული სამყარო არა მარტო შუა აზიაა, არამედ ის გადაჭიმულია ადრიატიკიდან ჩინეთამდე. აქ მცხოვრებლებს აქვთ ეთნიკური ფესვები, მაგრამ ისტორიულად გაერთიანებული იყვნენ თურქულ–ისლამური სულისკვეთებით. ესენია: უზბეკები, ყაზახები, თურქმენები, უიგურები, თათრები, ჩერქეზები, აფხაზები, ბოსნიელები, ჩეჩნები, სხვები. ორგანიზაციის იდეოლოგიით ისინი უნდა გაერთიანდნენ ერთი იდეალების ქვეშ – თურქულ–ისლამური ცივილიზაცია რომ ჰქვია. ოქტარის აზრით, ოსმალეთი ლიკვიდირებული იქნა პოლიტიკურად, თუმცა შექმნილი სიცარიელე ვერც რუსეთმა და ვერც ევროპამ ვერ შეავსო.

ოქტარი კავკასიას თურქეთის გავლენის სფეროდ განიხილავს და აღნიშნავს, რომ თურქეთს ამ თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. „კავკასიელები, რომლებიც გამოექცნენ რუსულ უღელს, თავს ოსმალეთის თურქეთში აფარებდნენ. ყველა ისინი მუსლიმანობის მიმდევარია“,– წერს ოქტარი. „თუ თურქეთი სათანადოდ შეაფასებს იმ ცივილიზაციულ მემკვიდრეობას, რომელიც მან მიიღო, წინ გაიხედავს, შეინარჩუნებს ისტორიულს, მაგრამ განავითარებს ახალ – თურქულ–ისლამურ იდეას, აუცილებლად მიაღწევს ნათელ მომავლამდე“, – აცხადებს ის.მისი აზრით, თურქეთი მემკვიდრეა ერთ–ერთი უძველესი ცივილიზაციის და თუ ის გაითვალისწინებს ოქტარის შეგონებას, XXI საუკუნეში თურქეთი ერთ–ერთ ლიდერ სახელმწიფოდ გადაიქცევა. ამისათვის კი უპირველესად საჭიროა იმ რეგიონების დაუფლება, რომლებიც ოსმალურ შთამომავლობად ითვლება. ოსმალურ შთამომავლობაში კავკასიაც მოიაზრება. ოქტარის განცხადებით, თურქულ–ისლამისტური კავშირი საფუძვლიანად შეარყევს კავკასიასა და შუა აზიაში რუსეთის გავლენას და გზას გაუხსნის თურქულ სამყაროს მსოფლიო ლიდერობისათვის. „მთელი თურქული სამყარო ბალკანეთიდან აღმოსავლეთ ყაზახეთამდე სულმოუთქმელი ელის თურქეთის წინამძღოლობით, თურქული კავშირის შექმნას. ევროკავშირის მსგავსად თურქულ კავშირში შევლენ ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი, კავკასია, შუა აზია – რაც ყველა აღნიშნული ქვეყნისათვის დიდი მიღწევა იქნება“, – აცხადებს ოქტარი.

ფეთჰულა გიულენი და ადნან ოქტარი მოწინავე ადგილს იკავებენ აშშ–ს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტისა და იორდანიის სამეფოს ისლამური კვლევის ცენტრის მიერ შედგენილ თანამედროვეობის სასიქადული 500 მუსლიმანის სიაში.

ცხადია, დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად ან როდის განხორციელდება მათი იდეები, მაგრამ საფიქრალი ჩნდება. ამასთანავე ჩნდება ეჭვი იმისა, რომ განანუკებული, ტელეშოუებით დამძიმებული საზოგადოება სიღრმისეულად ვერ გადახარშავს ზემოთაღნიშნულს და ისე, როგორც ამას წინათ, ქარაფშუტულად გვერდს აუვლის პრეზიდენტის მიერ წამოსროლილ „სიბრძნეს“ – კონფედერაციის შექმნის თაობაზე. პრეზიდენტის „სიბრძნე“ წყალს ხომ არ ასხამს გიულენ–ოქტარის ოცნებას?

ჰამლეტ ჭიპაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"