ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
30.09.2010
უდენოდ დარჩენილი თბილისისგან მიღებული პოლიტიკური სარგებელი

ინტერვიუ ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "დრო და სივრცის" ხელმძღვანელთან ბატონ თენგიზ ჩხიკვაძესთან, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ.

geurasia.org / saqinform.ge

- ბატონო თენგიზ, ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენს სააგენტოზე.

- ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო „დრო და სივრცე“ დარეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2005 წლის 16 მაისს. ჩემს გარდა დამფუძნებელი კიდევ 5 ადამიანია. ადრე   ჟურნალისტური გამოძიების ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი, რომლის ხელმძღვანელიც იყო აწ გარდაცვლილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ამირან მგელაძე, მე მისი მოადგილე გახლდით.

- ბატონო თენგიზ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში თქვენმა სააგენტომ რამდენიმე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. საქინფორმის მკითხველისთვის საინტერესო იქნება მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კონკრეტულად, თუ შეგიძლიათ, მოგვიყევით აფეთქების შესახებ, რომელიც 2001 წლის 22 დეკემბერს მოხდა მეათე ენერგობლოკზე “AES მტკვარი”.

- დავიწყებ იქიდან, რომ ამ ენერგობლოკის უმოქმედობა სახელმწიფოს აზარალებს 20 მილიარდით. ამ ბლოკის მუშაობის შემთხვევაში, საქართველო მიიღებდა უწყვეტ ელექტროენერგიას სამი წლის მანძილზე. და მაინც რა მოხდა? ეს ისტორია იწყება 1995 წლის 22 დეკემბრიდან, როდესაც, ენერგეტიკოსის დღეს, ყველაზე დიდი – მეცხრე და მეათე ბლოკის მართვის პულტთან გაჩნდა ძლიერი ხანძარი. მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელმაც საბოლოოდ ვერ შეძლო დაედგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გამოევლინა დამნაშავეები. აღსანიშნავია, რომ ეს გამოძიება მიმდინარეობდა უშიშროების სამინისტროს ზედამხედველობით, თუმცა ამის მიუხედავად, ეს საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული. უბრალო შემთხვევითობა იყო ის, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ენერგეტიკის სამინისტროსa და „საქენერგოს“ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილემ რევაზ არველაძემ მიმართეს იმდროინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და დახმარება სთხოვეს ამ ენერგობლოკების აღსადგენად. შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება და რუსულმა საწარმოებმა ხარჯთა კალკულაციის შემდეგ , რაც შეადგენდა 11 მილიონ დოლარს სრული აღდგენისთვის, 1 წლის განმავლობაში ენერგობლოკების შეკეთების ვალდებულება აიღეს. სპეციალისტების განცხადებით, რუსული საწარმოების მიერ შემოთავაზებული წინადადება არათუ მხოლოდ მისაღები, არამედ ხელსაყრელი იყო ქართული მხარისთვის. თუმცა, როგორც რევაზ არველაძისგან შევიტყვეთ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ არ მიიღო რუსი ენერგეტიკოსების ეს ყველასათვის მისაღები შემოთავაზება „უსახსრობის გამო“. ერთი თვის შემდეგ ქართულმა მხარემ დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება გერმანიის ხელისუფლებასთან და ხელმოწერილ იქნა კონტრაქტი გერმანულ ბანკ „KFW”-სთან, რომელმაც ელექტრობლოკების რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი დოლარი გამოყო. საბოლოოდ 11 მილიონი დოლარის ნაცვლად, რომელსაც ითხოვდნენ რუსი ენერგეტიკოსები ბლოკების აღსადგენად, გერმანულმა ბანკმა გამოგვიყო 70 მილიონი დოლარი. სხვაობა საკმაოდ თვალშისაცემი და დიდი იყო.

გარდა ამისა, გერმანული მხარის შემოთავაზება არ იყო სახარბიელო იმითაც, რომ სამუშაოების წარმოებაში გერმანულის გარდა სხვა ფირმების ჩარევას გამორიცხავდა.

საბოლოოდ, ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ „SIEMENS“-მა , რომელმაც ვითარების შესწავლის შედეგად გადაწყვიტა, შეექმნა კომპიუტერული სისტემა ამ ბლოკებისთვის, რაც, სპეციალისტების შეფასებით, არასათანადო იყო, რადგან თავად ბლოკების სისტემა ძალიან ძველი იყო და, ნოვაციის მიუხედავად, ექსპლუატაციის დროს გასათვალისწინებელი იქნებოდა ადამიანური ფაქტორები.

2000 წელს აღნიშნულმა კომპანიამ დაასრულა აღდგენითი სამუშაოები მეცხრე და მეათე ენერგობლოკებში და დადგა დრო მათი ამუშავებისა. კომისიას ხელმძღვანელობდა ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტი გოდერძი კიასაშვილი, რომელიც ყველა დეტალში ძალიან კარგად ერკვეოდა. მან მიიღო მხოლოდ მეცხრე ბლოკი და სამართავი პულტი, რაც შეეხება მეათე ბლოკს, ის არ იქნა მიღებული, რადგან ფირმა „SIEMENS“-ის სამართავი პულტი არ იძლეოდა ენერგობლოკის და იქ მომუშავე პერსონალის უსაფრთხოების გარანტიას. ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული მეათე ბლოკი მაინც ამუშავდა ყველა ნორმისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გვერდის ავლით. შემდგომ ამისა, 2001 წელსვე, ხელისუფლებამ მეცხრე და მეათე ბლოკები მიზერულ ფასად, 5 მილიონ დოლარად, მიჰყიდა კომპანიას “AES მტკვარი”, მაშინ, როცა მათი რეალური ფასი იყო 600-დან 900 მილიონ დოლარამდე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა მხარემ ამ ენერგობლოკების შესაკეთებლად კომპანია „SIEMENS“-ს თითქმის 80 მილიონი დოლარი გადაუხადა. ის თანხა, რომელიც “AES მტკვარმა” აღნიშნული ელექტრობლოკების შესასყიდად გადაიხადა, არაადეკვატურად დაბალი იყო. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ მოხდებოდა პრეზიდენტ შევარდნაძის, პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და სხვადასხვა ჩინოვნიკების უშუალო მონაწილეობის გარეშე. არც უშიშროების სამინისტროს მიუღია განსაკუთრებული ზომები ხელის შესაშლელად - გაყიდულიყო ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი ასეთ დანაშაულებრივად დაბალ ფასში.

საქართველოს კონსტიტუციისა და მაშინ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აკრძალული იყო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა. მეტიც, გასხვისებულ იქნა ისეთი ობიექტები, რომლებიც 100 %-ით გამოიყენებოდა და მათი ექსპლუატაცია ძალიან მომგებიანი იქნებოდა ქართული სახელმწიფოსთვის.

შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: საბედისწერო დამთხვევით, 2001 წელს ენერგეტიკოსთა დღეს აფეთქდა მეათე ბლოკი. საბედნიეროდ, ამ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა აღნიშნული ფაქტი და მას ისევ გოდერძი კიასაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიამ ერთკვირიანი ძიების შედეგად გამოავლინა კომპანია „SIEMENS“-ისა და “AES მტკვარის” დანაშაული. კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ კომპანიებმა დაარღვიეს ელექტროსადგურის მართვის ტექნოლოგია, რამაც აფეთქება გამოიწვია. იმავე დასკვნამდე მივიდა კომისიაც, რომელსაც ბრიტანელი ექსპერტი ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არავინ დასჯილა. არც ერთი ოფიციალური ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით, არ დაინტერესებულა ამ საქმით. საქმეს იძიებდა საქართველოს უშიშროების სამინისტრო.

2002 წელს ბატონმა რევაზ არველაძემ, რომელიც უკვე პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე იყო, წერილი მისწერა მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ ირაკლი ალასანიას ( დღეს - ლიდერს ოპოზიციური პარტიისა „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“) და სთხოვა, ერთწლიანი გამოძიების საქმის დეტალები პარლამენტისთვის გაეცნო.

მალე ბატონმა რევაზ არველაძემ გაუგებარი წერილი მიიღო უშიშროების სამინისტროდან, რომელიც ხელმოწერილი იყო ირაკლი ალასანიას მიერ, მასში ნათქვამი იყო შემდეგი: იმის გამო, რომ კომპანია „SIEMENS“-მა არ წარმოუდგინა ძიებას მათ მიერ მოთხოვნილი მასალები და დოკუმენტაცია, გამოძიება წინ ვერ მიიწევს, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება.

პარადოქსი?! პასუხი არაკომპეტენტური და ბუნდოვანი იყო. ასე არ არის?!

რადგან დანაშაული მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე, ირაკლი ალასანია ვალდებული იყო, საქართველოს კონსტიტუციის ნორმებისა და წესების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად გამოევლინა ამ აფეთქებაში დამნაშავე პირები და შესაბამისად დაესაჯა ისინი, იქნებოდნენ ისინი საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

- ბატონო თენგიზ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა?

- ამ საკითხით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც არავინ დაინტერესებულა. რაც ეჭვს იწვევს, რომ გრძელდება სხვადასხვა დანაშაულებების დაფარვა როგორც წინა და ახლანდელი ხელისუფლების, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მიერ.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის.

საუბარს უძღვებოდა კონსტანტინე ჩიკვილაძე

ცნობისათვის: სააკაშვილის მიერ პრეზიდენტ შევარდნაძის გააფთრებული კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს სოფლებისა და ქალაქების 24-საათიანი ელექტრომომარაგების არარსებობა წარმოადგენდა. დღესაც საქართველოს ხელისუფლება თავის ერთ-ერთ წარმატებად შევარდნაძის მიერ დატოვებული მძიმე „მემკვიდრეობის“, ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემის მოგვარებას მიიჩნევს. ჩვენ არ გვინდა, გავაკეთოთ ორაზროვანი დასკვნები, მაგრამ ფაქტია, რომ მას, ვინც მეათე ელექტოსადგურზე   საბოტაჟი მოაწყო, შემდეგ კი ხელს უშლიდა გამოძიებას, საკმაოდ სერიოზული მოტივი უნდა ჰქონოდა. სავარაუდოდ, ეს მოტივი პოლიტიკურია.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ვარდების რევოლუციის “ შემდეგ ირაკლი ალასანია სააკაშვილის გუნდში მოხვდა . მისი ხმამაღალი წასვლა ოპოზიციაში შედგა მხოლოდ ორი წლის წინათ, 2008 წლის დეკემბერში, როცა დატოვა გაეროში მუდმივი წარმომადგენლის პოსტი და გაწევრდა პოლიტიკურ ალიანსში „ალიანსი საქართველოსთვის“.

კ. ჩიკვილაძე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"