ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
27.09.2010
რადიკალურად მემარჯვენე იდეების გაძლიერება ამერიკაში პრეზიდენტ ობამას რეიტინგის ვარდნის ფონზე
აგვისტოს ბოლო დღეებში, კერძოდ 28 რიცხვში, ანუ მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს, მემარჯვენე ამერიკულმა მოძრაობამ „Tea-Party“– მ და პოპულარულმა ტელეწამყვანმა გლენ ბეკმა ვაშინგტონში დიდძალი ხალხი შეკრიბეს დემონსტრაციაზე, სხვადასხვა მონაცემებით – 100 ათასიდან 500 ათასამდე კაცი. დემონსტრანტები  სწორედ იმ ადგილზე და იმ დღეს შეიკრიბნენ, თავის დროზე მარტინ ლუთერ კინგი რომ გამოვიდა სიტყვით - „მე მაქვს ოცნება“. დემონსტრანტები „ძველი ამერიკისკენ“ დაბრუნებას ითხოვდნენ და ქვეყნის პირველ შავკანიან პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ.

მათი დევიზია „ღირსების აღდგენა“ (Restoring Honor), რომლის ქვეშ ამერიკის, როგორც ზესახელმწიფოს ფუნქციის გაძლიერება მოიაზრება. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ბუში-უმცროსის საგარეო პოლიტიკამ მოუტანა ამერიკას, ძალიან ბევრ ამერიკელს სურს, მათი ქვეყანა იყოს ქრისტიანულ-ფუნდამენტალისტური და მებრძოლი, ანუ განაგრძოს საგარეო ექსპანსია საკუთარი ფასეულობების უპირატესობის იდეით. ის, რომ ამგვარად ძალიან ბევრი ამერიკელი ფიქრობს, ამას ვაშინგტონის დემონსტრაციაში მონაწილეთა რაოდენობაც მოწმობს, ბევრისათვის ამდენი ადამიანის შეკრება გლენ ბეკის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მაინც მოულოდნელი იყო, თუმცა მემარჯვენე იდეების პოპულარობის ზრდა ბოლო პერიოდში ეჭვს არ იწვევს. ეს ასეა მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციაში შედარებით ნაკლები ახალგაზრდა მონაწილეობდა, დემონსტრანტთა აბსოლუტურად უდიდეს ნაწილს მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

ამერიკაში სხვადასხვა ჯურის ფუნდამენტალისტური რელიგიური ორგანიზაცია მოღვაწეობს, მათი უმეტესი ნაწილი თავს ქრისტიანად მოიაზრებს, თუმცა რეალურად ამერიკული ფუნდამენტალისტური რელიგიური გაერთიანებებისა და სექტების შეფასება ქრისტიანულად ძალიან ჭირს, იმდენად შორს არიან ისინი ქრისტეს მოძღვრების სულისკვეთებისაგან (ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებლური და თუ გნებავთ, კათოლიკური მრწამსიდანაც). მაგალითად, ბეკი 1999 წლიდან მორმონულად „მონათლა“; რა თქმა უნდა, მორმონების სექტამ, რომელიც ეფუძნება „მორმონთა წიგნს“, რაც არ უნდა „ქრისტიანულად“ წარმოაჩინოს თავი, იგი ქრისტეს მოძღვრების პირდაპირი დამახინჯებაა. ხშირ შემთხვევაში ამერიკელ პროტესტანტებს ბიბლია ბუკვალურად ესმით, ერთმანეთში ურევენ რელიგიურ სწავლებას, რომელიც გადმოცემულია წმიდა წერილში და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დისციპლინებს და სხვა. ამჯერად ამ მცირე მოცულობის სტატიაში ვერ მიმოვიხილავთ ამერიკაში რელიგიური დაჯგუფებების თავისებურებებს, მხოლოდ ძირითადი ფაქტის კონსტატაციით შემოვიფარგლებით: უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ რელიგიური ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგია და სახელმწიფო ერთმანეთისგან კონსტიტუციით არის გამიჯნული და ქვეყანაში სრული რელიგიური თავისუფლება არის გარანტირებული. დომინანტ ძალას წარმოადგენენ პროტესტანტი ფუნდამენტალისტები და მათ ძალიან დიდი გავლენა აქვთ აშშ პოლიტიკაზე, მათ შორის, ისრაელის მხარდაჭერა სწორედ ფუნდამენტალისტთა რელიგიური წარმოდგენებით არის განპირობებული - მათ სჯერათ, რომ ისრაელი, როგორც აღთქმული ქვეყანა, იქნება კეთილსა და ბოროტს შორის საბოლოო ბრძოლის პოლიგონი, ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შენარჩუნებას ქრისტიანებს თავად ბიბლია ავალდებულებს. კიდევ ვიმეორებთ, რამდენადაც ავადმყოფურად არ უნდა მოეჩვენოს მართლმადიდებელ ქრისტიანს ამერიკელთა დიდი ნაწილის ამგვარი რელიგიური წარმოდგენები და ინტერპრეტაციები, სწორედ ეს რელიგიური ამერიკელები, თეთრი რასის წარმომადგენლები, დიდი გავლენით სარგებლობენ ქვეყანაში. ახლა კი, შავკანიანი ობამას რეფორმების ნაწილის წარუმატებლობის პირობებში, მათი გავლენა კიდევ უფრო იზრდება. ეს კი მოასწავებს იმას, რომ პერსპექტივაში ამერიკის საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიულ კურსს ისევ დაუბრუნდება (თუმცა, ჩვენი აზრით, აგრესიულობა არც ობამას პირობებში აკლია - თუნდაც ირანის მაგალითი ავიღოთ).

დავუბრუნდეთ 28 აგვისტოს გამართული მიტინგის ზოგიერთ დეტალს. აქვე მკითხველს ვთავაზობთ ბმულებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ღონისძიება (ვიდეო და ფოტოგალერეა). გლენ ბეკის მიტინგის პარალელურად გაიმართა მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია, რომელიც ძირითადად ფერადკანიანებისგან და ადამიანის უფლებათა დამცველებისგან შედგებოდა, მაგრამ ძალიან მცირერიცხოვანი იყო და საერთო სურათს ვერ ცვლიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ღირსების აღდგენის“ ლოზუნგის მომხრე ამერიკელები სულაც არ ქადაგებენ (ყოველ შემთხვევაში ღიად) რასისტულ იდეებს, არათეთრკანიანთა ჩაგვრას და ა. შ. პირიქით, გლენ ბეკს ობამა ჰყავს „რასისტად“ გამოცხადებული, ხოლო მიტინგზე გამოსულმა სარა პეილინმა - ალასკის ყოფ. გუბერნატორმა, რომელიც ჯონ მაკკეინთან ერთად იყრიდა კენჭს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, პატივით მოიხსენია მარტინ ლუთერ კინგი, ხაზი გაუსვა ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობას, თუმცა იქვე ისიც დასძინა, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული ღირსების ქრისტიანული და სამხედრო განზომილება. ბეკმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მიტინგი სწორედ 28 აგვისტოს, ანუ კინგის სახელგანთქმული გამოსვლის დღეს, გაიმართა, „განგების ნებაა“. მას წინა ღამე სწორედ იმ სასტუმროში გაუტარებია, სადაც თავის დროზე ლუთერ კინგს. ერთი სიტყვით, ბეკი და მისი მიმდევრები, რომლებსაც ამერიკის გათავისუფლება სურთ დემოკრატებისა და ლიბერალებისგან, მარტინ ლუთერ კინგის „თეთრ ვარიანტად“ ცდილობენ თავის წარმოჩენას და ამას საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ.

თავისთავად, არც სამხედროებისადმი პატივის მიგებაშია რაიმე ცუდი, და მით უმეტეს, მისასალმებელია, თუ ამერიკა, როგორც ბეკი ამბობს, „იწყებს ღვთისკენ დაბრუნებას“. მაგრამ ამ ლამაზ სიტყვებში შეფუთულია ის ექსპანსიის წყურვილი და აგრესია, რომელიც ამერიკულ სახელმწიფოში არის ჩადებული. საჭიროა, უფრო კარგად დავაკვირდეთ ამერიკელი მემარჯვენეების რიტორიკას. ისინი რწმენას აკავშირებენ ამერიკულ ნაციონალიზმთან და მილიტარიზმთან. ისინი არა მხოლოდ პატივს მიაგებენ სამხედროებს, არამედ ახდენენ ბოლოდროინდელ ომებში მათი მონაწილეობის ჰეროიზაციას. ბეკი და მისი მომხრეები ხაზს უსვამენ სპეცდანიშნულების რაზმების აუცილებლობას, რომელთაც წამყვანი ფუნქცია ენიჭებათ „ტერორიზმთან ომში“. ყოველ შემთხვევაში, მემარჯვენეთა მხრიდან ვერ გაიგებთ ბოლოდროინდელი ომების კრიტიკას ავღანეთში ან ერაყში, მითუმეტეს, ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის კრიტიკას. განსხვავებით ქრისტიანობის მონანიე სულისაგან, ამერიკელები ყოველთვის „მართლები“ არიან, ეს არის ბეკისა და მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების იდეოლოგიის ცენტრალური პუნქტი. “America is Good” - ასე იწყება ბეკის „პროექტი 9/12“, რომელიც 9 „პრინციპისა“ და 12 „ფასეულობისგან“ შედგება (იხ. ბმული) და მოწოდებულია, დამანგრეველი 9/11-ის ანუ 11 სექტემბრის შემდეგ პირობითი 12 სექტემბრის, ახალი ეპოქის, ანუ ამერიკის მსოფლიო ბატონობის ეპოქის დადგომას შეუწყოს ხელი. როგორც ცნობილია, სწორედ ასეთი მცდელობა ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციას, როდესაც 11 სექტემბრის ტრაგედია ავღანეთსა და ერაყში ომების გაჩაღების საბაბად, ისევე როგორც „ფერადი რევოლუციების“ მოწყობისა და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის გამართლებად გამოიყენა. ამ ფონზე ბეკისა და მის მომხრეთა მიერ საჯაროდ დადებული აღთქმა, რომ 40 დღე-ღამის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილნი ილოცებენ ღვთის წინაშე, მათ შორის მშვიდობისათვის, ამერიკული დეგრადირებული სულის გამოხატულება უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი რელიგიურობისა და მშვიდობისმყოფელობისა.

გულბაათ რცხილაძე,

პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

(სპეციალურად საქინფორმისთვის/saqinform.ge)

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"