ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.09.2010
ირანის პრეზიდენტის თამამი განცხადება

გაეროს გენ. ასამბლეის წლევანდელ სესიაზე, გაეროს ტრიბუნიდან გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა სენსაციური განცხადება გააკეთა.

თუმცა, ეს განცხადება რაიმე სიახლეს არ შეიცავს, მაგრამ სენსაციურია იმით, რომ პირველად გაჟღერდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურის მხრიდან და თანაც გაეროს ტრიბუნაზე. მთელი მსოფლიო დიდი ხანია საუბრობს იმის შესახებ, რაზეც აჰმადინეჟადმა ნიუ-იორკში ისაუბრა: რომ გახმაურებული 11 სექტემბრის ტერაქტი ორკესტრირებული იყო თავად ამერიკის ადმინისტრაციაში მყოფი გარკვეული ძალების და ადამიანების მიერ. მიზანი კი ის იყო, რომ ე.წ. ტერორთან ომზე ყურადღების გადატანით და ალ-ქაიდასთან ბრძოლის საბაბით, ეხსნათ ამერიკის ეკონომიკა მოსალოდნელი კრახისგან და კიდევ უფრო გაემყარებინათ სამხედრო პოზიციები ნავთობით მდიდარ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი.

ის, რომ ირანის პრეზიდენტმა, როგორც იტყვიან, მიზანში მოარტყა, ნათელი ხდება თუნდაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის გააფთრებული რეაქციის დანახვისას. საქმე ეხება არა მხოლოდ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებას აჰმადინეჟადის გამოსვლის დროს, რასაც ყოველწლიურად აკეთებენ აშშ-ს და მისი სატელიტი ქვეყნების დელეგაციები. თვით ობამამ და დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უკვე გააკეთა საპასუხო კომენტარი, სადაც ერთობ მძაფრი ეპითეტებია გამოყენებული. ეს არც არის გასაკვირი - ირანის პრეზიდენტის ბრალდებები ფაქტიურად აცამტვერებს აშშ-ს მთელს პოლიტიკას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რაც ეფუძნებოდა ყბადაღებულ „ომს ტერორთან“ და მსოფლიოში დომინაციის მოპოვების მცდელობას დემოკრატიის გავრცელების საბაბით. ეს განცხადება ძირს უთხრის ამერიკის მიერ დეკლარირებულ ფასეულობათა სისტემას - ადამიანის უფლებების დაცვას, ჰუმანიზმს, დემოკრატიას და ა.შ., რადგან წარმოაჩენს, რომ ისინი მხოლოდ მითია და გამოიყენება ნეოკოლონიური მიზნებით, სხვა ქვეყნების დასამონებლად.

ამრიგად, იმ დროს, როცა დასავლეთის მთავრობები და მათი საინფორმაციო საშუალებები გააფთრებულ კამპანიას აწარმოებენ ირანის წინააღმდეგ, ვითომდა ბირთვული იარაღის შექმნის ბრალდებით, ირანის პრეზიდენტი თავად გადავიდა კონტრშეტევაზე საინფორმაციო სივრცეში. ამგვარი ნაბიჯი კიდევ უფრო გაურთულებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს ირანის იზოლირების ამოცანას, რადგან მსოფლიოში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში, უკვე ძალიან ბევრი ხედავს, რომ სიმართლე სულაც არ ძევს იქ, სადაც დასავლეთის მედია დაჟინებით მიუთითებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"