ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.09.2010
განხეთქილების მილი

ამ წლის შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში შესაძლოა მიღებული იქნას გადაწყვეტილება „ნაბუკოს“ პროექტის გაზსადენის მშენებლობის დაწყების შესახებ. მუშავდება სხვა პროექტებიც, თუ როგორ მოხდეს გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან რუსეთის გვერდის ავლით. ეს ჰიპოთეტური მარშრუტები, როგორც წესი, საქართველოზე და თურქეთზე გადიან.

შეიძლება ითქვას, რომ მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების პროექტები რუსეთის გვერდის ავლით გადაიქცნენ რუსეთზე ზეწოლის ერთ–ერთ მთავარ ინსტრუმენტად დასავლეთის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ელიტების მხრიდან.

ყველაფერი დაიწყო ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენიდან, რომელზე საუბარი დასავლეთში დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლების პირველ ნახევარში. მალე მათ ორი ბებერი მელას – შევარდნაძის და ალიევის თანხმობაც მიიღეს. ამით საფუძველი ჩაეყარა კავკასიის, განსაკუთრებით კი საქართველოს გადაქცევას აქტიური რუსოფობიის პოლიგონად. საქართველოს მაგალითს (ანტირუსული „ფერადი რევოლუციის“ თვალსაზრისით) შეურთდა უკრაინაც. ე.წ. ნარინჯისფერი ხელისუფლების ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი გახდა უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების საკითხის მაქსიმალური გამწვავება. თანაც ეს კეთდებოდა ფაქტიურად უკრაინისვე ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ, სამაგიეროდ ხელს აძლევდა გარკვეულ ძალებს დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ–ში. შედეგად, იუშენკო–ტიმოშენკოს ტანდემმა იძულებული გახადა გაზპრომი, რამდენიმე ხნით სრულიად შეეწყვიტა გაზის ტრანზიტი უკრაინის ტერიტორიის გავლით, რამაც გაზპრომის, როგორც საიმედო მომწოდებლის იმიჯს გარკვეული ზიანი მიაყენა. ლუკაშენკოც კი, ერთდროს მოსკოვის ერთგული „მოკავშირე“, სამკვდრო–სასიცოცხლოდ არის ჩაჭიდებული გაზის და ნავთობის მილებს და მათ არსებობას აშკარად თვლის საკუთარი ხელისუფლების ურყევობის გარანტად.

ნათელი ხდება, რომ სანამ უკრაინის და ბელორუსიის გავლით ხდება ნავთობის და გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების ტრანსპორტირება, დასახელებული ქვეყნების პოლიტიკური ელიტები ყოველთვის გამოიყენებენ ამ ფაქტორს, როგორც მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტს, იმ მიზეზით, რომ შეაჩერონ ინტეგრაციული პროცესები რუსეთთან. ფაქტია, რომ ახალ, „პრორუსულ“ ხელისუფლებასაც არ სურს საუბრის დაწყება უკრაინის გაწევრიანების შესახებ საბაჟო კავშირში და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, სამაგიეროდ აცხადებს თავის მიზნად ევროკავშირში შესვლას, ხოლო ბელორუსიის ხელისუფლება იმგვარ მოთხოვნებს აყენებს, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნისთვის ნავთობის და გაზის „უფასო“ რესურსების მიწოდებას. უკრაინის ლიდერები მძაფრად აკრიტიკებენ „სამხრეთ ნაკადის“ პროექტს, რომელიც უკრაინისთვის განკუთვნილი ტრანზიტის მნიშვნელოვან ნაწილს წაიღებს, ისევე როგორც ლუკაშენკო თავს ესხმის „ჩრდილოეთის ნაკადს“.

საქმე არა მხოლოდ და იმდენად ეკონომიკურ დაინტერესებაშია, რომ გაზის ტრანზიტის საფასური მიიღონ. მაგისტრალური გაზსადენების სისტემა წარმოადგენს მოსკოვთან ვაჭრობის მძლავრ ბერკეტს. და სანამ უკრაინის და ბელორუსიის ხელისუფლებას აქვს თუნდაც თეორიული შესაძლებლობა, რომ გადაკეტოს რუსული და შუააზიური გაზის ტრანზიტი ევროპაში, რაც დესტაბილიზაციას შეიტანს ევროპაში, ისინი არ დათანხმდებიან, ან ყოველნაირად გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთთან ინტეგრაციის გეგმებს, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის ერთვარი ანალოგის შექმნისკენ.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესების მკვდარი წერტილიდან დასაძრავად, რუსეთისთვის აუცილებელია ბოლოს და ბოლოს დაასრულოს ახალი ნავთობ- და გაზსადენების გაყვანა, რომლებიც გვერდს უვლიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიას. მაგრამ არც დასავლეთი ზის გულხელდაკრეფილი. ისინი აპროექტებენ საკუთარ გაზსადენებს, რომელთა მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცის დაყოფის „ცემენტირება“ და ამ ქვეყნების ელიტების მიბმა ანტირუსულ პარადიგმასთან. ამ ეტაპზე მთავარ ამგვარ პროექტს წარმოდგენს ე.წ. „ნაბუკო“.

„ნაბუკო“ ჩაფიქრებულია, როგორც განსაკუთრებით საშიში პროექტი პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრირების პერსპექტივებისთვის, უფრო მეტიც, ის მიმართულია რუსეთისთვის უკიდურესად არახელსაყრელი სიტუაციის შესაქმნელად მთელს სამხრეთ ევრაზიაში. ის არა მხოლოდ ამაგრებს სააკაშვილის რუსოფობულ რეჟიმს, მაგრამ მეტად რთავს მოჭოჭმანე ალიევს ანტირუსულ პროექტებში, თურქეთს აქცევს რუსეთის მკაცრ კონკურენტად რეგიონში და ითრევს თურქმენეთს და ყაზახეთს ამავე ღერძში, გარდა ამისა, აპირისპირებს რუსეთს და ირანს. „ნაბუკოს“ განხორციელების შემთხვევაში, გარდაუვალია ან გრძელვადიანი „ცივი ომი“ სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთს მოუწევს საბოლოო აქცენტის გაკეთება სომხეთზე, თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ბლოკის წინააღმდეგ, ან ახალი ცხელი ომების გაჩაღების შესაძლებლობა. ეს კი მძიმე შედეგებით დასრულდება აზერბაიჯანისთვის და საქართველოსთვის. მაგრამ ანტირუსული, პროდასავლური რეჟიმების ცემენტირება ცუდად აისახება რუსეთის და უკრაინის ინტეგრაციის პერსპექტივებზეც.

ერთი შეხედვით, სიტუაცია უკრაინაში სიტუაცია პირდაპირ არ უკავშირდება სიტუაციას კავკასიაში. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. უკვე ხუთი წელია, რაც უკრაინა და საქართველო აქტიურად განიხილება დასავლეთში, როგორც რუსეთის საპირწონე პოსტსააბჭოთა სივრცეზე და „დემოკრატიის კუნძულები“. შემთხვევითი არაა ის ინტენსიური კავშირები, რომლებიც სააკაშვილმა დაამყარა უკრაინელ „თანამებრძოლებთან“ ჯერ კიდევ იუშენკოს დროს. უფრო მეტიც, იუშენკოს ვარსკვლავის ჩასვენების შემდეგაც სააკაშვილი არ წყვეტს მცდელობებს, როგორმე შეინარჩუნოს კონტაქტები და გავლენა უკრაინაში. აქ საქმე იმაში როდია, რომ საქართველო ჰყიდის თავისი ღვინის და ციტრუსების დიდ ნაწილს უკრაინაში, არამედ იმაში, რომ ის მშვენივრად ხვდება ყველა ანტირუსული პროექტის ბედის ერთობლიობას. საკმარისია მათი იზოლირება ერთმანეთისგან, რომ ისინი კვდომას დაიწყებენ. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლებაც არ ჩქარობს არათუ კავშირების შესუსტებას საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან (ვთქვათ, ეკონომიკური კავშირების), არამდე ნელ–ნელა აღადგენს ურთიერთობებს თავად სააკაშვილთანაც. და ეს მას შემდეგ, რაც პატარა საქართველოდან უკრაინაში იგზავნებოდა მოძალადეების ბანდები საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით (გეგონება უკრაინას სააკაშვილის თანამებრძოლები რაღაც ბანანის რესპიბლიკად თვლიდნენ). ახლახან საქართველოში ვოიაჟი განახორციელა უკრაინის პირველმა ვიცე–პრემიერმა ტიგიპკომ, თანაც ეს ისე გაფორმდა, რომ ის ჩამოდიოდა „უფროს მეგობრებთან“, როგორც საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდნენ დელეგაციები განვითარებადი ქვეყნებიდან „გამოცდილების გასაცნობად“. ახლა ჩნდება ინფორმაცია, რომ თავად პრემიერი აზაროვი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას ოქტომბერში. სააკაშვილი იმყოფებოდა უკრაინაში და შეხვდა იანუკოვიჩს, მისი დაბადების დღეზე, თუმცა უკრაინის მხრიდან გაისმა „თავის მართლება“, რომ ის არ მოუწვევიათ. მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა მოახერხა შეხვედრა არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტთან, არამედ ლუკაშენკოსთანაც, რის შემდეგაც ჩაწერა ინტერვიუ ბელორუსიის ტელევიზიასთან, რომელიც ლუკაშენკომ აჩვენა ფილმ „ბატკა–ნათლიმამა“–ს საპასუხოდ.

შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ უკრაინის ხელისუფლება (შესაძლოა, ბელორუსიისაც), ხედავს რუსეთთან ინტეგრაციაში საფრთხეს უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის, გამომდინარე რუსების და უკრაინელების სიახლოვიდან (რომლებსაც რუსეთის ელჩმა უკრაინაში ერთი ხალხი უწოდა) და მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან გამომდინარე. ხოლო ინტეგრაცია ევროკავშირში, რუსეთთან „სტრატეგიული კავშირის“ შენარჩუნების შემთხვევაში, მათ მიაჩნიათ შედარებით „უსაფრთხოდ“, თუმცა ევროპული სტრუქტურები იღებენ თავისთვის არანაკლებ უფლებამოსილებებს, ვიდრე საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური სივრცე, დსთ–ზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ რუსების მონათესავე „სლავი ძმებიც“ სიამოვნებით იყენებენ საქართველოს და მისი კლოუნი პრეზიდენტის ფაქტორს, რათა ჩუმ–ჩუმად უჩხვლიტონ მოსკოვს და მისი ყურადღება საქართველოზე გადაიტანონ. უფრო მეტიც, სანამ არსებობს სააკაშვილის რეჟიმი, უკრაინაში და ბელორუსიაშუ ყოველთვის იქნებიან ძალები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა: რახან მოსკოვი ვერ ახერხებს პატარა საქართველოსთან, უფრო სწორად, მის პრეზიდენტთან „გამკლავებას“, რომელიც ამდენი წელია შეურაცხყოფას აყენებს რუსეთის ლიდერებს, დასცინის ამ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას და საერთოდ ყველაფერს რუსულს, უკრაინას ან თუნდაც ბელორუსიას კრემლი მით უფრო ვერ „დაიმორჩილებს“.

„ნაბუკოს“ პროექტი შეიძლება გახდეს ფაქტორი, რომელიც გაამყარებს ამგვარ იმედებს. ჩვენი აზრით, მისი მშენებლობა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ მილის გაზით შევსების მყარი გარანტიები. „ნაბუკოს“ მთავარი აზრი არა ეკონომიკურია, არამედ პოლიტიკური. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მილსადენს ააშენებენ ყოველგვარი გაზის გარეშეც, ცარიელს, რომ უბრალოდ იყოს და „იმედი აკეთოს“. ყოველთვის შეიძლება თქმა, რომ რაკი არსებობს მილი, ოდესმე გაზიც გამოჩნდება. დღეს თუ არა, ხვალ ან ზეგ. და ამ იმედით გაამაგროს რუსოფობული ელიტების სულისკვეთება და მორალური მდგომარეობა ყოფილ საბჭოთა რესბუბლიკებში, რათა მათ არ აღიარონ რუსეთის წარმატება (ანუ თანხმობა არ განაცხადონ ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობაზე, რაც, სინამდვილეში, პოსტსაბჭოთა სისტემის ყველა ქვეყნისთვის სასარგებლოა).

თუკი „ნაბუკოს“ მშენებლობა დაიწყო, უახლოეს წლებში გაგრძელდება „ცივი ომი“ დასავლეთსა და რუსეთს შორის კავკასიაში, ხოლო უკრაინის საკითხი ღიად დარჩება. თურქეთი და აზერბაიჯანი, „ნაბუკოზე“ დათანხმებით, თეორიულ შანსსაც კი მოსპობენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ამ ქვეყნებისთვის კარგი გამოსავალი შეიძლება გახდეს „ნაბუკოს“ მაგივრად სხვა, ნაკლებად ამბიციური პროექტის განხორციელება. თუ რუსეთი მოახერხებს 2015 წლისთვის „სამხრეთის ნაკადის“ აშენებას („ჩრდილოეთის ნაკადთან“ ერთად, რომელიც უკვე ინტენსიურად შენდება), ხოლო „ნაბუკო“ წელიწადში მხოლოდ 10–15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, ეს გარკვეულწილად გაანეიტრალებს ამ უკანასკნელის დესტრუქტიულ ზეგავლენას.

განხეთქილების მთავარ ვაშლად დარჩება უკრაინა. მის გარეშე ერთიანი ეკონომიკური სივრცე მთლიანობაში ნაკლული იქნება და ვერ შეასრულებს მთავარ ფუნქციას – შექმნას ეკონომიკური საფუძველი სიცოცხლისუნარიანი ცივილიზაციური სივრცისთვის. აქ ჩვენ მხედველობაში არ ვიღებთ რუსი ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილის თვალსაზრისს, რომ ინტეგრაციული პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეზე დამამძიმებელია თავად რუსეთისთვის და ის უნდა „გაემიჯნოს“ ღარიბ მეზობლებს, ხოლო ურთიერთობები განავითაროს ძირითადად ევროპასთან და აშშ–თან. რუსეთის ხელისუფლებამ მკაფიო პასუხი გასცა ამგვარ თვალსაზრისს, როცა შეუდგა საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის პროექტების რეალიზაციას. მან შესთავაზა უკრაინას, რომ შეუერთდეს ამ პროექტებს. რა თქმა უნდა, საუბარი არ მიდის ინტეგრაციის იმგვარ მოდელზე, როცა რსფსრ და ზოგი სხვა რესპუბლიკა დოტირებას უწევდა სხვა რესპუბლიკებს, თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელნი უკეთსად ცხოვრობდნენ, ვიდრე თავად რუსეთის მოსახლეობა.

თუკი 2015 წლისთვის, ან ოდნავ მოგვიანებით, „სამხრეთის ნაკადის“ აგებასთან ერთად, როგორმე გადაიჭრება სააკაშვილის პრობლემა, რითაც საქართველო განთავისუფლდება ხელოვნური და გარედან თავსმოხვეული რუსოფობული რეჟიმისგან, ეს ორი ფაქტორი გაცილებით წონიანს გახდის უკრაინის მიწვევას ინტეგრაციულ პროცესებში. მაგრამ იმავდროულად საჭიროა უკრაინის მოსახლეობამ დაინახოს ინტეგრაციის უპირატესობანი, რომლებიც არსებობს. ამ ქვეყანაში არის ეკონომიკის მთელი სექტორები, მაგალითად, ავიამშენებლობა, მანქანათმშენებლობა და სხვ. რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთთან კავშირების გაღრმავებით. არიან ძალებიც, ვინც ამაში დაინტერესებული არ არიან, და ეს არ არის მხოლოდ უკრაინელი ნაციონალისტები, არამედ ეკონომიკური ელიტის ნაწილი. ინტეგრაციის ყველა დეტალის და იმ მდგომარეობის, რომელსაც უკრაინა დაიკავებს ამ სივრცეში, საგულდაგულო შესწავლა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

გიორგი ვეკუა,

ევრაზიის ინსტიტუტი

სტატიის ორიგინალი რუსულ ენაზე:

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"