ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.09.2010
წიგნებთან ბრძოლა საქართველოში

ამ ბოლო ხანებში ალბათ ბევრმა თბილისელმა შეამჩნია, რომ ქალაქის ქუჩებიდან გაქრა წიგნის სტელაჟები და დახლები. გარევაჭრობასთან ბრძოლის ლოზუნგით, ნაცხელისუფლებამ მთლიანად აყარა თავიანთი ადგილებიდან ის ადამიანებიც, მათ შორის ბუკინისტები, ვინც წიგნებით ვაჭრობდა.

ხუნვეიბინურ ხელისუფლებას რომ ამგვარი უცნაური და კაცმა რომ თქვას, ველური გამოხტომები ახასიათებს, არახალია. იმ დროს, როცა ამჟამინდელ თბილისზე ბევრად უფრო მოვლილ და მდიდარ ქალაქებში, მათ შორის ევროპაში, თავისუფლად იყიდება წიგნები ქუჩის დახლებზე, ჩვენს დედაქალაქში მოსახლეობა ამასაც მოკლებული აღმოჩნდა. არ ვიცით, სინგაპურში როგორ არის მოგვარებული ეს საქმე, და დიდად არც გვაინტერესებს, მართალი რომ ვთქვათ. თუ მართლაც მას ბაძავენ ბელად–პრეზიდენტის ქვეშევრდომები, უმჯობესია, სხვა რამეებში მიბაძონ, კერძოდ, მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნაში და არა წიგნით ვაჭრობის აღკვეთაში.

მთელი ქალაქის ბუკინისტებს დედა ენის ძეგლის სიახლოვეს უპირებენ გადაყვანას, სადაც უსახური სკებივით რაღაც ყუთები დადგეს, რომლებშიც წიგნები შეინახება. ეს ნიშნავს იმას, რომ მკვეთრად შემცირდება გაყიდული წიგნების რაოდენობა. მაგრამ, ესეც რომ არა, წიგნს თავისი მაგია აქვს, თავისი აურა. წიგნის დახლები და სტელაჟები ქუჩაში სხვა იერს აძლევს ქალაქს, სხვა სულს.

რა შეიძლება იყოს ამ მორიგი ბარბაროსული გამოხტომის მიზეზი ან მიზეზები? ოფიციალური განმარტება, რომ წიგნით ვაჭრობა ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, იმდენად აბსურდულია, რომ კომენტირებაც არ ღირს. ჩვენი აზრით, ნაცხელისუფლებას უბრალოდ აღიზიანებს თავად ის კულტურა, რასაც წიგნი და წიგნით ვაჭრობა ჰქვია. ჯერ ერთი, ქუჩაში იყიდება უამრავი ძველი წიგნი, მათ შორის საბჭოთა ეპოქაში დაბეჭდილი, ნაც–ხუნვეიბინების აზრით კი, საქართველოს ისტორია 2003 წელს იწყება. მეორეც, უცხოენოვან ლიტერატურას შორის ძირითადად იყიდება რუსული წიგნები და არა ინგლისური. ამით თვალნათლივ ჩანს ნაც–ხუნვეიბინების მცდელობის უშედეგობა, მოსპონ კულტურული, განათლებული, რუსულად მოსაუბრე ადამიანების ფენა, მკითხველი. ამგვარი კატეგორია ისევე აღიზიანებს ნაც–ხუნვეიბინებს, როგორც ხარს წითელი ნაჭერი. ის ხომ, როგორც წესი, არ არის მიჩერებული ქართულ ტელეარხებს, სადაც გაუთავებლად ვხედავთ ტვინის გამომლაყებელ ლათინურ სერიალებს, ვანოსშოუების უნიჭო ხუმრობებს და ზაალ უდუმაშვილის და დიანა ჯოჯუას ძალად მხიარული სახეებს.

ამგვარად, ეს ნაბიჯი კარგად ჯდება ნაც–ხელისუფლების ზოგად პოლიტიკაში – გამოიყვანოს „ადამიანის ახალი ჯიში“. დეკლარაციების მიუხედავად, ამგვარი მცდელობების რეალური პროდუქტი შეიძლება იყოს მხოლოდ გაუნათლებელი, მხოლოდ ფულზე და კარიერაზე მეოცნებე, შეზღუდული ტიპი, რომელსაც ერთადერთი საზრუნავი აქვს – იშოვოს თანხა და მუცელი ამოიყოროს, ხოლო თუ ნაც–ბელადების ერთგულებით მეტსაც მიაღწევს (მაგალითად, ძვირადღირებულ ავტომობილს შეიძენს) მასზე „ბედნიერი“ ადამიანი არ იქნება. ამ მიზანს ემსახურება ყველა ის „რეფორმაც“. რომელიც ტარდება განათლების და მეცნიერების სისტემაში, რაც ფაქტიურად ანადგურებს ამ დარგებს და აქცევს მათ ტურიზმის მომსახურე პრიმიტიულ სფეროებად. რად ღირს მხოლოდ ის ყბადაღებული პროექტი, როცა აპირებდნენ (თუ კვლავაც აპირებენ) პირველი კლასიდან მთელი სასკოლო პროგრამა გადაეტანათ სპეციალურ კომპიუტერში, რომელსაც დაურიგებდნენ ბავშვებს. ბელად–ბრეზიდენტი სიამაყით ატრიალებდა ამ მწვანე სათამაშოს მთავრობის სხდომაზე. არადა, ეს ნივთი გაკეთდა უღარიბესი ქვეყნებისთვის, სადაც წიგნის კულტურა, გამომცემლობები ისტორიულად განუვითარებელი იყო და ხალხს არ ჰქონდა საშუალება ან ჩვევა წიგნები ეყიდა, მათ შორის სახელმძღვანელოები. საქართველოში კი, ავად თუ კარგად, კოლოსალური რაოდენობის წიგნი გამოიცემოდა საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში და ბევრ ოჯახშიც არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკები. დღეს კი, სამწუხაროდ, უმრავლესობა ვერ ახერხებს ვერც წიგნის და ზოგჯერ ვეღარც სახელმძღვანელოს ყიდვას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოსავალი წიგნების გაუქმებაში და პირველი კლასიდანვე ბავშვების კომპიუტერის ტიპის მოწყობილობაზე „შესმაშია“, რაც საბოლოოდ გაანადგურებს ისედაც გადაშენების პირას მდგარ წიგნის კითხვის კულტურას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"