ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
17.09.2010
დესტაბილიზაცია კავკასიაში – დასავლეთის წინასწარ განზრახული პროვოკაციაა

თავდაპირველად დავესესხები კომუნისტური პარტიიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვიქტორ ილიუხინის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა აზერბაიჯანულ პორტალს.

ეს არის ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ორი–სამი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საგამოძიებო კომისიებს მთიან ყარაბაღთან, საქართველოსთან და სხვა ადგილებთან დაკავშირებით, სადაც უკვე აღმოცენდა ეთნიკური კონფლიქტები და დაიწყო სსრკ–ს დანგრევა. აღნიშნული ინტერვიუ ასპროცენტიანი ობიექტურობით აჩვენებს, თუ ვის აძლევდა ხელს ყარაბაღში, სუმგაიტში, დნესტრისპირეთსა და აწ უკვე ყოფილი საბჭოეთის სხვა რეგიონებში სისხლისღვრა. ისინი, ვისაც დღეს გმირების რანგში აჰყავს ტერ–პეტროსიანი, დუდაევი, მასხადოვი, ყირიმელ თათართა ე. წ. „მეჯლისის“ ლიდერები და სხვა მსგავსი პირები, არ ესმით, როგორ სახიფათოდ ეთამაშებიან დენთით სავსე კასრს.

თუკი დავაკვირდებით, როგორი ადამიანები იდგნენ სსრკ–ს ტერიტორიაზე მოქმედი სეპარატისტული მოძრაობების სათავეში საბჭოეთის არსებობის ბოლო წლების მანძილზე, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანი (აბსოლუტურად ყველა) დაწყებული მოძრაობა „ყარაბაღის“ ლიდერებით და დამთავრებული უზბეკი სეპარატისტებით, რომლებიც თურქ მესხებს ხოცავდნენ ფერგანაში – მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი აშშ–ს ადმინისტრაციასთან, რომელიც არ ზოგავდა არანაირ საშუალებას, მათ შორის ფულს, ეროვნებათშორისი კონფლიქტების გასაღვივებლად, რათა საბოლოოდ გაეთიშა ერთმანეთისგან სსრკ–ში მეგობრულად მცხოვრები ხალხები. იმის დასამტკიცებლად, რომ სსრკ–ში წარმოშობილი და დღეს ასევე ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში არსებული სეპარატიზმის უკან აშშ და დასავლური იმპერიალიზმი დგას. ამას ადასტურებს ორრი ფაქტი პოსტსაბჭოური სინამდვილიდან:

ფაქტი პირველი. სსრკ–ს დაშლის შემდეგ ჩეჩნეთ–ინგუშეთის დედაქალაქ გროზნოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოსვლები რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ხოლო სეპარატისტების სათავეში მდგარი ყოფილი საბჭოთა ოფიცერი ჯოხარ დუდაევი, როგორც შემდეგ გაირკვა, მოქმედებდა აშშ–ის კონგრესისა და სადაზვერვო სამსახურის სი–აი–ეის მითითებებით. მათ, ვისაც ამაში ეჭვი ეპარებათ, ვურჩევ, გადახედონ, თუ სად არიან განლაგებული ჩეჩნეთის ე. წ. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა წარმომადგენლობები. წაიკითხეთ საინფორმაციო შეტყობინებები და წააწყდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ დასახელებებს: ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, ლონდონი, ჟენევა და დასავლური დიპლომატიის სხვა ცენტრები. ჩეჩენი სეპარატისტები (თავიდან ჯერ კიდევ დუდაევის დროს, ისევე როგორც მისი დაღუპვის და მისი საველე მეთაურების – ბასაევის, მასხადოვის, ჰატაბის და სხვათა აღზევების შემდეგ) მუდმივად და შეუფერხებლად მარაგდებოდნენ საფინანსო და სამხედრო დახმარებით დასავლეთის მიერ. დასავლეთი უბრალოდ იყენებდა იმ შეცდომებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაუშვა კავკასიელი ხალხების მიმართ და ხელს უწყობდა სეპარატიზმს რეგიონში, კავკასიაში დესტაბილიზაციის და მისი ჯერ საბჭოთა კავშირისგან, შემდეგ კი რუსეთისგან ჩამოშორების მიზნით. სულაც არ ვამართლებ ელცინის და პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთაც შესაბამისად პირველი და მეორე ჩეჩნური ომები გამოიწვიეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ ომების წინაპირობები დასავლური იმპერიალიზმის სამსახურში მდგარმა ადგილობრივმა სეპარატისტებმა შექმნეს, რათა დახმარებოდნენ დასავლეთს კავკასიის ხელში ჩაგდებაში, თავისი ბუნებრივი რესურსებიანად.

მეორე ფაქტი, რემელზეც მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო, უკავშირდება ყირიმელ თათრებს და ყირიმში მათ დაბრუნებას დამოუკიდებელი უკრაინის წარმოშობის შემდეგ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტრიქონების ავტორს არაფერი საწინააღმდეგო არ გააჩნია ყირიმელი თათრებისა და მათი უფლების მიმართ, დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში ყირიმის ნახევარკუნძულზე. საქმის არსი კი შემდეგში მდგომარეობს. ყირიმელი თათრებისადმი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ყირიმში დაბრუნებიდან რამოდენიმე წლის გასვლის შემდეგ მათი თემის სათავეში ამერიკული ფულის საშუალებით ჩამოყალიბდა არაოფიციალური და არავის მიერ აღიარებული „,მეჯელისი“, (მუსულმანური აღმოსავლეთის ენებზე – პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო). ამ მეჯელისის სათავეში დასმულ იქნა ამერიკელი აგენტი და აშშ კონგრესის პროტეჟე მუსტაფა ჯემიშევი, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყო თათრების დაახლოებისათვის ნახევარკუნძულის დანარჩენ მოსახლეობასთან, ღიად დაიწყო გაქეზების კამპანია რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სთესს რასობრივ შუღლს. იგი მოქმედებს ოფიციალური კიევის მხრიდან წაყრუების, ხანდახან კი ფარული მხარდაჭერის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს „მეჯელისი“ ფაქტობრივად უკანონო წარმონაქმნია, ხოლო მისი „სპიკერის“ გამონათქვამები ექვემდებარებიან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის არა ერთი მუხლით დასჯას, მეჯელისს თითსაც ვერავინ აკარებს; რა გასაკვირია, მისი მეთაურის მუსტაფა ჯემიშევის უკან ხომ თვით ძია სემი დგას! ხოლო ძია სემის პროტეჟეებისათვის, როგორც ჩანს, კანონი არ არსებობს.

დაბოლოს, მსურს, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონაზე შევჩერდე. მ.სააკაშვილმა, დაუკავშირა რა თავისი პოლიტიკა დასავლეთს, ძალიან ცუდი საქმე გაუწია არა მხოლოდ საქართველოს მრავალეთნიკურ ერს, არამედ საკუთარ თავსაც. რუსეთისგან საქართველოს ჩამოშორების და საბჭოთა წარსულისგან მისი სრული დისტანცირების გზით მან ფაქტობრივად უღალატა საკუთარ ხალხს (მათი ჩათვლით, ვინც მას თავიდან ხმა მისცა). სააკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ მიუხედავად სსრკ–ის დანგრევისა, რომლის ცენტრსაც, გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი წარმოადგენდა, თანამედროვე საქართველოს მცხოვრებთა უმეტესობა (ვგულისხმობ ეთნიკურ ქართველებსაც) კვლავინდებურად გრძნობს რუსეთთან სულიერ კავშირს. ეს განპირობებულია საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას შორის ძველთაგანვე არსებული კავშირებით, ასევე იმ დიდი წვლილით, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის და წარმოების განვითარებაში შეიტანა საბჭოთა კავშირმა, როდესაც საქართველო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა მის შემადგენლობაში.

ამას გარდა, სსრკ ტერიტორიაზე წარმოშობილი ეთნიკური კონფლიქტების გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს კონფლიქტები პროვოცირებული იყო დასავლური გავლენის ადგილობრივი აგენტების მიერ, ეს კი გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი არასაკმარისად განვითარებული ქვეყნის დასავლეთზე ორიენტაცია ამ ქვეყნისთვის სავალალოდ სრულდება ხოლმე. დასავლეთი თავის პროტექტორატს იმისთვის არ განავრცობს ასეთ ქვეყნებზე, რომ მათი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები დაიცვას. დასავლეთი თავის აბლაბუდაში აბამს განუვითარებელ და (ხელოვნურად) დასუსტებულ ქვეყნებს ერთადერთი მიზნით – ძარცვოს ამ ქვეყნების სიმდიდრეები და ადგილობრივი მოსახლეობა იაფფასიან მუშახელად ან სულაც მონებად გამოიყენოს. ამიტომ სააკაშვილის გადაწყვეტილება, გააკერპოს დასავლეთი და ქედი მოიხაროს მის წინაშე, არა მხოლოდ სისულელე, არამედ ნამდვილი დანაშაულია, რომელიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

მსოფლიო იმპერიალიზმის გაღმერთების საქმეში სააკაშვილი, როგორც ჩანს, შორს გასცდა თავისი კოლეგა–კომპრადორების უმრავლესობას. რამდენიმე წლის უკან, ჯორჯ „დაბლიუ“ ბუშის პრეზიდენტობის ხანაში სააკაშვილმა მისი სახელი დაარქვა თბილისის ერთ–ერთ ქუჩას. ამავე დროს დასავლეთი აგრძელებდა საქართველოს ხელისუფლების წაქეზებას ჯარის შესაიარაღებლად, სწორედ იმ იმედით, რომ ეს გამოიწვევდა სამხრეთ ოსეთის გარშემო კონფლიქტის განახლებას და რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას. 2008 წლის აგვისტოში მართლაც მოხდა ის, რაშიც დასავლეთი იყო დაინტერესებული. კბილებამდე შეიარაღებულმა საქართველოს არმიამ განახორციელა მასირებული შეტევა ცხინვალზე. ამან გამოიწვია რუსეთის გარდაუვალი რეაქცია, რომელმაც ცეცხლით უპასუხა ქართულ ჯარებს. რუსეთის დახმარებით ქართული ჯარების შეტევა ცხინვალზე უკუგდებულ იქნა. ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ დასავლეთმა, რომელმაც აქამდე საქართველო უხვად შეაიარაღა და სააკაშვილს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდა, ომის დაწყების შემდეგ, როდესაც სააკაშვილი რუსული ჯარებისგან დარტყმას დარტყმაზე ღებულობდა და მარცხდებოდა, არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა. დახმარება არ იყო არც ამერიკის, არც საფრანგეთის, არც ისრაელის მხრიდან... დასავლეთმა უბრალოდ „გადააგდო“ სააკაშვილი, არ სურდა რა რუსეთის ძალის და ატომური არსენალის გამოცდა.

რაოდენ სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა დღემდე ვერ შეძლო სწორი დასკვნების გაკეთება საომარი მოქმედებებიდან და დასავლეთის ღალატიდან გამომდინარე. სააკაშვილი ჯიუტად განაგრძობს დასავლეთთან მაქსიმალური დაახლოების მცდელობებს, მუდმივად ემუდარება დასავლეთს, მიიღოს საქართველო ნატო–სა და სხვა იმპერიალისტური სტრუქტურების რიგებში. მას არ ესმის, რომ დასავლეთზე ორიენტირება, დასავლური ცხოვრების წესის გადმოღება ეწინააღმდეგება კავკასიის რეგიონის ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ პირობებს. არავინ არ უნდა იცხოვროს მიმბაძველობით მაიმუნებივით, ეცადოს სხვა ხალხების ტრადიციების და წესების სრულ გადმოტანას საკუთარ ქვეყანაში. ცხადია, რომ ყველაფერი მისაღები ვერ იქნება აღმოსავლეთისათვის ან სამხრეთისათვის, რაც დასავლეთისთვის არის მისაღები. ყოველ ქვეყანას, ყოველ რეგიონს აქვს განვითარების საკუთარი გზა, საკუთარი ისტორია და ტრადიციები. ამიტომ დასავლეთის მცდელობები, ადგილობრივი რენეგატების საშუალებით თავს მოახვიოს მსოფლიოს ხალხებს, იცხოვრონ დასავლური სტანდარტებით, წარმოადგენს დანაშაულებრივ აქტს და საფრთხეს უქმნის სხვადასხვა თვითმყოფადი ხალხების ჰარმონიულ და ბუნებრივ განვითარებას.

<

ავტორი: ისრაელელი პოეტი და პუბლიცისტი შმუელ ერუშალმი, რომელმაც უარჰყო სიონიზმი და კომუნისტი გახდა. შ.ერუშალმის შესახებ ცნობა იხ. ინტერნეტში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"