ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
15.09.2010
ობამა სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ იყენებს

შორენა გონგლაძე

ინტერვიუ ჰამლეტ ჭიპაშვილთან

- ბატონო ჰამლეტ, სააკაშვილის განცხადება კონფედერაციასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება აღვიქვათ, ეს მისი პოლიტიკური ხუმრობა იყო თუ ამაში რეალობის მარცვალიც დევს?

- ჯერ ერთი, თუ ეს ხუმრობაა, ასე ხუმრობა არ შეიძლება და მეორეც, ამაში არის სიმართლის მარცვალი. ეს არ იყო შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა, ეს კარგა ხნის ფიქრის შედეგად აწონილ-დაწონილი და აზერბაიჯანელებთან და თურქებთან საუბრის ნაყოფია. არა მგონია, ეს იდეა არ იყოს განხილული ამერიკელებთან. ორი წლის წინ, როდესაც ანკარაში გაიმართა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა კონფერენცია, რომელშიც მეც ვიღებდი მონაწილეობას, იქ ითქვა კონფედერაციაზე და ეს გაახმოვანა რუსეთის წარმომადგენელმა. შემდეგ მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც ლაპარაკია საქართველოში ასიმეტრიულ კონფედერაციაზე. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ძირითადად საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის ერთ ჭერქვეშ ყოფნის იდეა, მაგრამ როგორც ჩანს, მასპინძლებს ეს იდეა მოეწონათ. კონფერენციის დროს კიდევაც ითქვა კავკასიაში კონფედერაციაზე, თუმცა ამაზე არ გაგრძელებულა საუბარი, ეს ითქვა გაკვრით. როგორც ჩანს, ეს თემა შემდეგ დატრიალდა საკმაოდ სერიოზულად, ეს გაანდეს პატივცემულ მიხეილს, შემდეგ ამის თაობაზე ითქვა აზერბაიჯანელებთან და ბოლოს და ბოლოს, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს იდეა უნდა გაჟღერდეს. რა მოყვება ამას, სხვა საკითხია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს იყოს პრეზიდენტის მორიგი გამოხტომა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი თავქარიანული გამოსვლა, რომელიც ახასიათებს ჩვენს პრეზიდენტს.

- ამ კონფედერაციაში ამერიკის ინტერესი რატომ უნდა იდოს?

- თუ ჰგონიათ, რომ ამერიკას ძალიან შესტკივა გული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული, ეს მე მგონი შეცდომაა. უპირველეს ყოვლისა, არც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შესძლოს საქართველომ ამ ტერიტორიების უკან დაბრუნება. ეს უკვე ისტორიას ჩაბარდა. მათი განწყობა რომ უფრო სხვანაირი ყოფილიყო, ცხადია, ადგილი არ ექნებოდა არავითარ ომს, მაგრამ მათი განწყობა არის სააკაშვილის მხარდამჭერი და არავითარ შემთხვევაში საქართველოს პრობლემების გადასაყვეტად. მათი ინტერესი არის პლაცდარმი ამ ტერიტორიაზე. ამერიკას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ურთიერთობებს აწესრიგებს სომხეთთან, რატომ არ უნდა ჰქონდეს აშშ-ს სურვილი, რომ აქ შეიქმნას კონფედერაცია, რომელშიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება მისი მოწინააღმდეგე რუსეთი და ამ კონფედერაციაში ამერიკის საკმაოდ დიდი გავლენა იქნება. ცხადია, ასეთი რამ ამერიკას უნდა აწყობდეს და ამერიკელთა პოზიციებიდან გამომდინარე მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ.

- ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი რას უკავშირდება? როგორც ითქვა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებაზე იქნება საუბარი...

- ამერიკას რომ თავისი ინტერესები აქვს, ეს ვიცით, აქ ჩამოსულია კონგრესმენთა დელეგაცია, ისევე როგორც კონდოლიზა რაისი, რომელიც ბათუმში ჩამოვიდა და თბილისსაც მოინახულებს (რაისის თბილისში ვიზიტი არ შედგა გაურკვეველი მიზეზების გამო - რედ.). მათი ინტერესი არის ერთი, რომ როგორმე მხარი დაუჭირონ იმ ხელისუფლებას, რომელიც ამერიკაში ითვლება პროამერიკულად, ანუ სააკაშვილს, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ასეთი შემართული და რუსეთის მოწინააღმდეგე; რომ ამერიკის პოზიციები იყოს მტკიცე და შეურყეველი კავკასიაში. ეს არის როგორც კონგრესმენების, ასევე ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტის მიზანი საქართველოში. არავინ ერთი წუთითაც არ იტყვის იმას, მე რომ მოგეცი მილიარდნახევარი დოლარი, შენ რას მოახმარე ეს ფული? ნუ იფიქრებთ, რომ ამერიკელი ამას იტყვის. ასეთ დროს ამერიკელი ამბობს, ჩვენ არ ვერევით საშინაო საქმეებში, ეს არის არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტი და ა.შ., მაგრამ ამერიკა მშვენივრად ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნებში და საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გვაცნობა, თუ ვინ იყო არჩევნებში გამარჯვებული.

- მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილის პერსონა ჯერ კიდევ საიმედო დასაყრდენს წარმოდგენს ამერიკისთვის.

- ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სააკაშვილი არის ნომერი პირველი დასაყრდენი ფიგურა კავკასიაში, და მით უმეტეს, საქართველოში. ყველას მოსწონს ამერიკა, ყველა კოჭს უგორებს, თუნდაც ალასანიადან დავიწყოთ და დავამთავროთ ნათელაშვილით, მაგრამ საქმე ისაა, რომ სააკაშვილზე მეტად არავის უყვარს ამერიკა, ეს ძალიან კარგად იციან იქ, გარდა ამისა, სააკაშვილს სხვა ურთიერთობები აქვს ჩამოყალიბებული ამ წლების განმავლობაში 1994 წლიდან დაწყებული. არა მარტო ვერბალური ურთიერთობები, არამედ სხვა ურთიერთობებიც აქვს ამერიკელ პოლიტიკოსებთან, ისეთი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს.

- სააკაშვილის მიმართ ობამას დამოკიდებულება ყოველთვის არის ეჭვების საბაბი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის სააკაშვილი ნაკლებად საინტერესოა.

- ამას ძირითადად ლაპარაკობს ოპოზიცია,ის, ვისაც სურს მათი სურვილი იყოს რეალობა. ცხადია, რესპუბლიკელებთან შედარებით დემოკრატებს ნაკლებად მოსწონთ სააკაშვილი, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდში დემოკრატთა ლიდერ ობამასთვის, რომელიც საპრეზიდენტო მარათონში იყო ჩაბმული, საკმაოდ მძიმედ მისაღები უნდა იყოს სააკაშვილის და საქართველოს ასეთი შიშველი მხარდაჭერა რესპუბლიკელი მაკკეინისადმი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გარკვეული პიროვნული გრძნობებიც ხშირად გვახსენებს თავს და ხშირად ამ პიროვნულ გრძნობებს პოლიტიკაზე მაღლა ვაყენებთ. ყოველ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის მოქმედებებიდან გამოვალთ, პიროვნული ყოველთვის ძლევდა სახელმწიფოებრივს. ობამაც ადამიანია და მასაც კარგად ახსოვს, რა იყო 2008 წელს და როგორ აპირებდნენ ცხინვალის ომით მაკკეინისთვის ქულების შეძენას. გარდა ამისა, პიროვნულადაც, როგორც ჩანს, დიდი აღფრთოვანებით არ უყურებს ობამა სააკაშვილს, მაგრამ ობამა ხომ მარტო არ არის, მის ირგვლივ არიან დემოკრატები, რომელთა რიგებშიც გვხდებიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელით ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, ვგულისხმობ სადგისის ჩხვლეტას რუსეთისთვის. ანუ რუსეთის გასაღიზიანებლად ეს ის პირია, რომელიც შეიძლება გამოიყენოს თუნდაც დემოკრატიულმა ადმინისტრაციამ. ავიღოთ ის განცხადება, რომელიც გააკეთა აქ ქალბატონმა კლინტონმა. მან ხაზგასმით ილაპარაკა რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქრთველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რასაც გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი. მან თქვა, რომ სიტყვებით და განცხადებებით არ წყდება პრობლემები, მაგრამ ამას წინათ ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა ასეთი სტატია, სადაც აღნიშნულია იმის თაობაზე, რომ ამერიკის პოლიტიკოსების მხრიდან სულ მუდამ იმის განცხადება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, უპირველეს ყოვლისა, ხელს აძლევს სააკაშვილს და აქეზებს მას უფრო აგრესიული ქმედებებისკენ. ამ სტატიას მე სრულად ვეთანხმები. აქედან გამომდინარე, ობამას არ მოსწონს სააკაშვილი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, მთავარია ის წრე, რომელიც აკრავს ობამას და რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის გარკვეული პრობლემების შესაქმნელად სააკაშვილი არის იდეალური ფიგურა.

გამოქვეყნდა გაზეთ "ახალ თაობაში".
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"