ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
13.09.2010
კიდევ ერთხელ “ნაბუკოს” შესახებ

ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგების საკითხი ამერიკელთა წყალობით ლამის ნომერი პირველი პოლიტიკური თემაა. ენერგეტიკული რესურსები და მათი საზრიანად, ყაირათიანად გამოყენება ყველა ევროპული ქვეყნის უპირველესი ამოცანაა.

ამ საქმეში ისინი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. დღეს ჩვეულებრივად არის მიღებული ახალი სახის სახლების მშენებლობა, სადაც მაქსიმალურად არის გათვალიწინებული თბილი ჰაერის დიდ ხანს შენარჩუნების ტექნოლოგია. გაზი, ნავთობი, ბირთვული, ჰიდროენერგია, ქვანახშირი მსოფლიოს უმთავრესი ენერგეტიკული წყაროა და როგორც ჩანს ასეთად დარჩება უახლოეს მომავალში. ალტერნატიული - მზის, ქარის ენერგია, ბიოლოგიური საწვავი, დღესდღეობით მინიმალურად აკმაყოფილებს სწრაფად მზარდ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მსოფლიოში ენერგომატარებლებით მდიდარი ქვეყანა გარკვეული გავლენით და პატივისცემითაც სარგებლობს. თანამედროვე ევროპა-ამერიკა მზადაა თვალი დახუჭოს ნავთობითა და გაზით მდიდარი არაბული ქვეყნების შუასაუკუნეობრივ და მათთვის მიუღებელ ცხოვრების წესზე. აშშ-სა და ევროპისათვის მთავარია არაბული ქვეყნების მათდამი კეთილი განწყობა და მორჩილება.

ყოველივე აღნიშნულის განხორციელებისთვის აშშ-ი არც ძალას და არც ფინანსებს არ იშურებს. შედეგიც სახეზეა – არაბული ქვეყნების ლოიალურობა გარანტირებულია. სხვაა რუსეთი და ირანი. ორივე სახელმწიფო ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ სახელმწიფოთა რიცხვს მიეკუთვნება. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც არსებული და აუთვისებელი ენერგეტიკული საბადოები უხვადაა, რაც საშუალებას აძლევს მას დღეს და მომავალშიც იყოს ლიდერი ენერგომატარებლების ექსპორტში. ენერგომატარებლების დიდი რაოდენობა თავისთავად მატებს რუსეთის ხელისუფლებას თვითდაჯერებას, პოლიტიკურ საკითხებში საკუთარი პოზიციის ქონას.

მსგავსი ვითარებაა ირანის ისლამურ რესპუბლიკაშიც – ქვეყანაში, სადაც აღინიშნება არა მარტო ნავთობისა და გაზის დიდი რაოდენობით არსებობა, არამედ ენერგომატარებლების მაღალი ხარისხიც. ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დადგება ენერგორესურსების ამოწურვის დრო და რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მისი მომჭირნეობით გამოყენება, ბირთვული ენერგიით ჩანაცვლება. დასავლელები, განსაკუთრებით ამერიკელები ირანის ხელისუფალთა სახელმწიფოებრივ მიდგომას ენერგომატარებლების მომჭირნეობით გამოყენებასთან დაკავშირებით და ამისათვის ბირთვული პროგრამის შექმნას, კრიტიკულად იხილავენ. მათი მოსაზრება მარტივია – რაში სჭირდება ირანს ბირთვული ენერგია, როდესაც თავზესაყრელად აქვს ნავთობი და გაზი. დასავლეთს სხვა რამ აწუხებს – მას არ სურს, რომ ირანი დაეუფლოს თანამედროვე ბირთვულ ტექნოლოგიასა და ამ ფარისეველურ სურვილს ირანის ბირთვული იარაღის შექმნის ისტერიული პროპაგანდით ფარავს. ირანის ხელისუფალთ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათი მიზანი არ არის ბირთვული იარაღის შექმნა. მათი მიზანია – ბირთვული კვლევების ჩატარება, ბირთვული ენერგიის მიღება, როგორც ელექტროენერგიისათვის, ისე მედიცინის განვითარებისათვისაც. მაგრამ, როდესაც აშშ-ს სხვა სურვილი ამოძრავებს, მისთვის ირანის ხელისუფალთა ახსნა-განმარტება მიუღებელია.

ბირთვულ ტექნოლოგიებს დაუფლებული ირანი ამერიკელთა მეტოქე იქნება არა მარტო ბობოქარ ახლო აღმოსავლეთში. ბირთვულიარაღიანი ირანი მსოფლიოსთვის ამერიკელთა მიერ გამოგონილი საფრთხობელაა. კაცმა რომ თქვას, რა არის საშიში იმაში, თუ ირანს ექნება ბირთვული იარაღი? ბირთვული იარაღი აქვს ისრაელს, ინდოეთს, პაკისტანს, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრ სახელმწიფოს, მაგრამ მსოფლიო ამით არ დაქცეულა. იქნებ სწორედ ბირთვული იარაღი არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც 65 წელია იხსნა მსოფლიო დიდი ომისაგან?

ენერგორესურსებით მდიდარი რუსეთისა და ირანის პოლიტიკა აღიზიანებს ვაშინგტონს. ამიტომაც ცდილობს, როგორც ერთის, ისე მეორის წინააღმდეგ შემაფერხებელი ბარიერების შექმნას. ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ევროპისათვის რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების შექმნა, ე.წ. დივერსიფიკაცია. თემამ განსაკუთრებული აქტუალობა ბუშის ადმინისრაციის დროს შეიძინა. პირველ პლანზე წამოწია, რუსეთის გვერდის ავლით, კასპიის ზღვის ენერგორესურსების ევროპაში ტრანსპორტირების საკითხმა. “ნაბუკოს” სახელით მოვლენილმა ამერიკულმა პროექტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. უკვე მერამდენე წელია მიმდინარეობს “ნაბუკოზე” ლაპარაკი, არის სისტემატური აზრთა გაზიარება, პოლემიკა, კინკლავი, მაგრამ საკითხი არ დაძრულა. ექსპერტ-ეკონომისტთა გათვლით “ნაბუკო” უფრო პოლიტიკური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური, ანუ მასში დახარჯული ფული ნაკლებ სიკეთეს მოიტანს.

“ნაბუკოს” თემაზე საუბარი ცუდი კარდიოგრამის მსგავსია – ხან მაღალი, ხან დაბალი. ერთ-ერთს სულ ახლახანს ჰქონდა ადგილი ანკარაში. პროექტის მმართველმა კომიტეტმა განიხილა გაზსადენის გაზით მომარაგების ორი გზა – პირველი, კასპიის ზღვიდან, მეორე – ერაყიდან. პირველში იგულისხმება - თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით. პირველ ვარიანტში არ გამოირიცხებოდა ირანული გაზის მონაწილეობაც, მაგრამ ანკარის შეხვედრამ საბოლოოდ უარი თქვა ირანულ გაზზე – ცხადია პოლიტიკური მოსაზრებით, აშშ-ს პოზიციიდან გამომდინარე. არადა მილსადენის სრული დატვირთვისათვის ირანული გაზი მისწრება იყო.

პროექტიდან ირანის ამოღებამ კვლავ გაააქტიურა კითხვა – ირანის გაზის გარეშე დაიტვირთება თუ არა გაზსადენი. “ნაბუკოს” წლიური დატვირთვა შეადგენს 31 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს. ირანის გაზის უკუგდების შემდეგ დარჩება 7-8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აზერბაიჯანიდან და ერაყიდან. შეძლებს თურქმენეთი დეფიციტის შევსებას? მხედველობაშია მისაღები თურქმენეთ-აზერბაიჯანის კამათი კასპიის ზღვის საზღვრებთან დაკავშირებით. ესეც რომ არ იყოს “ნაბუკოს” წლიური 31 მილიარდი კუბური მეტრი კონკურენციას გაუწევს 63 მილიარდ კუბური მეტრის (წლიურად) რუსულ პროექტს - ”სამხრეთის ნაკადს”. ამ პროექტში თურქმენული გაზიც არის გათვალისწინებული. მიუხედავად ამისა, “ნაბუკოს” პროექტის მონაწილეებმა: ავსტრიულმა კომპანია OMV, უნგრულმა MOL-მა, ბულგარულმა ბულგარგაზ–მა, რუმინულმა ტრანსგაზ-მა, თურქულმა ბოტას-მა და გერმანულმა RWE-მ გადაწყვიტეს დაიწყონ საინჟინრო სამუშაოები. 3000 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობა 2011 წელს ანკარაში დაიწყება ბულგარეთის მიმართულებით, მარმარილოს ზღვის გავლით. პროექტი 2 ფაზად იყოფა: 2000 კმ ახალი გაზსადენის მშენებლობა თურქეთიდან ავსტრიისკენ და თურქეთ-საქართველოსა და თურქეთ-ერაყის გაზსადენის მშენებლობა.

მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, მაინც ძნელია იმის თქმა, განხორციელდება თუ არა “ნაბუკოს” პროექტი. პროექტში შემავალმა გერმანულმა კომპანიამ რუსული “გაზპრომის” წინადადებით მოლაპარაკება განაახლა მისი რუსულ პროექტთან “სამხრეთის ნაკადი”, მიერთებასთან დაკავშირებით. გერმანელთა თანხმობის შემთხვევაში “ნაბუკოს” პროექტს განხორციელება არ ეღირსება. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ “ნაბუკოს” სამომავლო პროექტს, ისევე, როგორც სხვა პროექტებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ემუქრება, რაც იწვევს გაზზე მოთხოვნილების შემცირებას. გარდა ამისა ევროპაში არსებობს ტექნოლოგია გაზის ფიქლიდან მისაღებად. გაზის შემცვლელი ფიქალის მარაგი ევროპაში საკმაოა.

დღეს უკვე ნათელია, რომ აშშ-მა რუსულ პროექტებს – ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაკადების სახით ვერაფერი დაუპირისპირა. სამწუხაროდ, მან მოახერხა ირანელთა დაბლოკვა, თუმცა ამით გააუარესა “ნაბუკოს” რესურსების შევსების საკითხი. აშშ-ს პოლიტიკა და დიპლომატია ძალას არ იშურებდა მოსკოვ-თეირანს შორის ხინჯის გასაჩენად. ნაწილობრივ მან მოახერხა კიდევაც ეს – გავიხსენოთ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ამას წინათ ირანის საწინააღმდეგოდ მიღებული რიგით მეოთხე სანქციები. ვაშინგტონმა მოახერხა მოსკოვ-პეკინის დაყოლება, რამაც ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ირანელებში.

ეკონომიკური სანქციების მეშვეობით ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ ამხედრება შეუთავსებელია თანამედროვებასთან, ადამიანის უფლებათა დაცვასთან და სხვა. ამერიკელთა განმარტება, რომ სანქციები აიძულებს “დასჯილი” ქვეყნის ხელისუფალთ შეცვალონ პოლიტიკა – აბსურდია, ისევე, როგორც მოსაზრება, რომ ის (სანქციები) არ შეეხება ხალხს. “დასჯილი” ქვეყნის ხელისუფლება მხოლოდ მაშინ შეიცვლის პოლიტიკას, თუკი სანქციებით შეწუხებული ხალხი ქუჩაში გამოვა საპროტესტო დემონსტრაციებით. ყველამ კარგად იცის, რომ სახალხო გამოსვლებიდან სახალხო რევოლუციამდე ერთი ნაბიჯია. ამ შემთხვევაში რამდენად გულწრფელია ვაშინგტონელ პოლიტიკოსთა განცხადება, რომ სანქციების შემოღებით ისინი სულაც არ იღვწიან ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობისათვის? პასუხი ევრაზიის ინსტიტუტის საიტის მკითხველებისთვის მომინდვია.

ეკონომიკური სანქციები საზრიანი ხელისუფლების ხელში რაზმავს დასჯილ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას. მსგავსი მაგალითები არსებობს, თუნდაც კუბის ნახევარსაუკუნოვანი ეკონომიკური ბლოკადა რად ღირს. ქართველებსაც გვაქვს ავად გასახსენებელი – აფხაზეთის ბლოკადა.

ვაშინგტონის პოლიტიკოსთა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მათ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს დასაბამიდანვე თან დაჰყვება წარუმატებლობის ელფერი, თუმცა ნეგატიურის კეთებას დაჩვეულთათვის გაპოზიტიურება არცთუ იოლი საქმეა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,პოლიტოლოგი
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"