ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.07.2010
ქართული ნაციონალიზმის პერსპექტივები

სტატიის დასაწყისში თავად ნაციონალიზმის ცნება შეძლებისდაგვარად ლაკონურად განვმარტოთ და შემდეგ ძირითადი ყურადღება მიმდინარე სიტუაციას და აქედან გამომდინარე უახლოეს პერსპექტივებს დავუთმოთ. 

ნაციონალიზმი, როგორც პოლიტოლოგიური ცნება, საკმაოდ კონკრეტულია. დაუშვებელია მისი გაიგივება ისეთ მოვლენებთან, როგორებიცაა ეთნოცენტრიზმი, შოვინიზმი, იმპერიალიზმი, სეპარატიზმი და ა.შ. ისტორიულად, ნაციონალიზმის ჩამოყალიბების ეპოქად ითვლება ე.წ. ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქა, როცა ხდებოდა ფეოდალური, წოდებრივ-არისტოკრატიული და რელიგიური ხასიათის მქონე იმპერიების მსხვრევა. ნაციონალიზმი ეყრდნობოდა ბურჟუაზიას, პირველ რიგში წვრილ ბურჟუაზიას, ხოლო მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნები იყო - უნიტარიზმი, ენობრივ-რეგიონალური უნიფიკაცია და სეკულარიზმი (ეკლესიის მკაცრი გამიჯვნა სახელმწიფოსგან). ნაციონალიზმის კლასიკურ ქვეყანად ითვლება საფრანგეთი. სწორედ ფრანგული პოლიტოლოგიიდან მოდის ტერმინი Etat-Nation, ანუ სახელმწიფო-ნაცია. ამ კონსტრუქციაში სახელმწიფო და ნაცია „მედლის ორ მხარეს“ წარმოადგენს. ნაცია შედგება მოქალაქეებისგან და არა ვთქვათ, ეთნიკური უმცირესობებისგან, რომლებიც ეთნიკური უმრავლესობის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ეთნიკური წარმომავლობა ნაციის შემადგენელი ელემენტისთვის, ანუ მოქალაქისთვის, არაფერს ნიშნავს, თუნდაც იურიდიულად. კანონმდებლობა და ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკა კლასიკურ ნაცია-სახელმწიფოშო არ ცნობს ეთნიკურობის მომენტს.

საფრანგეთის გარდა, „სამაგალითო“ ნაციონალისტურ სახელმწიფოდ ითვლებოდა თურქეთი ე.წ. ქემალისტური რევოლუციის შემდეგ. აქ ნაციონალისტური სახელმწიფოს ყველა ძირითადი თვისება გამოკვეთილად წარმოჩნდა: სახელმწიფო მოწყობის უნიტარიზმი, ენობრივ-ეთნიკური უნიფიკაცია და მკაცრი, ლამის პარანოიამდე მისული სეკულარიზმი, რომლის სადარაჯოზე იდგა სამხედრო ელიტა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლება შეუდგა ნაციონალიზმის ცხოვრებაში გატარებას დამკვრელური ტემპებით. სააკაშვილმა თავის პოლიტიკურ იდეალად გამოაცხადა თურქული ნაციონალიზმის მამა ათათურქი. როგორც ხდება ხოლმე, ნაციონალისტური იდეოლოგიის მამოძრავებელ ძალად იქცა ეთნოცენტრიზმი, ირაციონალური ეთნიკური ენერგიები, ჩვენს პირობებში კი, ე.წ. ზვიადიზმიც. შემთხვევითი არაა, რომ ბევრი ყოფილი „ზვიადისტი“ ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდა, ხოლო სამეგრელოში, სადაც ამ „მიმდინარეობას“ ყველა მეტი მხარდამჭერი ჰყავდა, სააკაშვილს ლამის ზ. გამსახურდიას „რეინკარნაციად“ აღიქვამდნენ და ნაწილობრივ დღესაც ასეა.

ეთნოცენტრული ენერგიების გამოყენება სხვადასხვა მიზნებით ერთობ საინტერესო თემაა და მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდეთ. საბჭოთა კავშირის და სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ, დასავლეთში ბევრმა ჩათვალა, რომ „ერთპოლუსიანი“ სამყარო უკვე რეალობა გახდა. მათ მიაჩნდათ, რომ სულ მალე დასავლეთის ანუ როგორც ჩვენში უწოდებენ, „ცივილიზებული სამყაროს“, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კონტროლის ქვეშ მოექცეოდა მთელი მსოფლიო. ეს თვალსაზრისი გამოხატა ფ. ფუკუიამამ თავის ცნობილ ნაშრომში „ისტორიის დასასრული“. თუმცა, 2000-იანი წლებიდან დაწყებული, მოვლენების სხვა გზით წასვლა თვალსაჩინო გახდა და „მესამე სამყაროს“ მიმართ დასავლური დემოკრატიების სრულ კონტროლზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ნაადრევი აღმოჩნდა. თავის მხრივ, ამგვარი პროგნოზი გამოთქვა ს. ჰანტინგტონმა თავის არანაკლებად ცნობილ სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახება“. ამგვარად, დასავლეთი დადგა ფაქტის წინაშე, რომ „ისტორიის დასასრული“ გადაიდო და დასავლური სისტემების, დემოკრატიის, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების მათეული გაგების აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში იმპლემენტირება ვერ ხერხდება. უფრო მეტიც, ჰანტინგტონის პროგნოზის შესაბამისად, წარმოიქმნენ ერთგვარი ახალი „იმპერიები“ და სხვა, არადასავლური ცივილიზაციების, სივრცეები, მაგალითად, პოლიტიკური ისლამის სახით. ამიტომ, იმავე ფუკუიამამ თავად აღიარა „ისტორიის დასასრულის“ არარეალურობა ამ ეტაპზე, სამაგიეროდ, დასავლეთის სტრატეგიაში „მესამე სამყაროს“ მიმართ გაძლიერდა ნაციონალიზმის წახალისების ტენდენცია. ამ სტრატეგიას ეწოდა „State Building”, ანუ სახელმწიფოების მშენებლობა. ისევე, როგორც ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქაში ნაციონალიზმი ანგრევდა ფეოდალურ-არისტოკრატიულ იმპერიებს, ნავარაუდევი იყო, რომ ჩვენს დროში ის დაანგრევდა ან დაასუსტებდა ახალი დროის „იმპერიებს“ და ცივილიზაციურ სივრცეებს, მაგალითად, ჩინეთს, რუსეთს, ისლამურ სამყაროს. ლოგიკურია, რომ, ვთქვათ, უიღურების ნაციონალისტური მოძრაობა ჩინეთში, რომელიც შეიძლებოდა დასრულებულიყო უიღურული ნაციონალური სახელმწიფოს შექმნით, ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნებოდა პოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად დასავლეთისთვის, ვიდრე უიღურების თუნდაც ჰარმონიული არსებობა ჩინეთის კომუნისტურ „იმპერიაში“. ანალოგიურად, წარმატებული თათრული ან ჩეჩნური სეკულარული, ნაციონალისტური პროექტი რუსეთში საკმაოდ ხელსაყრელი აღმოჩნდებოდა დასავლეთის ქვეყნების ინტერესებისთვის. და ა.შ.

ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ე.წ. ფერადი რევოლუციების ანალიზი, განსაკუთრებით, უკრაინის და საქართველოს შემთხვევებში, რასაც რუსეთის იმპერიული სივრცის საბოლოო ნგრევა უნდა მოჰყოლოდა. განსაკუთრებით საინტერესო და ერთგვარად პარადოქსულია უკრაინის მაგალითი. მართლაც, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ნაციონალისტური ძალები, რომლებმაც გამოაცხადეს ნატო-ში და ევროკავშირში ინტერგაციის სტრატეგიული მიზნები. ეს ძალები ეყრდნობოდნენ ძირითადად დასავლეთ უკრაინის მოსახლეობას. მაგრამ აი პარადოქსი: თუ შევადარებთ უკრაინის ნაციონალისტურად განწყობილ დასავლეთს და პრორუსულად განწყობილ „აღმოსავლეთს“, აღმოჩნდება, რომ დასავლეთში ბევრად უფრო მაღალია ქსენოფობიის, ანტისემიტიზმის, რელიგიური შეუწყნარებლობის დონე, ვიდრე აღმოსავლეთში. ამავე დროს, მოსახლეობის ქცევის სტერეოტიპებიც აღმოსავლეთში და სამხრეთში გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე დასავლეთში, სადაც ჭარბობს პატრიარქალური, კონსერვატიული, რელიგიური წარმოდგენები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის თანამედროვე რეალიებს.

საქართველოში ასეთი აშკარა რეგიონალური განსხვავებები არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს სხვადასხვა ხელისუფლების შედარების საშუალება. აქაც ერთგვარი პარადოქსი შეინიშნება: ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც მაქსიმალურად პროევროპული ლოზუნგებით მოვიდა ქვეყნის სათავეში და ევროკავშირის დროშები დემონსტრაციულად დაარჭო პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო დაწესებულების წინ, იმავე დროს მკვეთრად გაზარდა ქვეყნის მილიტარიზაციის დონე და საბოლოოდ მოახერხა ის, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სრულმასშტაბიან ომში ყოფილიყო ჩათრეული და ზოგის აზრით, თავადაც გააჩაღა ეს ომი.

დღესდღეისობით აშკარაა დასავლეთის, და განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შესუსტება და ერთგვარი გულაცრუება. არადა, სწორედ დასავლეთიდან მოდიოდა ამ რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნებში ნაციონალისტური პროექტების მხარდაჭერა. მაშ, რა მოხდა? ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ევროპაში მივიდნენ ასეთ დასკვნამდე: ნაციონალისტური ენერგიის, როგორც ჯინის, ბოთლიდან გამოშვება სარისკოა და შეიძლება უკონტროლო აღმოჩნდეს, ან გამოყენებული იქნას გაურკვეველი ორიენტაციის ავტორიტარული ან პოპულისტი ლიდერების მიერ. როდესაც დემოკრატიის და პროდასავლურობის ლოზუნგებით მოსული პრეზიდენტი იუშჩენკო სტეპან ბანდერას გმირად აცხადებს, რომელიც ერთნაირი მონდომებით ხოცავდა როგორც კომუნისტებს თუ რუსებს, ასევე პოლონელებს და ებრაელებს და როცა „დემოკრატიული ძალების“ რიგებში რატუშნიაკის და ტიაგნიბოკის მსგავსი ანტისემიტები და ნეონაცისტები ჩნდებიან, მოვლენათა განვითარება ევროპის სამეზობლოში შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს. ანალოგიურად, ევროპა შოკირებული იყო, როცა „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა სააკაშვილმა ცხინვალის შტურმის ბრძანება გასცა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად არხზე ქართველი გენერალი „საკონსიტუციო წესრიგის აღდგენის შესახებ“ აკეთებდა განცხადებას, გრადის დანადგარებიდან გატყორცნილი ზალპების ფონზე.

აღმოჩნდა, რომ ნაციონალისტური განწყობების გამოყენება შეუძლიათ არა მხოლოდ გლობალურ მოთამაშეებს თავიანთი ”მძიმეწონოსანი” ოპონენტების წინააღმდეგ, არამედ ადგილობრივ ლიდერებს თუ ბელადუკებს. ზოგი მათგანი, ცივი ომის პერიოდის არ იყოს, „პროდასავლური“ ლოზუნგებით თუ დემაგოგიით ინიღბება, ზოგი ანტიდასავლურით, ზოგი კი გაუთავებლად მანევრირებს, რათა სარგებელი მიიღოს ყველა მხრიდან. დემაგოგიის ხარისხი ინფორმაციულ ეპოქაში კიდევ უფრო დაიხვეწა და ლამის სრულყოფილი გახდა. ჩვენი აზრით, დღევანდელი საქართველო ამის თვალსაჩინო მაგალითად ყალიბდება.

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ საქართველოში ფაქტობრივად შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმი, რომლის „პროდასავლურობა“ მხოლოდ გარეგნული შირმაა. შემთხვევითი არაა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები უკვე 2006-2007 წლებიდან ერთობ დაუმეგობრდნენ ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკოს (ვიზიტები, ურთიერთკომპლიმენტები, პირველ რიგში ქართული მხრიდან). ერთი შეხედვით, ამ რეჟიმებს შორის რა უნდა იყოს საერთო - ლუკაშენკო, რომელიც ანტიდასავლური, ანტისაბაზრო და მკაცრი ხელის ლოზუნგებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, რუსი რადიკალ-პატრიოტების სათაყვანებელი ფიგურა და დემოკრატიული, პროდასავლური ლოზუნგებით მოსული, ამერიკაში განსწავლული ახალგაზრდა იურისტი სააკაშვილი (რომელიც ლუკაშენკოსვე „ფერად რევოლუციას“ უწყობდა თავდაპირველად). ბელორუსიაში არსებობს „ლუკაშენკონომიკა“ - მკაცრი რეგულირება, სახელმწიფო საკუთრების დიდი წილი, დისციპლინა, კონტროლი, ხოლო საქართველოში „ბენდუნომიკა“ - ყველაფრის პრივატიზირება, კერძო საკუთრების გაფეტიშება, მაქსიმალურად მცირე სახელმწიფო კონტროლი და რეგულირება, მხოლოდ „ბაზრის უხილავი ხელი“. ამავე დროს, რეალურად (და არა სხვადასხვა ყბადაღებული რეიტინგების მიხედვით), არანაირი უპირატესობა ჩვენს ვითომდა ულტრალიბერალურ ეკონომიკურ მოდელს ბელორუსულის მიმართ არ აღმოაჩნდა. ცხოვრების დონის, მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებით, საწარმოების რაოდენობით, საგარეო ვაჭრობის მოცულობით, მცირე ბიზნესის განვითარებითაც კი - ბელორუსია თითქმის ყველა პარამეტრით გვჯობნის. რა კერძო საკუთრებაზე და მის თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი დღევანდელ საქართველოში, როცა ნებისმიერი ბიზნესი, მათ შორის წვრილიც, პოლიტიკური წნეხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს და „უპრობლემოდ“ ჩამოერთვას პატრონს? არანაირი პრინციპული განსხვავება ბელორუსულ, ან ვთქვათ, რუსულ მსხვილ სახელმწიფო კაპიტალს და ქართულ „თავისუფალ“ ბიზნესს შორის არ არის - ორივე შეზრდილია სახელმწიფოსთან (უფრო სწორად, მმართველ ჯგუფთან) და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება, პირდაპირ თუ ირიბად. უბრალოდ, მათთან რაღაც დაგეგმვა მაინც არსებობს, საქართველოში კი ძირითადად რეჟიმის წინასაარჩევნო მოთხოვნილებების მიხედვით ხდება ეკონომიკური პრიორიტეტების დასახვა.

შესაბამისად, ის რიტორიკაც ქარწყლდება, რომელსაც მიმართავენ ხელისუფლების „იდეოლოგიური“ დამცველები, რომ, მართალია, ავტორიტარიზმი და აწ უკვე რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ მსგავსი პოლიტიკური სისტემა კი არის ჩვენში, მაგრამ სამაგიეროდ, პინოჩეტის, სამხრეთ კორეელი გენერალ-პრეზიდენტების და სინგაპურელი ლი კუან იუსი არ იყოს, ავტორიტარული პოლიტიკური კარკასის ქვეშ ლიბერალური ეკონომიკური გარემო მწიფდება, რომელიც „შიგნიდან“ გარდაქმნის საზოგადოებას და მოამზადებს მას პოლიტიკური ლიბერალიზმისთვის. ამ კურსის რეალურობის ინდიკატორად პოლიციის რეფორმა სახელდება, რომელიც წააგავს სინგაპურის პოლიციის რეფორმას თავის დროზე, ქონების რეგისტრაციის სისტემის გამარტივება და ორიოდე სხვა საჩვენებელი რეფორმა, ასევე დაბალ ბიუროკრატიულ რგოლებში კორუფციის დონის მკვეთრი შემცირება.

გვიმტკიცებენ, რომ უახლოეს წლებში ჩვენ გვჭირდება ავტორიტარიზმი და ნაციონალიზმის ფაქტორის გამოყენება, რათა დავიცვათ თავი რუსეთის აგრესიისგან, გავატაროთ რადიკალური რეფორმები, რკინის ხელით დავნერგოთ მემარჯვენე ეკონომიკური ლიბერალიზმი და როცა სამშვიდობოს გავალთ, გავწევრიანდებით ნატო-ში და მივუახლოვდებით ევროკავშირს, მაშინ შესაძლებელი იქნება ავტორიტარიზმის შესუსტება, ნაციონალისტური რიტორიკის შეწყვეტა, დემოკრატიაზე და ევროპული ტიპის მემარცხენე-ცენტრისტულ კურსზე ფიქრი.

თეორიულად ამგვარ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ სამხრეთ კორეისგან თუ სინგაპურისგან განსხვავებით, რეალურად ამ მიზნების მიღწევა არსებულ სიტუაციაში, ჩვენი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია და მეტიც, დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს არც ერთი მეზობელი, მათ შორის, რუსეთი და თურქეთი, არ არიან დაინტერესებული ქართული ნაციონალისტური პროექტის წარმატებით, რაც მოიტანდა ახალი ქართული სამოქალაქო ნაციის შექმნას ეროვნული უმცირესობების ასიმილირებით, უნიტარიზმის განმტკიცებით და განაპირობებდა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას. იმისთვის, რომ არ დაუშვან მსგავსი პროექტის შექმნა, მათ საკმარისზე მეტი ბერკეტები აქვთ. ამ პირობებში აზრს კარგავს ანალოგიები სინგაპურთან, სამხრეთ კორეასთან, ჩილესთან და ა.შ., რადგან საქართველო სულ სხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ კონტექსტში იმყოფება, ვიდრე ის ქვეყნები. ევროპა და აშშ ვერ მოხსნიან ვერც მთლიანად და ვერც ნაწილობრივად იმ რისკებს, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს ეკონომიკას და შიდა პოლიტიკურ სიტუაციას (მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშორებით) მეზობლების მხრიდან, თუ საქართველოს პოლიტიკა მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი გახდება. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საქართველოს შემდგომი დეზინტეგრაციის საშიშროება. გლობალური ფინანსური კრიზისიც, რომელმაც ახალი სიტუაცია შექმნა მსოფლიო ეკონომიკაში, აუცილებლად აისახება ქართული ეკონომიკის პერსპექტივებზე იმ თვალსაზრისით, რომ უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა იმ სპეკულაციური კაპიტალის მოდინება, რაც აღინიშნებოდა 2005-2007 წლებში მთელს მსოფლიოში და რაც ჩვენში „ეკონომიკური სასწაულის“ რეალურ დადასტურებად აღიქვეს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს შემდგომი განვითარების ორ შესაძლო ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ:

1) ე.წ. ევროპული გზა. ამ შემთხვევაში მოგვიწევს უარი ვთქვათ ავტორიტარიზმზე, ნაციონალიზმზე, „ლიბერალურ“, ულტრამემარჯვენე ექსპერიმენტებზე ეკონომიკაში და ამავე დროს, მოგვიწევს ისეთი მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა, როგორებიცაა: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო და სავარაუდოდ, დე-იურე ცნობა; ქვეყნის ფედერალიზაცია; რეგიონული ენების ან უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის იმპლემენტირება; პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია და მრავალპარტიულობის რეალური დაშვება; სამოქალაქო ცნობიერების ლიბერალიზაცია (შესაბამისად „გეი-აღლუმების“ ჩატარებით და ა.შ.); სეკულარიზაციის რეალური დაშვება.

ან 2) იმ შემთხვევაში, თუ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რეალურ სტადიაში შევა ინტეგრაციული გაერთიანების შექმნა, რომელიც მოიცავს „საბაჟო კავშირს“, „ერთიან ეკონიმიკურ სივრცეს“, „კოლექტიური უსაფრთხოების“ სისტემას და ა.შ., არსებული ხისტი, „არაევროპული“ კურსის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო, საკმაო ალბათობით, ამ ინტეგრაციულ გაერთიანებაში გაწევრიანების წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა, კიდევ უფრო დასუსტებულ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არის.

ავტორი - გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"