ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.07.2010
ფეხბურთი სპორტის გარეშე

როგორც იქნა, მთავრდება საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკაში, რომელიც მრავალ და მრავალ გულშემატკივარს უფრო ”ვუვუზელების” გამაყრუებელი ხმით დაამახსოვრდება, ვიდრე ძლიერი გუნდების სანახაობრივი თამაშით.

არც ჯერ კიდევ მომავალ ფინალურ მატჩს ესპანეთსა და ჰოლანდიას შორის ძალუძს ამ საერთო სურათის შეცვლა. როდესაც ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად გამოცხადებული არგენტინის გუნდი ანგარიშით 0-4 აგებს, ხოლო თავად ერთ სახიფათო მომენტსაც ვერ ქმნის მოწინააღმდეგის კართან, თუნდაც ამ მოწინააღმდეგეს გერმანიის ნაკრები ერქვას, მაგრამ რეალურად ეს გერმანია მხოლოდ წინა დიდი გერმანული თაობების აჩრდილს წარმოადგენს, ჩემპიონატში მონაწილე გუნდების კატასტროფული დონე თავისთავად ხდება ცხადი.

ამჟამინდელ ჩემპიონატზე არც ერთი ახალი პიროვნების - ”ვარსკვლავის” აღმოჩენა არ მომხდარა, არც რაიმე ორიგინალურ სამწვრთნელო ჩანაფიქრებს მიუქცევია ყურადღება, გატანილი ბურთების დიდი უმრავლესობა კი წარმოადგენს დაცვის, მეკარეების ან მსაჯების უხეში შეცდომების პროდუქტს. თუ არ ვცდებით, ამ ჩემპიონატზე იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც გუნდმა, რომელმაც პირველმა გაუშვა ბურთი თავის კარში, საბოლოოდ მაინც მოახერხა მატჩის ძირითად დროში გამარჯვება (ჰოლანდია ბრაზილიის წინააღმდეგ). ესეც ჩვენს მიერ ნანახი თამაშების დონის თავისებური ინდიკატორია. სხვა საკითხია, რამდენად არის სპორტის ამ სახეობის საერთო დონის დაცემაში დამნაშავე ფეხბურთის ტოტალური კომერციალიზაცია, როდესაც ესა თუ ის საფეხბურთო კლუბი მილიარდობით ევრო ღირს, ხოლო ფიფა უკვე ნებას არ იძლევა, გატანილი გოლები ნაჩვენები იქნას საინფორმაციო სატელევიზიო გადაცემების ფორმატში.

და მიუხედავად ამისა, ფეხბურთი, როგორც სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა, რომელსაც გულშემატკივართა უზარმაზარი რაოდენობა ჰყავს, მიმზიდველი რჩება როგორც ბიზნესის, ისე პოლიტიკისათვის. ფეხბურთით შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. არ ვაპირებთ ისტორიული ექსკურსის გაკეთებას, თუ როგორი მდგომარეობა იყო ცივი ომის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში ან საკუთრივ საბჭოთა კავშირს შიგნით, ცალკეული ხალხებისა და მოკავშირე რესპუბლიკების თვითდამკვიდრებაში. ჩვენ მხოლოდ გვსურს, ჩვენი მკითხველის ყურადღება მოკლედ მივაპყროთ იმ უბედურებას, რომელიც ფეხბურთმა შემოიტანა საქართველოში. ამ უბედურების სახელია ტოტალიზატორი. ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლებისვე აღიარებით, 200-დან 300 ათასამდე ნარკომანია (და ეს მაქსიმუმ 3,5-მილიონიან მოსახლეობაში), არსებობს გაცილებით უფრო მაღალი ციფრი ტოტალიზატორზე დამოკიდებული ადამიანებისა.

რა თქმა უნდა, ტოტალიზატორები არსებობს მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც, მაგრამ ტოტალიზატორების პროპაგანდის მასშტაბი საქართველოში საოცრად დიდია. რა თქმა უნდა, ამ უზარმაზარი ბიზნესის უკან ხელისუფალნი დგანან, რომლებიც საკუთარი ხალხის უბედურებაზე მდიდრდებიან - უკვე რამდენი თვითმკვლელობა მოხდა ბოლო წლებში ტოტალიზატორში მონაწილეთა სრული გაბანკროტების შედეგად, როდესაც მათ თავიანთი უკანასკნელი შენატანები დაკარგეს. ტოტალიზატორებს რეკლამას უწევეს ყველა სატელევიზიო არხი, სპორტულ სტუდიაში მოწვეულნი არიან ამ ტოტალიზატორთა წარმომადგენლები, რომლებიც მცოდნე სახის გამომეტყველებით მსოფლიო ფეხბურთზე მსჯელობენ, ტელემაყურებელს მოსვენებას არ აძლევს ტოტალიზატორებიდან ”პირდაპირი ჩართვები”, სადაც, თურმე ”ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა”, ხელს გვიქნევენ ”საყვარელი” გუნდების მაისურებში გადაცმული ”გულშემატკივრები” (ხანდახან ცნობილი სახეები, პარლამენტის წევრთა ჩათვლით) – ”ფან-კლუბების” წევრები, რომლებიც ტოტალიზატორებმა ჩამოაყალიბეს ხელისუფლების დახმარებით. ტოტალიზატორები აკეთებენ ფულს და ურიცხავენ სხვადასხვა სამთავრობო ფონდებს ან პირდაპირ ჯიბეში უდებენ შსს-ს უმაღლეს ჩინებს, ხოლო ხელისუფლება საყოველთაო აჟიოტაჟით ხალხს უქმნის შეგრძნებას, რომ საქართველო ”მსოფლიო თანამეგობრობის ნაწილია”, რომ ჩვენც როგორღაც მონაწილენი ვართ მსოფლიო ჩემპიონატისა, თუმცა ჩვენი გუნდი იქ არ არის და არც არასოდეს იქნება. ფეხბურთი ფორმალურად არის სპორტი, სინამდვილეში კი იგი იქცა ხალხის საბოლოო გამოტვინების საყლაპავ აბად.

P.S. ფინალური მატჩის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრების თამაშს დიდმა იოჰან კრუიფმა "ანტიფეხბურთი" და "სამარცხვინო მოვლენა" უწოდა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"