ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.07.2010
ახალი ტერმინი: ”სტრატეგიული პატრონყმობა”

კითხვა: რჩება თუ არა საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად, და თუ რჩება, რა იგულისხმება ტერმინში ”სტრატეგიული პარტნიორი” ანუ რამდენად მყარი გარანტიები გვაქვს იმისათვის, რომ გადამწყვეტ მომენტში საქართველო არ აღმოჩნდეს რუსეთის პირისპირ მარტო?

პასუხი: მე ვფიქრობ, რომ ”გადამწყვეტი მომენტი” უკვე იყო, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში. ამერიკამ და მთლიანად დასავლეთმა საქართველოს მხოლოდ იმ დოზით აღმოუჩინა დახმარება, რამდენიც საკუთარი ინტერესებისთვის იყო აუცილებელი - არ დაუშვა ”რეჯიმ ჩეინჯ” - არსებული რეჟიმის, ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ იოლად შეეგუა, და მეტიც, კმაყოფილია იმით, რომ რუსეთმა აღიარა სეპარატისტული რეგიონები და დამატებითი ტერიტორიებიც მიუერთა მათ, ახალგორის რაიონის, ლიახვის ორი ხეობისა და კოდორის ხეობის სახით. კმაყოფილი იმიტომაა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ისედაც მძიმე მდგომარეობა საბოლოოდ გაფუჭდა, ეს კი საქართველოს კიდევ უფრო მეტად ხდის დამოკიდებულს დასავლეთზე, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთთან დამატებითი სავაჭრო ”მასალა” ეძლევა საქართველოს სახით: თუკი ამერიკას რუსეთის ქმედებებში რაიმე არ მოეწონება, მაშინ მას ”ოკუპაციას” წამოაძახებს, როგორც ახლახანს ეს ობამამ გააკეთა და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებში ამან ბავშვური ჟრიამული გამოიწვია. არადა, - დავით ბაქრაძის გასაგონად მინდა ვთქვა - დღეს არც რეიგანის ეპოქაა და არც რუსეთს აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ავღანეთში ჰქონდა 1980-იანი წლების მანძილზე. ამერიკამ ”საზოგადოებრივი ტელევიზიასავით” ხშირ-ხშირადაც რომ გაიმეოროს სიტყვა ”ოკუპაცია”, აფხაზები და ოსები რუსებს ავღანელებივით არ აუჯანყდებიან. ამიტომ, ბატონი დავითი იქნებ გამოვიდეს ეიფორიიდან და ნუ შეადარებს ჩვენთან არსებულ სავალალო ვითარებას 1980-იანი წლების ავღანეთს, როდესაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით ავღანელმა მოჯაჰედებმა აიძულეს მოსკოვი, ჯარები გაეყვანა მათი ქვეყნიდან.

ამგვარად, თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდე, საქართველო დასავლეთში პარტნიორად არ აღიქმება, საქართველო უბრალოდ რაღაც ნივთივით გამოიყენეს დიდ პოლიტიკაში და მას კვლავაც გამოიყენებენ. პარტნიორობა არის ორ თანასწორუფლებიან სუბიექტს შორის ურთიერთობა. სააკაშვილის ხელისუფლება ამერიკამ პირდაპირ დასვა (რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანის მეშვეობით, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის) და მითითებებს დღემდე აძლევს. რომელ პარტნიორობაზე შეიძლება ლაპარაკი? ეს არის უფრო ”სტრატეგიული პატრონ-ყმობა”, ვიდრე პარტნიორობა. პატრონი - ამერიკაა, ყმა - საქართველო. დასავლეთში ხედავენ, რომ სააკაშვილი მათი ინტერესების საუკეთესო შემსრულებელი და გამტარებელია რეგიონში, ალასანიას და სხვების კუდის ქიცინი ამერიკელების წინაშე ამაოა, სანამ სააკაშვილი იქნება ”ჯანზე”, მას არ შეცვლიან. მივა მისი მმართველობის საკონსტიტუციო ვადა ბოლომდე და ახლა, მოგეხსენებათ, კონსტიტუციას კიდევ ერთ გაუპატიურებას უმზადებენ... მოკლედ, ”სტრატეგიული ყმის” ფუნქციის შესრულებას საქართველო კვლავაც განაგრძობს.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის ინტერვიუდან გაზეთისადმი ”ახალი თაობა” (7 ივლისი, 2010წ.).შენიშვნა: ილუსტრაციაზე ასახულია ნახატი "Herr und Knecht".
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"