ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
08.06.2010
ვინ რამდენი დახარჯა „არჩევნებზე“

გუშინ გამოქვეყნდა პარტიების მიერ ცესკოში წარდგენილი ანგარიშები არჩევნებზე დახარჯული თანხების და დაფინანსების წყაროების შესახებ. კერძოდ, ნაციონალებმა აჩვენეს 14 მილიონი ლარის დახარჯული თანხა, ალიანსმა 200 ათასზე ნაკლები, ეროვნულმა საბჭომ ოდნავ მეტი, მრეწველებმა 900 000 და ქრისტიან-დემოკრატებმა - 700 000 ლარი.

თავი დავანებოთ იმას, თუ რამდენად რეალურია ეს ციფრები, განსაკუთრებით ნაციონალების შემთხვევაში. მივიღოთ ფაქტად, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მართლაც „მხოლოდ“ 14 მილიონი ლარი დახარჯა. თუნდაც ეს თანხაც კი 7-8-ჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის დანახარჯს, ერთად აღებულს. საგულისხმოა, რომ ძირითადი ბრძოლა მიდიოდა თბილისში, ამიტომ ლომის წილი ყველა პარტიის საარჩევნო ბიუჯეტში არის თბილისის ტერიტორიაზე გაწეული ხარჯები. ახლა ვნახოთ შედეგები: ნაციონალურმა მოძრაობამ ცესკოს მონაცემებით, თბილისში მიიღო ხმების დაახლოებით 52 პროცენტი, ხოლო მისმა კანდიდატმა უგულავამ 55%. ოპოზიციამ ჯამში მიიღო ხმების 45 პროცენტამდე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშკარად გაყალბების, ჩაყრის და ოქმების გადასწორების მაჩვენებელი ამ არჩევნებზე „შედარებით“ დაბალი იყო, გამოვა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ თბილისში პრაქტიკულად თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს.

სხვა საქმეა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ოპოზიციურობა საკმაო ეჭვებს იწვევს, მაგრამ ეს ექსპერტებში და პოლიტოლოგებში, ხოლო ე.წ. „უბრალო“ ხალხი, ვინც თუნდაც ამ ოპოზიციას მისცა ხმა, მაინც ძირითადად ხმას აძლევდა მას არა როგორც ხელისუფლების ფაქტიურ სატელიტს ამ არჩევნებზე, არამედ როგორც მართლაც ოპოზიციას.

გამოდის, რომ ნაციონალებს თითოეული ხმა თბილისში დაუჯდათ 7-8-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ოპოზიციას. ეს ფაქტი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება დღესაც კი, როცა ოპოზიცია დაქსაქსულია და სუსტი, მაინც არაპოპულარულია საქართველოს დედაქალაქში.

მაგრამ ნაციონალების ოფიციალური ხარჯები სინამდვილეში მხოლოდ მცირე ნაწილია რეალური დანახარჯებისა. მათში არ შედის, მაგალითად, ის სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც თბილისის მერიამ და ცენტრალურმა მთავრობამ ზუსტად არჩევნების თარიღის წინა პერიოდს დაამთხვია. არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე ეზოებში ასფალტის დაგების ან სახურავების შეკეთების თანხები, იმ პირობებში, როცა ე.წ. ამხანაგობების თავმჯდომარეები პირდაპირ ჩაბმული იყვნენ სააგიტაციო საქმიანობაში და რეკლამირებას უწევდნენ კორპუსის მაცხოვრებლებში ამ დაგებულ ასფალტს თუ შეკეთებულ სახურავს, როგორც ნაციონალების დამსახურებას, არ შედის ოფიციალურ ანგარიშში, თუმცა ნათელია, რომ ეს წინასაარჩევნოდ გაღებულია ხარჯია, მიუხედავად იმისა, რომ ის ასფალტი არჩევნების შემდეგაც დარჩება (თუ ნორმალურადაა დაგებული). თითქმის ანალოგიურის თქმა შეიძლება სხვადასხვა გახმაურებულ მშენებლობებზე თბილისში (ე.წ. ესტაკადა, შუშის ხიდი, მემორიალი, აღმაშენებლის გამზირის ნაწილის გარემონტება და სხვა). ყველა ეს ჩატარებული სამუშაო გამოყენებული იყო ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო ქულების ჩასაწერად და მოსახლეობაში „აღმშენებლობის“ განწყობის თუ ილუზიის შესაქმნელად. მათ „საზეიმო გახსნას“ ესწრებოდნენ სააკაშვილი, უგულავა და ნაციონალების სხვა კანდიდატები. ამიტომ ეს ხარჯებიც უნდა ჩაითვალოს არაპირდაპირ წინასაარჩევნო თანხებად. თუ ამ არაპირდაპირ (მაგრამ არანაკლებ ეფექტურ) დანახარჯებს მივუმატებთ ოფიციალურ ხარჯებს, გამოვა 100 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ოპოზიციას კი არანაირი მსგავსი არაპირდაპირი ხარჯების გაწევის საშუალება არ ჰქონდა.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მარტო თბილისში ხელისუფლებამ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახარჯა ათეულობით მილიონი ლარი (100 მილიონამდე) არჩევნების წინ, ხოლო ოპოზიციამ - მაქსიმუმ 1 მილიონი. შეფარდებაა ასი ერთთან. ხოლო მიღებული ხმების რაოდენობა, როგორც ვთქვით, დაახლოებით თანაბრად გადანაწილდა. აქედან ჩანს, თუ რა რეალური „პოპულარობით“ სარგებლობს დღესაც კი ნაციონალების ხელისუფლება თბილისში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმასაც, რომ დედაქალაქი კვლავინდებურად ოპოზიციის "დასაყრდენია" და ავტომატურად ინარჩუნებს ამ სტატუსს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"