ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
22.09.2010
რელიგიური ფაქტორი და კონფლიქტური პოტენციალი საქართველოში

წყარო. 2005 წელს ჟურნალში “Central Asia and the Caucasus” (3/2005) გამოვაქვეყნე სტატია ანალოგიური სათაურით - ”რელიგიური ფაქტორი და კონფლიქტური პოტენციალი საქართველოში”, რომელშიც შევეცადე, გამეანალიზებინა ქართულ რეალობაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთგადაკვეთის წერტილები, და ამ საფუძველზე კონფლიქტების წარმოშობის შესაძლებლობა.

ამ სტატიის ძირითადი დასკვნა არის ის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ნაკლებ სავარაუდებელია კონფლიქტები პრინციპით ქრისტიანობა - ისლამი ან ქრისტიანობა - იუდაიზმი, რელიგიის გავლენა მინიმალურია აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნიკურ კონფლიქტებზეც. საგრძნობლად უფრო დიდი კონფლიქტური პოტენციალი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის მოსახლეობის აშკარა უმრავლესობის დამოკიდებულებაში არატრადიციული კონფესიების (პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი) და განსაკუთრებით სექტების (იეჰოვას მოწმეები, მორმონები და ა. შ.) მიმართ, რაც პირდაპირ არის გადახლართული სახელმწიფოსა და პოლიტიკასთან.გასული ხუთი წლის მანძილზე მოხდა სწორედ ის, რაც იყო ნავარაუდევი:

”მდგომარეობას ართულებენ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებული რწმენის თავისუფლების შირმის ქვეშ ახორციელებენ საქართველოში სექტანტობის მხარდაჭერას, რასაც შეუძლია ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება, მით უმეტეს, რომ ამ საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერად გაიდგა ფესვი შიშმა კულტურულ-ფასეულობრივი ინტერვენციის მიმართ” - ფაქტია, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, დასავლეთის მიმართ ქართველების სკეპტიკური დამოკიდებულება გაძლიერდა, ეს კი არც თუ ბოლო რიგში დაკავშირებულია სააკაშვილის რეჟიმის მცდელობასთან, ”გარდაქმნას” ტრადიციული ქართული საზოგადოება, დანერგოს დასავლური წარმოდგენები და ფასეულობები (ხშირად დამახინჯებული სახით) და ამ საზოგადოებას თავს მოახვიოს ახალი ჰიბრიდული ეთიკა (თუკი ვინმე შემეწინააღმდეგება და იტყვის, რომ სააკაშვილის რეჟიმს ყოველივე ეს არ გაუკეთებია, ნებისმიერ შემთხვევაში, მას გაუჭირდება იმაში შეწინააღმდეგება, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამგვარად აღიქვამს მის პოლიტიკას და რომ საბოლოო ჯამში იმავე ეფექტს ვღებულობთ - ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერება როგორც საკუთრივ რეჟიმის, ისე მისი დასავლელი მენტორებისა და მფარველების მიმართ).

ზემოთ ნახსენებ სტატიაში მე აგრეთვე აღვწერე სააკაშვილის მაშინ ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების რელიგიური პოლიტიკა. პირადად სააკაშვილი, 2004 წლის 4 იანვარს პრეზიდენტად არჩევის დღიდან მოყოლებული, ბიზანტიური სულისკვეთებით ინტენსიურად ახდენს რელიგიასთან დაკავშირებული სიმბოლოების ექსპლუატირებას: თავისი ინაუგურაცია მან გელათის მონასტერში, დავით აღმაშენებლის საფლავთან გამართა, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, ინაუგურაციაზე, ისევე როგორც ახალი პარლამენტის სესიის გახსნაზე იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც დალოცა პრეზიდენტი და პარლამენტი, სააკაშვილს არაერთხელ გაუკეთებია მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები ამა თუ იმ ტაძარში ყოფნისას და ასე შემდეგ. იგი ეკლესიასთან ურთიერთობებში არაერთ მნიშვნელოვან დათმობაზეც წავიდა ქონებრივ და ფინანსურ საკითხებში, როგორც ხელმწიფე, ისე ”უბოძებდა” ეკლესიას ამა თუ იმ ეკონომიკურ პრივილეგიას. მაგრამ სააკაშვილის ეს და სხვა ბიზანტიური ”ჩვევები” არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვს მთავარ საკითხში - მართლმადიდებელი ქრისტიანობის პოზიციების გამყარებაში. საჭიროდ მიმაჩნია, 2005 წლის სტატიიდან კიდევ ერთი ციტატის მოყვანა:

“პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეიძლება მივიჩნიოთ ბიზანტიური ცეზარო-პაპიზმისა და ამერიკული Civil Religion-ის (”სამოქალაქო რელიგია”) ერთგვარ ნაზავად /.../: ამ ტერმინში იგულისხმება ”რწმენის, სიმბოლოებისა და რიტუალების ელემენტების ერთობლიობა, რომლითაც ხდება მოქალაქეების მიბმა პოლიტიკურ გაერთიანებასთან, პოლიტიკურ ერთობასთან და ამ ერთობის რელიგიური ლეგიტიმაცია მისი ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების სახით” [Brocker M. Zivilreligion – missionarisches Sendungsbewusstsein – christlicher Fundamentalismus? Religioese Motivlagen in der Aussenpolitik George W. Bushs // Zeitschrift fuer Politik, Heft 2, Muenchen 2003, S.122]. ამასთან Civil Religion ამკვიდრებს ”იმ ხედვას, რომელიც ნაციის ერთიანობას ინარჩუნებს” [იქვე. საინტერესო დეტალი: Civil Religion აძლევს ძლიერ იმპულსებს ამერიკულ პატრიოტიზმს (”მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ქვეყანა” და ა. შ. - იხ. იქვე, გვ.123), სააკაშვილიც ცდილობს, ქართული პატრიოტიზმი გააღვივოს ასეთი ტიპის ლოზუნგებით: ”ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დროშა გვაქვს!”, ”აჭარლები საუკეთესო ევროპელები არიან!”...]. მაგრამ ამას გარდა, ბევრი ავტორი აღნიშნავს, რომ Civil Religion წარმოადგენს მხოლოდ ”წესრიგის რწმენას”, და არა ”ხსნის რწმენას” (რაც არის ქრისტიანობა), ახასიათებს მას რა როგორც ”ბიურგერული ცნობიერების დეისტურ რელიგიას” [იქვე]. საქართველოში ბიზანტიური ტრადიციებით შეზავებული Civil Religion-ის პრინციპების დამკვიდრების მცდელობა, თუნდაც ”ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით”, რასაც ჩვენი აზრით, დღეს აქვს ადგილი, შეიცავს იმის დიდ ალბათობას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილს, რომელიც ორიენტირებულია მართლმადიდებლობაზე არა როგორც მხოლოდ ”პირად რწმენაზე”, ექნება საპასუხო რეაქცია [შედარებისათვის იხ. რელიგიის ”დეპრივატიზაციისა” და პოლიტიზაციის აქტუალური პროცესები ლათინურ ამერიკაში, აშშ-სა და ევროპაში - Willems U., Minkenberg M.: Politik und Religion im Uebergang – Tendenzen und Forschungsfragen am Beginn des 21. Jahrhunderts, 2003, S.14] და კატეგორიულად არ მიიღებს იმპორტირებულ ფასეულობებს, რომლებიც შეუთავსებელია მართლმადიდებლობის პრინციპებთან და ფასეულობების სისტემასთან”.

რეჟიმის მცდელობები, საქართველოს თავს მოახვიოს Civil Religion, გააძლიერა ეკლესიის შიგნით არსებული კონსერვატიული ძალების წინააღმდეგობა, რაც ხდებოდა საზოგადოების პასიური უკმაყოფილების ფონზე. ზოგიერთი საეკლესიო წრის მოსყიდვისა და მასზე ზეწოლის გზით რეჟიმმა ამ წინააღმდეგობის ნეიტრალიზება ნაწილობრივ მოახერხა. ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში, პატრიარქი ილია მეორე ხელისუფლების მიმართ ფრთხილი და დაბალანსებული საეკლესიო პოლიტიკის მომხრეა. 2009 წლის 26 მაისს, როდესაც სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიტინგზე შეკრებილი უამრავი ადამიანი ფეხით ეახლა პატრიარქს წმიდა სამების ტაძარში, რათა მას მათი მოთხოვნებისთვის მხარი დაეჭირა, პატრიარქი თავისი სამწყსოს წინაშე არ გამოჩნდა და ნაცვლად ამისა, ტაძრის შიგნით (როგორც ამბობენ, საკურთხეველში) მიიღო თბილისის მერი გიგი უგულავა. ეკლესიისა და პირადად პატრიარქის ავტორიტეტი იმ დროისთვის იმდენად დიდი იყო, რომ მის ერთ სიტყვას შეეძლო, საქართველოში ხელისუფლების ბედი გადაეწყვიტა. იმავეს თქმა შეიძლება მიტინგების მთელ პერიოდზე 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ვიდრე 2009 წლის მაისის ჩათვლით - როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება იბრძოდნენ ეკლესიის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, პირველ რიგში, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას სახით.

ამგვარ სიტუაციაში რეჟიმს იმის თავი აღარ ჰქონდა, რომ ახალი ფასეულობების, Civil Religion-ის და ა. შ. დამკვიდრებისათვის ეზრუნა. 2007 წლის ბოლოდან 2009 წლის შუა ხანებამდე პერიოდი შეიძლება დახასიათდეს, როგორც იდეოლოგიურ ფრონტზე ერთგვარი სიმშვიდის ჩამოვარდნის პერიოდი, რამაც შეარბილა მანამდე არსებული დაძაბულობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ულტრა-ლიბერალებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს (რომელთა წიაღიდანაც არის გამოსული დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილისა და უგულავას ჩათვლით): მკვეთრი ანტიკლერიკალი კახა ლომაია, რომელსაც უწინ ჯერ განათლების მინისტრის, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტები ეკავა, ”გამწესებულ” იქნა ნიუ-იორკში, ელჩად გაეროში; ტელეეკრანებიდან გაქრა საქართველოში ულტრა-ლიბერალიზმის სიმბოლო, ექს-პარლამენტარი გიგა ბოკერია, რომელიც გადაიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ”არასაჯარო” თანამდებობაზე; რეჟიმის ”კადრების და იდეების მთავარი სამჭედლოს” – ”თავისუფლების ინსტიტუტისა” და მოძრაობა ”კმარას” წარმომადგენლებმა შეწყვიტეს ახალი ინიციატივებითა და გეგმებით გამოსვლები და ასე შემდეგ. სხვა სიტყვებით, რთულ პერიოდში ხელისუფლებამ მოაცილა საზოგადოების ზედმეტი გამაღიზიანებლები საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით.

ის, რასაც დღესდღეობით ვაკვირდებით საქართველოში, რთული ასახსნელია ცალსახად - წარმოადგენს თუ არა ულტრა-ლიბერალთა გააქტიურება (მათ შორის ეკლესიიდან განკვეთილი, ურჩი, ახლა უკვე ყოფილი ეკლესიის მსახურთა და სემინარისტთა ჩათვლით, რომელთაც დაუყოვნებლივ გადაინაცვლეს ჯ. სოროსის და ამერიკის სახელმწიფო გრანტებით დაფინანსებული ”თავისუფლების ინსტიტუტის” გარემოცვაში) მათსავე ინიციატივას თუ ამის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც სხვისი ხელებით ცდილობს ბინძური საქმის გაკეთებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას? ზემოთ ნახსენები იდეოლოგიური დამშვიდების პერიოდის შემდეგ იდეოლოგიურ ფრონტზე უეცრად ”გაიელვა” სოროსულმა ორგანიზაციამ ”კმარა”, რომლის მდედრობითი სქესის ბელადმა და მასთან მიტმასნილმა ერთმა მუჭა ყოფილმა ეკლესიის მსახურებმა და სემინარისტებმა, ისევე, როგორც ულტრა-ლიბერალთა ყველაზე რადიკალურმა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა დიდი ხმაური ატეხეს, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განახორციელეს. საგაზეთო პუბლიკაციებში, სატელევიზიო ინტერვიუებში, ქუჩის შეკრებებზე ეს ხალხი შეურაცხყოფას აყენებდა პატრიარქს, ეძახდა მას ”კაგებეს აგენტს” და ხელში აფრიალებდა სკანერით გადაღებულ ”დოკუმენტებს”; პატრიარქს ბრალი დასდეს იმაშიც, რომ მან ”არ შეაჩერა 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალება” და სისხლისღვრა დაუშვა. ძალიან საინტერესოა, რომ ”კაგებეშნიკ” ილიას ულტრა-ლიბერალთა ბაგეთა საშუალებით ბრალად ედებოდა (და ედება) ”პრორუსული” პოლიტიკა და საერთოდ, ”პრორუსული” განწყობა. და ეს ”ოკუპაციიის” ფონზეო - აღშფოთებას ვერ მალავდა ”კმარას” ბელადი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალია. იმ პერიოდში საქართველოს პატრიარქმა გაააქტიურა საეკლესიო დიპლომატია, ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პატრიარქ კირილეს, ასევე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს. ილია მეორე გარკვევით და შეიძლება ითქვას, ცალსახად გამოდის რუსულ-ქართული დიალოგისა და ორი ერის დაახლოების მომხრედ (მიუხედავად იმისა, რომ ისიც ხანდახან საუბრობს ”ოკუპაციაზე”, რითაც ხარკს უხდის ოფიციალურ რიტორიკას). სავსებით რეალურია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამგვარი აქტიურობა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ მოსწონს. თავის კომენტარებში სააკაშვილი ძნელად ფარავდა გაღიზიანებას. ამიტომ შესაძლებელია, რომ სიმართლე იმ კომენტატორების მხარესაა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია არსებული რეჟიმის მიერ არის ინსპირირებული და არ წარმოადგენს ქართული საზოგადოების ცალკეული სუბიექტების თვითშემოქმედებას.

აქვე აღვნიშნავთ კიდევ ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან მომენტს: დასავლეთის მიმართ უკმაყოფილების ზრდის პარალელურად საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) მიიჩნევს, რომ ასე თუ ისე, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება - ამის დამალვა ვერ შეძლეს თვით ამერიკელებმა, მათი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ 80 პროცენტიდან ყველა თანმიმდევრულად მიესალმება ოპოზიციის იმ ნაწილის მოქმედებებს, რომლებიც უკვე აწარმოებენ დიალოგს მოსკოვთან და რომ ისინი რადიკალურად ეწინააღმდეგებიან საქართველოში არსებულ რეჟიმს, მაგრამ ასეთი განწყობა ხალხში არ შეიძლება, არ აშფოთებდეს ხელისუფლებას, რადგან იგივე ციფრი - მოსახლეობის 80% - უკვე მრავალი წელია, სტაბილურად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ენდობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ამიტომ ეკლესიის დისკრედიტაცია ქართული საზოგადოებრიობის თვალში უფრო აწყობს სააკაშვილს, რომელსაც ესმის, რომ მან უკვე ყველა ხიდი დაწვა და თავად არ გააჩნია არანაირი შანსი, დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან, ამგვარი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ მის გარეშე ანუ მისი მმართველობის შემდგომ. მას ეკლესიის დისკრედიტაცია აწყობს იმდენად, რამდენადაც ეკლესიის მიმართ ნდობით განმსჭვალულ მოქალაქეთა 80%-სა და რუსეთთან დიალოგის აღგენის მომხრე მოქალაქეთა 80%-ს შორის არსებობს ურთიერთკავშირი. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის დასკვნამდე, რომ ჩვენ რუსებთან ერთი სარწმუნოება გვაქვს, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას. ეს ტენდენცია არსებობს, ამის დამტკიცება დოკუმენტალურად ჯერ-ჯერობით შესაძლებელი არაა, მაგრამ რთულია მისი უარყოფა, თუკი ჩავატარებთ კერძო, ნდობით აღჭურვილ საუბრებს ”უბრალო ხალხის” წარმომადგენლებთან, რომლებსაც ადგილობრივი ტელეარხების მიერ შექმნილი ანტირუსული ისტერიის ფონზე უბრალოდ ეშინიათ, ღიად გამოთქვან თავიანთი აზრი იმაზე უფრო კონკრეტულად, ვიდრე - ”საჭიროა რუსეთთან დიალოგი”.

მაგრამ საქმე არ შემოიფარგლება პატრიარქზე, როგორც პიროვნებაზე და ეკლესიაზე, როგორც ინსტიტუტზე შემოტევებით. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად ”ილიას უნივერსიტეტი”) მისი რექტორის გიგი თევზაძის ფრთის ქვეშ მოკალათებულმა ინტელექტუალმა ულტრა-ლიბერალების გავლენიანმა პროსახელისუფლებო დაჯგუფებამ, როგორც ცნობილია, ამას წინათ მორწმუნე მართლმადიდებლებს მოუწყო ნამდვილი გამოწვევა, ფაქტობრივად პროვოკაცია, როდესაც აქამდე ყველასათვის უცნობი ვიღაც უმწიფარი ავტორის ასეთივე უმწიფარი წიგნუკას პრეზენტაცია მოახდინა, რომელიც ქრისტეს მიმართ პირდაპირ შეურაცხყოფებს შეიცავს, ისევე როგორც სექსუალური პერვერსიების ”სცენებს”. ეს წიგნუკა გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, რომელიც ამავე დროს სასკოლო სახელმძღვანელოებს გამოსცემს. გასაკვირი არაა, რომ ულტრა-ლიბერალთა ამგვარი გამოხდომის შემდეგ ვნებები დაიძაბა. ”მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია მოაწყო უნივერსიტეტის შენობასთან, სადაც ლიბერალებთან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. ამ უკანასკნელთა მიერ მართლმადიდებლების აქცია შეფასდა, როგორც ”თავისუფალი სიტყვის” შეზღუდვის მცდელობა.

რაც შეეხება საკუთრივ ”მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირს”. კავშირი ჯერ კიდევ ზემოთ ნახსენები საბრალო წიგნუკას გამოსვლამდე შეიქმნა, როგორც პასუხი იმ პროცეზებზე, რომლებიც ზემოთ დავახასიათეთ Civil Religion-ის დამკვიდრების მცდელობად. ვის როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ამ კავშირის წევრებისა და მისი დამფუძნებლების მიმართ, მსგავსი ტიპის საზოგადოებრივი მოძრაობის გაჩენა თვით დროის მიერ არის ნაკარნახევი და იგი სახელმწიფოს ამჟამინდელ რელიგიურ პოლიტიკაზე პასუხს წარმოადგენს. რეჟიმის მიერ ამ ორგანიზაციის დროებითი განადგურება მისი ყველაზე აქტიური ახალგაზრდა წევრების დაპატიმრების გზით (მოწყობილი პროვოკაციის შემდეგ) საზოგადოებაში არსებულ განწყობას ვერ შეცვლის, პირიქითაც, გააძლიერებს ულტრა-ლიბერალთა ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობას, ვინაიდან ეს ზეწოლა ტრადიციული ფასეულობებისა და რელიგიის შერყევის მცდელობას წარმოადგენს. ამგვარი კავშირის შექმნა მხოლოდ კონფრონტაციის გაძლიერების დასაწყისს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება განმუხტულ იქნას მხოლოდ რელიგიის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლის გზით.

დასკვნა:

რელიგიურ-იდეოლოგიური კონფრონტაციის ხაზი საქართველოში უკვე აღარ გადის პრინციპით მართლმადიდებლობა - სხვა კონფესიები/სექტები. სახეზეა ახალი ”მებრძოლი ათეისტების” ჩამოყალიბება, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლების დროშის ქვეშ ცდილობენ, დაანგრიონ ქართველი ხალხის ტრადიციული საფუძვლები და ამ საქმეში სავარაუდოდ სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობენ (ისევე, როგორც არამართლმადიდებელი კონფესიებისა და სექტების სიმპატიებით), თუმცა სახელმწიფო, თავის მხრივ, ეკლესიასთან ღია კონფრონტაციას ერიდება. ანუ ადგილი აქვს ჯერ კიდევ ცუდად ორგანიზებული მართლმადიდებელი უმრავლესობისა და კარგად ორგანიზებული ათეისტურ-ლიბერალური უმცირესობის ურთიერთდაპირისპირებას. ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველი ათეისტები, როგორც ასეთი, ათეისტ-ულტრალიბერალთა ბანაკში არიან, ეს ერთი და იგივე არ არის. ქართველ ათეისტთაგან ბევრს, უმრავლესობას თუ არა, ესმის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა ქართული ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საფუძველია, რომლის შეცვლა სხვა რაიმე დოქტრინით შეუძლებელია.

მთლიანობაში ბოლო კვირებში განვითარებული ბობოქარი მოვლენები კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ურთიერთდაპირისპირების ამჟამინდელი კონსტელაცია თავის თავში შეიცავს საკმაოდ დიდ კონფლიქტურ პოტენციალს, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"