ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ტრიბუნა
29.05.2010
რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები კავკასიასა და საქართველოში
უახლესი ისტორიიდან ყველას გვახსოვს, თუ რა დიდი გაღიზიანებითა და ეჭვით უყურებდა და უყურებს რუსეთი საქართველოს დასავლეთისადმი ლტოლვას. არცერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს იმდენი წინააღმდეგობა არ შეხვედრია რუსეთის მხრიდან, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე, როგორიც საქართველოს.

შენიშვნა: ეს არის 2005 წლის სტატიის გადამუშავებული ვერსია, ამიტომ დღესაც აქტუალურია. სტატია თურქულადაც არის ნათარგმნი და გამოქვეყნებული:

www.archivekavkaz.com/archives/download/11126acikarsiv.atilim.edu.tr/fulltext.php?yayin=264&id=fulltext/atilim/264...

ქართველებს ძალიან უკვირთ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ბევრად უფრო იოლად დაუძვრნენ რუსეთს და ამას ბალტიისპირელთა სიბრძნეს მიაწერენ, ხოლო ჩვენს თავს დატეხილ უბედურებებს კი ჩვენს უჭკუობას. არადა სინმადვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. ამის მიზეზი კავკასიისა და კერძოდ საქართველოს, როგორც კავკასიის გასაღების, გეოპოლიტიკურ მდებარეობაშია.

მიზეზები დღესაც თითქმის ისეთივეა, რაც მურვან ყრუს, თემურ ლენგისა და ირანის შაჰების სისასტიკის მიზეზი იყო. მათთვის საქართველო, როგორც კავკასიონზე გადმოსასვლელების მფლობელი, მნიშვნელოვანი იყო გეოპოლიტიკურად. პირველს უნდოდა ჩრდილოელი მომთაბარეებისაგან დაეცვა არაბთა იმპერია და ჩაეკეტა კავკასიონი, მეორეს ჩრდილოეთით მდებარე ოქროს ურდოს ყაენის თავდასხმისაგან დაეცვა თავისი იმპერია (მეუფე ანანია ჯაფარიძე ,,საქართველოს დედაეკლესია” საყმაწვილო საკითხავი ტომი მე-12, გვ142, 149), ხოლო მესამეს კი რუსეთის სამხრეთისაკენ მოსალოდნელი ექსპანსიისაგან. სამივე ცდილობდა კავკასიონზე გადმოსასვლელები გაეკონტროლებინა, რომ თავი დაცულად ეგრძნოთ.

დღევანდელი სიტუაციაც გარკვეულად ჰგავს ზემოთ აღნიშნულს. მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკლმა გეოპოლიტიკოსებმა მეჰენმა (აშშ-ს საზღვაო ძალების ოფიცერი, მას ეკუთვნის საინტერესო მოსაზრება, რომ ვაჭრობა პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც კარგი გასაღებია თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ქვეყნების პოლიტიკის სწორად გასაგებად) და მაკკინდერმა (განათლებით გეოგრაფმა) დაამუშავეს გეოპოლიტიკური თეორიები, რომლის მიხედვითაც მსოფლიოზე ბატონობის მოსაპოვებლად აუცილებელია ევრაზიის კონტინენტის სანაპირო ზონებზე კონტროლის განხორციელება, რათა ხელი შეეშალოს რუსეთის ოკეანეში გასვლას და საზღვაო სივრცე მთლიანად აშშ-ს დარჩეს. ამ გეგმას ,,ანაკონდას" სახელი ეწოდა, რადაგანაც გულისხმობდა რუსეთის გარშემო აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების რკალის შემორტყმას და თანდათან შევიწროებას. შემდეგში მას შეკავების დოქტრინა (იგულისხმება რუსეთის შეკავება) დაარქვეს. (დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის ამ თემაზე ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი წიგნია ა. დუგინის ,,გეოპოლიტიკის საფუძვლები", შპს ,,მთაწმინდელის" 1999 წლის გამოცემა. იყიდება ასევე რუსეთში დაბეჭდილი გამოცემაც, და ნ. ნარტოვის სახელმძღვანელო ,,გეოპოლიტიკა", ასევე რუსულად).

თუ დავხედავთ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, დავინახავთ, რომ რუსეთს თბილ ოკეანეებში გასასვლელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვარგისია ნაოსნობისათვის, არსად არ აქვს. სწორედ ამ ,,ანაკონდას" რკალის გარღვევის მცდელობა იყო რუსეთის მხრიდან ავღანეთში შეჭრა, რომელიც შემდეგ პაკისტანში (ინდოეთის დახმარებით, იმ დროს რუსეთი და ინდოეთი მოკავშირეებიც იყვნენ.) ექსპანსიით და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელის მოპოვებით უნდა დამთავრებულიყო (პაკისტანზე ინდოეთი და რუსეთი დაამყარებდნენ კონტროლს). ეს იყო გეოპოლიტიკური ომი. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ავღანეთი უშუალოდ შეუერთდებოდა რუსეთს თუ არა, მთავარი იყო რუსეთის მოკავშირე ხელისუფლების დასმა ავღანეთში, რისთვისაც ხელისუფლებაში მოიყვანდნენ კომუნისტურ მთავრობას. ახლა, როცა რუსეთს თბილი ზღვებისაკენ გასასვლელი კიდევ უფრო შეზღუდული აქვს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთის, ირანის მიმართულებას. როგორც ცნობილია, ირანში ანტიამერიკული ხელისუფლებაა და რუსეთი მას თავის მოკავშირედ განიხილავს. შავ ზღვას არ აქვს არსებითი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რადგანაც ჯერ ერთი ბოსფორის სრუტეს პროამერიკული თურქეთი აკონტრლოებს და შემდეგ, სანამ შავი ზღვიდან ოკეანეში გახვალ, კიდევ ხმელთაშუა ზღვა არის გასავლელი. ასე რომ ყველაზე სუსტი რგოლი ,,ანაკონდას" რკალში სწორედ ირანის მიმართულებაა, რომელიც რადაც არ უნდა დაუჯდეს რუსეთს, უნდა გაარღვიოს, თუ უნდა, რომ იარსებოს როგორც მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფომ, რომლის გარეშეც რუსებს თავიანთი ეროვნებაც კი არ წარმოუდგენიათ. როგორც ა.დუგინი წერს, დიდი სახელმწიფოს გარეშე რუსები ეროვნულობას დაკარგავენო. ერთი სიტყვით, მათთვის მსოფლიო მასშტაბის სახელმწიფოს არსებობა რუსად ყოფნა არყოფნის საკითხია.

მაშინ, როცა ამ რკალის გარღვევა რუსებისათვის ყოფნა არყოფნის საკითხია, აშშ-სათვის ამ რკალის საბოლოოდ დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც მას მსოფლიო ბატონობასთან აახლოებს, მაგრამ აშშ-სათვის იგი ყოფნა არყოფნის საკითხი არ არის. აქედან ცხადია, ვინ უფრო გააფთრებულად იბრძოლებს, თუმცა გააფთრება ერთია და შესაძლებლობა მეორე. თუ რუსები ამერიკელებს ვერაფერს დააკლებენ, ჯავრს ჩვენზე იყრიან, რადგანაც ჩვენი ნატოში გაწევრიანება სასიკვდილო დარტყმა იქნება მათთვის.

ზემოთ ნათქვამიდან ვხედავთ, თუ რატომ იჩენს ასეთ გაღიზიანებას ქართველების ნატოსაკენ ლტოლვა რუსებში. მაგრამ ,,ანაკონდას" რკალი არაფერია იმასთან შედარებით, რა უბედურებაც სინამდვილეში რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ელოდება. ამ საფრთხეზე რუსული გეოპოლიტიკური სახელმძღვანელოები შიშით სდუმან (ვაი თუ მართლა აგვიხდესო).

შუა აზიის რესპუბლიკების მოსახლეობა, ტაჯიკეთის გარდა, თურქების ახლო ნათესავი ხალხებია. მართალია, თურქებს გენეტიკური კავშირი დაკარგული აქვთ სხვა თურქული ჯგუფის ხალხებთან (თურქული ჯგუფი არის მონღოლოიდური რასის ნაწილი, ასე რომ ვიზუალურადაც სავსებით ნათლად სჩანს, რომ გენეტიკური კავშირი მონღოლოიდურ რასასთან აღარ არსებობს), ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური ასიმილაციის გამო (იგივე ითქმის აზერბაიჯანელებზეც, რომლებმაც ადილობრივი ალბანელების ასიმილაცია მოახდინეს და გენეტიკურად ალბათ მათთან უფრო ახლოს არიან), მაგრამ ცივილიზაციურად ისინი ერთი ცივილიზაციის წევრები არიან. თურქებს ოცნებაში აქვთ დიდი პანთურქული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ყველა თურქული მოდგმის ხალხს გააერთიანებს და გადაჭიმული იქნება ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილო ყინულოვან ოკეანემდე, იაკუტების ჩათვლით (ესენიც თურქებს ენათესავებიან). დასავლეთით ამ პანთურქული გაერთიანების საზღვრები დაახლოებით მდინარე ენისეისთან გადის.

თურქეთი აშშ-ს ყველაზე ძვირფასი მოკავშირეა, ყოველ შემთხვევაში წინა აზიაში მაინც. თურქეთის თითქმის ყველა მეზობელი, ან ანტითურქულად, ან ანტიამერიკულად არის განწყობილი (რის გამოც იგი ცუდ გეოპოლიტიკურ გარემოშია და საკამრისია აშშ ოდნავ დასუსტდეს, რომ რთული პრობლემები შეექმნება, თუ ქურთების პრობლემასაც გავიხსენებთ). იგი არის წინა აზიაში აშშ-ს დასაყრდენი (აქვე,  ინჯირლიკში არის განლაგებული აშშ-ს სამხედრო ბაზა). თურქეთი ემეზობლება ისეთ რეგიონს, როგორიცაა ნავთობით მდიდარი არაბეთის ნახევარკუნძული და სპარსეთის ყურე, რომელიც აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესების სფეროდაა გამოცხადებული. აქედან შეიძლება ასევე ხმელთაშუაზღვისა და შავი ზღვის გაკონტროლება. ამას დაუმატეთ ისიც, რომ თურქეთს ნახევარმილიონიანი არმია ჰყავს, რითაც პირველ ადგილზეა ევროპაში და ერთერთი პირველია მსოფლიოში. სწორედ ამის გამოა, რომ აშშ-მ თვალი დახუჭა წინა საუკუნის 70-იან წლებში ბერძნული კვიპროსის ანექსიაზე და დღესაც ხუჭავს თვალს, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთიც ნატოს წევრია.

ახლა შევეცადოთ წარმოვიდგინოთ თუ რა მოხდება, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანდება. ამ შემთხვევაში აშშ-ს ურჩევნია, რომ საქართველოში ნატოს ჯარების სახელით თავისი მოკავშირის თურქეთის ჯარები ჩააყენოს (ამას სხვა მიზეზიც აქვს, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ), ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდება, გარდა ამისა, თვითონ თურქეთსაც ექნება ამის სურვილი, რადგანაც გეოგრაფიულად საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ხელს უშლის თურქული მოდგმის ხალხებს გაერთიანებაში.

მეორე მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ თურქეთი შეეცდება თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს შუა აზიის და შემდეგ ციმბირის თურქული მოდგმის ხალხები. ამით იგი მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსეთს, რითაც დიდი საფრთხე დაემუქრება რუსეთის სახელმწიფოს არა მარტო მთლიანობას, არამედ რუსეთის როგორც სახელმწიფოს და რუსების როგორც ერის არსებობას. ეს აწყობს აშშ-ს, რადგანაც ამით დასუსტდებიან აშშ-ს მოწინააღმდეგეები და გაძლიერდებიან მისი მომხრეები.

თურქული სახელმწიფოს ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილო ყინულოვან ოკეანემდე გადაჭიმვა გამოიწვევს მის არნახულად გაძლიერებას, რადგანაც მის ხელში აღმოჩნდება მთელი შუა აზიისა და ციმბირის უმდიდრესი ბუნებრივი რესურსები, ადამიანურ რესურსებთან ერთად. ამ ხალხებთან თურქებს ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტი არ ექნებათ. მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ ეს ხალხები ეროვნული თვითმყოფადობისათვის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის დროსაც პასიურები იყვნენ და მით უმეტეს არაფერი ექნებათ თურქებთან კონსოლიდაციის საწინააღმდეგო. ასე, რომ ამ სახელმწიფოს არ ექნება შიდა წინააღდეგობები, რაც ასე ასუსტებს და ფიტავს ბევრ იმპერიას. გაძლიერებულ თურქეთს უეჭველად გაუჩნდება სურვილი კიდევ უფრო გაფართოვდეს და შესაძლოა შემდეგ შეტევაზეც გადავიდეს რუსეთის წინააღმდეგ. ამით მოსალოდნელია, რომ ისარგებლებს ჩინეთიც და ჩაერთვება კონფლიქტში თავისი წილის მისაღებად. რუსეთის დღევანდელი მოკავშირეებიც კი რუსების წინააღმდეგ გამოვლენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება არც აწყობდეთ რუსეთის დასუსტება. ისინი შეხედავენ რა, რომ რუსეთი განწირულია და რუსების მიწებს და რესურსებს სხვები ინაწილებენ და ძლიერდებიანო, შეეცდებიან თვითონაც მიითვისონ რამე და თავისი ქვეყანა გააძლიერონ. ასე, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს არასწორმა გეოპოლიტიკურმა არჩევანმა საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტს მისცეს ბიძგი და რაც უფრო სამწუხაროა, შეიძლება საქართველოს ეს მისი არსებობის ფასად დაუჯდეს. თუ დიდი პანთურქული გაერთიანება არ გადაგვყლაპავს, რუსები ნამდვილად ცუდ დღეში ჩაგვაგდებენ, რადგანაც ზემოთ აღწერილ კოშმარს ვერაფრით დაუშვებენ, თუნდაც ამისათვის საქართველოს განადგურება დასჭირდეთ.

გერმანელი ეროვნების რომის პაპის არჩევა, როგორც ჩანს, იმას უნდა მოასწავებდეს, რომ გერმანია შეეცდება ევროკავშირში თავისი პოზიციები გაამაგროს და ევროკავშირს განსამტკიცებლად ერთიანი რელიგიური საფუძველი შეუქმნას (გავიხსენოთ, რომ პოლონელი პაპის ძირითადი ძალისხმევა მსოფლიოში კომუნისტური რეჟიმების დამარცხებისაკენ იყო მიმართული. ასე, რომ რომის პაპებისათვის პოლიტიკური აქტიურობა უცხო არ არის), ამით შეეცდება ევროკავშირში მოსალოდნელი ეთნიკური დაპირისპირებები შეარბილოს და ნაკლები პრობლემები შეიქმნას ერთიანი ცივილიზაციური საძირკვლის შექმნით (ევროკავშირი ძალიან ჰგავს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიას, რომელმაც თავის ძლიერების პიკს მე-16 საუკუნეში მიაღწია და რომლის ძირითადი მოსახლოებაც და იმპერატორიც გერმანელები იყვნენ). მოსალოდნელია, რომ გერმანიაში ლუთერანობის პოზიციები შესუსტდება და კათოლიციზმის განმტკიცდება. თუკი ევროკავშირი ამ საფუძვლეზე მოახერხებს გაძლიერებას, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ იგი მსოფლიოში გაბატონებისათვის, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ კათოლიკე ესპანელებსა და პორტუგალიელებს გააქტიურებს აშშ-ს წინააღმდეგ. ამით მნიშვნელოვნად შესუსტდება აშშ-ს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური უპირატესობა, რადგანაც მას თავისსავე კონტინენტზე შეექმნება პრობლემები. რუსები, კი თავისი უმთავრესი მოწინააღმდეგის აშშ-ს წინააღმდეგ, ევროპის მოკავშირეები იქნებიან. უკვე ახლა სავსებით ნათლად შეიმჩნევა გერმანიისა და რუსეთის დაახლოება. ვინც მსოფლიო პოლიტიკას თვალს ადევნებს, შეამჩნევდა პუტინის გახშირებულ ვიზიტებს გერმანიაში. ამისკენვე მოუწოდებენ, როგორც რუსი, ასევე გერმანელი გეოპოლიტიკოსები. გარდა ამისა გერმანია და ევროპა გაზსადენებით არიან რუსეთზე მიბმულნი.

მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა, რაც არ უნდა ძლიერი იყო, ძალიან ძნელია. ეს, სულ ცოტა, ეკონომიკურად დაასუსტებს და რესურსებიდან გამოფიტავს ქვეყანას. ამიტომ აშშ-სათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძლიერი მოკავშირის მოძიება. ასეთი კი თურქეთი გახდება. მათი ინტერესები დაემთხვევა იმიტომ, რომ თურქეთს უნდა თავისი მონათესავე ხალხებთან კავშირით გაძლიერდეს. ეს აშშ-ს ინტერესებშიც შედის, ერთის მხრივ გაძლიერდება თავისი მოკავშირე და მეორეს მხრივ, კი შესუსტდება მისი მოწინააღმდეგე რუსეთი, რითაც მნიშვნელოვნად შესუსტდება ანტიამერიკული ბლოკი. ასე, რომ აშშ თურქეთს ბევრ თავნებობას აპატიებს და ზოგჯერ წააქეზებს კიდეც. ჩვენ სულ ტყუილად გვგონია, რომ აშშ ჩვენი ქომაგი იქნება.

ყოველივე ზემოთქმულიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, თუ რამდენად გადაჯაჭვულია თურქეთისა და აშშ-ს ინტერესები ერთმანეთთან.

ბოლოს, მინდა ორიოდე სიტყვა ნავთობის საბადოების მნიშვნელობაზეც ვთქვა. აშშ-ს მსოფლიოში უდიდეს ეკონომიკას (მის მასშტაბებზე რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას, ვიტყვი, რომ იგი მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-ს) ნორმალური ფუნქციონირებისათვის სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობი. მას თავისი ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ნავთობის ნახევარი უცხოეთიდან შემოაქვს. ნავთზე ფასების ცვლილება ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. აშშ-ს მოსახლეობის ერთიანობის საფუძველი სწორედ მატერიალური კეთილდღეობაა (აქ ხომ ხალხი, როგორც წესი, მატერიალური კეთილდღეობისათვის სახლდებოდა.) და არა ეროვნული ერთიანობის განცდა, ასე რომ ნავთობის მარაგებზე თავისუფალი წვდომა ამ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მსოფლიოს ნავთობის მარაგების 60% არაბეთის ნახევარკუნძულზეა თავმოყრილი. აქ, თითოეული ცალ-ცალკე, ქუვეითი, საუდის არაბეთი, ერაყი და არაბეთის ემირატები დაახლოებით 100-100 მილიარდ ტონა ნავთობის მარაგს ფლობენ, აზერბაიჯანი კი მხოლოდ 500 მილიონს. ასე, რომ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკისათვის (ისევე როგორც ეკონომიკური მნიშვნელობა ჩვენთვის) არაარსებითია. კიდევ უფრო მცირეა მისი, როგორც საქართველოსათვის მშვიდობის გარანტის როლი, თუ გავიხსენებთ, რომ აშშ არ იქნება წინააღმდეგი თუკი ამ მილსადენს მისი მოკავშირე თურქეთი გააკონტროლებს.

როგორც ზემოთ ნათქვამიდან ვხედავთ, რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო აშშ-სათვის კი არაბეთის ნახევარკუნძულის ნავთობის მარაგებზე კონტროლი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ არ არის გამორიცხული მათ შორის გარკვეული დროებითი შეთანხმების მიღწევა და ერთმანეთისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარებისადმი ხელის არ შეშლა. თანაც რაღაც უცნაურად გულგრილია რუსეთი მისი ყოფილი მოკავშირის ერაყის მიმართ. შესაძლოა ეს რუსეთის დასუსტებითაც აიხსნას, თუმცა სამხედრო ძლიერების მიხედვით იგი ჯერჯერობით მეორე ადგილს მაინც ინარჩუნებს, აშშ-ს შემდეგ. როგორი სუსტიც არ უნდა იყოს რუსეთი, თუკი უნდა ძველი გავლენის დაბრუნება, ყველანაირად უნდა ცდილობდეს აშშ-ს დასუსტებას, რომ აშშ-მ ერაყთან ომში რაც შეიძლება მეტი დანაკარგი ნახოს მატერიალურიც და ადამიანურიც, რომ იგი ნაკლებად გაძლიერდეს და გამარჯვება მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. რაკი ამას არ აკეთებს ე.ი. მათ შორის რაღაც შეთანხმებაა. არც აშშ-ს უნდა ერაყში ვიეტნამი განუმეორდეს, ამისათვის კი რუსეთთან საერთო ენა უნდა გამონახოს.

როგორც გვახსოვს, აშშ მხარს უჭერდა ზ.გამსახურდიას თავისი დისიდენტობის პერიოდში, რადგანაც მას რუსეთის შიგნით პრობლემები აწყობდა. რუსეთი იძულებული იყო მიემართა გარკვეული რესურსები ეროვნული მოძრაობის გასაკონტროლებლად და ჩასახშობად. ეს მას ფიტავდა და ასუსტებდა. რომ არა რუსეთის შიგნით ზ.გამსახურდიას და მ.კოსტავას მსგავსი ნაციონალისტების არსებობა (ისინი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე აქტიურები იყვნენ), რუსეთის იმპერია დასუსტების მიუხედავად მაინც არ დაიშლებოდა. კიდევ დიდ ხანს ვერ გაუბედავდა ვერავინ ატომური იარაღის მფლობელ ქვეყანას ომის დაწყებას. იგი იქნებოდა სუსტი, მაგრამ ერთიანი (რამდენი ქვეყანაა სუსტი დღევანდელ მსოფლიოში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ იშლება). ეს იყო ზ. გამსახურდიას და მ.კოსტავას მთავარი ისტორიული მისია და დამსახურება ქართველი ერის წინაშე (სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია ისტორიისათვის), რასაც მათ პირნათლად გაართვეს თავი.

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. აშშ მისი მოწინააღმდეგე გახდა. საინტერესოა, რომ იმ პერიოდშიც, ისევე როგორც ახლა, აშშ-ს კონფლიქტი ჰქონდა ერაყთან, ქუვეითის გამო. ასე, რომ დაპირისპირების მიუხედავად რუსეთი და აშშ დრო და დრო ახერხებენ შეთანხმებას, რაც, რა თქმა უნდა, თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ არის მიმრთული და სულაც არ არის ძნელი იმის მიხვერდა, თუ ვინ დაზარალდება ასეთი შეთანხმებების დროს.

რუსეთი საქართველოში და სომხეთში თურქეთის საზღვრებზე სამხედრო ბაზების განლაგებით აღწევდა თავისი სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრების სტრატეგიულ უსაფრთხოებას. თუ თურქეთმა თავისი გავლენა შუა აზიის ერთმორწმუნე მონათესავე ხალხზე გაავრცელა, მაშინ რუსებს მოუწევს სამხრეთის რამდენიმე ათას კილომეტრიანი საზღვრების გაძლიერებული დაცვა, რაც დამატებით ეკონომიკურ ტვირთად დააწვება რუსეთის ეკონომიკას (რომ აღარაფერი ვთქათ შუა აზიის რესპუბლიკებზე გავლენის დაკარგვაზე).

რუსეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო კონტროლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი ვერ გარისკავს და ვერ დაუშვებს სხვა ქვეყნების კონტროლს მასზე, თუნდაც ეს ევროკავშირი იყოს. ეს იმიტომაც არ მოხდება, რომ ევროკავშირს არ აქვს რაიმე არსებითი ინტერესი საქართველოში და ამიტომ რუსეთს არ შეეცილება.

ზოგიერთებს, საქართველოში, ამ რთული ვითარებიდნ ყველაზე კარგი გამოსავალი ნეიტრალიტეტის გამოცხადება ჰგონიათ. მათ ეს ასე წარმოუდგენიათ, რომ გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და შემდეგ არავინ შეეხება (ერთგვარი ,,ნიჩურტასავით") ჩვენს ქვეყანას. ეს რომ ასე მარტივად იყოს, მაშინ პატარა სახელმწიფოებს არ დასჭირდებოდათ შეიარაღებული ძალები, გამოაცხადებდნენ ნეიტრალიტეტს (,,ნიჩურტას აიღებდნენ") და უზრუნველყოფდნენ საკუთარ უსაფრთხოებას.

მართალია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველა ქვეყანა ვალდებულია პატივი სცეს ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალიტეტს, რაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტად მოგვეჩვენოს, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ქვეყნები ვალდებულები არიან, არა მარტო ნეიტრალიტეტს სცენ პატივი, არამედ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, მიუხედავად ამისა დღევანდელ მსოფლიოში სუსტი ქვეყნების სუვერენიტეტი ხშირად ირღვევა.

ამა თუ იმ ქვეყნის ნეიტრალიტეტის გამოცხადებით მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. მისმა ნეიტრალიტეტმა ამ ქვეყნებს შორის ქიშპი და დაძაბულობა უნდა შეარბილოს. ამ შემთხვევაში აღიარებენ მის ნეიტრალიტეტს და პატივს სცემენ. სწორედ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების მხარდაჭერის შემთხვევაში იქნება ქმედითი დეკლარირებული ნეიტრალიტეტი. მაგრამ ნეიტრალიტეტის გამოცხადება მაინც არ არის უსაფრთხოების გარანტი. მაგალითად, გერმანიამ ორჯერ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი 1914 და 1940წლებში.

შეიძლება ასეთი დეზორიენტაციის მიზეზი ის იყოს, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით მოახერხა თავიდან აეცილებინა მეორე მსოფლიო ომი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გერმანიას მაშინ მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა ფინანსური და ეკონომიკური ბლოკადა. ნეიტრალიტეტის გამოცხადებით მხოლოდ შვეიცარიამ თქვა უარი ამ ბლოკადაში მონაწილეობაზე. ასე, რომ მაშინ გერმანიას აუცილებლად სჭირდებოდა მეზობლად ისეთი ქვეყანა, რომლის საშუალებითაც მოხერხდებოდა ფინანსური და ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა. სწორედ ამის გამო გადაურჩა შვეიცარია მეორე მსოფლიო ომს და არა უბრალოდ ნეიტრალიტეტის დეკლარირებით.

ამ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავლად ავტორს, რუსეთის კუთვნილი, ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საქართველოში დაკანონება მიაჩნია. თუკი რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ჩაიდება მუხლი, რომ ამ ბაზების გაუქმების უფლება საქართველოს არ აქვს რუსეთის თანხმობის გარეშე ცალმხრივად, მაშინ რუსეთისათვის აზრს დაკარგავს საქართველოში ავტონომიური წარმონაქმნებისათვის მხარის დაჭერა, რადგნაც მისი ინტერესები დაკმაყოფილებული იქნება, ხოლო საქართველოს კი მიეცემა საშუალება რუსებისაგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საშინაო მოწყობა. თუმცა ასეთი ხელშეკრულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ უნდა შევიდეს, როცა აღდგება საქართველოს იურისდიქცია ამ კომფლიქტის ზონებზე და როცა ქართველი დევნილები თავის სახლებს დაუბრუნდებიან.

ამის წამკითხველი ქართველი მკითხველი ალბათ საშინლად გამინაწყენდება, რადგნაც რუსული ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე დაკანონებას საქართველოს სუვერენიტეტის დათმობად მიიჩნევს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ აშშ-საც აქვს თავის სამხედრო ბაზა კუბაში - გუანტანამოს ბაზა, მაგრამ ეს სულაც არ ზღუდავს თავის საქმიანობაში არც კუბას და არც ფიდელ კასტროს. კუბაში ბაზები აშშ-ს, ამერიკის კონტინენტზე პოტენციური რუსული აგრესიის აღსაკვეთად სჭირდება. საქართველოში დაკანონებული რუსული ბაზების უმთავრესი დანიშნულება კი იქნება წინასწარ აღკვეთოს რუსეთისათვის ასე საშიში, აღმოსავლეთით მიმართული, პოტენციური თურქული ექსპანსია და არა საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა.

აქვე მინდა ქართველ მკითხველს შევახსენო, რომ აშშ არ იქნება ჩვენი ქომაგი. მისი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში თურქეთია და არა საქართველო, ამიტომ იგი თურქეთს დაეხმარება და არა საქართველოს. ეკონომიკურადაც აშშ მხოლოდ იმ ქვეყნებს ეხმარება, რომელიც მას სჭირდება პოლიტიკურად და პარტნიორად. ასე რომ რუსეთის ბაზების საქართველოში დაკანონებით საქართველო სინმადვილეში სულაც არ კარგავს აშშ-ს როგორც პარტნიორს, იგი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად თავიდანვე არ მიგვიჩნევს.

დასაბამიდან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენი ბედისწერაა და ჩვენ საბოლოოდ უნდა ვისწავლოთ სწორი გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება, თუ გვინდა გადავრჩეთ და გავძლიერდეთ. ასე, რომ სანამ ჩვენი მთავრობა სტრატეგიულ მოკავშირეს აირჩევს, უნდა კარგად დაფიქრდეს და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად აწონდაწონოს. არასწორი არჩევანი მსოფლიო რუკიდან გაქრობის ფასად დაგვიჯდება.

საქ. მეც. აკადემიის დემოგრაფიული და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ზაზა წიქორიძე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"