ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.05.2010
რასიზმი ჩეხეთში

ჩეხოსლოვაკია - ქვეყანა, რომელიც იწვევდა საყოველთაო თანაგრძნობას, როდესაც დასავლური სახელმწიფოების მიერ 1938  წელს ”გადაგდებულს” ჰიტლერი ეძგერა, ხოლო 1968 წელს ”პრაღის გაზაფხული” საბჭოთა ტანკებმა გადაუთელეს...

ჩეხოსლოვაკია, რომელმაც გამოიწვია აღფრთოვანება, როდესაც მოახდინა საკუთარი ლიკვიდაცია მშვიდობიანად და ცივილიზებულად, განსხვავებით იუგოსლავიისაგან...

დღეს ჩეხეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის შემადგენლობაში იმყოფებიან. განსაკუთრებით ”სამაგალითო მოწაფედ” (”ევრონიუსის” დონის მას-მედიის ტერმინოლოგია) მიიჩნევა ჩეხეთი, რომელსაც სხვა ”მოწაფეებზე” მეტი წარმატებები ჰქონდა ეკონომიკაში, ასევე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობაც ჩეხეთში თითქოს არანაირ ეჭვს არ იწვევს.

რა თქმა უნდა, ერთი კერძო შემთხვევა (რომელიც მოგვყავს ქვემოთ) ვერ შეძლებს თანამედროვე ჩეხეთის დისკრედიტაციას და ეს მიზანიც არ გვაქვს, მაგრამ იგი საკმაოდ კარგად აჩვენებს, რომ ჩეხეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაინც ევროპის ”მეორე ეშელონის” ქვეყანასთან და არა ”ახალ ევროპასთან”, როგორც ზოგიერთებს ეგონათ. საქმე კი შემდეგში მდგომარეობს:

როგორც ჩეხეთში ქართული დიასპორის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თავად ჩეხეთის მოქალაქე გიორგი ალანია იუწყება, მის მიერ დაქირავებულ შენობაში, სადაც ალანიას სასაუზმე აქვს მოწყობილი, თავგადაპარსული რასისტები შეიჭრნენ და ”გამაფრთხილებელი” დარბევა მოუწყეს, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ალანიასა და მისი ოჯახის წევრებს. რასისტებმა საამისო დავალება მიიღეს შენობის მფლობელისაგან, რომელიც ალანიაზე აქირავებს მას და მასთან ბიზნესის გამო დავა აქვს. გიორგი ალანიას სიტყვებით, პრობლემას ის კი არ წარმოადგენს, რომ თავგადაპარსულები შეიჭრნენ მის სასაუზმეში, არამედ ის, რომ ჩეხეთის პოლიცია ჯეროვნად არ რეაგირებს ამგვარ შემთხვევებზე (იმისდა მიუხედავად, რომ არსებობს მტკიცებულებები - სკინჰედების ფოტოები, როდესაც ისინი შენობაში შეიჭრნენ), რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა ჩეხეთში. თვით იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩეხეთის მოქალაქე ხარ, მაგრამ არა ჩეხური წარმოშობისა, არ გაგაჩნია განსაკუთრებული შანსები, მიაღწიო სამართალს ამ ევროპულ სახელმწიფოში. თავის ბლოგზე ალანია, რომელიც უკვე 10 წელიწადია იურიდიულ და სხვა სახის დახმარებას აღმოუჩენს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან შემოსულ მიგრანტებს (სწორედ ჩვენს მიგრანტებს უხდებათ ჩეხი რასისტების ”სიამტკბილობის” ატანა), ჩეხური რასიზმის გამოვლინებას ”შაკლურს” უწოდებს - თავის დროზე მას ქალაქ პლზენში არ აძლევდნენ საბანკო ბარათს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ჩეხი არ არის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფარულად ფირზე ჩაიწერა ბანკის თანამშრომლების დამცინავი გამონათქვამები ამასთან დაკავშირებით, მას მისცეს ბარათი და თითქოს მოუბოდიშეს. მაგრამ ხელისუფლების ამჟამინდელი ქცევით (დიახ ჩეხეთის ხელისუფლების, და არა სკინჰედების) გიორგი ალანიამ იმდენად შელახულად დაინახა საკუთარი უფლებები, რომ მან სხვა გამოსავალი ვერ მოიფიქრა, გარდა პროტესტის მძიმე ფორმისა - მარცხენა ხელისგული ლურსმნით მიიჭედა ხეზე (იხ. ფოტოები).

მიუხედავად ყველაფრისა, ქართველებს და ყოფილი სსრ კავშირის წარმომადგენლების უმრავლესობას ჯერ კიდევ აიძულებენ, პირდაღებულებმა იოცნებონ ”დემოკრატიულ” ევროპაზე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"