ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
18.05.2010
შერატონ-ოღლუ აჭარისტანში

მ.სააკაშვილი გაძლიერებული ტემპებით აგრძელებს აჭარაში თურქეთის ”Penetration pacifique” -ს (ანუ მშვიდობიან შემოღწევას). თურქეთთან საზღვრისპირა აჭარაში უკვე რამდენიმე წელია, აღარავის აკვირვებს თურქული კაპიტალის მოძალება, რომელიც ქართულ ”კრიშებთან” არის დაკავშირებული უმაღლეს დონეზე.

საქართველოს ახლადგამოცხადებული ”მეგობრები” ალერსიანად ახრჩობენ ქართულ ეკონომიკას - თურქეთს, როგორც ჩანს, არ ყოფნის ის, რომ ქართული ბაზარი გავსებულია თავისი ხშირად უხარისხო პროდუქციით, იგი პრობლემებს უქმნის როგორც ქართულ წარმოებას, ისე საქართველოს მრავალი მოქალაქის მცირე ბიზნესს, რომლებიც ნახმარი ავტომანქანებით ვაჭრობენ (იხ. ბმული).

მაგრამ დღეს არ უნდა ვისაუბროთ ცუდზე, არამედ მხოლოდ დადებითზე, ბათუმში ხომ ”შერატონის” სასტუმროთაგან ”ყველაზე მაგარი” გაიხსნა - თურქული დაფინანსებით. სააკაშვილი ხარობდა როგორც... სააკაშვილი, მაღალი რანგის სტუმარი - პრემიერი ერდოღანი - ქათინაურებით აავსო, მაგრამ ეს ვის გააკვირვებს მაშინ, როდესაც ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა ახლა უკვე ნურეთინ ჩამიკლის - ”შერატონის” მშენებლობის დამფინანსებელი ბიზნესმენის სახელს ატარებს. ადრე სააკაშვილს ჩამიკლისთვის პროჟექტორი უჩუქებია, რომელიც საბჭოთა დროს თურქეთთან საზღვაო საზღვარს ანათებდა და, სააკაშვილისვე სიტყვებით, ”ადამიანებს საქართველოსთან მოახლოების საშუალებას არ აძლევდა”. ამჟამად საზღვარი გახსნილია, თურქები, ანუ ”ადამიანები” საქართველოს ”უახლოვდებიან” და საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად მის საზღვარსაც კვეთენ. მაგრამ სამაგიეროდ აჭარის მკვიდრნი ამით დიდ სარგებელს ვერ ნახულობენ - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაეუფლა აჭარას, მან ვერა და ვერ შექმნა ახალი სამუშაო ადგილები მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობით. აჭარის იმ მცირერიცხოვან მკვიდრთა გამოკლებით, რომლებიც სანაპირო ზოლში ფლობენ სახლებს და საკურორტო სეზონში თავს ტურიზმით ირჩენენ, აჭარლების უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრი მათგანი გაღატაკებულიცაა. ამ ფონზე ავტონომიური რესპუბლიკის სნობური რეკლამირება, როგორც შავი ზღვის სანაპიროს ”ყველაზე მაგარი” ადგილისა (სააკაშვილის ლექსიკა), ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფასების ზრდას იწვევს კვების პროდუქტებზე, აჭარაში ფასები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია. პატარა მაგალითი: ამ სეზონზე, როდესაც მარწყვი თბილისში 1,5 – 2 ლარი ღირს, ბათუმის მაღაზიებში მისი ფასი 3-იდან 5 ლარამდეა. და საქმე რომ მარტო მარწყვს არ ეხება, ეს თავისი გამოცდილებით ყველაზე უკეთ თავად აჭარლებმა იციან. იციან, მაგრამ ჯერ კიდევ ითმენენ, მხოლოდ ხანდახან კბილებს შორის რაიმე ნაკლებად სასიამოვნოს გამოსცრიან ხოლმე ქუჩაში მიმავალი რომელიმე თურქი ბიზნესმენის მისამართით...

ბათუმში კი თურქული სტანდარტების ”შერატონის” გახსნასთან დაკავშირებული კონცერტი გაიმართა, რომელზეც თეთრ ქუდებს არიგებდნენ წარწერით - ”მე მიყვარს ნურეთინი”, ხოლო საკუთრივ კონცერტის მოდერირება თურქულ ენაზე ხდებოდა. ბათუმის ”შერატონი” თავისი უღიმღამო შესახედაობითა და ცოტა ვიწრო ინტერიერით შეიძლება კარგად ეხამება ოდესღაც თურქულ აჭარისტანს, მაგრამ არა ქართულ აჭარას და მის მარგალიტს - ბათუმს, რომელიც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დახმარებით იქნა ბრძოლებით დაბრუნებული და თავიდან აშენებული, საუკეთესო ევროპულ სტილში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"