ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
17.05.2010
მიმართვა პატრიარქს

ჩვენი მკითხველებისთვის კარგადაა ცნობილი ის სამწუხარო მოვლენები, რომლებიც განვითარდა ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში. ამასთან დაკავშირებით ერეკლე მეორის საზოგადოებამ და ევრაზიის ინსტიტუტმა შეიმუშავეს მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. მიმართვა ღიაა ხელმოსაწერად სხვა ორგანიზაციებისთვის და კერძო პირებისთვის. შეგროვილი ხელმოწერების გადაცემა საპატრიარქოში მოხდება ამა წლის 18 მაისს, დღის 13 სთ-ზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

თბილისი, 13 მაისი, 2010 წ.

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენთვის ცნობილია ტელეკომპანია ”კავკასიის” სტუდიაში ამას წინათ განვითარებული მოვლენები, რომელთა მიზეზით რამდენიმე ახალგაზრდა მართლმადიდებელი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, დავით შალამბერიძე, ზვიად ბლიაძე და გიორგი გაბედავა - პოლიციამ დააკავა და მათ სასამართლოს ძალით სასწრაფო წესით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოგეხსენებათ, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთ მეგობრებთან ერთად აღაშფოთა იმ უმსგავსო საქციელმა, რომელიც წმიდა ილია მართლის სახელის მატარებელი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ იკადრა - ტრიბუნა დაუთმო ამპარტავნებით შეპყრობილ ღვთის მგმობელებს მათი უხამსი და უნიჭო ნაწერების ტირაჟირებისათვის. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა მოხდა ”კავკასიის” სტუდიის მიღმა, სადაც შეხლა-შემოხლასა და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონია ადგილი. ჩვენ ის ვიცით, რომ იქ მყოფი ახალგაზრდები უიარაღოდ იყვნენ და არც არავის მიუღია სხეულის მძიმე დაზიანება. ამას კერძო საუბრებში ადასტურებენ თავად ”კავკასიის” მესვეურები.

საქმე ისე ჩანს, რომ ვიღაცას ხელს აძლევს მართლმადიდებელი მრევლის და ამით მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია - საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართული მართლმადიდებლები საზოგადოების წინაშე უნდა წარმოჩნდნენ აგრესიულ, გაუნათლებელ, მოძალადე მასად. ამჯერად ამ მიზეზების ახსნისა და შეფასებისგან თავს შევიკავებთ, მით უმეტეს, რომ მიმდინარე პროცესების ჭეშმარიტი არსი ჩვენზე უკეთ თავად მოგეხსენებათ. ჩვენ უბრალოდ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით: ჩაერიოთ ამ ახალგაზრდა მართლმადიდებლების ბედის განსაზღვრაში და გამოძიების დასრულებამდე თავმდებად დაუდგეთ მათ, რათა ისინი გამოშვებულ იქნენ საპყრობილედან. ეს ახალგაზრდები არსად გამქცევები არ არიან და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, სამაგიეროდ ”რეფორმირებული” ქართული ციხე კი მათი ფსიქიკის დეგრადაციაზე და მომავლის გამრუდებაზე ნამდვილად იზრუნებს.

გამომდინარე აქედან, კიდევ ერთხელ გთხოვთ, პირადად ჩაერთოთ ამ პროცესებში და თქვენი ავტორიტეტის ძალით დაეხმაროთ მართლმადიდებელ ახალგაზრდებს, რომელთა ”დანაშაული” იმაში მდგომარეობს, რომ საჯაროდ ღვთის გმობაზე ემოციურად რეაგირებენ. ჩვენ ჩვენი მხრივ მზადყოფნას ვაცხადებთ, მართლმადიდებელი მრევლის ამ ნაწილსა და ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლებს შორის მომრიგებლის ფუნქცია ვიტვირთოთ.

ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რამდენად სწორია, სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა მინდობილი ჰქონდეს ისეთ გამომცემლობას, რომელიც ანტიქრისტიანულ და თან უნიჭო, უხამს ”ლიტერატურას” გამოსცემს, ისევე როგორც წმიდა ილია მართლის სახელი ფამილარულად (”ილიას უნივერსიტეტი”) მიითვისონ პოსტკომუნისტური ეპოქის ”მებრძოლმა ათეისტებმა”, რომლებიც ამგვარ უხამსობას ავრცელებენ სტუდენტებში, ნაცვლად ქრისტეს მცნებებისა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თქვენ ყოველივე ამას უპასუხოდ არ დატოვებთ.

მოწიწებითა და პატივისცემით,

ერეკლე მეორის საზოგადოების სახელითარჩილ ჭყოიძე

ევრაზიის ინსტიტუტის სახელითგულბაათ რცხილაძე
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"