ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
12.05.2010
როგორ აძლევენ ხმას საქართველოში

მოახლოვდა მორიგი „არჩევნები“ და საჭირო ხდება მისი შესაძლო შედეგების შესახებ მსჯელობა. რა თქმა უნდა, დაახლოებითი ოფიციალური შედეგები წინასწარ ცნობილია და ამერიკულმა ორგანიზაციებმა უკვე გამოაქვეყნეს კიდეც ისინი (იხ. კომენტარი). საუბარია რეალურ შედეგებზე, ან თუნდაც პოტენციურ, შესაძლო შედეგებზე.

პოტენციურში იგულისხმება ის, თუ არჩევნების რა რეალური შედეგი შეიძლება დადგეს, თუ ესა თუ ის მექანიზმი ან ინსტიტუტი ამოქმედდა ან არ ამოქმედდა არჩევნების წინა პერიოდში. ამ მხრივ, საინტერესო იქნება განვიხილოთ, თუ როგორ აძლევენ ხმას ამომრჩევლები საქართველოში (ანუ, ამომრჩევლის ზოგიერთი მამოძრავებელი მოტივი).

ჩამოვთვალოთ მნიშვნელოვანი ფაქტორები: პირველ რიგში, საქართველოში ხმას აძლევენ ხელისუფლებაში მყოფ პიროვნებას ან ძალას (მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა ის). ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე. შემდეგ, ხმას აძლევენ არაოფიციალური ან არასახელმწიფო ინსტიტუტების ზეგავლენით. ამ ინსტიტუტებში შედის ეკლესია, ასევე ე.წ. უბნის ბირჟები, კრიმინალიტეტი. მესამე ფაქტორია შიში, იძულება, დაშინება, რომელიც პირველთან (ხელისუფლებაში ყოფნასთან) არის კავშირში. არის ასევე მოსყიდვის ელემენტი ხმის მიცემის მექანიზმში, ის უკავშირდება არა მარტო უშუალოდ მატერიალური ფასეულობის მიღებას, არამედ მის მოლოდინსაც, რაც ხორცილდება წინასაარჩევნო დაპირებების საშუალებით. ეს დაპირებები უმრავლეს შემთხვევაში არ სრულდება. ის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე გამალებით ასფალტს აგებენ ან სახურავებს აკეთებენ, ასევე მოსყიდვის ტექნოლოგიებს მიეკუთვნება (და არა სახელმწიფო ორგანოების მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებას).

ასევე ჩამოვთვალოთ, რომელი ფაქტორები არ ასრულებენ სერიოზულ როლს ხმის მიცემის რეალურ (ვიმეორებთ, რეალურ და არა ოფიციალურად დაფიქსირებულ) შედეგეში. ესენია: გარე რეკლამა, სტანდარტული სატელევიზიო რეკლამა, საარჩევნო პროგრამები. ამრიგად, მაგალითად, აურაცხელი რაოდენობის და რაც შეიძლება დიდი ბანერების და პლაკატების გაკვრა ქალაქში არა თუ არ იძლევა დადებით შედეგებს, არამედ პირიქით, ხშირად დაბლა სწევს მათ. ანალოგიური ეფექტი აქვს სტანდარტულ და მომაბეზრებელ სატელევიზიო რეკლამას „ამერიკულ სტილში“. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს წინა არჩევნებზე: განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს იყო ხოლმე ახალი მემარჯვენეების შემთხვევაში, რომლებიც ამ შეცდომას ხშირად უშვებდნენ.

ახლანდელ არჩევნებზე ვხედავთ, რომ ახლების სტილი გადაიღეს ე.წ. ქრისტიან-დემოკრატებმა, რომლებმაც ლამის წალეკეს ქალაქი თავიანთი გარე რეკლამით. ერთადერთი შედეგი ამისა არის ამ პარტიის რეიტინგის კიდევ უფრო დაცემა, თუნდაც წინა არჩევნებთან შედარებით. სხვა საქმეა, რომ შედეგები წინასწარაა ცნობილი და „ქრისტიან-დემოკრატები“ გამოცხადებულ 7-8 პროცენტს მაინც „მიიღებენ“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამა თუ იმ ოპოზიციურმა ძალამ მიიღოს საგრძნობი რაოდენობის ხმები რეალურად (ანუ ურნებში ჩაყრილი ბიულეტენების სახით), თუ ის არ არის შეკრული ხელისუფლებასთან? ასეთ ძალას არ გააჩნია ხელისუფლების ფაქტორი, არ შეუძლია დაშინება ან მოსყიდვა. რჩება ერთადერთი: არაოფიციალური ინსტიტუტების მხარდაჭერის მექანიზმების გამოყენება. გარკვეულ პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია დაძაბულია და ხელისუფლება არაპოპულარული, ამ მექანიზმებს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. როგორც აღვნიშნეთ, ესენია ეკლესიის ან ცალკეული საეკლესიო წრეების არაოფიციალური მხარდაჭერა, „საუბნო ბირჟების“ მხარდაჭერა და კრიმინალთან ახლოს მდგომი ელემენტების მხარდაჭერა. წინა არჩევნებზე (2008 წლის მაისი) ნაციონალურმა მოძრაობამ ფართოდ გამოიყენა როგორც კრიმინალის მხარდაჭერა (გარკვეული დაპირებების თუ დათმობა-გარიგებების საფუძველზე), ისე „უბნის ბირჟების“ მხარდაჭერა და რეალური შედეგიც მიიღო. არსებობს ასევე „სამეზობლო ზეწოლის“ მექანიზმიც, რომელსაც ახორციელებენ ე.წ. ამხანაგობების თავმჯდომარეები ან/და დაქირავებული აქტივისტები. რომლებიც კარდაკარ დადიან. ამ სეგმენტში ამჟამად მხოლოდ სახელისუფლებო ძალა აქტიურობს. ოპოზიციური „კარდაკარის“ აქტივისტები, განსაკუთრებით რეგიონებში, დაშინების გამო ვერ ახერხებენ მუშაობას, ხოლო თბილისში ოპოზიცია რატომღაც ნაკლებად იყენებს ამ მეთოდს (შესაძლოა, ფინანსების ნაკლებობის გამო).

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოპოზიციური ძალა მოახერხებს არაოფიციალური ინსტიტუტების კონსოლიდირებული, თუნდაც არა- აფიშირებული მხარდაჭერის მოპოვებას, მას გაუჩნდება შანსი, საკმაოდ კარგად გამოვიდეს არჩევნებზე და აიძულოს ხელისუფლება, ფართოდ  და დაუფარავად გამოიყენოს არჩევნების გაყალბების მექანიზმები. ამ შემთხვევაში კი ჩნდება საპროტესტო მოძრაობის გაძლიერების საშუალება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"