ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
27.04.2010
ამერიკული უსაფრთხოება: რეალობა თუ ილუზია

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (“სი-აი-ეის”) ყოფილმა ოფიცერმა, მოგვიანებით კი ამ ორგანიზაციის კრიტიკოსმა რალფ უოლტერ მაკგიმ შენიშნა ერთხელ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მთავარ საქმიანობას არ შეადგენს დაზვერვა, ანუ უცხო ქვეყნიდან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი უწყებისათვის (სახელმწიფო დაზვერვის დირექტორისთვის, პრეზიდენტისთვის). ამის ნაცვლად, როგორც მაკგი ამტკიცებს, სადაზვერვო სააგენტო ძირითადად დაკავებულია “ფარული ქმედებებით” (covert action), რომლის მეშვეობითაც ის მანიპულირებს პოლიტიკურ მოვლენებს ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში - სასურველი პოლიტიკური ძალების მოსვლას და არასასურველების “წასვლას” მათი პოლიტიკური მარგინალიზების, ფიზიკური ნეიტრალიზების, თუ რაიმე სხვა “შუალედური” საშუალებებით.

მაკგის ამ, ერთი შეხედვით ნათელი, შენიშვნის გაგება დამოკიდებულია პერსპექტივაზე. ვთქვათ, ცნობილი ფილოსოფიური პრობლემის კონტექსტში მისი მნიშვნელობა შეიძლება ყოფილიყო ის, თუ რამდენად სანდოა სადაზვერვო სამსახურის “ფარული ქმედებების” პოლიტიკური რელევანტურობა, თუკი ეს უკანასკნელი არაა მკაცრად გამიჯნული ინფორმირებული დაზვერვის უტყუარი და მიუკერძოებელი მასალის მოპოვების პროცესისაგან და არ არის წინასწარ უზრუნველყოფილი თვითონ ამ პროცესით. ასეთი ირელევანტურობის ნიმუშად შეიძლება მოეტანათ 2003-ში ერაყის ოკუპაცია, სადაც ამერიკული სადაზვერვო მასალა სპეციალურად იყო მოჭრილი სპეციფიური პოლიტიკური ინტერესის ყალიბზე. იმის ნაცვლად, რომ ვაშინგტონს ომის დაწყების პოლიტიკური გადაწყვეტილება სანდო სადაზვერვო ცოდნის საფუძველზე მიეღო, არსებულმა სადაზვერვო მონაცემებმა შეასრულეს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამართლების ფუნქცია.

მაგრამ, ამ შენიშვნაზე პასუხი ადვილია: საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ის სადაზვერვო მასალა, რომელიც ასრულებს პოლიტიკური გადაწყვეტილების საჯაროდ გამართლების ფუნქციას და ის, რომელიც რეალურად უსწრებს და აპირობებს ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პირველის არსებობა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მეორე. ერაყის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი არსებობდა, თუმცა არ ყოფილა გაცხადებული. ის ემსახურებოდა ვაშინგტონის მაშინდელი ელიტის ასევე განუცხადებელ პოლიტიკურ მიზანს - იმ ფაქტს, რომ ამერიკის (კოალიციური) ჯარების მიერ ერაყის ოკუპაცია რეალურად ნავთობის და სხვა გეო-პოლიტ-ეკონომიკური გრძელვადიანი პროექტების აუცილებელი კომპონენტი იყო.

მიუხედავად ამისა, მაკგის შენიშვნა გარკვეულწილად შეიძლება მოთავსდეს აღქმისა და კოცეპტუალური სქემის ურთიერთგანსაზღვრულობის ფილოსოფიური კითხვის სივრცეში: რამდენად და როგორ აპირობებს მაღალი პოლიტიკური დაინტერესების სივრცე ობიექტური სადაზვერვო ირფორმაციის მოპოვების პროცესს? თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს საკითხის დაყენების მხოლოდ ერთ-ერთი, მოცემული კონტექსტისთვის ზედმეტად აბსტრაქტული და შედარებით უმნიშვნელო მიმართულებაა.

საკითხის უფრო კონკრეტული მხარე შემოდის, როდესაც კითხვა ისმის ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ქმედებების თავსებადობაზე სამართლის ცნებებთან და, ასევე, მათ პრაგმატულ ღირებულებაზე. კითხვის პირველი ასპექტის ნაკლი ისაა, რომ ამერიკის ამ უწყების ფარული ფუნქციების ლეგალური და ეთიკური დაცვა ყველაზე უფრო თავგამოდებულ პრო-ამერიკელებსაც კი უჭირთ. ამ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის შემოქმედების “კლასიკური” ნაწილი სცდება ლეგალურ ენაში მისი რაიმე პოზიტიური აღწერადობის შესაძლებლობას. ის მყარად და ტრივიალურად თავსდება ქრონიკული და მძიმეწონიანი საერთაშორისო სამართალდარღვევების კატეგორიაში.

საკითხი უფრო საინტერესო ხდება მაშინ, როდესაც ფორმალური და სამართლებრივ-სტატუსობრივი არსის დადგენის ნაცვლად ვეხებით ამერიკის ხსენებული სადაზვერვო უწყების პრაქტიკის კონკრეტულ შინაარსობრივ მხარეს და მის პრაგმატიკას. ამ მხარის ზოგიერთი ასპექტის მოკლე მიმოხილვამდე სასურველია შეინიშნოს, რომ მაკგის მტკიცებაში ფრაზა “ფარული ქმედება” ფართო მნიშვნელობითაა გამოყენებული და მოიცავს “საიდუმლო ოპერაციის” (clandestine operation) ცნებასაც. როგორც წესი, ამ ორ ცნებას ანსხვავებენ. “ფარულ ქმედებაში” არსებითია თვითონ ქმედების, და არა მისი შედეგის, ფარულობა. მისი ტიპობრივი ნიმუშია პოლიტიკური მკვლელობა, სადაც შედეგი სახეზეა, მაგრამ უცნობია შემსრულებელი (და დამკვეთი მხარე). “საიდუმლო ოპერაციაში” არსებითია მიღწეული შედეგების ფარულობა. ამის მაგალითია პოლიტიკოსის მოსყიდვა, რომელშიც მოსყიდული აგენტის “ინტენციონალური ცვლილების” უცნობობა ოპერაციის წარმატების კრიტერიუმია.

ფილიპ აგი (Philip Agee), ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი ოფიცერი, ამ ორგანიზაციის უფრო მნიშვნელოვანი და რადიკალური კრიტიკოსია, ვიდრე მაკგი. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საჯაროდ ცნობილი გამხდარიყო ის საშუალებები, რომლებიც შეაძლებინებდა კონკრეტულ საზოგადოებას, თუ ჯგუფს ნაწილობრივ მაინც შეეზღუდა, ან უვნებელეყო ამერიკული დაზვერვის აგენტთა შესაძლო უკანონო ქმედებები მათ ქვეყანაში.

ფილიპ აგის მტკიცებით, ერთ-ერთ ასეთ გზას წარმოადგენს უცხო ქვეყანაში მყოფი ამერიკელი სადაზვერვო აგენტების (ოპერატივების) ვინაობის გამჟღავნება. აგის მიერ 1975 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა “Inside The Company: CIA Diary” (“კომპანიის შიგნით: ცსს-ს დღიური“) დიდწილად განაპირობა ის, რომ 1982 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო “მზვერავთა ვინაობის დაცვის აქტი” (Intelligence Identities Protection Act), რომლის თანახმად ამერიკული დაზვერვის ფარული აგენტის ვინაობის გამხელა ვინმეს მიერ ფედერალურ დანაშაულს წარმოადგენს. მაგრამ ბუნებრივია, ამ აქტის კომპეტენცია მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ან მისი მოქალაქეების მიმართ, ვრცელდება (თვითონ აგიმ მის წიგნში, რომელიც აღნიშნულ აქტს წინ უსწრებდა, 250 ფარული აგენტის ვინაობა დაასახელა, რაც მას დაუჯდა იმად, რომ იძულებული გახდა მიეტოვებია შტატები და სიცოცხლის ბოლმდე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლებულიყო, სანამ 2008-ის იანვარში არ დალია სული კუბაში).

ზოგადად ცნობილია, რომ ამერიკული დაზვერვის აგენტები უცხო ქვეყანაში ორი სახის გავრცელებული ყალბი იდენტობით შედიან. ერთ-ერთია ცრუ დიპლომატიური იდენტობა, რომელითაც აგენტი უცხო ქვეყანაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლად გვევლინება. მეორეა ბიზნესმენის იდენტობა. ეს უკანასკნელი არ ნიშნავს აუცილებლობით, რომ მოცემული აგენტის ბიზნესი “არარეალურია“. ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ფარული აგენტი შეიძლება ეწეოდეს რეალურ ბიზნეს-საქმიანობას და ათავსებდეს მას მის მთავარ სადაზვერვო საქმესთან. ხშირ შემთხვევაში, ეს შეთავსება საკმაოდ ნაყოფიერია მისთვის და ხელს უწყობს სამიზნე საზოგადოებაში მყარი კავშირებისა და ნდობების მოპოვებას.

გარდა აგენტურის ამ ორი სტაციონარული სახეობისა, ამერიკული დაზვერვის მუშაკს შეიძლება ასევე შეხვდეთ როგორც “ერთჯერად” სტუმარს ქვეყანაში, იქნება ეს “გაცვლითი სტუდენტის”, “მოწვეული მასწავლებლის”, “რელიგიური მუშაკის”, “პოლიტიკური ექსპერტის”, “საარჩევნო მეთვალყურის”, თუ რაიმე სხვა სახით.

დაზვერვის სამმართველო ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ერთ-ერთი უწყებაა. სააგენტოს სტრუქტურულ იერარქიაში ის წინ უსწრებს ორგანიზაციის მეორე მნიშვნელოვან უწყებას - ოპერაციების სამმართველოს (რომელსაც ამჟამად უკვე “სახელმწიფო საიდუმლო სამსახური” ეწოდება). სტატიის დასაწყისში მოყვანილი მაკგის შენიშვნა, მის ვიწრო მნიშვნელობაში, იმის მტკიცებაა, რომ მოცემულ ორგანიზაციის ამ ორი სამმართველოდან რეალურად პირველს მეორეხარისხოვანი როლი უკავია, ხოლო მეორეს - ოპერაციების სამმართველოს - გაუმართლებლად ენიჭება წამყვანი ფუნქცია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის რეალური პროფილის დასანახად სასურველია ოპერაციების სამმართველოს საქმიანობის ცოდნა.

ოპერაციების სამმართველოს ფუნქცია ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: საიდუმლო დაზვერვის მასლების მოპოვება და ფარული ქმედებები. ოპერაციების სამმართველოს საქმე არაა “ღია ინფორმაციის” მოპოვება. მისი საქმიანობის ბირთვი ფარული ქმედებაა.

ამისგან განსხვავებით, დაზვერვის სამმართველოს ფუნქციაა რელევანტური ინფორმაციის ნებისმიერი ფორმის - ფარულის და ღიას - კვლევა და ანალიზი. თუ დაზვერვის სამმართველოს აგენტისთვის ყველაზე ჩვეული ადგილი ბიბლიოთეკა და სპეციალური ინტერნეტ-მონაცემების საცავია, ფარული ოპერაციების აგენტისთვის ჩვეულია საჭირო პირთა ოფისებში “უხილავი” მიკროფონების დამონტაჟება, შავი პროპაგანდისა და დეზინფორმაცის განთავსება, პოლიციის უფროსებთან, ან კრიმინალურ ავტორიტეტებთან “კონტაქტის” დამყარება, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების მოსყიდვა, ადგილობრივი მოსახლეობიდან პოტენციური თანამშრომლების “შეთვალიერება” და სხვა. ზოგადად, დაზვერვის სამმართველოს მუშაკის საჭირო მახასიათებლებია თეორიული მულტი-კვალიფიციურობა და ანალიტიკური აზროვნება. ოპერაციების სამმართველოს ფარული აგენტისთვის სიტუაციური ალღო და სოციალური ელასტიურობა შეუცვლადი მახასიათებლებია.

როგორც წესი, დესტაბილიზირებულ, მილიტარიზებულ ზონაში ამერიკის სადაზვერვო სამსახურში წინ იწევს ფარული ქმედებების პარამილიტარული ფუნქცია. მაგრამ, საშუალო, ან ზომიერი პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, სამიზნე საზოგადოებაში - როგორც წესი, მესამე სამყაროს ქვეყანაში - ამერიკის სადაზვერვო სამსახურს საკმაოდ ფართო სოციალური მონიტორინგის ფუნქცია აქვს. ეკონომიკური, მილიტარული და სხვა ღრმა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სფეროების ანალიტიკის გარდა, ეს ფართო სოციალური მონიტორინგის ფუნქცია მნიშვნელოვან როლს არსულებს შესაძლო კრიზისული და კონფლიქტური ეტაპების მენეჯმენტში.

მეტ--ნაკლები სტაბილურობის პირობებში სააგენტო არ იზღუდება უცხო ქვეყნის მხოლოდ პოლიტიკური ელიტის, ან სხვა პოლიტიკური ჯგუფების უშუალო თვალყურისა და “დამოძღვრის” ფუნქციით. ის, როგორც წესი, აქტიურადაა ჩართული მოცემული საზოგადოების მასობრივი ცნობიერების “დინებების” ანალიზში და “განვითარებაში”. ხალხური ფოლკლორის ნარატიული შინაარსებისა და ფორმების შესწავლა, მასობრივი ცნობიერების ისტორიული დინამიკის ცოდნა, ელიტური დაჯგუფებების დომინანტური მსოფლმხედველობრივი ფორმებისა და მოქმედი სტერეოტიპების კვლევა - ყოველივე ეს არის დაზვერვის სამმართველოს კომპეტენცია. ამგვარი ცნებითი და ფაქტობრივი მასალის კვლევა, მათ საფუძველზე სამოქმედო “პროგრამების” მოდელირება და მათი გამოყენებადობის პირობების დადგენა არსებითი საფეხურია. ის წინ უძღვის ოპერაციების სამმართველოს აგენტთა პრაქტიკულ აპლიკაციებს.

როგორც წესი, ე. წ. “ფსიქოლოგიური ომი” და მისი შემადგენელი ნეგატიური და პოზიტიური პროპაგანდა, რომელიც ფარულ ქმედებათა არსებით კომპონენტებს შეადგენენ, განპირობებული უნდა იყოს დაზვერვის სამმართველოს ანალიზური მონაცემებით. თუმცა რეალურად, სააგენტოს სტრუქტურის აღნიშნული შრომის დანაწილება არ ნიშნავს ყოველთვის, რომ ნებისმიერი ღია ცოდნა ანალიზდება და სადაზვერვო მასალად მუშავდება დაზვერვის სამმართველოს მიერ. ეს ასე უნდა ყოფილიყო იდეალურ შემთხვევაში.

არაკომპლექსურ სიტუაციებში, ფარულ ოპერატივს, როგორც წესი, შეუძლია მიმართოს საკუთარ წარმოსახვას და ინტუიციას, რათა კონკრეტული იდივიდის, ჯგუფის, ან საზოგადოების მითოსი საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენოს. მაგალითად, როდესაც მეოცე საუკუნის 40-იანებში ფილიპინელი ჰუკბალაჰაპის მეამბოხეებთან ბრძოლისას ამერიკელი აგენტების ერთ-ერთი არსებითი მეთოდი “ვამპირული მკვლელობების” სიმულაცია იყო (სადაც ყელ-გამოღადრული, სისხლისგან სრულად დაცლილი ცხედრების მიმობნევა ფილიპინურ სოფლებში საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვამპირების შესახებ ცრურწმენების მქონე მეამბოხეებს წინააღმდეგობის გარეშე მიეტოვებინათ ტერიტორია), ეს არ ნიშნავდა, რომ აქ ჯერ დაზვერვის სამმართველომ იკვლია ფილიპინური მითოსი ვამპირების და სხვა მოვლენების შესახებ და შემდეგ ფარული ქმედების აგენტმა მიუყენა კვლევითი შედეგები კონკრეტულ სიტუაციას. როდესაც ზოგიერთ არაბულენოვან ქვეყანაში ამერიკული აგენტები “ყიდულობენ” ასტროლოგებსა და მკითხავებს, რათა მასამ რეგულარულად მოისმინოს გარკვეული სახის “ნათელხილვები”, რომელშიც სასურველი პოლიტიკური მოვლენები დადებითად იქნება აღწერილი, დაზვერვის სამმართველოს არაბულენოვანი კულტურის ექსპერტიზა ასევე არ არის აუცილებელი ფორმალური საფეხური.

მაგრამ რეალურად, ფარულ აგენტთა დამოუკიდებელი თვით-აქტივიზმი და “შემოქმედებითობა” არ იზღუდება მხოლოდ არაკომპლექსურ სიტუაციებზე. სადაზვერვო სააგენტოს აღნიშნულ ორ სამმართველოს შორის ბალანსის საკითხი, რომელსაც მაკგის შენიშვნა გულისხმობს, რეალური სირთულეა. ამ ორ სამმართველოს შორის კოორდინაცია ანალოგიურ პრობლემას წარმოადგენს. ასეთი არაკოორდინირებულობის ნიმუში მოიძებნება როგორც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ მრავალ მესამე სამყაროს ქვეყანაში შესრულებულ ფართომაშტაბიან პოლიტიკურ ავანტურაში, ისე იმ სიტუაციურ დაუდევრობებში, რომელსაც ესა თუ ის ფარული აგენტი უშვებს დრო და დრო. ოპერაციების სამმართველოს აგენტების იმპროვიზირებული გადაწყვეტილებები და არაკვალიფიციური ინიციატივები სააგენტოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თავისი მასშტაბურობით აღემატება ნებისმიერ სხვა ისტორიულ და აწმყოში არსებულ ანალოგიურ ინსტიტუტს. თუმცა კარგა ხანს მისი ბიუჯეტი გასაიდუმლოებული იყო, სავსებით შესაძლებელია, რომ წლიური 44 მილიარდი დოლარი -- ციფრი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დაზვერვის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ მერი გრეჰემმა დაასახელა 2005-ში - ვერც ასახავდეს იმ რეალურ სახსრებს, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავს, როდესაც გათვალისწინებულია სხვადასხვა ფარულ ოპერაციებსა და ქმედებებში გაღებული “ნაღდი“ თანხები. უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით, მეცნიერული ინოვაციების საკუთარ პრაქტიკაში მყისიერი დანერგვით, საკადრო მომცველობით და, რაც მთავარია, გლობალური შეღწეულობით ეს ორგანიზაცია ასევე სცილდება შედარებითობის პარამეტრებს.

მაგრამ, მიუხედავად ამ ორგანიზაციის შეუდარებელი ფინანსური, ტექნიკური, საკადრო, ორგანიზაციული და სივრცული უპირატესობისა, შეიძლება იმის მტკიცება, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება ვეღარ იქნება ის დასახელებული მოტივი, რომელიც ამ ორგანიზაციას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოყოლებული, აძლევდა არაფორმალურ საფუძველს, გაემართლებინა საკუთარი გლობალური სადაზვერვო აქტივობა.

გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტექნიკური შეუძლებლობა მოცემულ ეტაპზე მყარი ფაქტია. მისი მცდელობების ნეოკონსერვატული ვარიანტის იდეოლოგიურმა ორაზროვნებამ და ფაქტობრივმა წინააღდეგობრიობამ ნათელჰყო ის იმანენტური სირთულე, რომელიც ამერიკის ჰეგემონიამ შეიძლება მოიყოლოს.

საერთაშორისო სოციალური სამართლიანობის დისკურსის სრული მარგინალიზაცია საჯარო პოლიტიკური ენიდან თან ახლდა ე. წ. სამხრეთის პრობლემის შეფარულ კვლავაღწერას “ტერორიზმის” ბუშისეულ ლექსიკონში. ეს და სხვა ფაქტები სისტემურ მიმართულებაზე მიუთითებენ, რომლის ფორმულირებაში ამერიკულ უსაბრთხოების სამსახურების როლი და ხელწერა გადამწყვეტია.

შეიძლება ითქვას, რომ მაკგის შენიშვნა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის უწყებრივ დისბალანსზე, რომლითაც სტატია დავიწყეთ, უფრო მეტად სტრუქტურულ და პოლიტიკურად მოზომილ ვითარებაზე მიუთითებს, ვიდრე შემთხვევით ორგანიზაციულ ნაკლზე. როგორც ჩანს, ჯონ სტოკველის შეხედულება, რომელიც მან საკუთარ წიგნში “In Search of Enemies” (“მტრების ძიებაში”) გამოთქვა - რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ძირითადი ფუნქცია მსოფლიოს არასტაბილურობის შენარჩუნებაა - წარმოადგენს ამ ვითარების კიდევ ერთ მოკლე აღწერას. თუკი ეს ასეა, მაშინ ვიტყვით, რომ ოპერაციების სამმართველოს აგენტთა ქმედებების ტექნიკური ხარვეზები არა ნაკლებ ემსახურება ხსენებულ მიზანს, ვიდრე მათი მაღალ-პროფესიონალური საქმიანობა.

ავტორი: დავით მახარაშვილი

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"