ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
21.04.2010
მოდელირებული არჩევნები

ეგრეთ წოდებული „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ უპრიანია „მოდელირებულ“ არჩევნებზეც ვისაუბროთ. საერთოდ, ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან თითქმის ყველა „მოდელირებული“ იყო, სამწუხაროდ, ამას საზოგადოება მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამჩნევდა.

„მოდელირებულ არჩევნებში“ ვგულიხმობთ ფარსს, რომლის შედეგი მავანთათვის (როგორც წესი, იმ დროს არსებული ხელისუფლებისთვის) წინასწარაა ცნობილი და საქმე მხოლოდ არჩევნების „გაპრავებაშია“. ეს „გაპრავება“ სხვადასხვა პიარ-ტექნოლოგიების და პოლიტიკური კორუფციის საშუალებით ხორციელდება ხოლმე.

დავიწყოთ 1995 წლიდან. იმ წელს შევარდნაძე და პატიაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში. პატიაშვილს თითქოს პრორუსული იმიჯი ჰქონდა, მაგრამ არჩევნების შედეგები უკვე გადაწყვეტილი იყო, პირველ რიგში, გარე ძალის მიერ. ეს გარეშე ძალა შევარდნაძის მიერ იმ დროს უკვე საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სტრუქტურები იყო. ამ სტრუქტურებს დაწყებული ჰქონდათ პროამერიკული მარიონეტების გამოზრდა, ე.წ. ჟვანია-სააკაშვილის და ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდიც უკვე შექმნილი იყო. ასე რომ, „ხალხოსან“ პატიაშვილს, რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის მიმართ ხალხში არსებულ გაუცნობიერებელ ნოსტალგიას ეყრდნობოდა, არავითარი შანსი არ ჰქონდა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად, მართლაც რომ მიეღო ხმების უმრავლესობა. იგივე სცენარი განმეორდა 2000 წელსაც, იმ განსხვავებით, რომ ჟვანია-სააკაშვილის გუნდმა (და აშშ-მ) მხარი კი დაუჭირეს არჩევნებში შევარდნაძეს იმავე პატიაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ბ-ნი ედუარდი უკვე ჩამოწერილი ჰყავდათ და მისგან ხელისუფლების მისაღებად ემზადებოდნენ.

ახლა განვიხილოთ ის არჩევნები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მოულოდნელი შედეგებით დამთავრდა. მაგალითად, 1998 წლის ადგილობრივი არჩევნები. მათში კარგი შედეგი აჩვენა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ. მისი მხარდამჭერები ორგანიზებულად გაჰყავდათ სადარბაზოებიდან საარჩევნო უბნებში. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ „ოპოზიციური“ პარტიის საარჩევნო სიები თითქმის ყველა დიდ ქალაქში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი კადრებით იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც მასობრივად დატოვეს საკუთარი ფრაქციები და იმდროინდელი მმართველი პარტიის, მოქკავშირის სატელიტებად იქცნენ. ამრიგად, მთელი ეს კამპანია და მასთან დაკავშირებული იმედები თუ აურზაური ფარსი აღმოჩნდა.

2002 წელს ასევე ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. აქ უკვე სხვა ინტრიგა იყო. შევარდნაძის მოქკავშირი ამერიკელებს და „ახალგაზრდა რეფორმატორებს“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩამოწერილი ჰყავდათ და სააკაშვილს ამზადებდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად. შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელიც არაპოპულარული იყო, მას თითქოს იგივე ლეიბორისტული პარტია დაუპირისპირა. მართლაც, ლეიბორისტებმა და ნაციონალებმა თბილისში (სადაც არჩევნების მთავარი ინტრიგა ვითარდებოდა, როგორც ახლა) დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები აიღეს. მაგრამ მოხდა უცნაური რამ: შალვა ნათელაშვილმა, რომელიც შევარდნაძეზე არანაკლებ, თუ მეტად არა, აკრიტიკებდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდს, დათმო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა და ის... მიხეილ სააკაშვილს გადაულოცა. ამრიგად, კიდევ ერთი საარჩევნო ფარსი შედგა.

არანაკლებ კურიოზული აღმოჩნდა მომდევნო, 2003 წლის არჩევნები. მიუხედავად სააკაშვილის მიერ ამერიკიდან მიღებული უდიდესი მხარდაჭერისა, მისმა პარტიამ მაინც ვერ შესძლო ქვეყნის მასშტაბით 26-28 პროცენტზე მეტი ხმის მიღება. რიგ სასოფლო რაიონებში და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელისუფლებო პარტიამ (მოქკავშირი) საკმაოდ ბევრი ხმა აიღო სერიოზული გაყალბებების გარეშეც. ეს პროცენტი სააკაშვილს არ აძლევდა დასახული გეგმების განხორციელების საშუალებას. და აქ კვლავ მოხდა უცნაურობა: აჭარის რეგიონიდან წამოვიდა არანორმალურად მაღალი რაოდენობა აღორძინების კავშირისთვის მიცემული ხმებისა. ეს მართლაც უცნაური იყო, რადგან რეალურად, ასლან აბაშიძეს არ ჰქონდა სასიცოცხლო აუცილებლობა იმისა, რომ მისი პარტია მაინცდამაინც 1-ლ ან მე-2 ადგილზე გასულიყო და ხმების 20 % მიეღო. 13-14 % და მესამე ადგილი კომფორტულ კონფიგურაციას აძლევდა როგორც აბაშიძეს, ისე შევარდნაძის პარტიას, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ბევრ ხმებს იღებდა ლეიბორისტული პარტია. ნათელაშვილი, წინა წელს მომხდარი კურიოზული ფაქტის შემდეგ, ისევ დაუპირისპირდა ჟვანია-სააკაშვილის გუნდს და მათთან ალიანსში არ შევიდოდა. იგივე შეიძლება ითქვას მემარჯვენეებზე. შედეგად, მაჟორიტარების გათვალისწინებით, შევარდნაძის და აბაშიძის პარტიები პარლამენტში ადგილების 40 %-ზე მეტს იღებდნენ და სააკაშვილი-ჟვანიას პარტიებს საკმაოდ უსწრებდნენ. ამ დროს, სწორედ აჭარაში არაბუნებრივად დიდი რაოდენობის ხმების მიწერამ, შესანიშნავი საბაბი მისცა სააკაშვილს, ელაპარაკა არჩევნების გაყალბებაზე და ამაზე დაყრდნობით, „ვარდების რევოლუციაც“ მოეხდინა. შედეგად, 2003 წლის არჩევნები არათუ ფარსად იქცა, არამედ საერთოდ გაუქმდა.

რაც შეეხება 2003 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს, მათზე საერთოდ არც ღირს შეჩერება, რადგან მათი ფარსულობა ყველასთვის ცნობილია. აქ არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც გაყალბებას. 2004 წელს სააკაშვილი მართლაც აირჩიეს 96 პროცენტით, ოღონდ ცხადია, რომ 96-პროცენტიან შედეგს არჩევნებს ვერ ვუწოდებთ.

დღეს საქართველო კვლავ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში იმყოფება. ამასთან, პირველად მოხდა, რომ ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი, კერძოდ, ეროვნული საბჭო, რუსეთის სახელისუფლებო და პოლიტიკურ წრეებთან დიალოგზე გავიდა. ამ დიალოგმა, თითქოს ინსტიტუციონალური ხასიათიც შეიძინა ან იძენს. მოახდენს თუ არა ეს ფაქტი რეალურ გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე და შედეგებზე, თუ მორიგ ფარსთან გვექნება საქმე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"