ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
26.04.2010
რას აპირებს ოპოზიცია?

დაიწყო ე.წ. წინაასაარჩევნო კამპანია, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ უფერულად მიმდინარეობს. აქ არ შევჩერდებით წვრილმანი სატელიტი პარტიების - ქრისტიან-დემოკრატების და სხვა კიდევ უფრო კომიკური პოლიტ. წარმონაქმნების „მოღვაწეობაზე“, შევეხოთ ეროვნული საბჭოს კამპანიას, რომელიც ყველაზე ხმამაღალი განცხადებებით გამოდიოდა რამდენიმე ხნის წინ.

ამ ეტაპზე ეს განცხადებები უსაფუძვლოდ გამოიყურება. ეროვნული საბჭოს ლიდერებს რატომღაც აკლიათ აგრესიულობა, თვითდაჯერებულობა და მიზანდასახულება. სამთავრობო ტელევიზიები დასცინიან და ფაქტობრივად მასხრად იგდებენ ამ და სხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიას, რასაც ეროვნული საბჭო ჯერ ვერ უპირისპირებს რაიმე ქმედით ტაქტიკას. ყველაფერი დასულია ისევ სტანდარტულ შეხვედრებამდე რამდენიმე ათეულ ადამიანთან ეზოებში, სადაც, როგორც ნაციონალური არხები არწმუნებენ და ანახებენ მოსახლეობას, არ იგრძნობა საკმარისი დინამიზმი, მოსახლეობის დამუხტულობა და გამარჯვების რწმენა.

ამ დროს ნაციონალთა დაქირავებული არმია (ე.წ. ამხანაგობების თავმჯდომარეების მეთაურობით) გამალებით მუშაობს. მათ უკვე რამდენჯერმე აღწერეს მთელი მოსახლეობა სადარბაზოების მიხედვით, დასაშინებელი დააშინეს, მომხრეებს საჩუქრებს შეჰპირდნენ, ეზოებში ასფალტის დაგება საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს და ა.შ. მომდევნო ეტაპებზე ამუშავდება (თუ საჭიროდ ჩათვალეს) ე.წ. შავების ფაქტორი, ციხეში მყოფი ახლობლების გამოშვების დაპირების მექანიზმები და სხვა. ამ ყველაფერს კი დააგვირგვინებს ოქმების გადაწერის, საშუალო ინტენსიობის კარუსელების და ნაციონალების მიერ აპრობირებული გაყალბების მეთოდების მთელი ბუკეტი.

რას უპირისპირებს ამას ეროვნული საბჭო? საკმაოდ დუნე კამპანიას, რასაც თავის მართლების ელფერი უფრო დაკრავს (რუსეთთან შესაძლო თუ არსებული კავშირების გამო). თითქმის არ ხდება ელექტორატის დარაზმვა სადარბაზოების და კორპუსების დონეზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ქალაქში სუსტად იგრძნობა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მოლოდინი. მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მოსახლეობის ნიჰილიზმის და ინდიფერენტულობის ფონზე, რასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, აძლიერებენ ცალკეული ოპოზიციური პარტიები, არჩევნებში ოპოზიციის დამარცხების გარდუვალობის ხაზგასმით.

თუ ეს სიტუაცია სერიოზულად არ შეიცვალა, ეროვნული საბჭო, როგორც ჩანს, ვერ შეძლებას საკმარისი საპროტესტო მუხტის მობილიზებას, რომელიც ნამდვილად არსებობს მოსახლეობაში, მაგრამ გაფანტულია და ჩაკლული ხელისუფლების მცდელობებით. ასეთ შემთხვევაში ვერ მოხერხდება იმ შედეგის ჩვენება, რომელიც, მიუხედავად ხელისუფლების გაყალბებისა, ეროვნულ საბჭოს მისცემს იმ ბერკეტებს, რომლის საშუალებითაც მას შემდგომში ექნება ძალა, აიძულოს ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ახლო მომავალში ეს მდგომარეობა.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"