ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
19.04.2010
არის თუ არა სააკაშვილის რეჟიმი „პროდასავლური“?

საქართველო მიუახლოვდა იმ მომენტს, როცა საჭიროა მკაფიოდ გავიაზროთ, სად ვიმყოფებით, საით მივდივართ და რა მოგვივა უახლოეს ათწლეულებში. რადგან ხელისუფლება, მასში შემავალი დაჯგუფებების სახით, უძლურია პასუხი გასცეს ამ კითხვებს და ავლენს სრულ შეურაცხადობას, ოპოზიციის გონიერ ნაწილს მოუწევს თავის თავზე აიღოს ეს პასუხისმგებლობა, მოსახლეობის, კერძოდ, ინტელიგენციის, ექსპერტების და მოქალაქეების ნაწილთან ერთად.

მაგრამ სანამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებოდეთ, საჭიროა ძალიან ზოგადად წარმოვიდგინოთ, რა არის ეს ყბადაღებული „ევროპული არჩევანი“ და შეიძლება თუ არა არსებული რეჟიმი ჩაითვალოს პროდასავლურად, როგორადაც ის აცხადებს თავს. და საერთოდ, შეესაბამება თუ არა რეჟიმის წარმოდგენები თანამედროვე ეპოქას. ჩვენი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი ამ მხრივ შეურაცხადია, რადგან გაიყინა ამერიკელი „ნეოკონსების“, ანუ ბუშის ეპოქაში და ფიქრობს, რომ უკიდურესი რუსოფობიის განუწყვეტელი დემონსტირებით და ასეთივე უკიდურესი (არაჯანსაღი) პროამერიკულობით, ის ვაშინგტონისგან „მეფობის“ ხელდასხმას მიიღებს. ფაქტობრივად, ეს არა თუ ბუშის ეპოქის აზროვნებაა, არამედ ადრეული რეიგანის - გაგანია ცივი ომის პერიოდის. სწორედ მაშინ ცალკეული აფრიკული, ლათინოამერიკული თუ აზიური რეჟიმები, ძირითადად ტერორისტული და მახინჯი ხასიათისა, აცხადებდნენ თავს ანტისაბჭოთა, ან პირიქით, ანტიამერიკულ რეჟიმებად და ამის საფასურად შეეძლოთ შესაბამისად აშშ-ს და სსრკ-ს სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონოდათ. ეს კი მათ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებოდათ.

თუმცა ახლა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი არ არის კალენდარზე და ასეთი მარტივი ფანდი ნაკლებად ეფექტურია. აქ გეოპოლიტიკურ ლოგიკასაც შეუძლია გაუჭირდეს მუშაობა. იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი ამერიკული ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელია ჰყავდეს კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში (სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველო კავკასიის „ნერვულ კვანძია“), პროამერიკული რეჟიმი, რომელიც მუდმივად პრობლემებს შეუქმნის რუსეთს. მაგრამ თუ ეს რეჟიმი იმდენად კარიკატურული და ამავე დროს, რეპრესიულია, როგორც სააკაშვილის რეჟიმი, აშშ-ს ადმინისტრაციას, მით უმეტეს დემოკრატიულს, საკმაოდ გაუჭირდება მთელი ძალით აამოქმედოს ცივი ომის ლოგიკა, რომლის ქვეშ რუსეთთან დაპირისპირების გეოპოლიტიკური ლოგიკა იმალება. ცივი ომი დასრულებულია, ლიბერალიზმმა და არჩევითმა დემოკრატიამ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში გაიმარჯვა, მათ შორის რუსეთში, ამიტომ ნებისმიერმა რეჟიმმა, თუნდაც იგი თავს აცხადებდეს ამერიკის რომელიმე შტატზე (ვთქვათ, ჯორჯიაზე) უფრო პროამერიკულად, მაინც უნდა დაასაბუთოს, რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი ამერიკამ.

სააკაშვილი ცდილობს კიდეც ამის გაკეთებას. სწორედ ეს მოტივი აიძულებს მას ყოველ ნაბიჯზე იყვიროს „ევროპულ ფასეულობებზე“, ჩაატაროს პიარ-კამპანიები, საკუთარ რეზიდენციაშიც კი ინგლისურად ილაპარაკოს და ა.შ. თავისი „ევროპულობის“ დასამტკიცებლად სააკაშვილი კურიოზულ მოვლენებამდე მიდის: მაგალითად, ავსებს თბილისს და სხვა ქალაქებს არქიტექტურული ელემენტებით, რომლებიც რაღაცით ჰგვანან მის მიერ ევროპაში თუ ამერიკაში ნანახ ობიექტებს.

მაგრამ თავად ევროპაში, განსაკუთრებით „ძველ ევროპაში“ (გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვ.) ეს ხრიკები სულ უფრო ნაკლებად ჭრის. თუკი რამდენიმე წლის წინ პარლამენტის ყოფილი სპიკერი ჟვანია ევროპარლამენტში აცხადებდა: „მე ვარ ქართველი, ესე იგი მე ვარ ევროპელი“ და დარბაზი გულწრფელად ტაშს უკრავდა მას, ახლა ეს ილუზიები და იმედები გაიფანტა სააკაშვილის გიჟური გამოხტომების შედეგად (7 ნოემბრის დარბევა, ოპოზიციური ტელევიზიის განადგურება, აგვისტოს ომი, ჯიბის მართლმსაჯულება და ა.შ.).

ევროპელი ლიდერები არ ჩქარობენ სხვადასხვა „ქარიზმატული“ სუბიექტების მხარდაჭერას, მათ შორის პრეზიდენტების, რომლებიც ცდილობენ შიშველ პროამერიკანიზმზე და რუსოფობიაზე ისპეკულირონ. პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულმა დაღუპვამაც კი გვიჩვენა ეს. საჰაერო მიმოსვლაში არსებული პრობლემების მომიზეზებით დასავლეთ ევროპის თითქმის არც ერთი ლიდერი არ ჩავიდა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვაზე.

ამ სიტუაციაში სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ევროკავშირის წევრ ქვეყანათა მთავრობების ღია „შანტაჟი“ და კრიტიკა, ამავე დროს კიდევ უფრო გააძლიერა პროამერიკული და რუსოფობული რიტორიკა და არა მარტო რიტორიკა. ეს გამოჩნდა შსს მინისტრის მერაბიშვილის ინტერვიუშიც გაზეთ „კომერსანტისადმი“. ჯერჯერობით ეს პოლიტიკა მუშაობს, რაც დადასტურდა სააკაშვილის მიწვევით ვაშინგტონის სამიტზე ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა მან ვერ მოახერხა პრეზიდენტ ობამას „ნორმალურად“ შეხვედროდა. მაგრამ, უსასრულოდ ექსპლუატირება ანტირუსული თემისა სააკაშვილს, როგორც ჩანს, არ გამოუვა.

ამ პირობებში, როგორც აღვნიშნეთ სტატიის დასაწყისში, ოპოზიციის გონიერ ნაწილს მოუწევს თავის თავზე აიღოს ქართული საზოგადეოებისთვის იმის ახნის მისია, რომ „პროდასავლურობა“ არ ნიშნავს რუსოფობიას, რომ რუსეთი გაცილებით უფრო „ევროპული“ ქვეყანაა თითქმის ყველა პარამეტრით, ვიდრე სააკაშვილის საქართველო, რომ რუსეთთან დიალოგი და მეტიც, იმ სივრცეში ინტეგრაცია, რომელსაც რუსეთი აშენებს, სულაც არ ნიშნავს „საბჭოთა კავშირში დაბრუნებას“, „უარის თქმას ევროპაზე აზიური ბარბაროსობის სასარგებლოდ“ რითაც აშინებენ ხალხს სააკაშვილის მომხრეები. ამ მნიშვნელოვან თემებზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"