ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
10.04.2010
სააკაშვილის პოლიტიკური ცირკი

საარჩევნო კამპანია ფინალს უახლოვდება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სააკაშვილის რეჟიმმა სცენაზე, უფრო სწორად კი ცირკის არენაზე, თავისი კლოუნები გამოიყვანა. ზოგ მათგანს წითელი ცხვირი აქვს და უზარმაზარი ფეხსაცმელები აცვია, ზოგი კი შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი, თუმცა, ჩვენი აზრით, დიდად არ განსხვავდება პირველი კატეგორიისგან...

„წითელცხვირიან და ფეხსაცმლიან“ კლოუნებს შორის უდაოდ აღსანიშნავია ექს-ალპინისტი თორთლაძე, ჯონდი თავისი „დასით“, ბაჩუკის ედპ და მსგავსი პერსონაჟები. აი შარვალ-კოსტუმიან (და კაბიან) კლოუნებზე კი ოდნავ დაწვრილებით ღირს შეჩერება.

აქ, უპირველეს ყოვლისა, გამოირჩევა ამაზრზენ-კომიკურად სერიოზული თარგამაძე (გიორგი, მაგრამ არა გივი) და მისი „ჟურნალისტ-დემოკრატთა“ პარტია. ამ სექტორში ახალი ვარსკვლავიც აკიაფდა - ქალი-კლოუნი ანუ კლოუნესა ინგა. იგი „ლონდონში სწავლობდა“ და არა მარტო სწავლობდა, გართობასაც არ ივიწყებდა - თბილისიდან ჩამოსულ თუ გამოგზავნილ ახალგაზრდა ბიჭებს უსინჯავდა გემოს. აქ, ვგონებთ, ცირკის მიდამოებს ვცდებით (თუ არ ვცდებით?) და სხვა სფეროებში გადავდივართ, ამიტომ დავამუხრუჭოთ და ისევ ინგას ფლანგს დავუბრუნდეთ. მამრობითი სქესის კლოუნიც არის ამ ფლანგზე - ექს-მენავთობე გია. ბოროტი ენები ამბობენ, რომ „ვარდოსნებისგან“ თავის დასაღწევად საბრალო გია ავტომობილის საბარგულში ჩაუკუჭავთ და ზედ საბურავები დაუყრიათ, რომ ლაგოდეხის საზღვარი გადაეკვეთა და მეზობელი აზერბაიჯანისთვის შეეფარებინა თავი. დღეს გია „ვარდოსნებმა“ შეიწყალეს და არათუ შეიწყალეს, ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო კლოუნადაც დანიშნეს. რეაბლიტირებული გია გულმოდგინედ არეკლამებს... „ნაციონალურ მოძრაობას“. მოგეხსენებათ, „ვარდოსნები“ შეთავსებით „ხუთოსნებიც“ არიან და ციფრ 5-ზე აფანატებენ. ამიტომაც გიას საარჩევნო ბილბორდებზე ციფრი ხუთია გამოსახული - 5 თეთრიანი დენის ტარიფი, რომელსაც გია კლოუნის ხელგაშლილობით ჰპირდება თბილისელებს. იქვე ორჯერ ხუთიც არის - ამჯერად გაზის ტარიფი. ჩვენ ვურჩევდით ბ-ნ გიას, რომ 5 და 10 შეკრიბოს და ბილბორდებზე რიცხვი 15 დააწეროს - თუნდაც ასეთი ლოზუნგის სახით: „ეკოფუდის“ ხაჭო 15 თეთრად...

ახლა კი, უფრო სერიოზულ და „დამსახურებულ“ არტისტებზე გადავიდეთ. აქ მართლაც სტაჟიანი პოლიტიკური კლოუნებია თავმოყრილი, მაგალითად, ძმები ბერძენიშვილები, რომლებიც აგერ უკვე 30 წელია მოღვაწეობენ ქართულ პოლიტიკურ ესტრადაზე. სამწუხაროდ, მათმა „ვარსკვლავურმა წამმა“ კარგა ხანია ჩაიარა - ასე 7-10 წლის წინ იყო, როცა რესპუბლიკური პარტია ამომავალი „ვარდოსნის“, სააკაშვილის მატარებელს ჩამოეკონწიალა საკმაოდ მოხერხებულად. დღეს რესპუბლიკელები, მკვდარი მკვდარს აეკიდაო პრინციპით, ახალ, მაგრამ დაძველებულ მემარჯვენეებს შეუამხანაგდნენ და ისევ ლოკომოტივს ელოდებიან პლატფორმაზე - ამჯერად ირაკლი ალასანიას. ცოტა გვიჭირს, რომ ბ-ნ ირაკლის კლოუნი ვუწოდოთ, ის ალბათ უფრო ეკვილიბრისტია - მთელი ძალით იცავს წონასწორობას რესპუბლიკელების და მემარჯვენეების მხრებზე. მაგრამ ილუზიონისტებთან (ანუ „ვარდოსნებთან“) რას გააწყობს? როგორც შექმნეს, ისევე გააქრობენ.

ერთი სიტყვით, სააკაშვილის პოლიტიკური შაპიტო სეზონს 30 მაისამდე აგრძელებს, შემდეგ ზაფხული იწყება და ცირკი იხურება. სამუდამოდ თუ ისევ გაიხსნება შემოდგომაზე? ცირკის დირექტორი პენსიაში გასვლას არ აპირებს, მაყურებელს კი მობეზრდა ერთიდაიგივე წარმოდგენა... ალბათ, საჭიროა დარაჯის გამოჩენა სცენაზე, რომელიც კარებს დახურავს და გასაღებს ეზოში დაბმულ დათვს გადააყლაპებს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"