ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
10.04.2010
სტალინი როგორც რუსულ-ქართული მეგობრობის მოულოდნელი სიმბოლო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის მოულოდნელად გულახდილი ინტერვიუ გაზეთ ”კომერსანტის” მიმართ, რომელსაც ჩვენ ამომწურავი კომენტარები მივუძღვენით, ყველაფერთან ერთად უნებურად ახდენს ქართველი და რუსი ხალხების ურთიერთობებისთვის სტალინის ფიგურის მნიშვნელობის აქცენტირებას. მკითხველებს ვთავაზობთ გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” (10 აპრილი, 2010 წ.) ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის გულბაათ რცხილაძის მიერ გაკეთებული ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც მოკლედ არის გაანალიზებული საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოტივი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სთავაზობდნენ რუს სამხედროებს სოლიდურ თანხას ქ. გორში 2008 წლის ზაფხულის ომის დროს, სტალინის ძეგლის აფეთქების სანაცვლოდ.

- თქვენი აზრით,მაინც რატომ სთავაზობდნენ საკმაოდ სოლიდურ თანხას რუსებს სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად?

- სტალინის ფიგურა შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყოს და მას ობიექტურადაც ბევრი ნაკლი ჰქონდეს, მაგრამ დღეს იგი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში მაინც დადებითად აღიქმება. სიტყვა "დადებითი" ძალიან ზოგადი ნათქვამია. სტალინი ხალხურ ცნობიერებაში უკავშირდება ქართველი კაცის წარმატებას უცხოეთში, და ამ გზით საქართველოს წარმატებას მსოფლიო ისტორიაში. სტალინი ერთგვარად ქართული მესიანისტური იდეის, ეროვნული მითოლოგიის ორგანული ნაწილი გახდა. საქართველომ მსოფლიოს აჩუქა უდიდესი მოღვაწე, რომელმაც შიში ჩაუნერგა ნახევარ პლანეტას, მაგრამ ამავე დროს დიდი პატივისცემა და სახელი მოიხვეჭა - სწორედ ასეთი "მამობრივი" ტიპაჟი და ფიგურაა სტალინი ქართველების კოლექტიურ აღქმაში. და მოგეხსენებათ, სტალინი არანაკლებ პოპულარულია თავად რუსეთში, მას დღესაც აღიარებენ ჩინეთში და მსოფლიოს კიდევ ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე.

ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი ისტორიული პერსონაჟის ძეგლი რომ დაანგრიოს ამ ხელისუფლებამ, ეს მის შერყეულ ავტორიტეტს კიდევ უფრო შეარყევს. ამიტომ გადაწყვიტეს, რუსებისთვის გადაელოცათ ეს ავანტიურა. ეს მარტო სტალინისადმი ზიზღით არ გააკეთეს ვანოებმა და გივიებმა, მათი მიზანი არ იყო უბრალოდ "სტალინის მოცილება". მართალია, სააკაშვილს უნდა, სტალინი თავისი თავით ჩაანაცვლოს ქართულ ეროვნულ მითოლოგიაში, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, არც ისეთი გიჟია, რომ ამ განზრახვის უტოპიურობა არ ესმოდეს. ამიტომ სტალინის ძეგლის აფეთქების რუსი სამხედროებისადმი შეთავაზებით ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება კიდევ უფრო ბოროტ მიზანს ემსახურებოდა: რუსს რომ აეფეთქებინა ჩვენთვის სტალინის ძეგლი, ეს იქნებოდა უდიდესი ეროვნული დამცირება, სწორედ ასეთ დამცირებად აღიქვამდა ქართველი ადამიანი ამ ფაქტს. ის, რომ რუსული არმია ქართულზე უფრო ძლიერია, ისედაც იცოდა ქართველმა კაცმა და გამომდინარე აქედან, რუსული ტანკების შემოსვლა გორში იმდენად არ ამცირებს მის ეროვნულ ღირსებას, რამდენადაც სტალინის ძეგლის რიტუალური აფეთქება დაამცირებდა. ეს რომ მომხდარიყო, დღეს საქართველოში არნახული სიძულვილი იქნებოდა რუსეთის და ყოველივე რუსულის მიმართ. აი სწორედ ამის მიღწევა უნდოდა სატანასთან შეკრულ ჩვენს გაიძვერა, მაგრამ თან უჭკუო ხელისუფლებას! რუს ოფიცრობას სამხედრო ღირსება სათანადო სიმაღლეზე აღმოაჩნდა, ისევე როგორც შეგნება, რომ რაღაც ზღვარს იქით არ უნდა გადახვიდე, ომი ომია, მაგრამ სულ სხვაა, ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხო. მე პირადად იმ ფაქტით აღფრთოვანებული ვარ, რომ რუსი სამხედროები პატივს სცემენ ჩვენს ერთობლივ ისტორიას, მეორეს მხრივ დათრგუნული ვარ, რომ საკუთარი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ასე თავხედურად აპირებდა ჩვენი ხალხის სულში ჩაფურთხებას, თან არც შესაძლო ადამიანურ მსხვერპლს მოერიდნენ, რომელიც ძეგლის აფეთქებას შეიძლება, მოჰყოლოდა. --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"