ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
09.04.2010
„აღმაშენებლობიდან“ - საავადმყოფოს პალატამდე

მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაგვაოცა. თითქოსდა, დე-ფაქტო პრეზიდენტისგან უკვე ყველაფერს მიჩვეული ვართ და ჩვენი (საქართველოს მოსახლეობის) გაოცება ამ ადამიანის ქმედებების და განცხადებების გამო შეუძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს.

სააკაშვილმა დღეს თავი ახალ აღმაშენებლად გამოაცხადა და მისთვის ჩვეული ისტერიული ტონით გაიძახოდა - აბა დაგვიმტკიცოს ვინმემ, რომ თბილისის ათასხუთასწლოვანი ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ამდენი თუ აშენებულა, რამდენიც ჩემს დროს შენდებაო.

ეს და სხვა გენიალური „აღმოჩენები“ დე-ფაქტო (ან იქნებ „ყოფილი“ უფრო შეესაბამება მის ახლანდელ სულიერ მდგომარეობას?) პრეზიდენტმა თბილისში „ობიექტების“ მონახულებისას წარმოთქვა. ერთ-ერთი მათგანი იყო ვინმე იტალიელი არქიტექტორის პროექტით აგებული შუშის უზარმაზარი ხიდი ძველ თბილისში, რიყესთან.

ეს ხიდი 5 მილიონი ევრო დაჯდა. ეს არის დაახლოებით 12 მილიონი ლარი. მის დასუფთავებაზე, მოვლაზე, განათებაზე წელიწადში კიდევ ათეულ და ასეულათასობით ლარი დაიხარჯება. ამ ფულით შესაძლებელი იყო არანაკლებ 1500-2000 პენსიონერისთვის საბჭოთა კავშირის დროს არსებული ანაბრების კომპენსაცია. ან დაახლოებით 500 ოჯახისთვის ე.წ. კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალების გასტუმრება, რომელიც სახელმწიფომ დიდი ხანია, შიდა ვალად აღიარა. მაგრამ სააკაშვილს და მის რეჟიმს ამგვარი „წვრილმანები“ არ აინტერესებს, ის „გრანდიოზულ ამოცანებსაა“ შეჭიდებული.

თავად ამ ხიდის აგება ძველ თბილისში არის სააკაშვილის რეჟიმის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რაზეც ჩვენს საიტზე უკვე ვწერდით (ბმული). ამ პოლიტიკის მიზანია, მაქსიმალურად დაამახინჯოს, საკუთარი კვალი დაატყოს ქალაქს, და ამით შეძლებისდაგვარად დაიმონოს და დათრგუნოს მოსახლეობის ცნობიერება. სხვათა შორის, სააკაშვილს დღეს წამოსცდა კიდეც ამის შესახებ: ჩვენ ვაშენებთ შენობებს და მერე ეს შენობები გვაყალიბებენ ჩვენო (იგულისხმება მოსახლეობა). ეს ყველაფერი კეთდება „ეშმაკური“ გათვლით - ვითომდა ევროპული არქიტექტურის დანერგვით თბილისის ურბანულ გარემოში. რეალობაში კი ვიღებთ აბსოლუტურ სიმახინჯეებს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ისტორიული ნაშთების სრულ განადგურებას მათი მდაბიურ, თანამედროვე სტილზე „გადაღებვის“ და არასწორად აღდგენის სახით.

სულ მალე ამას საკუთარი თვალით ვნახავთ კიდევ ერთ უბანში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტი დღეს ასევე იმყოფებოდა. აქ გამალებული ტემპით მიმდინარეობს მე-19 საუკუნის პერიოდის აუთენტური ჩუქურთმების და სხვა არქიტექტურული ელემენტების მოსპობა, „გასუფთავება“, მათ ნაცვლად კი ცემენტისგან „ასლების“ გაკეთება იგეგმება. ასევე ჭყეტელა ფერებში, იაფფასიანი საღებავებით შეიღებება შენობების ფასადები, გაკეთდება კიჩის სტილში გარე განათება და ტროტუარები და ამით აღმაშენებლის პროსპექტის „აღდგენა“ საზეიმოდ დასრულდება.

და ბოლოს, დავუბრუნდეთ დე-ფაქტო პრეზიდენტის თავხედურ დაცინვას დღევანდელი თბილისის მაცხოვრებლებზე და თბილისის მთელ ისტორიაზე თითქოს არასოდეს იმდენი არ აშენებულა ჩვენს ქალაქში, რაც ამ უკვე შეურაცხადობის მდგომარეობაში გადასული ტრაგიკომიკური პერსონაჟის „მმართველობის“ დროს. სააკაშვილმა წამოჭიმა საკუთარი სასახლე, რითაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხალხის დამონებას და ცხვრის ფარად ქცევას ცდილობს, ვანო მერაბიშვილის შუშის სასახლე და გლდანში „მსოფლიოში საუკეთესო“ გასართობი პარკი, რომელიც ყოველი ქარის დაბერვაზე თავიდან გასარემონტებელი ხდება. ფაქტიურად, სულ ესაა სააკაშვილის და უგულავას მიღწევები მშენებლობის დარგში, თუ არ ჩავთვლით ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაწყებულ და აწ „გაყინულ“ საცხოვრებელ კორპუსებს, რომელთა მახინჯი ჩონჩხებით ლამის ნახევარი თბილისია მოფენილი და საჩქაროდ „დაგებულ“ ასფალტის ფენას რამდენიმე პროსპექტზე, რომელიც უკვე დახეთქილია და „დალატკული“. ამას შეგვიძლია დავუმატოთ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული პაციენტის საყვარელი ფერებით შეღებილ-ატიტყნილი კორპუსები, რომლებიც სააკაშვილს და უგულავას, ეტყობა, საკუთარი აშენებული ჰგონიათ. არ არის ეს ქოსატყუილა „პრეზიდენტის“ და მისი მერის აშენებული, ეს კორპუსები ე.წ. კომუნისტების დროს აშენდა, სააკაშვილმა და უგულავამ კი მხოლოდ შეთხაპნეს ისინი, რაც ახლა წვიმების მიერ სანახევროდ ჩამორეცხილია. იქნებ ქოსატყუილა პრეზიდენტმა და მისმა მერმა გვითხრან, რამდენი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი აშენდა და შევიდა ექსპლუატაციაში თბილისში 2009 წელს, ან 2008 წელს, ან წელს რამდენი იგეგმება. მაშინ ჩვენ ამ მონაცემებს შევადარებდით ისეთი ქალაქების ანალოგიურ მონაცემებს, როგორებიცაა, მაგალითად, ნოვოსობირსკი, კრასნოდარი, დონის როსტოვი, ბაქო და ა.შ. მაგრამ არა, არ გვეტყვიან, რადგან რა უნდა უქნან მერე საკუთარ თავხედურ ტყუილს „ისტორიაში არნახული აღმშენებლობის“ შესახებ...

დე-ფაქტო პრეზიდენტმა დღეს კიდევ ბევრი გამაოგნებელი ტყუილი და სისულელე ილაპარაკა, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ამ თემაზე წერის დროსაც კი რაღაც აბსურდულ სამყაროში შევდივართ და ვეხებით, ამიტომ მეტს აღარ გადავღლით მკითხველს, მითუმეტს ჩვენი დაბნეული და შოკში ჩავარდნილი მოსახლეობის წარმომადგენლებს, მხოლოდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს აბსურდის თეატრი საკმაოდ მალე დასრულდება.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"