ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
05.04.2010
კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II თავის სააღდგომო ეპისტოლეში, სხვა საკითხებთან ერთად, მოკლედ შეეხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. აი მისი სიტყვები ამ თემაზე:

„და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო. მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს. ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს. მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება“.

სრულიად გასაგებია, რომ პატრიარქი თავის ეპისტოლეებში და განცხადებებში იყენებს დიპლომატიურ გამოთქმებს, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ საკითხებს. ის არ მოითხოვს, არ მბრძანებლობს, არამედ გამოთქვამს ეკლესიის აზრს და ეს ყოველთვის ისეთ ფორმებში ხდება, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველას ინტერესები, არ მოახდინოს ვინმეს იზოლირება და გარიყვა, მათ შორის ეროვნული უმცირესობების. ამიტომ საჭიროა ყურადღებით წავიკითხოთ ეპისტოლეთა ტექსტები, რომ სწორად გავიგოთ მათში გამოთქმული აზრები და ის, თუ რისკენ მოგვიწოდებს ეკლესია თავისი მეთაურის საშუალებით.

ამ ეპისტოლეშიც მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც ეხება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკას, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას. პირველ ყოვლისა, ილია II კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკის მთავარი იარაღი უნდა იყოს დიპლომატია. ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების შეფარულ კრიტიკას, რომელიც გამუდმებით იარაღს აჟღარუნებდა, უსასრულოდ ზრდიდა სამხედრო ბიუჯეტს და ბოლოს, აგვისტოს ომიც გააჩაღა. უფრო მეტიც, სააკაშვილი დღესაც ვერ ახერხებს გამართოს რაიმე სახის დიალოგი „მეზობელ ქვეყნებთან“, იგულისხმება რუსეთი, როგორც ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი. ამგვარად, ამ მთავრობას არ ძალუძს და ვერც მომავალში შეძლებს, შეასრულოს პატრიარქის ეპისტოლეში მოცემული რეკომენდაცია.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი: პატრიარქი ამბობს, რომ თუკი კონფლიქტი (იგულისხმება კონფლიქტები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში) არის საერთაშორისო ძალების დაპირიპირების შედეგი, მაშინ მათ (ამ ძალების) გარეშე პრობლემის გადაწყვეტა გაჭირდება. ეს ფრაზა მიანიშნებს (და პირველად ქართულ პოლიტიკურ დისკურსში), რომ კონფლიქტებში მონაწილეობდა არა ერთი „გარეშე ძალა“, როგორც ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, ანტირუსული განწყობის პოლიტიკოსები, აცხადებენ ხოლმე, არამედ იყო „გარე ძალთა დაპირისპირება“. ფაქტიურად, ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გეოპოლიტიკური დაპირისპირების აღიარებას. და იქვე მოდის კათოლიკოსის აზრი, რომ მათ (ანუ „გარე ძალთა“) გარეშე კონფლიქტები არ დარეგულირდება. ეს მკაფიოდ შეესაბამება ტექსტის სხვა ნაწილს, სადაც საუბარია „მეზობლებთან“ დიალოგის აუცილებლობაზე.

და მესამე: ილია II-მ სრულიად ნათლად, ამ შემთხვევაში ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს. ეს პოზიცია, უპირველეს ყოვლისა, „შიდა მოხმარებისთვისაა“ გათვლილი და ემსახურება იმ შესაძლო დესტრუქციული ძალების შეკავებას, რომლებმაც შეიძლება სცადონ თავზეხელაღებულ ნაბიჯზე წასვლა - დე-ფაქტოდ ან რაიმე სახით დე-იურედ აღიარონ სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, ნატო-ში ფორსირებული გაწევრიანების სანაცვლოდ. ეკლესიის მეთაურის ასეთი განცხადებები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტს უდგას სათავეში, კიდევ უფრო ამცირებს ამგვარი ავანტიურისტული ნაბიჯის განხორციელების შესაძლებლობას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"