ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
31.03.2010
ყარაბას-ბარაბასი და მისი თეატრი

მედიის ქართულ საშუალებებში გამოჩნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური კვლევის ცალკეული შედეგები. თავად ამ ორგანიზაციის ქართული ფილიალის საიტზე ჯერჯერობით ვერ ვნახეთ სრული შედეგები, თუმცა, ჩვენი აზრით, არც აქვს რაიმე აზრი ამ შედეგების შესწავლას.

ჯერ ორიოდე სიტყვა, თუ რას წარმოდგენს თავად ეს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“. ეს ორგანიზაცია შეიქმნა რეიგანის პრეზიდენტობის დროს, გაქანაბული ცივი ომის პერიოდში და ძნელი მისახვედრი არაა, რომ პირდაპირ და უშუალოდ ემსახურება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების რეალიზაციას სხვა ქვეყნებში, ისევე როგორც ანალოგიური ამერიკული ორგანიზაციები. ამ ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს ამჟამად ხელმძღვანელობს... არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენთვის კარგად ცნობილი სენატორი ჯონ მაკკეინი. ეს ის მაკკეინია, რომლის გვარი ჩვენს ერთ-ერთი მინისტრს სანომრე ნიშნად ჰქონდა და რომელიც დეფაქტო პრეზიდენტს ხან სვანეთში დაჰყავს, ხან ორდენებით აჯილდოებს და ხან ყალბი სუვენირებით. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ სენატორს ბოლო წლებში ასეულ ათასობით და მილიონობით დოლარი აქვს მიღებული სააკაშვილის მთავრობისგან ე.წ. ლობისტური საქმიანობის საწარმოებლად.

ასევე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოში არიან ლ. იგლბერგერი (რეიგანის და უფროსი ბუშის ადმინისტრაციებში სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი), ერაყის საოკუპაციო ადმინისტრაციის ყოფილი მმართველი ჯ. ბრემერი, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ბ. სკოუკროფტი და სხვ. ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ ამ ორგანიზაციას არაფერი აქვს საერთო აბსტრაქტულ „დემოკრატიის განმტკიცებასთან“ და ნეიტრალურ სამეცნიერო კვლევებთან, არამედ ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

დღეს უკვე ქართველი პოლიტიკოსებიც კი, მრავალწლიანი დუმილის და ამერიკის საელჩოში თუ ჩვენთან საგასტროლოდ მყოფ ვიზიტორებთან სასტუმროს ნომრებში დამამცირებელი ვიზიტების შემდეგ, ალაპარაკდნენ ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ე.წ. გამოკითხვების სიყალბეზე და ანგაჟირებულობაზე. მაგალითად, ლ. გაჩეჩილაძემ თქვა, რომ აშშ-ს ყოფილი ელჩი ტეფტი (რომელიც ამჟამად უკრაინის „გადემოკრატიულების“ დიდ საქმეს ემსახურება) მას აწვდიდა „გამოკითხვის“ შედეგებს, სადაც გაჩეჩილაძის რეიტინგი 11 პროცენტი იყო (რეალურად მან, თარხნიშვილის კომისიის თანახმადაც კი, 26 პროცენტი აიღო).

ჩვენი აზრით, აღარ არის საჭირო მარჩიელობა და კონსპიროლოგიური ვერსიების შემუშავება, თუ რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია უფრო მეტად წარმოადგენს ხელისუფლების სატელიტს და რომელი ნაკლებად. საკმარისია გადავხედოთ ამგვარი „კვლევების“ შედეგებს, რომ ნათელი გახდება, თუ ვის „მიათრევენ“ არჩევნებში, ვის "ძირავენ" და რომელ პარტიას დაუწერს მორიგი თარხნიშვილი მაღალ შედეგებს. ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც მას-მედიის საშუალებებში „ამაყობს“ IRI-ს თუ მსგავსი ორგანიზაციების (მაგალითად, NDI-ს) სოციოლოგიურ „კვლევებში“ მიღებული პროცენტებით, ნაცმოძრაობის და დღევანდელი რეჟიმის ფილიალს წარმოადგენს, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა, დემოკრატიული ფასადი შეუქმნას სააკაშვილის მთავრობას.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"