ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
დიასპორა
22.09.2010
ქართველთა ყრილობა პეტერბურგში - შესაძლო გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში

23 - 24 აპრილს ”საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ბატონ გურამ გოგიაშვილთან, ევრაზიის ინსტიტუტის საიტის რედაქტორ ბატონ გიორგი ვეკუასთან და სხვა კოლეგებთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით მიწვეული ვიყავი საქართველოს ხალხების საზღვარგარეთული დიასპორების ყრილობაზე სანკტ-პეტერბურგში. ამ თემის გარშემო ბევრი ხმაური ატყდა ქართულ მას-მედიაში, ისევე როგორც ყოველთვის, როდესაც რაიმე მოვლენა ალექსანდრე ებრალიძეს უკავშირდება. აღნიშნული ფორუმის მოწყობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის და ამ იდეის რეალიზებაც მანვე მოახდინა.

რუსეთში მოღვაწე წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი ალექსანდრე ებრალიძე იმთავითვე მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც კი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მან, არც მეტი, არც ნაკლები, საჯაროდ განაცხადა (2009 წლის გაზაფხულზე ქ. სოჭში), რომ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში. შემდგომ ეტაპებზე ბატონმა ებრალიძემ კვლავ არაერთხელ დაადასტურა თავისი ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად შეფიქრიანდა და გაწიწმატებულმა პროპაგანდისტური კამპანია წამოიწყო ებრალიძის წინააღმდეგ, რაშიც მორჩილ მას-მედიასთან ერთად ფსევდოოპოზიციური პარტიებიც დაიხმარა. თუმცა ებრალიძისთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა პრობლემა, პირიქით, აგორებული ”შავი პიარიც” ხშირად კარგი რეკლამაა პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს, საწყის ეტაპზე. ებრალიძის მთავარი და გადამწყვეტი პრობლემა იყო საქართველოს მოქალაქეობის არქონა, რის გარეშე, ბუნებრივია, შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. ა. ებრალიძე თავიდანვე აცხადებდა, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში აპირებდა მოქმედებას. მისთვის მიუღებელია ძალისმიერი გზით ხელისუფლების დამხობა ან რაიმე ტიპის არეულობაზე ხელის მოთბობა. ამიტომ - არჩევნების გზა კონსტიტუციურ ვადებში, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეობაა საჭირო. მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ებრალიძემ არაერთხელ მიმართა მ. სააკაშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს კანონის შესაბამისად, თუმცა ამაოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ებრალიძეს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა.

ხელისუფლებას პრობლემას აგრესიულად და დესტრუქციულად განწყობილი ებრალიძე ვერ შეუქმნის. პირიქით, ხელისუფლებისთვის სწორედ კანონმორჩილი ალექსანდრე ებრალიძეა საშიში. პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში ებრალიძის ტიპის პოლიტიკოსი - ფინანსურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი, საქმიანი, წარმატებული, წარსული პოლიტიკური შეცდომებით არ-დამძიმებული, ქარიზმატული, შორსმხედველი, დამაჯერებლად მოსაუბრე, შესანიშნავად ერუდირებული (ებრალიძის გატაცება ისტორიაა), ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი და კომუნიკაბელური ებრალიძე არჩევნებზე ძალიან იოლად ”ჩააჩოჩებდა” მ. სააკაშვილს და არა მარტო მას, ”საშუალო ინტენსივობის” გაყალბების შემთხვევაშიც კი. ამიტომ ხელისუფლებამ ელემენტარულად არ მისცა საშუალება მას, უშუალოდ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში და მას მოქალაქეობა არ მიანიჭა. ებრალიძის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მან ჯერ თავისი პოლიტიკური განზრახვები გააჟღერა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მოქალაქეობის მიღებისათვის ზრუნვა, ნაცვლად იმისა, რომ სანამ იგი არ ჩანდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საქართველოში მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა, მაშინ შემოეტანა შესაბამისი განცხადება მოქალაქეობის თაობაზე და პოლიტიკაში მოქალაქეობის მიღების შემდეგ ჩართულიყო.

მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ შექმნილ ვითარებაში ებრალიძისათვის არსებობდა პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების ორი გზა. პირველი: ებრალიძე საქართველოში აყალიბებს ახალ პარტიას, მას სათავეში თავის ნდობით აღჭურვილ პირებს ჩაუყენებს და ეს პარტია მონაწილეობას მიიღებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ებრალიძის პარტია გზას უკაფავს თავის ლიდერს საქართველოში ჩამოსასვლელად, იყენებს რა მიღწეულ მორალურ უპირატესობას ჯერ კიდევ არსებულ პრეზიდენტ სააკაშვილზე და საკონსტიტუციო ცვლილებების საშუალებით შესაძლებლობას აძლევს ებრალიძეს, მონაწილეობა მიიღოს მომავალი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთი სქემა ბატონ ებრალიძეს ”ევრაზიის ინსტიტუტმა” (რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, კონსულტაციებს უწევს მათ) შესთავაზა გამომდინარე იქიდან, რომ იგი დაბეჯითებით მიისწრაფოდა საპრეზიდენტო პოსტისაკენ, საქართველოში აუცილებელი რეფორმების ჩასატარებლად. მაგრამ პეტერბურგში გამართულ ფორუმზე ებრალიძემ გააჟღერა მეორე გზა, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შანსს უკარგავს, მაგრამ მორალურად უფრო გამართლებულია და ევრაზიის ინსტიტუტიც მას მთლიანად იზიარებს. კერძოდ, ებრალიძე არ შექმნის ახალ პარტიას და არ დაუპირისპირებს მას უკვე ჩამოყალიბებულ რეალურ ოპოზიციას. მომავალში კი ებრალიძე და მისი ”საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი” მხარს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს, რომლის პროგრამაც და მომავლის ხედვაც ყველაზე უფრო მისაღები იქნება.

ეს გახლდათ პეტერბურგში გამართული ფორუმის პირველი და მთავარი მოვლენა. მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ პროექტის მონახაზიც, რომელიც ბატონმა ებრალიძემ გამოაცხადა და ფორუმმა დეკლარაციაშიც დააფიქსირა. კერძოდ, ებრალიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოში შეიქმნას ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და რაც მთავარია, არჩევნების სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მონიტორინგი. ამგვარ ორგანიზაციაში ებრალიძის განცხადებით ასობით და ათასობით ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ, მისი თქმით, აკრედიტაცია უნდა გაიაროს საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამით თავისი პოლიტიკური წონადობა გაზარდოს.

გარდა ამისა, ყალიბდება სამუშაო ჯგუფები აფხაზებისა და ოსების საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის საწარმოებლად. ებრალიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი და აფხაზთა და ოსთა მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაშია შესაძლებელი, და საამისოდ სერიოზული სამუშაოა გასაწევი.

ბუნებრივია, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გარეშე აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესი ვერ განვითარდება. სწორედ ამ მომენტზე გაამახვილა ყურადღება მსოფლიო ფორუმზე დამსწრე ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. მან მოუწოდა ქართულ დიასპორებს, ლოიალურნი იყვნენ იმ ქვეყნებისა, სადაც ისინი ცხოვრობენ, სწორედ ამგვარი ლოიალობით შეიძლება საქართველოსთვის მეტის გაკეთება მათი მხრიდან, დასძინა დავითაშვილმა. ხალხის პარტიის ლიდერის ინიციატივით მსოფლიო ფორუმის დეკლარაციის პროექტში დამატებულ იქნა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართული დიასპორების ძალისხმევის კონსოლიდაციასა და გაძლიერებას ამ ქვეყნებში საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის (განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ამ მხრივ, ბუნებრივია, რუსეთი ექცევა). დავითაშვილმა აღნიშნული საქმის მოთავეობა ალ. ებრალიძეს სთხოვა, ამასთან მზადყოფნა გამოთქვა, თანასწორუფლებიან სუბიექტად მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში საქართველოს იმიჯზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში. ამ ინიციატივას დადებითი რეაქცია მოჰყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ალექსანდრე ებრალიძისგან.

კობა დავითაშვილის, კონსერვატიული პარტიის გენერალური მდივნის კახა კუკავას და ამავე პარტიის წევრის გიორგი ცანავას დასწრება და მონაწილეობა მსოფლიო ფორუმზე განსაკუთრებულად საყურადღებოა იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენენ ”ეროვნულ საბჭოს” - ანუ ”პრორუსულად” მონათლულ ძალას საქართველოში. აქამდე ე. წ. ”პრორუსული”, სინამდვილეში - პრაგმატული, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მომხრე ძალები დაქსაქსულად მოქმედებდნენ. ალექსანდრე ებრალიძე ხელისუფლებას დემონიზებული ჰყავდა და მასთან ღია ურთიერთობებს გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ახლა ეს უკვე გადალახული ეტაპია. პეტერბურგში ადგილი ჰქონდა ფრიად მნიშვნელოვან მოვლენას - საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის შიგნით მოღვაწე პრაგმატული და რეალური ოპოზიციის კონსოლიდაციას საზღვარგარეთ მოღვაწე ასევე პრაგმატულ და რეალურ ქართულ დიასპორებთან, რომელთაც გული შესტკივათ თავიანთ სამშობლო საქართველოზე. ამგვარი კონსოლიდაციით დადებით შედეგს მიიღებს როგორც ქართული ოპოზიცია, ისე - დიასპორებიც, და რაც მთავარია, საქართველო. სწორედ ამიტომ ნეიტრალიტეტის პარტიის ლიდერი ვალერი კვარაცხელია, რომელსაც თავის დროზე მძაფრი კრიტიკა არ დაუკლია ქართული ოპოზიციისთვის, მათ შორის ბოლო პერიოდში რუსეთთან დიალოგის იდეის გარშემო შექმნილი ”ეროვნული საბჭოსთვის”, სიხარულით შეხვდა პეტერბურგში განვითარებულ პროცესებს. აშკარაა, რომ 23 - 24 აპრილის შემდეგ ”ეროვნული საბჭოს” პოლიტიკური წონა უფრო გაიზარდა, ისევე როგორც საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესმაც განამტკიცა თავისი პოზიციები. ყოველივე ეს საქართველოს ინტერესებშია, რათა მან მომავალში შეძლოს რუსეთთან ადეკვატური პოლიტიკოსების საშუალებით საერთო ენის გამონახვა.

ევრაზიის ინსტიტუტი თანმიმდევრულად ემხრობოდა და ემხრობა პრაგმატული ძალების მიერ ქმედებების კოორდინაციის იდეას, პეტერბურგში გამოკვეთილი თანამშრომლობის კონტურებიც ჩვენი ინსტიტუტის გარკვეული ძალისხმევის შედეგიცაა, ამიტომ იმედს გამოვთქვამ, რომ დარჩენილი პოტენციურად თუ უკვე ასეთად გამოცხადებული ”მოღალატე” და ”პრორუსული” პარტიებიც შემოუერთდებიან ”ეროვნული საბჭოსა” და დიასპორების მსოფლიო ფორუმის ინიციატივას.

რაც შეეხება ებრალიძის ინიციატივებს არჩევნების მონიტორინგისა და აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის საწარმოებლად არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბების შესახებ, ამას დრო გვიჩვენებს, რამდენად რეალურად განხორციელდება. ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება კარგი ორგანიზება და დაფინანსება. ჯერ-ჯერობით ვერც ოპოზიცია, ვერც დიასპორები ვერ ავლენენ კონკურენტუნარიანობას ხელისუფლებასთან ამ ორი უმნიშვნელოვანესი პარამეტრით, იმედია, რომ ახლა მაინც შეიცვლება სიტუაცია.

დაბოლოს, მინდა შევეხო მას-მედიაში მსოფლიო ფორუმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა იქონია ფორუმის მონაწილეების შემადგენლობაზე: საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები, რომლებიც უკვე მზად იყვნენ პეტერბურგში გამოსაფრენად - ბილეთებიცა და რუსეთის ვიზიანი პასპორტები ხელში ეჭირათ - ბოლო მომენტში დაშინდნენ და შინ დარჩენა ამჯობინეს. თუმცა არსებითი გავლენა ფორუმის მსვლელობაზე ამ ფაქტს არ მოუხდენია - ფორუმს დაესწრო მოწვეულ სტუმართა აბსოლუტური უმრავლესობა. გავრცელებული ტელესიცრუის საწინააღმდეგოდ უზარმაზარი დარბაზი ებრალიძის მიერ ხელოვნების ნიმუშად გადაქცეულ ”ტალიონ იმპერიალ ოტელში” გადაჭედილი იყო. მსოფლიო ფორუმის მუშაობაში პირველ დღეს მონაწილეობას იღებდა 267 დელეგატი, მეორე დღეს ”ალექსანდრინსკი ტეატრში” კი 2 ათას კაცზე მეტი სტუმარი შეიკრიბა. ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ქართული დიასპორები რუსეთით დაწყებული აშშ-ით დასრულებული - თავიანთ საქმეში წარმატებული და გავლენიანი ქართველები - ბიზნესმენები, ჟურნალისტები და სხვ., მაგალითად: ბადრი ჩიტიშვილი ორენბურგიდან, თენგიზ დუმბაძე მინსკიდან, კობა ხომერიკი კიევიდან, ხვიჩა თოლორდავა და გიორგი ფირცხალავა ტვერიდან, ავთანდილ კაცია ტიუმენიდან და სხვები. ფორუმზე იყვნენ საქართველოდან გამოსული აზერბაიჯანლების, სომხების, ოსების, აფხაზების, ქურთების, ასირიელების, ბერძნების ღირსეული წარმომადგენლები. მსოფლიო ფორუმი გახსნა უხუცესმა მონაწილემ, ბატონმა რეზო ჩხეიძემ, სტუმართა საპატივსაცემოდ კონცერტი გამართა ბატონმა ზურაბ სოტკილავამ თავის მოწაფეებთან ერთად.

ერთი სიტყვით, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. მის მონაწილეებს კი გული მაინც წყდებოდათ, რომ საქართველოში პროსახელისუფლებო ტელეარხები მათ ანუ ჩვენ ყველას ”მოღალატეებად” გვნათლავენ. ”ღალატი” ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიოში გაბნეულ ბევრ ქართველსა თუ საქართველოში დაბადებულ არაქართველს ქართულად საუბარი თავისუფლად არ შეუძლია და ამის გამო ფორუმის სამუშაო ენა რუსული იყო (იმის გათვალისწინებითაც, რომ ფორუმს ბევრი რუსი ჟურნალისტი და ექსპერტი ესწრებოდა). თუმცა მათი ქართული - რუსული თუ სხვა უცხო აქცენტით წარმოთქმული, სამაგიეროდ გულიდან ამოსული სიტყვები, გაცილებით უფრო საამო მოსასმენი იყო პირადად ჩემთვის, ვიდრე ქართული ტელეარხების ”ჟურნალიუგების” მეტყველებაში დამკვიდრებული სანტექნიკოს-ნამინისტრალი ლომაიას დონის ”გამართული” ქართული.

გულბაათ რცხილაძე,ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელიგაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 2010 წლის 28 აპრილი.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"