ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.03.2010
საქართველო - ერთი დიდი კოლონიაა?

გუშინ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველო დათანხმდა გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმრის მიღებას. ვრცელდება ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის ე. ტყეშელაშვილის განცხადება, რომ „თბილისი გუანტანამოს პატიმრების მიღებას დათანხმდა, რათა თავი ვაშინგტონის სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩინოს“.

მოკლე ცნობა: გუანტანამოს ციხე მდებარეობს კუბის ტერიტორიაზე, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ბაზის შიგნით. საინტერესოა თავად ამ ბაზის წარმოშობის ისტორია. ის შეიქმნა 1903 წელს, როცა კუბის კონსტიტუციაში დანართის სახით შეიტანეს სპეციალური პუნქტი, რომელიც განსაზღვრავდა ტერიტორიის იჯარით გადაცემას აშშ-თვის. ბაზის ახლანდელი სტატუსი განისაზღვრება 1934 წლის ხელშეკრულების თანახმად. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა რამდენიმე გადატრიალება კუბაში, რითაც კუნძულზე აშშ-თვის სასურველი მთავრობა მოვიდა. ამ მთავრობამ გააფორმა კიდეც დიდ მეზობელთან კაბალური ხელშეკრულება. კაბალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ხელშეკრულება უვადოა და მისი გაუქმება შეიძლება მხოლოდ ორმხრივი თანხმობით, ან „იჯარის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში“. კუბის მთავრობა 1959 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელმაც შეცვალა პროამერიკული რეჟიმი, არაერთხელ შეეცადა ხელშეკრულების გაუქმებას და ამერიკული ბაზის გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, მაგრამ უშედეგოდ.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების და ამერიკული ჯარის ავღანეთში შეჭრის შემდეგ, გუანტანამოს ბაზის ტერიტორიაზე არსებული ციხე გამოიყენება ე.წ. ტერორიზმთან ომის (War on terror) მიზეზით დაპატიმრებული, შეპყრობილი თუ გატაცებული პირების დაკავების ადგილად. ბოლო წლებში ამერიკული და მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ ციხეში (ისევე როგორც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი სპეციალურ ციხეებში) პატიმართა წამების შესახებ (იხ. ჩვენს საიტზე არსებული მასალაც). ამან აიძულა ობამას ადმინისტრაცია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებისთვის მიეცა დაპირება, რომ გუანტანამოს ციხეს მთლიანად დახურავდა და მის პატიმრებს ამერიკის ციხეებში გადაიყვანდა, სადაც მათ იურიდიული მომსახურების მეტი საშუალება ექნებოდათ. თუმცა, ისევე როგორც ობამას ბევრი სხვა დაპირება, არც ეს შესრულდა ბოლომდე და გუანტანამოს ციხე კვლავ განაგრძობს ფუნქციონიორებას, თუმცა კი ობამამ ხელი მოაწერა მისი დახურვის ბრძანებას. სამაგიეროდ, აშშ-ს ადმინისტრაცია ცდილობს პატიმართა ნაწილი როგორმე სხვა (მოკავშირე თუ სატელიტ) ქვეყნებს „შეტენოს“. ეს უხეში და ჟარგონული სიტყვა შემთხვევით არ გვიხმარია, რადგან თითქმის ყველა ქვეყანა გაურბის ამ „საჩუქარს“ და ცდილობს შარში თავი არ გაჰყოს. ესტონეთმაც კი, რომელიც ტრადიციულად გამოირჩევა უკიდურესად პროამერიკული პოლიტიკით, უარი თქვა გუანტანამოს მკვიდრთა მიღებაზე. სამაგიეროდ, დათანხმდა ლიტვა (1 პატიმარი) და, როგორც ჩანს, საქართველო (3 პატიმარი). სააკაშვილმა აქაც თავი გამოიჩინა და, ავღანეთის არ იყოს, სადაც ათასამდე ქართველი ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება ყველაზე „ცხელ“ პროვინციებში, აქაც „გადაჭარბებით“ შეასრულა „გეგმა“.

ცხადია, რომ სააკაშვილის ამგვარი ენთუზიაზმის მიზეზი არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წინაშე თავის გამოჩენა (რაც არც დამალა კიდეც ქ-ნმა ტყეშელაშვილმა) და ამით საკუთარი პოზიციების განმტკიცება ქვეყნის შიგნით. თუ რამდენად წააგდება ამგვარი ქმედებები საქართველოს ინტერესებს მთლიანობაში, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენი აზრით, ნაკლებად აღელვებთ.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"