ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
24.03.2010
გაზის გეოპოლიტიკა

გაზი (ბუნებრივი აირი) და ნავთობი ის სფეროა, სადაც გეოპოლიტიკური თამაშის წესები მკაფიოდ იგრძნობა ხოლმე. აზიის ქვეყნებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის გამო უკვე 2025 წლისთვის ენერგორესურსები დეფიციტური გახდება, რასაც დაემატება ნავთობის მოპოვების შემცირება ახალი პროდუქტიული საბადოების ამოწურვის შედეგად. შესაბამისად, გაზის ფასი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

თუ უახლოეს წლებში არ მოხდა რევოლუციური ცვლილებები და გარღვევა ენერგოწარმოების სფეროში, მოპოვებად ენერგორესურსებს, პირველ რიგში ბუნებრივ აირს, ალტერნატივა არ გააჩნია. ვერც ატომური თუ ჰიდრო სადგურები და მით უმეტეს, ქარის, მზის, ზღვის მოქცევის თუ სხვა „ეგზოტიკური“ ენერგიის წყაროები ვერ შეცვლის გაზს და ნავთობს მრეწველობაში, ტრანსპორტში თუ საოჯახო მეურნეობებში. ამიტომ გაზის მოპოვება და ტრანსპორტირება იყო და რჩება მსოფლიო გეოპოლიტიკური თამაშების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ კავკასიაში და რა კავშირშია ის ევროპაში თუ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასთან? ჯერ დავიწყოთ სიტუაციის ზოგადი მიმოხილვით.

დღეს მსოფლიო ბაზარზე შექმნილია ბუნებრივი აირის სიჭარბე. ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა გაზის მოხმარების შემცირება, რასაც დაერთო რამდენიმე რეგიონში მსხვილი საბადოების ათვისების პიკი (კერძოდ, ყატარში) და შედეგად, ე.წ. სპოტ-ბაზარზე, სადაც გრძელვადიანი კონტრაქტების გარეშე იყიდება გაზი, ფასები საკმაოდ დაეცა. ამას დაემატა აშშ-ში „ფიქალის გაზის“ (shale gas) ამოღების ტექნოლოგიის შემუშავება.

რამდენიმე სიტყვით შევჩერდეთ ამ თემაზე. ბოლო თვეებში მასობრივი ინფორმაციის ბევრ საშუალებაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი მასთან დაკავშირებით. ზოგმა ეს მოვლენა უკვე „ფიქალის რევოლუციად“ მონათლა. რასთან გვაქვს საქმე? „ფიქალის გაზი“ ეწოდება ფიქალის შემცველი (რუსულად - сланцевый) გეოლოგიური ფენიდან სპეციალური ტექონოლოგიით ამოღებულ ნივთიერებას, რომელიც ბუნებრივ აირს წააგავს. იუწყებიან, რომ მისი მოპოვება სწრაფად იზრდება აშშ-ში, და რომ სხვა ქვეყნებში მოპოვების დაწყება თითქოს განდევნის ბაზრიდან ბუნებრივ აირს, გააკოტრებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა „გაზპრომი“ და სხვა.

სინამდვილეში, ეს აჟიოტაჟი ჩვეულებრივი კომერციული მოვლენაა და მის ირგვლივ მრავალი მითი შეიქმნა. რეალურად, ფიქალის გაზს, მიუხედავად იმისა, რომ ის თეორიულად მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტერიტორიაზე მოიპოვება და მისი მარაგები კოლოსალურია, მრავალი მინუსი ახასიათებს. მაგალითად, წვის კუთრი სითბო (ანუ სითბოს რაოდენობა, რომელიც 1 კუბური მეტრის წვისას გამოიყოფა) ორჯერ და მეტად დაბალია, ვიდრე ბუნებრივი აირისა. შესაბამისად, იგი ორჯერ მეტი რაოდენობითაა საჭირო. ფიქალის გაზის ამოღებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობის ტერიტორიის დამუშავება; მოპოვების შენარჩუნებას ესაჭიროება მუდმივი ბურღვა, განსხვავებით ბუნებრივი აირისგან; მოპოვების პროცესი დაკავშირებულია სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებთან. ეს და სხვა პრობლემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფიქალის გაზმა ჩაანაცვლოს ან სერიოზულად შეავიწროვოს ბუნებრივი აირი მსოფლიოს მასშტაბით.

მაგრამ ის მდგომარეობა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზის სიჭარბეა, დიდხანს არ შენარჩუნდება. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეკონომიკური კრიზისის მწვავე ფაზა დასრულდა და მართალია, მსოფლიო ეკონომიკის სწრაფი აღდგენა არ მომხდარა, მაგრამ გაზის და საერთოდ, ენერგიის მოხმარება ნელ-ნელა იზრდება. ამავე დროს, აზიის ქვეყნების ეკონომიკები, პირველ რიგში ჩინეთის, განაგრძობენ სწრაფ ზრდას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთის, ინდოეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების ენერგომოხმარება ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა და ამავე დროს, განუხრელად უახლოვდება განვითარებული ქვეყნების დონეს, ეს ნიშნავს, რომ აზიის ქვეყნების მოთხოვნა ენერგიაზე უახლოეს ათწლეულებში რამდენჯერმე გაიზრდება.

ამავე დროს, ენერგეტიკული რესურსები უსასრულო არ არის. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ ნავთობის მოპოვება მიაღწევს თავის პიკს 2014 წელს, რაც გაცილებით ადრეა, ვიდრე წინა პროგნოზებით იყო ნავარაუდევი (2020 წელი). 2025 წლისთვის კი დაიწყება მოპოვების თანდათანობითი შემცირება, რაც უკავშირდება მრავალი მსხვილი საბადოს ამოწურვას და ახლების არ არსებობას. ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აღმოჩენილა არც ერთი გიგანტური საბადო, გარდა ქაშაღანისა ყაზახეთში. ნავთობის მოპოვების ზრდა ხორციელდება ძველი საბადოების გაძლიერებული ექსპლუატაციის და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე, რაც იძლევა სანახევროდ ათვისებული საბადოებიდან მეტი ნავთობის „გამოწურვის“ შესაძლებლობას. მაგრამ ეს რესურსიც ამოუწურავი არ არის. ამ პირობებში კიდევ უფრო იზრდება ბუნებრივი აირის როლი.

ენერგობაზარზე სიტუაციის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გადავხედოთ უშუალოდ გაზის სექტორში შექმნილ სიტუაციას. ამ მხრივ ბოლო თვეებში რამდენიმე საინტერესო მოვლენა მოხდა.

პირველი მათგანია ე.წ. ჩრდილოეთის ნაკადის (Nord Stream) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ყველა ქვეყანამ, რომლის ეკონომიკური ზონის წყლებში უნდა გაიაროს ამ გაზსადენმა, თანხმობა მისცა მის გატარებას და წყალქვეშა ნაწილის მშენებლობა უკვე მომავალ თვეში დაიწყება. სახმელეთო ნაწილის მშენებლობა რუსეთის ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება. შეგახსენებთ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზი გერმანიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს მიეწოდება ისე, რომ აღარ გაივლის უკრაინის, ბელორუსიის და პოლონეთის ტერიტორიაზე. გაზსადენის სიმძლავრე ორივე მილის აშენების შემდეგ წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რაც რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის დაახლოებით მესამედია.

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები უკრაინაში. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკრაინის და რუსეთის ურთიერთობა დათბობის ფაზაში შედის. ეს, როგორც ჩანს, შეეხება გაზის სფეროსაც. თუკი წინა, „ნარინჯისფერი“ ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებდა რუსეთთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე უკრაინის მილსადენების სისტემასთან დაკავშირებით, იანუკოვიჩის ადმინისტრაციიდან უკვე არის მკაფიო სიგნალები, რომ იქ განიხილავენ რუსეთთან და ევროკავშირთან ერთად საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას, რომელსაც გადაეცემა გაზის ტრანსპორტირების სისტემა უკრაინის ტერიტორიაზე. ამ კონსორციუმში თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი რუსეთი, როგორც გაზის მომწოდებელი, უკრაინა, როგორც ტრანზიტიორი ქვეყანა და ევროკავშირი, როგორც მომხმარებელი.

დასრულდა იმ გაზსადენის პირველი ეტაპის მშენებლობა, რომელიც თურქმენულ გაზს უზბეკეთის და ყაზახეთის გავლით მიაწვდის ჩინეთს. 2017 წლისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა 40 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება.

რუსეთმა და თურქმენეთმა განაახლეს ხელშეკრულება, რომელიც 2009 წელს შეჩერებული იყო და გაზპრომმა იკისრა ვალდებულება, ყოველწლიურად 30 მილიარდი კუბ. მეტრი აირი შეიძინოს თურქმენეთისგან. ამავე დროს, ხელშეკრულება გაფორმდა ირანსა და თურქმენეთს შორის. ირანში თურქმენული გაზის ექსპორტი 14 მილიარდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება.

ამ კვირაში გაფორმდა ხელშეკრულება ირანსა და პაკისტანს შორის გაზსადენის მშენებლობის შესახებ. მისი სიმძლავრე პირველ ეტაპზე იქნება 11 მილიარდი კუბ. მეტრი წელიწადში, შემდგომში 22 მილიარდამდე გაზრდით. თავდაპირველად ამ გაზსადენს უნდა შეერთებოდა ინდოეთიც, მაგრამ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულმა ვითარებამ და აშშ-ს ზეწოლამ, რომელიც ყველა ქვეყანას მოუწოდებს თავი შეიკავოს ირანთან ეკონომიკური კონტაქტების დამყარებისგან, აიძულა ინდოეთი დროებით გამოთიშულიყო ამ პროექტს. თუმცა, ამავე დროს, განიხილება ირანში თხევადი გაზის ქარხნის აგების იდეა, რომლიდანაც თხევადი გაზის ექსპორტი ინდოეთში გაზმზიდი ტანკერების საშუალებით განხორციელდება. 8-10 წლის შემდეგ ინდოეთის მოთხოვნილება გაზის იმპორტზე მინიმუმ 140 მილიარდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება, იმ პირობებში, როცა ქვეყანას არ გაააჩნია გაზის რაიმე მნიშნელოვანი მარაგები. შესაბამისად, ირანიდან ინდოეთში გაზის ექსპორტი ამა თუ იმ სახით, ძალზე რეალური იქნება, აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად.

ამავე დროს, როგორც რუსეთი, გაზპრომის სახით, ასევე ირანი, სთავაზობენ აზერბაიჯანს გაზის დიდი რაოდენობით შესყიდვას. ორივე ამ ქვეყანამ უკვე გააფორმა კონტრაქტები ბაქოსთან, ჯამური მოცულობით 2 მილიარდი კუბ. მეტრი წელიწადში და საუბარია ამ მოცულობების გაზრდაზე. გაზპრომი საერთოდ სთავაზობს აზერბაიჯანს, რომ შეიძენს ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივ აირს, რისი მიწოდებაც აზერბაიჯანს შეუძლია, ყველაზე მაღალ საბაზრო ფასში.

აქამდე ჩვენ არ გვიხსენებია ის პროექტი, რომელიც ყველაზე ხშირად განიხილებოდა ქართულ მას-მედიაში სახელმწიფო მოხელეების თუ მთავრობასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ, როგორც ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევა, საქართველოს გადარჩენის შანსი და ლამის რუსეთის ნგრევის წინაპირობა. დიახ, იგულისხმება ე.წ. ნაბუკოს პროექტი. მისი სიმძლავრე უნდა იყოს 31 მილიარდი კუბ. მეტრი წელიწადში. უცნაურია, რომ წინა კვირაში თურქეთმა და რუმინეთმა რატიფიკაცია გაუკეთეს ნაბუკოს მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ სამთავრობო პიარის საგნად ეს ფაქტი რატომღაც არ ქცეულა.

რაშია საქმე? როგორც ჩანს, სააკაშვილის მთავრობამაც კი თითქმის დაკარგა ამ პროექტის რეალური განხორციელების იმედი. ზემოთ მოყვანილი ციფრები მიანიშნებენ, რომ გაზის რესურსი ამ გაზსადენისთვის რეალურად არ არსებობს. სანედლეულო ბაზის მოწოდება ნაბუკოსთვის შეუძლია სამ ძირითად ქვეყანას: ესენია ირანი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი. აქედან ირანმა, როგორც აღვნიშნეთ, დაიწყო გაზსადენის აგება პაკისტანის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ ირანის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და გაზის მოხმარების ზრდას ქვეყნის შიგნით, ეს მიმართულება ირანის თავისუფალი გაზის რესურსებს თითქმის მთლიანად წაიღებს, რასაც უნდა დავუმატოთ ინდოეთის მიმართულებით მომავალში მისაწოდებელი გაზის მოცულობა. თურქმენეთმა გააფორმა ხელშეკრულებები ჩინეთთან, რუსეთთან და იმავე ირანთან, რაც ასევე ამცირებს თურქმენული გაზის ნაბუკოს მილში მოხვედრის შანსებს. ამასთან, თურქმენული გაზი ვერც მოხვდება ნაბუკოში, თუ არ აიგო წყალქვეშა გაზსადენი კასპიის ზღვის ფსკერზე, რაც უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, თუ საერთოდ გამორიცხული არა. ამას ხელს უშლის კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის დაურეგულირებელი პრობლემები და სხვა. რჩება მხოლოდ აზერბაიჯანი, მაგრამ მისი რესურსები არ არის საკმარისი ნაბუკოს შესავსებად, ამავე დროს, თავად აზერბაიჯანის გაზის სულ უფრო მეტი მოცულობები კონტრაქტდება რუსეთის და ირანის მიერ.

რჩება კიდევ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ერაყი. ვარაუდობენ, რომ ერაყის ჩრდილოეთში, ქურთებით დასახლებულ ტერიტორიაზე, გაზის საკმაოდ დიდი საბადოებია, მაგრამ ერაყში შექმნილი გაურკვეველი ვითარება, ამერიკის ჯარების მოსალოდნელი გაყვანა 2011 წლის ბოლოსთვის და ქურთების ავტონომიური რეგიონის სტატუსთან შექმნილი ვნებათაღელვა კიდევ უფრო ნაკლებ რეალურს ხდის ერაყის ჩართვას ნაბუკოს მილსადენში უახლოეს წლებში.

არ გამოვრიცხავთ, რომ ნაბუკოს აგება, თუნდაც შემცირებული სიმძლავრით, მაინც დაიწყოს, მიუხედავად ბუნებრივი აირის რესურსების ნაკლებობისა მისთვის. ნაბუკო უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური პროექტია და ემსახურება ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე ზეწოლას, რომ ეს უკანასკნელი ევროპისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებზე წავიდეს გაზის მიწოდებისას. მაგრამ დასრულდება თუ არა ამ მილსადენის აგება და მოხერხდება თუ არა მისი თუნდაც ნაწილობრივი დატვირთვა გაზით, ძნელი სათქმელია.

ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის პროექტიც, რომელსაც ნაბუკოს კონკურენტს უწოდებენ. ეს არის ე.წ. „სამხრეთის ნაკადი“. ამ პროექტით, რუსული გაზი შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირდება ბულგარეთში და იქიდან ორად გაყოფილი ნაკადი წავა იტალიისკენ და ავსტრიისკენ. „სამხრეთის ნაკადმა“ უნდა გაიაროს რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებთანაც გაზპრომმა (პროექტის ოპერატორმა) უკვე გააფორმა ხელშეკრულებები, გარდა ავსტრიისა. „სამხრეთის ნაკადის“ სიმძლავრე 63 მილიარდ კუბ. მეტრამდე მოიაზრება. განსხვავებით ნაბუკოსგან, ამ პროექტს არ გააჩნია ნედლეულის პრობლემა, რადგან გაზპრომის გაზი მისთვის სავსებით საკმარისია. მაგრამ „სამხრეთის ნაკადის“ განხორციელება მაინც არ არის ამ ეტაპზე გადაწყვეტილი. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, პირველი კი ის არის, რომ თავად რუსეთმა შეიძლება გადაიფიქროს, თუ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება მას მისცემს საშუალებას, იმდენად მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობები დაამყაროს ამ ქვეყანასთან, რომ წავიდეს დათმობაზე და შეინარჩუნოს გაზის მნიშვნელოვანი ტრანზიტი უკრაინის გავლით. ამ შემთხვევაში „სამხრეთის ნაკადის“ არსებობა ნაკლებად საჭირო ხდება. თუმცა, არსებობს, ალბათ, უფრო სერიოზული მიზეზიც. ევროკავშირს არ სურს კიდევ უფრო გააღრმავოს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება და ამიტომ ლობირებას უწევს ნაბუკოს პროექტს. მაგრამ ნაბუკო და სამხრეთის ნაკადი კონკურენტები არიან და ეკონომიკური კრიზისი ევროპაში, ასევე თხევადი აირის დიდი რაოდენობით გამოჩენა მსოფლიო ბაზარზე ამ ეტაპზე ეკონომიკურად გაუმართლებელს ხდის ორივე ამ გაზსადენის არსებობას. ნაბუკოს პროექტი კი შეფერხებულია შექმნილი პრობლემების გამო და შესაბამისად, ფერხდება სამხრეთის ნაკადიც, რადგან მისი პირველად დაწყების შემთხვევაში, ნაბუკო საერთოდ აზრს დაკარგავს.

მიუხედავად ამისა, როგორც დავინახეთ, რუსეთი საკმაოდ წარმატებით ახორციელებს გაზის გეოპოლიტიკის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. „ჩრდილოეთის ნაკადი“ მას საშუალებას მისცემს, როგორც მინიმუმ, ბელორუსია და პოლონეთი გამოთიშოს გაზის ტრანზიტიდან, რაც ბელორუსიას კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის რუსეთზე. რუსეთმა, ირანთან და ჩინეთთან ერთად, ფაქტიურად მოახერხა თურქმენეთის გამოთიშვა ნაბუკოს პროექტიდან და იგივეს ცდილობს აზერბაიჯანის შემთხვევაში. გაზპრომი მყარად მკვიდრდება უკრაინის გაზის განაწილების შიდა ბაზარზე და როგორც ჩანს, მიიღებს სერიოზულ წილს ამ ქვეყნის გაზის სატრანსპორტო სისტემაშიც. ნაბუკოს პროექტის განხორციელება საეჭვო გახდა, „ფიქალის გაზის“ აღმოჩენით გამოწვეული თავდაპირველი აჟიოტაჟი საკმაოდ მალე ჩაცხრება, ხოლო გაზზე მოთხოვნილების ზრდა უახლოეს ათწლეულებში უზრუნველყოფს გაზის მნიშვნელობას გეოპოლიტიკურ პროცესებში და შესაბამისად, რუსეთის როლს, რომელიც გაზის მარაგების უმსხვილესი მფლობელია მსოფლიოში.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"