ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
14.03.2010
სააკაშვილი ნერვული კრიზისის ზღვარზე

არის ასეთი ფილმი, „ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე“, რომელსაც დავესესხეთ კომენტარის სათაურს. საქართველოს ხელისუფლების პარანოია უკვე მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების სალაპარაკო თემა ხდება.

ის, რაც შაბათს საღამოს ნაციონალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა არხმა „იმედმა“ ჩაიდინა, ნათლად გამოხატავს ამ ხელისუფლების სრულ იდეოლოგიურ კრახს. ყველასათვის ნათელია, რომ ეს გადაცემა, რომელმაც შეძრა და გააოგნა მთელი საქართველო, უშუალოდ სააკაშვილის ნებართვით და შესაძლოა, ინიციატივითაც მომზადდა. საყურადღებოა რამდენიმე მომენტი: სააკაშვილი კვლავ ცდილობს რუსოფობიის და მასობრივი ისტერიის დათესვას ქვეყანაში. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ერთ-ერთ სტატიაში, რომ სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ამ პოლიტიკის წარმოებისა. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს ამგვარ პარანოიდალურ ფორმებს მიიღებდა და ასე მალე.

სრულიად ნათელია მოსახლეობის დაშინების და დათრგუნვის სურვილიც, ასევე ოპოზიციისა, პირველ რიგში ეს ეხება ე.წ. „პრორუსულ“ ოპოზიციას. წინასწარ ცხადდება, თითქოს ნაცმოძრაობამ გაიმარჯვა და ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აწყობს. სახეზეა ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა და ნებისმიერი შესაძლო საპროტესტო აქციის „გადატრიალებად“ და "სამშობლოს ღალატად" გამოცხადება, არა აქვს მნიშვნელობა, ეს აქცია უკავშირდება არჩევნებს თუ არა.

დრო გვაჩვენებს, მიაღწია თუ არა სახელისუფლებო პროპაგანდამ მიზანს ამ გადაცემის გაშვებით თუ პირიქით, უკუშედეგი მოიტანა მათთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს წყნარად და თანმიმდევრულად მუშაობა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ აღებული კურსი გრძელვადიან სტრატეგიად გაიხადოს.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"