ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
01.03.2010
სააკაშვილი იუშჩენკოს მიჰყვება პოლიტიკურ ოფსაიდში?

საქართველოში მორიგი „ცხელი“ პოლიტიკური გაზაფხული დადგა. სიტყვა „ცხელი“ ბრჭყალებშია ჩასმული, თუმცა არაა გამორიცხული, უბრჭყალებოდ ცხელი პოლიტიკური გაზაფხულიც დადგეს, თუ ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს ბრჭყალებს გამოაჩენს. თუმცა, კალამბურები იქით იყოს და მომავალი პერიპეტიების დეტალური ანალიზი ოდნავ გადავდოთ, ამჯერად კი რამდენიმე ზოგადი მოსაზრება განვიხილოთ.

ამ სტატიაში არ შევეხებით ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების საქმიანობას, არამედ ზოგიერთ მნიშვნელოვან ტენდენციას გამოვყოფთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, უკვე ფიქსირდება ქართულ პოლიტიკაში.

რა ტენდენციებია ეს? პირველ რიგში, ეს შესაძლოა იყოს რუსოფობიის, როგორც პოლიტიკის დასასრულის დასაწყისი . გავიხსენოთ სააკაშვილის მოღვაწეობა პრეზიდენტის პოსტზე. თუ გამოვრიცხავთ პირველ რამდენიმე თვეს, როცა იგი მოსკოვში ჩავიდა ვიზიტით და შეხვდა პუტინს, 2004 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, სააკაშვილის რიტორიკას და საქმიანობას წითელ ხაზად გასდევდა თანმიმდევრული რუსოფობია. იყო გამონაკლისებიც: მაგალითად, რუსულ ინვესტიციებზე სააკაშვილი „დიდსულოვნად“ არ ამბობდა უარს, ალბათ იმის გამო, რომ რუსეთის და მისი მოკავშირე ყაზახეთის გარდა, ქართულ მსხვილ სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ კომპანიებში მაინცდამაინც არც არავინ აპირებდა ფულის ჩადებას.

დავაკვირდეთ ასევე ნაცმოძრაობის მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიების საქმიანობას. რუსოფობიამ და ანტირუსულმა გადაცემებმა ამ ბოლო დღეებში და თვეებში პიკს მიაღწია. რად ღირს მარტო სრულიად არაპოლიტკორექტული, გაუგებარი, ცილისმწამებლური გადაცემები რუსეთის პატრიარქზე და ა.შ.

სააკაშვილის გარემოცვის დიდი ნაწილის ანტირუსულმა და რუსოფობულმა განცხადებებმა ასევე ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი შეიძინა. ამ მხრივ გამორჩეული დეპუტატი ნუგზარ წიკლაური პუშკინის ძეგლის აღებას და რუსული ლიტერატურის აკრძალვას ითხოვდა. ძეგლთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ქუთაისის მემორიალის აფეთქება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში ანტიქართული ქმედება იყო თავისი არსით, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიერ ანტირუსულად მოიაზრებოდა, ანტისაბჭოურის საფარქვეშ. ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი ამ ტენდენციას: მისი თქმით, სააკაშვილი შეგნებულად ცდილობდა ხალხებს და ქვეყნებს შორის ყველაზე ფაქიზი, ღრმა კავშირები გაეწყვიტა და დაერღვია. ასეთი მკაფიო განცხადება ამ თემაზე რუსეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა პირველად გააკეთა.

ფაქტობრივად, სააკაშვილის პოლიტიკა გაჭრილი ვაშლივით წააგავს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იუშჩენკოს პოლიტიკას. ისიც ძირითადად „კულტურის“ ფრონტზე მოღვაწეობდა: გმირის წოდებას ანიჭებდა ანტისაბჭოთა, პრონაცისტურ ელემენტებს, რუსულ ენას მაქსიმალურ ბარიერებს უქმნიდა და ა.შ. თანამედროვე საქართველოში საქმე ჯერ არ მისულა ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძის გმირად გამოცხადებამდე, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, არც ესაა გამორიცხული.

ეს პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით აგვისტოს ავანტიურის შემდეგ გაძლიერდა, არ არის შემთხვევითი. ფაქტიურად, სააკაშვილს სხვა გზა არც აქვს. რუსეთის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა მასთან ნებისმიერი სახით ოფიციალური ურთიერთობების აღდგენაზე და კონტაქტებზე. პირიქით, პრეზიდენტ მედვედევის დონეზე ხდება ძალზე ხისტი განცხადებები, რომ სააკაშვილი პერსონა ნონ-გრატაა რუსეთში, რომ ის სამხედრო დამნაშავეა და რუსეთის ხელისუფლება მასთან არასოდეს დაიჭერს საქმეს. რუსეთმა პირდაპირ მიანიშნა, რომ იმ ხელისუფლებასთან, რომელშიც სააკაშვილი იქნება, მას ურთიერთობა არ ექნება.

ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჩიხშია და მას სხვა გზა არ დარჩენია, გარდა იმისა, რომ უსასრულოდ განაგრძოს რუსეთთან ხისტი დაპირისპირება, თუნდაც რიტორიკის და არა მარტო რიტორიკის დონეზე. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ის განასხვავებს ერთმანეთისგან სააკაშვილს და ქართველ ხალხს და ამიტომ მზად არის გარკვეული ნაბიჯები გადადგას ხალხის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, პირდაპირი ფრენების აღდგენა ორ ქვეყანას შორის.

მაგრამ ამგვარი ჩიხური სიტუაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არ აწყობთ, პირველ რიგში, დასავლეთ ევროპის გარკვეულ სახელმწიფოებს და არაა გამორიცხული, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასაც. კონტინენტური ევროპა, რომლის ბირთვია გერმანია და საფრანგეთი, იძულებული ხდება მუდმივად შუამავლის და ზოგჯერ ბუფერის როლი შეასრულოს მტრებად ქცეულ ორ ქვეყანას შორის, რაც ხელს უშლის მის ურთიერთობებს მისთვის მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიცაა რუსეთი. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა, როგორც შეკრული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იკვებება რუსეთთან მტრობის და ქიშპის გაჩაღებით და ამის საშუალებით თავისი მომხრეების მობილიზებას ახორციელებს. მაგრამ ამგვარი რეჟიმი, მით უმეტეს დიდ მეზობელთან ღია დაპირისპირების პირობებში, ვერ დაუახლოვდება ევროპას და არც ევროკავშირში, ნატო-ში და სხვა სტრუქტურებში გაწევრიანების შანსი არ გააჩნია. შესაბამისად, კონტინენტური ევროპა ვერ ახერხებს რუსეთთან ვაჭრობას ამ თემაზე და ვერც იმას, რომ მასთან კომპრომისის ფარგლებში მოაქციოს საქართველო ერთობლივი ან უპირატესი გავლენის სფეროში.

სავარაუდოდ, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის რესპუბლიკელების დანატოვარი „საჩუქარი“ სააკაშვილის სახით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ეს ადმინისტრაცია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა „გადატვირთოს“ და დაათბოს. მას მრავალი სავაჭრო თემა აქვს მოსკოვთან, დაწყებული სტრატეგიული შეიარაღების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერით და დამთავრებული ირანის თემით. თუმცა, პირადად სააკაშვილის საბოლოო და რადიკალური „ჩამოწერის“ ნიშნები ამერიკის მხრიდან ჯერ არ ჩანს.

ესე იგი, დავაფიქსიროთ ორი თეზისი: ა) სააკაშვილს არ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ რუსეთს მუდმივად ხისტად უპირისპირებოდეს, პირველ რიგში რიტორიკის და განცხადებების დონეზე; ბ) დასავლეთის გარკვეულ ქვეყნებს, პირველ რიგში დასავლეთ ევროპას, ხელს არ აძლევს ამ სიტუაციის უსასრულო გაგრძელება. სიტუაცია ჩიხშია შესული.

ამასთან, საქმეს სავარაუდოდ ვერ შველის ვერც ფიგურების გადანაცვლება. სამიოდე თვის წინ თბილისის მერმა უგულავამ ძალზე საყურადღებო განცხადება გააკეთა ამერიკული ჟურნალის „ნიუსუიქის“ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში. ის შეეცადა რევერანსები გაეკეთებინა პუტინის მისამართით და ერთგვარი „პრორუსული“, ზომიერი პოლიტიკის „მესიჯები“ გაეშვა. მაგრამ რუსეთის მხრიდან ამას არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, რუსეთი ერთნაირად მიუღებლად მიიჩნევს სააკაშვილს და მის უახლოეს გარემოცვაში არსებულ პირებს. მით უმეტეს, უგულავა აქტიურად იყო ჩაბმული ცხინვალის ოპერაციებში, რაც მის მოვალეობას არ წარმოდგენდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი უგულავას განიხილავს, როგორც თავის „მემკვიდრეს“ და აპირებს რაღაც სტატუსით დარჩეს მომავალ ხელისუფლებაში, რომელიც არა უგვიანეს 2013 წლისა ჩამოყალიბდება, მაშინ შენარჩუნდება იგივე ჩიხის მდგომარეობა რუსეთთან. ამავე დროს, ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა აკეთოს სააკაშვილმა უგულავას შესაძლო პრეზიდენტობის დროს, თუ იგი ხელისუფლებაში საკვანძო პოსტზე არ იქნა. დენ სიაოპინის პოზა არა გვგონია, მისთვის რეალური აღმოჩნდეს, რომელიც ისე აკონტროლებდა ჩინეთის პოლიტიკას, რომ არავითარი თანამდებობა არ ეკავა. 4 წლის განმავლობაში „თამაშიდან გასვლა“ და შემდეგ ისევ დაბრუნება პრეზიდენტის პოსტზე კი ასევე ნაკლებ სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ იმ სისტემას, რომელიც მან შექმნა, სააკაშვილის რეალურ რეიტინგს და მის მიმართ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან.

ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ოდნავ გვერდზე გადგეს, თუმცა შეინარჩუნოს რეალური ძალაუფლება შედარებით სუსტი პრეზიდენტის პირობებში (ე.წ. პუტინის ვარიანტი) და ამავე დროს, გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილი ან საბოლოოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ან განაგრძოს რუსოფობული, კონფრონტაციური ხაზი ბოლომდე, სანამ ამის საშუალება და რესურსები ექნება. სხვა არჩევანი მას, როგორც ჩანს, არ გააჩნია. აწყობთ კი ეს მის გვერდით მდგომ ადამიანებს, მათ შორის უგულავას? ეს შესაძლოა წელსვე გამოჩნდეს. --

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"