ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.02.2010
რელიგიური სიტუაცია აფხაზეთში და საფრთხეები საქართველოსთვის

რამდენიმე დღის წინ პრესაში გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტის ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის დროს შედგა მისი შეხვედრა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო-საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბალაშოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე „იმსჯელეს რუსეთის და აფხაზეთის ხალხებს შორის სულიერი და კულტურული კავშირების განვითარების შესახებ“.

თავის მხრივ, ბაღაფშმა განაცხადა - „ხშირად შეიძლება წაიკითხოთ, რომ თითქოს აფხაზეთი მუსულმანური ქვეყანაა. მინდა ყველა მოვიწვიო ჩვენთან, რომ თავად ნახოთ - ჩვენ გვაქვს IV, VI, XII საუკუნის ტაძრები“.

ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სწორად გავიგოთ სიტუაცია აფხაზეთში და არ გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები. საქართველოში რუსეთის პატრიარქის და აფხაზთა ლიდერის შეხვედრა არაერთმნიშვნელოვნად აღიქმება და როგორც ხდება ხოლმე, რუსოფობული აქცენტებით განიხილება ოფიციოზის და მის მიერ კონტროლირებადი მას-მედიის მიერ. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულად არის.

ყურადღებით გავაანალიზოთ ბაღაფშის სიტყვები. დასაწყისში ის თითქოს უარყოფს მტკიცებას, რომ აფხაზეთი მუსულმანური ქვეყანაა. მაგრამ აკეთებს ამას ორაზროვნულად. შევნიშნოთ, რომ ბაღაფში პირდაპირ არ ამბობს, რომ აფხაზეთი ქრისტიანული, მართლმადიდებული „ქვეყანაა“, არამედ მხოლოდ იმას, რომ იქ არის „IV, VI, XII საუკუნის ტაძრები“. თავისთავად ტაძრების არსებობა, მით უფრო ასეთი ძველის, არ მიუთითებს ქვეყნის ან ეთნოსის ამჟამინდელ კონფესიურ კუთვნილებაზე.

სინამდვილეში, თუ პოლიტკორექტულობას უკუვაგდებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგიური სიტუაცია თანამედროვე აფხაზეთში არც ისე ნათელია. თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ მეორე ათასწლეულის შუახანებამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე დომინირებდა ქრისტიანობა (მაშინ ის საქართველოს შემადგენლობაში იყო), მაგრამ მე-15-მე-16 საუკუნიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან ადიღეული ეთნიკური ელემენტის გადმოსახლების შედეგად, აფხაზეთში ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელშიც პრევალირებდა ადგილობრივი წარმართული კულტები, ხოლო ზედაპირზე დაახლოებით თანაბრად იყო წარმოდგენილი ისლამი და ქრისტიანობა. ისლამი ვრცელდებოდა ოსმალეთის იმპერიიდან, რომელიც აკონტროლებდა შავი ზღვის სანაპირო ზოლს.

მე-19 საუკუნეში, როგორც ცნობილია, აფხაზეთი გადავიდა რუსეთის კონტროლის ქვეშ, რამაც გამოიწვია თურქეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადასახლება, პირველ რიგში იმათი, ვინც მუსულმანობა მიიღო (ე.წ. მუჰაჯირები). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ აფხაზეთში მხოლოდ ქრისტიანული (მართლმადიდებელი) მოსახლეობა დარჩა. რელიგიური სიტუაცია იქ ცარიზმის დროსაც კი გაურკვეველი, არაერთგვაროვანი რჩებოდა. საბჭოურ, ათეისტურ პერიოდში ეს გაურკვევლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა მიღებულია აფხაზეთში და ბაღაფში და სხვა ოფიციალური პირები ხაზს უსვამენ თავიანთ მართლმადიდებლობას, იქ ყველაფერი ცხადი ნამდვილად არ არის.

სიტუაციას ართულებს პოლიტიკური პრობლემები: ქართული ეკლესია, რომლის კანონიკურ ტერიტორიასაც წარმოადგენს აფხაზეთი, ვერ ახერხებს იქ რეალურ მოქმედებას და მრევლის გაძღოლას. ამით შესაძლოა ისარგებლონ ძალებმა, რომლებსაც სურთ აფხაზეთში თავისი გავლენის გაძლიერება. გამოიყენებენ რა გაურკვევლობას კანონიკური ტერიტორიის საკითხის გარშემო, ისინი შეეცდებიან გააბან აფხაზეთში თავიანთი ქსელები. ესენია, ერთი მხრივ, სხვადასხვა სახის „პროტესტანტული“ სექტები, მეორე მხრივ, ისლამი, სავარაუდოდ, ვაჰაბისტური ან რადიკალური სახისა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მიმდინარეობა (ფსევდოქრისტიანული სექტები და ექსტრემისტული ისლამი) თითქოს რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე მათგანი გამოყენებული იქნება დასავლური, ატლანტისტური წრეების მიერ რუსეთის გავლენისთვის ძირის გამოსათხრელად.

საქართველოში ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება ხელსაყრელიც კი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. აღორძინების პირობებში მყოფი მართლმადიდებლობის ეროზია სექტების და ისლამური მიმდინარეობების მიერ კატასტროფულ შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის. ის ნიშნავს აფხაზეთის პრობლემის საბოლოო „კოსოვიზაციას“, აფხაზურ სეპარატიზმთან გავლენიანი მუსულმანური ქვეყნების და დასავლეთის „მიბმას“. რაც მთავარია, საბოლოოდ განადგურდება ხიდი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.

ამიტომ, საქართველოს და რუსეთის საერთოდ ინტერესებშია, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ინტერესებში, რომ რუსეთის ეკლესიამ დროებით განახორციელოს საქმიანობა აფხაზეთში, სანამ ქართულ ეკლესიას არ შეუძლია ამის გაკეთება. არ შეიძლება ვაკუუმის დატოვება, რომელსაც უმალ შეავსებენ ძალები, ერთნაირად მტრულნი რუსეთის და მართლმადიდებელი საქართველოს მიმართ. როგორც იტყვიან, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. ამის დაშვება არ შეიძლება.

P.S. ამ თემაზე უფრო ვრცელ სტატიას მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ.
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"