ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
"სკივრი"
27.02.2010
ტვინების გამორეცხვა ქართულ-ნაციონალურად

რა თქმა უნდა, საუბარია ქართულ ნაციონალურ ტელეარხებზე. აი იმათზე, ვისი მფლობელთა ვინაობა ე.წ. ოპოზიციამ და ქართველმა ჟურნალისტებმა დღემდე რომ „ვერ გაარკვიეს“ და კაფკას პერსონაჟები (მაგალითად, იოზეფ კ.) ჰგონიათ. არა, „კურიერზე“, „ქრონიკაზე“ და „მოამბეზე“ (თუ არ ვცდებით, ასე ჰქვია ე.წ. საზმაუს „ნიუსებს“) საუბარი მეტისმეტად ბანალური იქნებოდა. ზომბირების და ჰიპნოზის ამ სეანსებს,რომლებსაც „საინფორმაციო გამოშვებებს“ უწოდებენ, სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაპროგრამებაში მათ თავისი წვლილი არ შეაქვთ... ამჯერად გვინდა შევეხოთ „უწყინარ“ ტელეგადაცემებს, რომლებსაც ასევე უხვად გვთავაზობენ ჩვენი ნაციონალურები.

ყბადაღებული „სიმართლის დროს“ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ალბათ ყველამ შეამჩნია, პატივცემული არველაძის „კანტორა“ ერთობ უხეშად მუშაობს ამ მხრივ, დონაძის „კანტორის“ არ იყოს... თუმცა, იმავე „იმედს“ ზომბირების უფრო „დახვეწილი“ პროდუქტებიც აქვს თავის არსენალში. მაგალითად, ბევრისთვის საყვარელი სერიალი „შუა ქალაქში“. ამ სტატიაში არ შევეხებით ისეთ რთულ თემას, როგორიცაა დასავლური სტერეოტიპების, ფასეულობების და კულტურული კოდების ტრანსლირება ტელევიზიის საშუალებით, რასაც ე.წ. რიგითი მაყურებლის თვალი, როგორც წესი ვერ ამჩნევს, მაგრამ მის ცნობიერებაში ეს ყველაფერი ნელ-ნელა ილექება. თუმცა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგალითად, ქართულ ტელევიზიებში გასული რეკლამის 90 პროცენტი იგივე ფუნქციას ასრულებს. უფრო მარტივ მოვლენაზე შევჩერდეთ: ეს არის სახელისუფლებო ფიგურების პირდაპირი რეკლამირება და „გაპიარება“ სერიალის და მისი პოპულარული გმირების საშუალებით. დღეს, ალბათ, ჯანდაცვის მინისტრის ხსენებაზე პირველ რიგში სიმპათიური ირაკლი „მუთაქა“ ჩხეიძე და მისი ტელეშეფი (ანუ მინისტრი) ახსენდება ჩვენს მოქალაქეს, იგივე ტელემაყურებელს, იგივე ამომრჩეველს და არა ჩაოხრებული სავადმყოფოები. რა თქმა უნდა, იმათ, ვისაც, ღვთის მადლით, პირადად არ ჰქონია „ბედნიერება“ ამ დაწესებულებებში მოხვედრილიყო. მინისტრი თავადაც კი ეწვია ჩვენს ოჯახებს ახალი წლის დღეებში, სერიალის მეშვეობით. არც ე.წ. პრეზიდენტის პორტრეტი დავიწყებიათ სცენარისტებს, რომელიც, ისევ და ისევ ჩვენი ტკბილი და მურაბა ადამიანის, ირაკლი ექიმის კაბინეტს ამშვენებს, კორუფციასთან „დაუნდობელი“ ბრძოლა და ა.შ.

ჯანდაცვის მინისტრს არც „თვით ვანო“ ჩამორჩა და არანაკლებ წარმატებულად დაიწყო „ტელევარსკვლავის“ კარიერა. რა თქმა უნდა, მკვლელების მფარველის ან მოსმენების დიდოსტატის იმიჯს მხიარული და უშუალო შოუმენის იმიჯი სჯობს. მაგრამ ნამეტანი გაუბრალოებაც არ ვარგა და კარგად იციან რა სცენარისტებმა, რომ ქართველებს ძლიერი კაცის რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსები მოსწონთ, ხუმრობანარევი მუქარებიც უხვად იყო პატივცემული ვანოს რეპერტუარში. აი ასე, მარტივად, 1 საათიანი გადაცემით შესაძლებელია არეკლამო შსს-ს ოდიოზური მინისტრი და ხალხი თვეობით ალაპარაკო მასზე. თუკი 2 წლის წინ მერაბიშვილის ხსენებაზე ყველას გირგვლიანი ახსენდებოდა, დღეს „ვანოს შოუს“ გაიხსენებს.

საოცარი გადაცემაა „ვა-ბანკი“. დაილოცოს მისი მომგონი ინგლისელები. რამდენი კურდღლის მოკვლა შეიძლება ერთდროულად: ხალხის გართობა, ფულის კულტის განმტკიცება საზოგადოების ცნობიერებაში და რაც მთავარია, ხელისუფლების წევრების გაპიარება, ინტელიგენციის და ე.წ. ცნობადი სახეების „ლეგალურად“ მოსყიდვა და თვით ე.წ. ოპოზიციის გაბიაბურებაც კი. დიახ, გაბიაბურება, რადგან ვერანაირად ვერ თავსდება ერთმანეთთან „ნაჯახისებური“ სახით სააკაშვილის გინება და ლამის სისხლიანი აჯანყებისთვის მზადყოფნის გამოცხადება და მეორე დღეს, იმავე სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიაში „ტინგიცი“ და წინასწარ დაწერილი სცენარით ათასობით ლარის ჯიბეში ჩადება. მაყურებელი კარგად ხედავს და გრძნობს თამაშს და ნიჰილიზმი უჩნდება, მზადაა მიაფურთხოს ყველაფერს და თავადაც მხოლოდ გართობით და შოუებით დაინტერესდეს.

მაგრამ სახელისუფლო პიარის კიდევ უფრო „დახვეწილი“ ხერხებიც არსებობს. მაგალითად, ინტელექტუალურ შოუში გამოჩენა. ან საქველმოქმედოში. დააკვირდით, როგორ მომრავლდა ეს საქველმოქმედო ტელეშოუები. მშვენიერი საშუალებაა პოლიტიკოსებისთვის ქულების ჩასაწერად, კულტურის მოღვაწეებთან მისატმასნად და ერის მოამაგეებად თავის წარმოსაჩენად. ამ დროს კი სიღატაკე კატასტროფულ მასშტაბებს იღებს, ის სიღატაკე, რომელიც ჩვენი ნაციონალურების მთავარი „მტერი“ იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. თითქმის არ მუშაობს სახელმწიფო დახმარების სპეციალური პროგრამები, ამის მაგივრად პიარის და შოუების საშუალებით ხდება გაჭირვებულთა მცირე პროცენტისთვის დახმარების გაწევა. ასე არ სჯობს? ფული დაზოგილია, ქულები ჩაწერილია, ხალხი კმაყოფილია (გარდა მათი, ვისაც არ გაუმართლა და შოუებში ვერ მოხვდა, თუმცა მათაც იმედი აქვთ, რომ შემდეგ შოუში გამოიძახებენ). კიდევ მრავლად შეიძლება მსგავსი მაგალითების მოყვანა.

მკითხველთა ნაწილს ეს ყველაფერი შეიძლება არასერიოზული ეჩვენოს ან ისიც კი თქვას, რა მოხდა მერე, მათია ეს ტელევიზიები და საკუთარ თავს უწევენ რეკლამირებას ყველა ხერხით, აბა ოპოზიციას (იგივე „რუსეთუმეებს“, „მტრებს“ და „მოღალატეებს“) ხომ არ გააპიარებენო. რა თქმა უნდა, ასეც შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ მერე აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისევ სააკაშვილები და უგულავები მოგვევლინებიან ე.წ. არჩევნებში „გამარჯვებულად“. მომდევნო უბედურებამდე.

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"