ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
აშშ
22.03.2010
ობამას მთავრობა ბუშის ადმინისტრაციის დანაშაულობების კვალს ფარავს

1. გამოძიების ფედერალური ბიურო „ანტრაქსის (ციმბირული წყლულის) საქმეს“ ხურავს;

2. ობამას ადმინისტრაციის მიერ ე.წ. "წამების შესახებ მემორანდუმების" ავტორები არ ეძლევიან პასუხისმგებლობაში.

1.გფბ-მ (გამოძიების ფედერალურმა ბიურომ) და აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ თითქმის ცხრაწლიანი გამოძიების შემდეგ დახურეს ე.წ. Ameritraх-ის საქმე. ამ უწყებების თანახმად, გახსნილია დანაშაული, რომელიც ეხება 5 ადამიანის დაღუპვას და 17-ის დაავადებას ციმბირის წყლულის სპორების შემცველი წერილების გაგზავნის გამო.

 

ერთადერთ დამნაშავედ გამოძიებამ გამოაცხადა ბრიუს აივინსი (Bruce Ivins), პენტაგონში მომუშავე მიკრობიოლოგი, რომელმაც „ზუსტად დროზე“ მოიკლა თავი 2008 წელს, რითაც გფბ-ს, პენტაგონს და მთავრობას ზედმეტი თავის ტკივილი ააცილა.

 

2001 წლის ოქტომბერში, 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევიდან მალევე, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში ატყდა პანიკა მოწამლული წერილების დაგზავნასთან დაკავშირებით, რომლებშიც ციმბირის წყლულის გამომწვევი სპორები იყო. წერილები ძირითადად მას-მედიის წარმომადგენლებს ეგზავნებოდათ. მაშინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა ტერაქტების მეორე ტალღის შესახებ, რომელზეც პასუხისმგებლობა დააკისრა ალ-ქაიდას, ასევე ერაყის მთავრობას.

 

მაშინ, როცა ერაყმა უკვე დიდი ხანია შეწყვიტა მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული პროექტების შემუშავება, პენტაგონმა ჯერ კიდევ 11 სექტემბრამდე აღიარა, რომ საიდუმლოდ ატარებდა ექსპერიმენტებს ციმბირის წყლულთან დაკავშირებით. ამავე დროს, ამერიკის მთავრობამ დაბლოკა გაეროს კონვენციის გაფართოება ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ, უარყო რა კონვენციის დამატებითი ოქმი, რომელიც ეხებოდა ბიოლოგიურ შეიარაღებას.

 

სანამ აშშ დაკავებული იყო „ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ომით“, შიდა გამოძიება ციმბირის წყლულის გამომწვევების საშუალებით ჩადენილ ტერაქტებზე მძიმედ მიდიოდა. დროდადრო გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ გფბ სულაც არ არის დაინტერესებული რეალურ გამოძიებაში პოლიტიკური შედეგების გამო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეჭვი პენტაგონის ერთ-ერთ ექსპერტზე გაჩნდა. მაგრამ შემდეგ სამიზნედ სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ბიოლოგი ჰეტფილი იქცა, რომელიც წინათ ფორტ-დეტრიკში მუშაობდა, პენტაგონის საკვლევ სამედიცინო ინსტიტუტში. თუმცა, გამოძიებას არ აღმოაჩნდა ჰეტფილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება და ბოლოს და ბოლოს იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა გადაეხადა მისთვის რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა ცრუ ბრალდებების გამო. რათა სწრაფად ეპოვა ახალი ეჭვმიტანილი. გამოძიებამ ყურადღება შეაჩერა ბრიუს აივინსზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა პენტაგონში, მათ შორის ციმბირის წყლულის თემაზე.

 

აივინსმა არ აღიარა დანაშაული და თვითმკვლელობა ჩაიდინა მას შემდეგ, რაც ის, მისი ოჯახის წევრები და კოლეგები დაკითხეს, მისი მანქანა GPS-ნავიგატორით აღიჭურვა, მისი სამუშაო ადგილი, სახლი, ნაგავი კი გაჩხრეკილ იქნა. აივინსი ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადიოდა, თერაპიული სეანსების დროს გამოთქვამდა მკვლელობის მუქარებს, მათ შორის სოციალური სამსახურის თანამშრომელი ქალის მიმართ. ღამღამობით ის შორეულ საავტომობილო მოგზაურობებს აწყობდა, გამოგონილი სახელით უგზავნიდა წერილებს და პაკეტებს პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს. მას ჰქონდა თვალახვეული ქალების სურათების დიდი კოლექცია. ამასთან, 2007 წელს დნმ-ს ანალიზის საშუალებით, მის ლაბორატორიაში იპოვეს ციმბირის წყლულის სპორების კვალი, სადაც 2001 წელს მოთავსებული იყო ე.წ. Ames RMR-1029-ის სპორები და სადაც თითქოს აივინსი ღამით მუშაობდა, მისთვის უჩვეულო დროს, ანთრაქსიანი წერილების დაგზავნის წინა დღეს.

 

გამოძიების თანახმად, აივინსმა ვერ შესძლო ადეკვატურად აეხსნა თავისი ქცევა და მხოლოდ მას ჰქონდა წვდომა Ames-ის სპორებთან. გფბ ახასიათებს მას, როგორც ძალადობისკენ მიდრეკილ ფსიქოპათს, თუმცა ვერ ხსნის, რატომ იყო ასეთი ადამიანი დაშვებული ძალზე საშიშ ბიოლოგიურ ნივთიერებებთან.

 

გფბ ასევე უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ თითქოსდა აივინსის მიერ გაგზავნილი წერილები შეიცავდნენ დნმ-ს პრინციპის მიხედვით დაშიფრულ გზავნილებს, როგორიცაა TTT, AAT, TAT, რომლის საშუალებითაც ის მიანიშნებდა თავის ერთ-ერთ კოლეგაზე ან გამოხატავდა ზიზღს ნიუ-იორკის მიმართ (თუმცა ნიუ-იორკში ხუთიდან მხოლოდ ორი წერილი გაიგზავნა). გფბ ამტკიცებს, რომ აივინსი გატაცებული იყო წერილების დაშიფვრით და კითხულობდა დაგლას ჰოფსტადერის (Douglas Hofstadter) ცნობილ წიგნს „გედელი, ეშერი, ბახი“ ("Gоеdel, Escher, Bach – An Eternal Golden Braid". ეს წიგნი მოგვითხრობს ისეთი ფენომენების „გასაღებზე“, როგორებიცაა ყოფიერება და ცნობიერება, ეყრდნობა რა მათ შორის მიკრობიოლოგიის საკითხების განხილვას).

 

აივინსის სავარაუდო გზავნილიდან გფბ-ს ექსპერტებმა გაშიფვრის შემდეგი ვარიანტები გამოყვეს:

 

TTT = Phenylalanine (ასოს აღმნიშვნელი F)

AAT = Asparagine (ასოს აღმნიშვნელი N)

TAT = Tyrosine (ასოს აღმნიშვნელი Y)

 

მაგრამ ნამდვილი მტკიცებულების მოძებნა დასკვნით მოხსენებაში მაინც შეუძლებელია. არის მხოლოდ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი მინიშნებები, რომლებიც მიუთითებენ აივინსის ბრალეულობაზე. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები დარწმუნებული არიან მის უდანაშაულობაში, კონგრესმენი რაშ ჰოლტი (Rush Holt) კი აკრიტიკებს საქმის თვითნებურ დახურვას. გარდა ამისა, მეცნიერებათა ნაციონალურმა აკადემიამ გამოიკვლის გფბ-ს ქმედებების სამეცნიერო დასაბუთება. მიღებული დასკვნის თანახმად, მხოლოდ აივინსის ბრალეულობის თეზისი ვერ გაუძლებდა ვერანაირ კრიტიკას სასამართლოში.

 

2.

აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მოხსენებაში წამების გამამართლებელთ თუმცა კი ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების დაფარვა კანონების არასწორი ინტერპრეტაციის გზით, მაგრამ არავითარი სამართლებრივი შედეგები ამას არ მოჰყვება.

 

ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ობამა შეეცდება გაასუფთავოს ამერიკის იმიჯი ბუშის ეპოქიდან დარჩენილი ნეგატივისგან, წარსულის ყოველგვარი რეალური გადაფასების გარეშე, ისედაც ნათელი იყო თავიდანვე. ის სიმბოლური პრიორიტეტებიც კი, რომელიც ობამას ადმინისტრაციამ დასახა - გუანტანამოს ტყვეთა ბანაკის რეფორმირება, წამების, მოტაცებების და მკვლეობების პრაქტიკის დასრულება, არ შესრულდა ან სერიოზულად არ შევიდა ძალაში.

 

იუსტიციის სამინისტროს იურიდიული ექსპერტები ჯეი ბიბი (Jay Bybee), სტივენ ბრენდბერი (Steven Bradbury) და ჯონ იოო (John Yoo) იყვნენ მათ რიცხვში, ვინც უზრუნველყოფდა ბუშის ადმინისტრაციას მოგონილი იურიდიული ბაზით, წამების და ბრალდების წაუყენებლად პატიმრების განუსაზღვრელი ვადით დაკავების საქმეში.

 

ობამამ გასცა მითითება „გადაემოწმებინათ“ ის ავტორები, რომლებმაც დაწერეს მემორანდუმები (geurasia.org-ის შენიშვნა: საუბარია ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკითხვის და დაკავების არაადამინურ მეთოდებზე, რომლებიც ჩამოთვილი და დასაბუთებულია იურიდიული მანიპულაციების გზით პენტაგონის და აშშ-ს სპეცსამსახურების სპეციალურ მემორანდუმებში. ამასთან დაკავშირებით გირჩევთ ნახოთ ამერიკული დოკუმენტური ფილმი, რომელმაც მიიღო ოსკარის პრემია - „ტაქსი ბნელ მხარეს“). მაგრამ იუსტიციის სამინისტროს დასკვნითი მოხსენების თანახმად, არც სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც იტაცებდნენ და აწამებდნენ ეჭვმიტანილებს, არც ის იურისტები, რომლებიც მათ ქმედებებს ასაბუთებდნენ, არ უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, რადგან ისინი ეთიკურ ნორმებს განზრახ არ არღვევდნენ.

 

აი ასეთი სიტუაციაა: თითქოს ყველა დამნაშავეა, მაგრამ ამავე დროს კონკრეტულად არავინ არ არის დამნაშავე. ზემოთ ნახსენები ჯ. იოო კარგად მოეწყო ბერკლის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ მისი ელექტრონული მიმოწერა მემორანდუმების შედგენის დროს სკანდალურად გაქრა (იხ. გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი", 2010 წლის 20 თებერვალი). ასეთ სიტუაციაში მხოლოდ სევდიან ღიმილს იწვევს იმის ვარაუდი, რომ როდესმე საკადრისს მიიღებენ უფრო მსხვილი ფიგურები, როგორიცაა, მაგ. იუსტიციის ყოფ. მინისტრი ეშკროფტი, აღარ ვლაპარაკობთ მემორანდუმების შემკვეთებზე - ჯ. ბუშზე და რ. ჩეინიზე. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, დღესაც ამართლებს წამებას, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ობამას ადმინისტრაცია მას არ შეეხება.

 

ჟურნალ Telepolis.de-ს მიხედვით (2010 წლის თებერვალი) -

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"