ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
28.02.2010
უკრაინამ იანუკოვიჩი აირჩია - შედეგები საქართველოსთვის

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიქტორ იანუკოვიჩის დამაჯერებელმა გამარჯვებამ, ხოლო კიდევ უფრო ”პრონატოური” ძალების სრულმა კაპიტულაციამ არა მხოლოდ უკრაინის სახეცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, არამედ პერსპექტივაში ბევრი რამ, შესაძლოა, საქართველოშიც შეიცვალოს.

საპრეზიდენტო მარათონის გამარჯვებულმა უკვე გარკვევით განაცხადა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება რუსეთი და დსთ, დასავლეთში ინტეგრაცია მეორე პლანზე გადადის და გაურკვეველი ვადით იწელება. ამჟამინდელ მომენტამდე უკრაინული სახელმწიფოს აწ უკვე ყოფილი მეთაური იუშჩენკო საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტის მ. სააკაშვილის ერთადერთი მოკავშირე იყო მთელს კავკასიურ-შავიზღვისპირა რეგიონში. ეს უკანასკნელი, თავისი მკვეთრი ანტირუსული და პროამერიკული რიტორიკით, ახლა საბოლოოდ გამარგინალდა და თვითიზოლაციაში მოექცა.

საქართველოს ”ვარდების” ხელისუფლებას ამიერიდან აღარ გააჩნია პლაცდარმი სამეზობლოში, გაუწონასწორებელი სააკაშვილის ”გრიალი” კიევში, კარპატებსა და უკრაინის სხვა ლამაზ ადგილებში წარსულს ჩაბარდა. სააკაშვილის პრობლემა ახალ უკრაინასთან მიმართებით იმდენად ის არ არის, რომ მან თავისი ქარაფშუტობით ორათასიანი ბანდა გააგზავნა ავანტიურისტი ტიმოშენკოს დასახმარებლად და იანუკოვიჩი ამის გამო ნამდვილად ნაწყენი იქნება პიროვნულად, არამედ პრობლემა უფრო ისაა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ”ვარდების” ხელისუფლების იმედგაცრუების განწირულ ნაბიჯად უფრო გამოიყურება - ეს რეჟიმი არ გამოირჩევა შორსმხედველობით, უპასუხისმგებლოა, ახასიათებს პრიმიტიული აზროვნება და რიტორიკა, მაგრამ მისი ცხოველური რეფლექსები ჯერ-ჯერობით წესრიგშია; ჰოდა, იგრძნო ”ვარდების” რეჟიმმა, რომ ”ნარინჯისფერი” ხელისუფლების საბოლოო დასამარება სამეზობლოში თუმცა ავტომატურად არ გამოიწვევს საკუთარ კრახსაც, მაგრამ საამისოდ ძალიან ნოყიერ ფონს შექმნის და ნებისმიერ შემთხვევაში მისი მოქმედების თავისუფლებას შეზღუდავს იმისგან დამოუკიდებლად, იანუკოვიჩი ნაწყენი იქნება თუ არა. ამიტომ იმედგაცრუებული სააკაშვილი ვა ბანკზე წავიდა, როდესაც ტიმოშენკოს ”გადარჩენა” სცადა.

თუმცა ”ცივილიზებულმა დასავლეთმა” პრაქტიკულად უბრძოლველად დათმო ”ნარინჯისფერები” და მათი ნარჩენები და მაამებლური პოზიცია დაიკავა ახალი პრეზიდენტის მიმართ. რა თქმა უნდა, სააკაშვილი მით უფროა იძულებული, ამავე კვალს გაჰყვეს, მეტად დამძიმებული გუნება-განწყობით. უკრაინაში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისა და ნატოზე უარის თქმის კურსის გამარჯვება იდეოლოგიურად იმ ქართული პოლიტიკური ძალების პოზიციებს ამყარებს, რომლებიც ანალოგიური საგარეო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ. საგარეო პოლიტიკა კი საქართველოში დღესდღეობით საშინაო პოლიტიკაზე ბატონობს, მეტიც, აშკარაა, რომ სუსტი საქართველოს საშინაო პრობლემების გადაწყვეტა თითქმის მთლიანად საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.

იანუკოვიჩის გამარჯვება კიდევ იმ მხრივ უფუჭებს გუნებას ქართველ ”ვარდების რევოლუციონრებს”, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს წარსულში ისევე აქვს ფორმალური ნასამართლეობა, როგორც რუსეთში მცხოვრებ ქართველ (რუსეთის მოქალაქე) ბიზნესმენსა და მეცენატს ალექსანდრე ებრალიძეს, რომელმაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა გაამჟღავნა და რომელიც რეჟიმის წარმომადგენელთა ისტერიულ კონვულსიებს იწვევს. ახლა ”ვარდების” პროპაგანდისტულ მანქანას გაცილებით უფრო გაუჭირდება, ებრალიძის ახალგაზრდობის ნასამართლეობა ”აპიაროს” - გამოდის, რომ უზარმაზარი უკრაინის პრეზიდენტიც უნდა ლანძღო, როგორც ”კრიმინალი”...

აი სწორედ ამიტომ სააკაშვილისა და კომპანიის ნერვიულობა უკრაინული არჩევნების შემდეგ მატულობს. ის, რომ დასავლეთმა უბრძოლველად დათმო ”ნარინჯისფერნი”, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი ასევე იოლად იტყვის უარს ”ვარდისფერებზე” - უკრაინისგან განსახვავებით საქართველო ხომ პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცა, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება ფაქტობრივი პრეზიდენტისა და მისი შინაგან საქმეთა მინისტრის კარნახით მიიღება, ანუ საქართველოში არსებობს რეპრესიული რესურსი, რომელიც არ არსებობდა უკრაინაში, რამაც განაპირობა კიდეც ამ ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. თუმცა მეორეს მხრივ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ”ვარდების” რეჟიმს, შესაძლოა, ეს რეპრესიული მანქანა არ ეყოს, თუკი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მომავალშიც განაგრძობს გაუარესებას.

P.S. ევრაზიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა თავიანთი სამოქალაქო ვალი მოიხადეს და ინსტიტუტის ხელმძღვანელების პირით მოლოცვა გაუგზავნეს ვიქტორ იანუკოვიჩს. მოლოცვის წერილის ტექსტი ქვემოთ მოგვყავს:

ბატონ ვიქტორ თევდორეს ძე იანუკოვიჩს -უკრაინის არჩეულ პრეზიდენტსთბილისი, 10 თებერვალი, 2010 წ.ღრმად პატივცემულო ვიქტორ თევდორეს ძევ,ჩვენი ინსტიტუტის - ქართველ პოლიტოლოგთა და ისტორიკოსთა ჯგუფის სახელით - გულითადად გილოცავთ ჩვენთვის ძმური უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას. თქვენ მშვიდობიანად მოუღეთ ბოლო ”ნარინჯისფერ ჭირს”, თქვენ მხარს გიჭერთ უკრაინელი ხალხი და დარწმუნებულნი გახლავართ, რომ თქვენ თქვენი ქვეყნის ძალზე წარმატებული პრეზიდენტი იქნებით.სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ იძულებულია, თავისი, ”ვარდების” ჭირის პირობებში იგმინოს. ჩვენი არჩევნები ჯერ კიდევ ქართველი ხალხისთვის იმ სამარცხვინო ხელისუფლების ხელშია, რომელიც ისე გათავხედდა, რომ მოკლე ხნის წინ უკრაინაში ათასობით პროფესიონალი ფალსიფიკატორი გამოგზავნა. მაგრამ თქვენი გამარჯვება მრავალ და მრავალ ქართველ მოქალაქეს ანიჭებს იმედს, რომ ახლო მომავალში ”ვარდების ჭირის” მოშორებაც გახდება შესაძლებელი მშვიდობიანი გზით.გისურვებთ ურყევ ჯანმრთელობას და ყოველგვარ წარმატებას ახალ სამოღვაწეო ადგილზე.გულწრფელი პატივისცემით,გულბაათ რცხილაძე,გიორგი ვეკუა
თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"