ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ექსპრესკომენტარი
08.05.2019
„9 მაისი პატრიოტიზმის ზეიმია“ – რას აკეთებს და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ

დიდი სამამულო ომის ხსოვნისათვის ბრძოლის ერთი ფაზა მოგებულია – მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაზე, ასევე მთავრობაზე, 9 მაისი კალენდარში შენარჩუნებულია უქმედ და აღინიშნება, როგორც „ფაშიზმზე გამარჯვების დღე“. მთავრობის წევრები მიდიან ხოლმე ვაკის პარკში, გამარჯვების მემორიალთან და გვირგვინებით ამკობენ მას, ხვდებიან ვეტერანებს, მათ მცირედ დახმარებას უწევენ, იმართება კონცერტები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, გამოხატოს ყურადღება ვეტერანების მიმართ…

მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა კეთდებოდეს. 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომი, ეს საშინელი, მაგრამ წმინდა ომი, განუზომლად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ერისათვის და მისი მნიშვნელობა განზრახ არის დაკნინებული. მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ასე, მოვალეობის მიზნით, მემორიალთან გვირგვინის დადებით არ უნდა შემოიფარგლებოდნენ. აუცილებელია უფრო აქტიური ჩართვა საზეიმო ღონისძიებებში, მთავრობის მეთაური სიტყვით უნდა მიმართავდეს ხალხს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გამოხატავდეს ამ ომის სიდიადეს და ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ფაშიზმთან, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან და მსოფლიოს ხალხებთან ერთად.

იქნებ „პრობლემა“ სწორედ ეს არის – ისტორიული ფაქტი, რომ ქართველები, რუსები, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანლები, ოსები, ინგუშები, ყაზახები, უზბეკები და სხვები და სხვები, ყველანი ერთად იბრძოდნენ ბოროტების წინააღმდეგ, საბჭოთა კავშირის დროშის ქვეშ?! არ შეიძლება ისტორიის ქცევა პრობლემად, იგი ისეთია, როგორიც არის და ვერ შეიცვლება. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის მიწურულს, საქართველო ამ ელემენტარული ჭეშმარიტების აღიარებისაგან ძალზე შორს იმყოფება.

სამაგიეროდ, აი რას იწვევს მთავრობის პასიურობა: ნეოლიბერალური მასმედია, ასეთივე პოლიტიკანების საშუალებით, ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართველები სხვა ერებთან ერთად იბრძოდნენ ბოროტების – ფაშიზმის წინააღმდეგ (ისინი, რა თქმა უნდა, არ სცნობენ დიდ სამამულო ომს და მას უწოდებენ მეორე მსოფლიო ომს),  ეს მოვლენა, თურმე არ შეიძლება, იყოს სულიერი ან იდეური ერთიანობის საფუძველი იმ ხალხებს შორის, რომლებიც ერთად ებრძოდნენ ფაშიზმს. ეს თურმე პუტინის მოგონილი, ყბადაღებული „რუსული ნარატივია“.

ეს აზრი გამოხატა 7 მაისს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ერთ-ერთი ხელოვნურად შექმნილი ნეოლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა.

ამ სისულელის ტირაჟირება არ უნდა აძლევდეს ხელს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობას, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებს შორის, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პრობლემა წარმოიშვა, მაგალითად, დაურეგულირებელია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. პირიქით, ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებდეთ ნებისმიერ ძაფს, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც უფრო დავშორდებით და დისტანციას დავიკავებთ რუსეთის მიმართ, მით უფრო დავშორდებით და გაიზრდება დისტანცია ჩვენი უკონტროლო რეგიონების – აფხაზეთისა და შიდა ქართლის მიმართ.კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ: საუბარი მაქვს არა პოლიტიკურ კავშირზე, არამედ სულიერ, ცნობიერ კავშირზე, რომლის გარეშე მთლიანობაზე, მათ შორის, ტერიტორიულ მთლიანობაზე ოცნებაც კი აბსურდია.

მთავრობის მხრიდან უნდა ხდებოდეს მოსწავლე ახალგაზრდობის წახალისება, შეისწავლონ ამ ომის ისტორია, გააცნობიერონ ომის გმირების ღვაწლი, ყურადღება მიაქციონ საკუთარი სამშობლოს წარსულს, საკუთარ წინაპრებს, მათ მიერ განვლილ გზას. მთავრობამ, ნაცვლად განათლების სისტემაში დიდი სამამულო ომის თემატიკის მიჩუმათებისა, ხელი უნდა შეუწყოს რაც შეიძლება უფრო სიღრმისეული ცოდნის მიწოდებას. უნდა მოხდეს საისტორიო განათლების დეიდეოლოგიზაცია და საბჭოთა კავშირის ისტორიული როლის ხელოვნური დაკნინება. უნდა მოხდეს სამამულო ომში მონაწილე სასახელო ქართველების – საბჭოთა კავშირის გმირების თუ კიდევ სხვა წოდებებისა და ორდენების მქონე მეომრების საბრძოლო ბიოგრაფიების პოპულარიზაცია, რითაც მომავალ თაობებში პოზიტიური პატრიოტული ცნობიერების (და არა იდეოლოგიზირებული ლიბერალური ცნობიერების) ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ საგარეო პოლიტიკასთან, „რუსულ ნარატივთან“, „რბილ ძალასთან“ და სხვა შტამპებთან. დაუშვებელია 9 მაისის თემის „ლიბერასტიზაცია“, 9 მაისი პატრიოტიზმის ზეიმია!

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"