ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
თავფურცელი
ანალიზი
22.09.2018
ნაზარბაევის სტრატეგიამ თავისი ნაყოფი გამოიღო: კასპიისპირა სახელმწიფოები მეტოქეობიდან თანამშრომლობამდე

  კასპიისპირა სახელმწიფოთა მეხუთე სამიტის შედეგად, სანაპირო ზოლის ხუთი ქვეყნის – ყაზახეთის, თურქმენეთის, ირანის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს კონვენციას კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ, რომელსაც ასე დიდხანს ელოდნენ.

 

ამ დოკუმენტის მოლოდინი მთელი 22 წელიწადი გაგრძელდა. იგი ამყარებს მკაფიო წესებს კასპიის კოლექტიურად გამოყენებისათვის. კასპიის ხუთეულის პრეზიდენტები მას კასპიის ზღვის «კონსტიტუციად» მოიხსენიებენ, რითაც გამოხატავენ მის დიდ მნიშვნელობას.

 

აქამდე განსაკუთრებულ დოკუმენტად, რომელიც არეგულირებდა მონაპირე ქვეყნების ქმედებებს, ეკოლოგიის განსაკუთრებული აქცენტირებით, იყო თეირანის 2003 წლის კონვენცია. შემდგომ, სახელმწიფო მეთაურთა დონეზე გამართული შეხვედრების წყალობით, ისევე, როგორც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მოღვაწეობის შედეგად, მიიღებოდა დამატებითი დოკუმენტები, რაც აძლიერებდა მოლაპარაკებების პროცესს. მაგრამ საბოლოო შემაჯამებელი დოკუმენტი მაინც არ არსებობდა. არადა, იგი ყველას სჭირდებოდა.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში ყაზახეთის ქალაქ აქტაუში შემდგარი კასპიის სამიტი შესაძლებელი გახდა მხარეების მიერ იმ ფაქტის გაცნობიერების შედეგად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მათ შორის არსებული ფარული პაექრობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. უწინ კასპიის ზღვას ერთმანეთში ორი სახელმწიფო – საბჭოთა კავშირი და ირანი იყოფდნენ. მაგრამ 1991 წლიდან კასპიის სანაპიროზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიშვნენ და კასპიისპირა სახელმწიფოთა რიცხვმა ხუთს მიაღწია. კასპიის უზარმაზარი სიმდიდრეები – თევზის რეწვით დაწყებული, დასრულებული ნავთობის მოპოვებით, თავიდან გადასანაწილებელი გახდა. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით გაჩნდა პრობლემები, რადგან სახელმწიფოებს ახასიათებთ მოგების მაქსიმალიზაცია თავისთვის, სხვა სახელმწიფოთა ინტერესების გაუთვალისწინებლად (რამდენადაც ეს შესაძლებელია). ამ პოლიტიკას სხვადასხვა სახელწოდება აქვს - «რეალპოლიტიკა», «ნაციონალური ეგოიზმი» და სხვ., მაგრამ არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. ნავთობისა და გაზის დარგის ყველა ექსპერტი თანხმდება იმაში, რომ კასპიის რეგიონი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდეს მარაგებს შეიცავს, ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ კასპიის ზღვის ზონაში მხოლოდ ნავთობის მარაგი 40 მილიარდ ბარელს აღწევს. ამიტომ ასეთი სიმდიდრეების გამო ქიშპობა გაოცებას არც იწვევს. ასე მაგალითად, აზერბაიჯანი და თურქმენეთი დიდი ხნის მანძილზე დავობდნენ კასპიის ზღვის ცენტრალურ ნაწილში არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების კუთვნილებაზე, არც რუსეთი და ირანი იყვნენ გულგრილნი, რომელთაც, დანარჩენებისგან განსხვავებით, ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო ფლოტილია აქვთ კასპიის ზღვაზე. ხანდახან საკმაოდ სახიფათო ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი. ასე მაგალითად, 2001 წელს ირანის სამხედრო ავიაცია და სამხედრო გემი დაემუქრნენ «ბრიტიშ პეტროლეუმის» გემს, რომელიც ნავთობის დაზვერვის მიზნით სამუშაოებს ატარებდა ზღვის სადავო აკვატორიაში, აზერბაიჯანსა და ირანს შორის.

 

ყაზახეთის პრეზიდენტმა თავიდანვე სწორი სტრატეგია აირჩია. მან გათვალა, რომ პაექრობა და კონფრონტაცია არ მისცემს შედეგს კასპიის რეგიონში დაინტერესებულ არც ერთ მხარეს, და, შესაბამისად, თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. პოსტსაბჭოთა სივრცეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საინტეგრაციო პროექტის ავტორი ნურსულთან ნაზარბაევი ყოველთვის განიხილავდა კასპიის ზღვას და რეგიონს, როგორც კომპრომისებისა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ობიექტს. ამ დასკვნამდე კასპიის ზღვის სხვა მონაპირე სახელმწიფოთა ლიდერები თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ, ამაში კი თავისი წვლილი ყაზახეთის ლიდერმა შეიტანა.

 

კასპიისპირა სახელმწიფოთა ასტრახანის 2014 წლის სამიტზე ნაზარბაევმა მკაფიოდ განაცხადა, რომ «მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივალთ სასურველ შედეგამდე ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ», რითაც მან თავის კოლეგებს მოუწოდა, მიახლოებოდნენ კასპიის სტატუსის საბოლოო განსაზღვრას.

 

მაშ ასე, შეთანხმება მიღწეულია 2018 წელს. კონვენციის არსი არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოებმა გაიყონ ზღვა. მისი ზუსტი საზღვრების დადგენა და დადასტურება ჯერ კიდევ წინ არის. უფრო მნიშვნელოვანი იყო შეთანხმების მიღწევა წყლის სივრცისა და ფსკერის გამოყენების შესახებ, ხუთეულიდან თითოეული მათგანისათვის მისაღები პირობებით. ჯამში, შეირჩა ის ვარიანტი, რომელსაც ყველა მათგანი ეთანხმებოდა.

 

«ჩვენ დავადგინეთ ტერიტორიული წყლები 15 საზღვაო მილის სიგანით, ამასთან, მათი გარე საზღვრები იღებენ სახელმწიფო საზღვრის სტატუსს. ტერიტორიულ წყლებს ეკვრის ათმილიანი სათევზაო ზონები, სადაც ყოველი სახელმწიფო ფლობს რეწვის ექსკლუზიურ უფლებებს. სათევზაო ზონების მიღმა ნარჩუნდება საერთო საზღვაო სივრცე. სახელმწიფო-საზღვაო საზღვრებს იქით იმოქმედებს ნაოსნობის თავისუფლება მონაპირე ქვეყნების დროშების ქვეშ მოცურავე გემებისათვის. მნიშვნელოვანია შეთანხმება სხვა ზღვებთან და მსოფლიო ოკეანესთან ტრანზიტის თავისუფლების თაობაზე. ყოველი სახელმწიფო ახორციელებს სუვერენულ უფლებას ფსკერის საკუთარ სექტორში წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით. ამასთან, გათვალისწინებულია ზღვის ფსკერზე მაგისტრალური მილსადენებისა და კაბელების გაყვანა, ეკოლოგიის მოთხოვნების გათვალისწინებით» - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

 

კონვენციის ხელმოწერის შედეგად, ნარჩუნდება კასპიის ფლორა და ფაუნა, ეკოლოგიის პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კასპიის ზღვაზე განხორციელებული მოქმედებები მთლიანობაში დარეგულირდება ეკოლოგიური პოლიტიკის პრიზმით. ეკოლოგიური ასპექტი მოახდენს ბევრ სექტორში ლიმიტების დაწესებას – პირველ ყოვლისა, მომპოვებულ მრეწველობასა და ტრანსპორტის სფეროში, ასევე გავლენას მოახდენს თევზჭერის რეჟიმზე.

 

შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ტერორიზმთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. ექსპერტები დოკუმენტს დროულად მიიჩნევენ, რადგან ცნობილია, რომ კასპიის ზღვა არც ისე შორსაა ტერორისტების აქტიურობის კერებიდან (სირია, ერაყი, ავღანეთი), ამიტომ ტერორიზმის დარტყმის ქვეშ, შესაძლოა, აღმოჩნდნენ კასპიის რეგიონში გამავალი ენერგორესურსების მაგისტრალები, ისევე, როგორც თავად ნავთობისა და გაზის მომპოვებელი საზღვაო პლატფორმები. ეს გარემოება დიდი საფრთხის მატარებელია თითოეული მხარისათვის.

 

კასპიის რეგიონში ომი თეორიულადაც რომ გამოირიცხოს, ნაზარბაევმა ხუთეულს დამატებითი წინადადებით მიმართა, კერძოდ, დაიდოს ცალკე ხელშეკრულება კასპიის ზღვაზე სამხედრო სფეროში ნდობის ღონისძიებების შესახებ.

 

«ზღვები ერთმანეთისგან ჰყოფენ მიწებს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ ხალხებს» - დარწმუნებულია ყაზაზეთის პრეზიდენტი. იგი კასპიის რეგიონს მიიჩნევს ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობად, ყაზახეთისა და კასპიის ზღვის გავლით ტრანზიტების მეშვეობით. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ამიტომაც ჩვენი ქვეყანა დიდი სერიოზულობით უნდა ეკიდებოდეს ყაზაზეთის პოლიტიკას, რომელიც, თავის მხრივ, ჭეშმარიტად მეგობრულ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც გახსნილია ახალი იდეებისა და ერთობლივი პროექტებისათვის.

 

 

 

 

 

გულბაათ რცხილაძე

 

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"