ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
29.05.2018
კასპიისა და შავი ზღვის აუზების დაკავშირება – ნურსულთან ნაზარბაევის სტრატეგიული იდეა

  გასული კვირის მანძილზე ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიო მასმედიის მიერ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ციტირებადი ნიუსმეიკერი. ყაზახეთის ლიდერმა 14 მაისს სოჭში გამართულ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა შავ და კასპიის ზღვებს შორის სახომალდე არხის მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე. ეს იდეა არ არის ახალი და, როგორც თავად ნაზარბაევმა აღნიშნა, «იგი ჯერ კიდევ მეფის დროს იქნა გაჟღერებული». მაშ, რაში გამოიხატება ყაზახეთის პრეზიდენტის სოლიდარულობა გასულ საუკუნეთა რუსეთის იმპერატორებთან? პასუხი არც ისე რთულია: სხვადასხვა სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პრეტენზიები არავის გაუუქმებია, მით უმეტეს, დღევანდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში. მაგრამ იმისათვის, რათა დეტალურად გავერკვეთ საკითხში, საჭიროდ ჩანს, გავიხსენოთ მისი ისტორია.

 ნურსულთან ნაზარბაევმა ჯერ კიდევ 11 წლის წინ, 2007 წელს განაცხადა არხის მშენებლობის შესახებ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეაეკ) ინტეგრაციის პროცესში. ფრიად ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმავე წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა რუსეთის ტერიტორიაზე სანაოსნო გზების გაფართოების აუცილებლობა, რომლის ფარგლებშიც შესაძლო ვარიანტად ვოლგა-დონის არხის მოდერნიზაცია მოიაზრა. მაგრამ ნაზარბაევის მიერ შეთავაზებული სანაოსნო გზა 1000 კილომეტრით ნაკლებია, ვიდრე რუსული მხარის მიერ შემოთავაზებული, გარდა ამისა, ახალ არხ «ევრაზიას» შეუძლია გაატაროს ბევრად მეტი ტვირთი, ვიდრე რუსულს – წელიწადში 45 მილიონ ტონამდე. სარგებელი არა მხოლოდ გზის ნაკლებ ხანგრძლივობაში მდგომარეობს, თუმცა ეს მომენტი ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეკონომიკურ საკითხებს ყოველთვის როდი ენიჭება უპირატესობა, როდესაც დიდი პოლიტიკის ინტერესები იკვეთება. მიუხედავად ამისა, 2018 წლის რუსეთი ბევრად განსხვავდება თერთმეტი წლის წინანდელი რუსეთისაგან და ამიტომაც, როგორც საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, ნაზარბაევის ჯანსაღი იდეის კვლავ გაჟღერების დროც დადგა.

 ყაზახეთის პრეზიდენტი დიდი პრაგმატიკოსია და ამის უარყოფა შეუძლებელია. მაგალითების მოყვანა თავისუფლად შეიძლება: პირველად ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეა ნურსულთან ნაზარბაევმა 1994 წელს გააჟღერა. 24 წლის თავზე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს ირანი, პარტნიორობის შესახებ ხელს აწერს ყირგიზეთი, ხოლო ეკონომიკურ კავშირში შესვლის პრეტენდენტები არიან მოლდოვა, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ეაეკ-ის შიგნით ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა 8,6 მილიარდ დოლარამდე, რაც 14,4 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

 არხ «ევრაზიის» მშენებლობასთან დაკავშირებული ნაზარბაევის ძველ-ახალი ინიციატივა შეიძლება, განხილულ იქნას, როგორც კიდევ ერთი ბიძგი ეაეკ-ის განვითარებისა. პრეზიდენტი ნაზარბაევი მიიჩნევს, რომ ეაეკ-ის ინფრასტრუქტურა უნდა იქცეს აზიასა და ევროპას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, წყნარ და ატლანტის ოკეანეებს შორის დამაკავშირებელ ხიდად. ბუნებრივია, ყაზახეთისათვის ეს პროექტი აუცილებელია. ამ ქვეყნის ენერგოშემცველთა ექსპორტის პირობებში, მაშინ, როდესაც ყაზახური ნედლეულის თითქმის 70 პროცენტი რუსეთის გავლით გადის ექსპორტზე, ახალი სატრანსპორტო გზა იძლევა საშუალებას, შემცირდეს გადატანაზე დახარჯული დრო და თანხები. შედარებისათვის: ამჟამად ყაზახეთს უწევს ნავთობის გადაქაჩვა შავი ზღვისკენ კასპიის მილსადენი კონსორციუმის ნავთობსადენით, მაგრამ ნავთობსადენამდე მას უწევს ნედლეულის მიტანა ტანკერებით.

 ყაზახეთის მასმედიამ უკვე გამოთვალა: თუკი ახალი არხი აშენდება, მას შეეძლება, მიიღოს 8-10-ათასი ტონიანი სატვირთო გემები. მაგრამ სარგებელი არა მხოლოდ ყაზახეთისთვის არის აშკარა, არამედ კასპიის ზღვაზე მდებარე ყველა სხვა სახელმწიფოებისთვის. არხის მშენებლობა იძლევა საშუალებას, განვითარდეს მომიჯნავე დარგები – სამშენებლო, გემთმშენებელი, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ამასთან,ახალი ევრაზიული სანაოსნო გზა საშუალებას მისცემს ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანას, რუსეთის გავლით დაუკავშირდნენ შავ ზღვას, რის სანაცვლოდაც რუსული მხარე გადასახადებს მიიღებს. ასე რომ, რუსეთისთვის შეთავაზებული პროექტი ატარებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ უფრო პოლიტიკურ ხასიათს. ამას აღიარებენ რუსი ექსპერტებიც. ახალი სანაოსნო გზა ეაეკ-ის და ოფიციალური მოსკოვის იმიჯის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

 ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი წერს, რომ არხის მშენებლობის სტიმულია ეაეკ-ის გამოცოცხლებისაკენ სწრაფვა. არც აშშ-ს, არც ჩინეთს და არც ევროკავშირს არ სურთ იხილონ დიდი, რეალურად ფუნქციონირებადი, მაშასადამე, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური კავშირი. თავიანთი სატრანზიტო დამოკიდებულების შემცირებას დიდი ხანია, ცდილობენ ეაეკ-ის მეზობელი სახელმწიფოები. ასე, ერთი თვის წინათ, ჩინეთის ლიდერმა სი ძიპინმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰიდ ხაკან აბასიმ კუნძულ ხაინანზე მოილაპარაკეს ჩინურ-პაკისტანური კორიდორის შესახებ. ეს არის 46 მიილიარდ დოლარიანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გულისხმობს ფართო სარკინიგზო და საავტომობილო გზების მშენებლობას. გამოდის, რომ თუკი ახლა ყაზახეთი არ დადებს უფრო მომგებიან ალტერნატივას, ჩინური ტვირთები წავლენ სხვა მიმართულებით – ეაეკ-ის ქვეყნების გვერდის ავლით, ეს კი მრავალმილიონიანი დანაკლისი იქნება მათთვის, დოლარის ექვივალენტში.

 ტყუილად როდი შესთავაზა სოჭში კოლეგებს ნურსულთან ნაზარბაევმა, დაფიქრდნენ საჩქაროსნო ავტომაგისტრალ «ევრაზიის» მშენებლობაზე, რომელიც ევროპას აზიასთან დააკავშირებდა რუსეთისა და ყაზახეთის გავლით. ოფიციალური ასტანას მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო არტერია ახალ შესაძლებლობასა და ექსპორტის საშუალებას წარმოადგენს ჩინელი მწარმოებლებისათვის. შედარებისთვის: ამჟამად ჩინური ტვირთების ევროპაში ჩატანას 2 თვე სჭირდება, მაგრამ ახალი გზა ამ ვადას 10 დღემდე შეამცირებს. ექსპერტთა შეფასებით, ახალი არხი თავის ხარჯებს უკვე 10 წელიწადში ამოიღებს, რაც ამ მასშტაბის მშენებლობისათვის სავსებით მისაღებია. როდესაც ანალიტიკოსები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები 11 წლის წინ სწავლობდნენ ნაზარბაევის იდეას «ევრაზიის» მშენებლობის შესახებ, ისინი ამბობდნენ, რომ ახალ არხს შეუძლია, შეცვალოს კასპიისპირა ქვეყნების გეოპოლიტიკური მდგომარეობა და აქცევს მათ ქვეყნებად, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი აქვთ. ასეთი პერსპექტივა სავსებით ამართლებსსამუშაოთა მოცულობასა და გასაღებ ხარჯებს, რაც კი უკავშირდება არხის მშენებლობას. პრობლემები შეიძლება წარნოიშვას ეკოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ უეჭველია, რომ კასპიისპირა სახელმწიფოები სხვებზე მეტად არიან დაინტერესებულნი ეკოლოგიური ბალანსის დაცვითა და მიკროკლიმატის შენარჩუნებით.

 

რევაზ გიორხელიძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"