ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
04.04.2018
«Expo-2017» – წარმატება გრძელდება...

     ყაზახეთის მიერ ორგანიზებული მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა ამ სახელმწიფოს დედაქალაქ ასტანაში - “Expo-2017” ისტორიაში შევა, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში გამართული უნიკალური ღონისძიება, რომელიც სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა მილიონობით ადამიანის მონაწილეობით ყაზახეთიდან და მსოფლიოს კიდევ ასზე მეტი სხვა ქვეყნიდან. გამოფენის თემა გახლდათ „მომავლის ენერგია“.  

   ხშირად ხდება ხოლმე, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიებები თავიანთი დასრულების შემდეგ თავს ამოწურავენ ხოლმე, აშენებულ ობიექტებზე მოთხოვნა აღარ არსებობს, ხოლო თავად ღონისძიებას ყველა მალევე ივიწყებს. ადამიანებს ეუფლებათ გრძნობა, მილიარდობით დოლარი ტყუილუბრალოდ დაიხარჯა... მაგრამ ყაზახეთი სხვა მაგალითს, იძლევა,   “Expo-2017” აგრძელებს და, როგორც ჩანს, გააგრძელებს სარგებლის მოტანას ყაზახეთისთვის და ყაზახეთის პარტნიორებისთვისაც.

ამჟამად „ექსპოს“ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები განაგრძობენ ფუნქციონირებას სხვადასხვა მიმართულებით. ძირითად მიმართულებებს შორისაა - საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, „ასტანა ჰაბი“, საერთაშორისო აი-ტი უნივერსიტეტი, მწვანე ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი.

მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ ალემი“ ბევრ ტურისტს იზიდავს, ისევე, როგორც ოფიციალურ უცხოელ მნახველებს, როდესაც ცოტა ხნის წინ ობიექტზე, მაგალითად, სამხრეთ კორეის პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ყაზახური სახელმწიფო აგრძელებს „ექსპოს“ ბაზაზე ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას. აი-ტი სტარტაპების საერთაშორისო ტექნოპარკმა „ასტანა ჰაბმა“ წამოიწყო რამდენიმე პერსპექტიული პროექტის საინკუბაციო პროგრამის განხორციელება. ტურიზმისა და საქმიანი წრეების შეხვედრის ადგილის ფუნქციის გარდა, “Expo-2017”-ის ობიექტები ძირითადად გამოყენებულ იქნებიან სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

ყოველივე ეს ეხება უშალოდ „ექსპოს“ უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც მოეწყო სახელმწიფოს დახმარებით. პრეზიდენტ ნ. ნაზარბაევის გათვლა, რომლის ინიციატივაც იყო ასტანაში საერთაშორისო გამოფენის გამართვა, მართებული აღმოჩნდა. გამოფენა არ იყო ერთჯერადი აქცია პიარისათვის, არამედ მან შეასრულა გარესამყაროსთან ყაზახეთის ურთიერთობების წამახალისებელი როლი საერთაშორისო ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, კულტურულ-ჰუმანიტარული, სატრანსპორტო-სავაჭრო და სხვა კავშირების თვალსაზრისით. გამოფენისადმი მომზადების ეტაპმა, რომელიც თითქმის ერთ ათწლეულს გაგრძელდა, უზრუნველჰყო როგორც საშინაო, ე. ი. ყაზახური საინვესტიციო რესურსების, ისე საგარეო რესურსების მოზიდვა. ინვესტიციებმა გაამართლა. გამოფენის მიმდინარეობისას მოხდა ბიუჯეტში შემოსავლების მკვეთრი ზრდა, საშუალო ფენის, კერძო კომპანიების აქტივიზაციის გამო. მარტო ტურისტების შემოდინებით ნახეს უზარმაზარი მოგება ადგილობრივმა მომსახურების და სატრანსპორტო სექტორებმა.

აქტიური განვითარება იწყო ინფრასტრუქტურამ: გზები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კომუნალური მეურნეობა, აეროპორტი და სადგური, „ექსპოს“ ობიექტების მშენებლობა და, როგორც შედეგი, მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შექმნა.

ეს წარმატება განმტკიცდა 2017 წლის შემდგომაც. მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთის ცნობადობა მსოფლიოში. “Expo-2017”-ის ფარგლებში განხორციელდა 6 ათასზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება. ეს კი ნიშნავს ყაზახეთის საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებას, როგორც სახელმწიფოსი, რომელმაც უკვე გადააბიჯა „განვითარებადი სამყაროს“ ზღურბლს თანამედროვე, განვითარებულ სამყაროში. ასეთი წარმატებით ვერ დაიკვეხნის პოსტსაბჭოთა სივრცის ვერც ერთი ქვეყანა, მიუხედავად მისი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბებისა.

   ამა თუ იმ სახელმწიფოს განვითარების დონის საიმედო მაჩვენებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება ეკოლოგიისადმი, სიფაქიზე ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას. მინისტრთა კონფერენციასა და ენერგეტიკის მე-8 საერთაშორისო ფორუმზე ასტანაში განხილულ იქნა პრობლემათა მოგვარების საშუალებები მდგრადი განვითარების სფეროში. კონფერენციის შედეგად, მიღებულ იქნა მინისტრების დეკლარაცია, „ექსპოს“ ბაზაზე შეიქმნას „მწვანე“ ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრი „მომავლის ენერგია“. დეკლარაციის განსახორციელებლად ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გაეროს სააგენტოებთან ერთად მიიღო ერთობლივი განცხადება, ყაზახეთს გაეწიოს მხარდაჭერა „მწვანე“ ტექნოლოგიებისა და „მომავლის ენერგიის“ საინვესტიციო პროექტების რეალიზებაში.

  „მწვანე“ ტექნოლოგიების შექმნის ინიციატივა ეკუთვნის სახელმწიფოს მეთაურს ნურსულთან ნაზარბაევს, რომელმაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე გააჟღერა.

   „მწვანე“ ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მოწოდებულია, გადაჭრას ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული ამოცანები, რათა ბიზნესი გადავიდეს ეკოლოგიურ, „მწვანე“ მოდელზე, მოხდეს „მწვანე“ ტექნოლოგიების ადაპტაცია პრაქტიკასთან, განვითარდეს „მწვანე“ ინვესტიციები და ა. შ.

 

                                                                                  * * * * * * *

 „ექსპოს“ ჩასატარებლად ყაზახეთმა დახარჯა დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი, სახელმწიფო და კერძო წყაროებიდან. შეიძლება, ითქვას, რომ ეს თანხა მთლიანად იქნა ათვისებული ყაზახეთისვე კომპანიების მიერ და მოემსახურა ყაზახეთის ხალხის ინტერესებს. ამასთან, პრაქტიკულად ყველა სტუმარი, ყოველი საერთაშორისო დელეგაცია, კმაყოფილი დარჩა. მათ მიიღეს სარგებელი ყაზახეთის მიერ ორგანიზებული გამოფენიდან. ასე რომ, ეს 1.3 მილიარდი ბევრად უფრო ეფექტური ინვესტიცია აღმოჩნდა, ვიდრე ათეულობით მილიარდი დოლარი, რომლებიც ჩაიდო ზოგიერთი სხვა ქვეყნების მიერ, ოლიმპიადების გამართვაში.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"