ჩვენი გვერდი "ფეისბუქზე"
პარტნიორები
ტრიბუნა
მსოფლიო
13.03.2018
ყაზახეთი: სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში - ადამიანია

  უკვე საკმაო ხანია, მოძველდა და ბანალურობად იქცა სახელმწიფო პოლიტიკის დაყოფა „მემარცხენედ“ და „მემარჯვენედ“, ხოლო სახელმწიფო სისტემისა - „სოციალისტურად“ და „კაპიტალისტურად“. წარმატებული სახელმწიფოები მემარცხენე და მემარჯვენე საწყისების, სოციალიზმისა და კაპიტალიზმის სინთეზს განასახიერებენ. აშკარაა მსოფლიო ტენდენცია, როდესაც თავისუფალი ბაზარი ძალაშია, მაგრამ ამასთან, სახელმწიფო რეგულირება მნიშვნელოვანი დოზით არის მოცემული. სახელმწიფოს ჩარევა უკვე ყველგან ხდება, განსაკუთრებით, 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ. რადიკალურმა ეკონომიკურმა ლიბერალიზმმა, 1980-იანი წლების საბჭოთა ეკონომიკის მსგავსად, კრახი განიცადა, თუმცა ეს ისე ხმაურიანად და მკვეთრად არ მოხდა.

  არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად, კაპიტალისტურად მიიჩნევიან და რომლებშიც, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის სოციალური დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტებს შორის პირველ ადგილზე დგას. ასე, მაგალითად, გერმანიის კონსტიტუციაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ გერმანია სოციალური სახელმწიფოა. ცნობილია სკანდინავური სახელმწიფოების სისტემის გამოკვეთილად სოციალური (თითქმის სოციალუსტური) მიმართულება. პრინციპში, დასავლეთ ევროპის ძირითადი ნაწილიც სოციალურად არის ორიენტირებული.

  ჩინეთმა კი სავსებით სხვა პირობებში მოახერხა თავისუფალი ბაზრის პრინციპების სინთეზირება სოციალიზმთან. ეს გახდა საფუძველი სახალხო რესპუბლიკის შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატებისა. რთული გარდაქმნების შემდეგ, ჩინეთის მოქალაქეების ცხოვრების დონემ შესამჩნევი ზრდა დაიწყო, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის მანძილზე.

  ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, მიუხედავად გაუთავებელი პრობლემებისა, ჩამორჩენილობისა და დაძაბულობისა, მაინც მოიძებნება წარმატების მაგალითებიც, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს მოგვაგონებს. ასეთ მაგალითად წარმოსდგება ყაზახეთი, რომელმაც შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკასა და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში. ყაზახეთი განასახიერებს სოციალისტური და კაპიტალისტური სისტემების წარმატებულ სინთეზს, როდესაც სახელმწიფო რეგულირების პირობებში მიეცა განვითარების საშუალება თავისუფალ ეკონომიკას. ახლა დადგა უმთავრესი ამოცანის განხორციელების დრო, რაც მოქალაქეთა ცხოვრების დონის უკვე მიღწეული მაჩვენებლის შენარჩუნებასა და მის შემდგომ ამაღლებას გულისხმობს. ლიბერალ ეკონომისტებს ხომ ასე ხშირად ავიწყდებათ ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ფასეულობა - ადამიანი. მაგრამ ყაზახეთში, განსხვავებით სხვა პოსტსაბჭოთა ან თუნდაც, არასაბჭოური ისტორიის მქონე ქვეყნებისაგან, სწორედ ადამიანი იმყოფება ყურადღების ცენტრში. ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები როდია, ამას ამტკიცებს პრეზიდენტი ნაზარბაევი, თავისი ახალი სოციალური ინიციატივით, რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედგება. პრეზიდენტის ხუთი სოციალური ინიციატივა მიმართულია ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისკენ და მათი განხორციელების ვადები - მაქსიმუმ 2022 წელი, მკაფიოდ არის დასახული.

პირველი ინიციატივა: „ყოველი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენის ახალი შესაძლებლობები“. იგულისხმება ყაზახეთის ყველა დასაქმებული მოქალაქისათვის შეღავათიანი იპოთეკური კრედიტების მიღება.

„საკრედიტო განაკვეთი წელიწადში არა უმეტეს 7 პროცენტისა იქნება, ნაცვლად ახლანდელი 14-16 პროცენტისა. თუკი ამჟამად ბანკები პირველადი შენატანის სახით 30 პროცენტს, ხანდახან კი 50 პროცენტსაც ითხოვენ, ამ პროგრამის საშუალებით, პირველადი შენატანი არ გადააჭარბებს 20 პროცენტს. კრედიტის ვადა არა 10-15, არამედ 25 წლამდე იქნება, რათა ადამიანებს ყოველთვიური შენატანი შეუმცირდეთ“ - პირდაპირ დაპირებას იძლევა პრეზიდენტი.

მეორე ინიციატივა გულისხმობს ნაკლებშემოსავლიან დასაქმებულთა დაბეგვრის შემცირებას 10-ჯერ.

„შედეგად, ქვეყანაში დასაქმებულთა ერთ მესამედზე ნაკლებს, ეს კი 2 მილიონ ადამიანზე მეტია, გაეზრდება ხელფასი, დამსაქმებელთათვის დანაკარგების გარეშე“ - აღნიშნულია პრეზიდენტის გზავნილში.

მესამე ინიციატივა ეხება განათლების ხარისხის ამაღლებას, ასევე სტუდენტების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყაზახეთში დაახლოებით 530 ათასი სტუდენტია, რომელთა 30 პროცენტი სახელმწიფო გრანტებით ფინანსდება. უკვე მიმდინარე წელს 54 ათას გრანტს დაემატება კიდევ 20 ათასი. 2023 წლისათვის ყაზახეთში, პრეზიდენტის განკარგულებით, აშენდება ახალი სტუდენტური საცხოვრებლები, არანაკლებ 75 ათასი ადგილის ოდენობით.

მრავალი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის, საქართველოსი, ვალების წნეხის ქვეშ გმინავს. ლამაზ ოცნებად რჩება ნორმალური პირობებით მიკროდაკრედიტება. ყაზახეთმა ეს პრობლემა გადაჭრა, რის დასტურია მეოთხე ინიციატივა, რომელიც მიკროდაკრედიტებას ეხება.

 „თვითდასაქმებულთა და უმუშევართა შორის მეწარმეობის მასობრივ განვითარებასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოს ფარგლებში, საუკეთესო მექანიზმია მიკროსესხების გაცემა. 2017 წელს გაცემულია 7200 მიკროსესხი 32 მილიარდი ტენგეს ოდენობით. 2018 წელს, ჩემი განკარგულების საფუძველზე, გამოიყოფა კიდევ 20 მილიარდი ტენგე, მიკროსესხებით დაფინანსებულ ადამიანთა რაოდენობა 14 ათასამდე გაიზრდება ანუ გაორმაგდება წინა წელთან შედარებით“. ასეთია პრეზიდენტის რეალისტური გათვლა.

მეხუთე ინიციატივა მთელი ქვეყნის გაზიფიცირების დასრულებას გულისხმობს.

  ასე და ამგვარად, პრეზიდენტ ნაზარბაევის ხუთივე ინიციატივა ამტკიცებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრში მოქალაქე, ადამიანი იმყოფება. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველი. მავანნი შეეცდებიან, ყაზახეთის წარმატება ნავთობრესურსებით ახსნან, მაგრამ მსოფლიოში არის ნავთობის მფლობელი ქვეყნები, რომლებიც არ არიან წარმატებულნი. სპეციალისტებმა მშვენივრად უწყიან, რას ეფუძნება ყაზახეთის წარმატება. ეს არ არის ნავთობი, არამედ დისციპლინა და სწორი, შორსმჭვრეტელი სტრატეგიული კურსი, რომელსაც თანმიმდევრულად ახორციელებს ნურსულთან ნაზარბაევი.

 

გულბაათ რცხილაძე

თემატური სტატიები
პარტნიორები
"სკივრი"